x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ნიჭი, მოვარდნილი ნიაღვარია, მას ვერაფერი შეაჩერებს" - მაკო ჩიქოვანი
გრძელდება რუბრიკა "აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად".ჩვენი მომდევნო რესპოდენტი ემიგრანტი ქალბატონია- მაკო ჩიქოვანი.

მან მკითხველის სიყვარული მოიპოვა თავისი უბრალოებით და უზომოდ დიდი სითბოთი ადამიანების მიმართ.



image "ყოველთვის ვეძებ ადამიანში ლამაზ მხარეს, პოეტურად რომ გითხრათ, მისი სამყაროს სამოთხის ბაღს."


როგორია მაკოს შინაგანი სამყაროს პათოსი, როდის დაიწყო წერა და რას ეტყვის საქართველოში მყოფ მონატრებულ ქართველებს,


იხილავთ ინტერვიუში, რომელიც ჩავწერეთ.





***როგორია თქვენი შემოქმედების პირველი ნაბიჯები? როდის დაწერეთ პირველი ლექსი?

-პირველი ლექსი ათი წლის ასაკში დაიწერა. ვირიცხებოდი სენაკის ნორჩ შემოქმედთა წრე " თუთარჩელაში" და ასევე, ჟურნალ- გაზეთებშიც იბეჭდებოდა მაშინდელი, გაურინდავი სტრიქონები.

***გარდა იმისა, რომ ლექსებს წერთ... კიდევ რითი ხართ დაკავებული?

- ვსწავლობდი პრესისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. გარკვეული მიზეზების გამო წავედი საქართველოდან და ამჟამად ვმუშაობ უცხოეთში, როგორც ათასობით ქართველი. არასოდეს არ მითაკილებია არანაირი სამსახური და ყოველგვარი კომპლექსების გარეშე, სულიერი ღირსებით ვმუშაობ დღემდე. თავისუფალ დროს ბერძნულად ვკითხულობ კლასიკურ, ან თანამედროვე ლიტერატურას, როცა ამის საშუალება მეძლევა.

***სოციალურ ქსელში თქვენი აქტივობა და ხალხის სიყვარული, თქვენი აზრით, რამ განაპირობა?

-ალბათ განაპირობა სიყვარულისა და სითბოს ურთიერთშერწყმამ და კიდევ... ყოველთვის ვეძებ ადამიანში ლამაზ მხარეს, პოეტურად რომ გითხრათ, მისი სამყაროს სამოთხის ბაღს....


image


***თქვენი ლექსების ხასიათი როგორია?
ისეთივე, როგორც თქვენ ხართ?

-ჩემი აზრით, თითოეული ლექსი გულის სტრიქონია. როცა გრძნობ, რასაც ქმნი კითხულობს მკითხველი და ეცნობა სულიერ ხასიათს.ჩემი ლექსების ხასიათიც მრავალფეროვანია, როგორც ჩემი.

***თანამედროვე პოეზიაზე რას გვეტყვით?

-არიან ავტორები, რომელთა შემოქმედებაც ნიჭიერებას აღემატება და ასევე ავტორები, რომელთაც უბრალოდ უყვართ პოეზია. პირადად პატივს ვცემ თითოეულის სამყაროს, შეძლებისდაგვარად ლექსად წარმოჩენილს.

***თქვენი აზრით ქართველი პოეტები, ჩვენს ქვეყანაში, რამდენად დაფასებულები არიან?

-ნიჭი, მოვარდნილი ნიაღვარია, მას ვერაფერი შეაჩერებს. დაფასება კი, ხალხის სიყვარულით წარმოჩნდება და არა ტიტულით.ის, რაც ჭეშმარიტია, ყოველთვის მარადიულობის ანარეკლია.

***მთავარი გულშემატკივარი, ვინ არის თქვენი?

- ჩემი მზის სხივები - მკითხველები. რისთვისაც უკიდეგანო მადლობას ვუხდი მათ და კიდევ ერთხელ, თქვენი გვერდის საშუალებით ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს თითოეული, წრფელი, მოყვასური სიყვარულით. თქვენც გიხდით მადლობას, რომ ძვირფასი ადამიანები შემძინეთ.

***კრიტიკას, რამდენად ითვალისწინებთ და თუ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა უსამართლო ყოფილა ეს კრიტიკა?

-ვთვლი, რომ ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია შემოქმედის დახვეწის მიზნით. იშვიათად, მაგრამ მქონია უარგუმენტო კრიტიკა.

***ვიცი, რომ ემიგრანტი ხართ, რამდენი ხანია, რაც სამშობლოდან მოშორებით იმყოფებით... რას ეტყოდით მონატრებულ ქართველებს?

-დიახ, თერთმეტი წელია ემიგრანტი ვარ. ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს ისინი, რომ სიყვარული მხოლოდ სამშობლოა და როცა ჩამოვალ შეძლებისდაგვარად მოვეფერები და მოვესიყვარულები მათ.



image

***ჩემი მეგობრები ჩემთვის არიან...

-ჩემი ნავსაყუდელი, ჩემი ოჯახის შემდეგ..

***რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში დავიბადებოდი...

-არსად, არცერთ ქვეყანაში არ ვისურვებდი დაბადებას.

***ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა გინდათ?

-ვხედავდე ადამიანების ბედნიერ სახეებს და მხოლოდ სიყვარულის ზეიმს.

***ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ თქვენ თავში არის...

-გამოუსწორებელი ოპტიმისტობა და თვითკრიტიკა.

***ის, რაც ყველაზე მეტად არ მოგწონთ?

-სიჯიუტე და გულუბრყვილობა.




image


***ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში, ხშირად იყენებთ..

-ეს ფრაზაა " მიყვარხარ" საოცარი შეგრძნების გამომხატველი სიტყვა, რომელიც ადამიანის სულიერ სამყაროს ასხივებს.

***ყველაზე ხშირად გავიწყდებათ...

-რომ არსებობს ბოროტებაც, ალბათ ჩემი გულუბრყვილობის ბრალია.

***მინდა დამიმახსოვრონ, როგორც -

- ჭეშმარიტად კარგი ადამიანი.

***ნიჭი, რომელიც გინდათ გქონდეთ...

-სიყვარულის ნიჭია მხოლოდ. მიყვარდეს გულწრფელად და გამოვხატო საქმით.

***ის რისი თქმაც გინდოდათ სულ და დღეს ამბობთ -

- გვიყვარდეს ერთმანეთი და პატივი ვცეთ. ვაჩუქოთ ერთმანეთს მეტი მზე და ბედნიერება!




image


ოქტომბრის ვარდი

****
გრძნობის სამოსს ვქსოვ მე დღის ძაფიდან
და სული ცეკვავს მზის ტბასთან ბალეტს...
შენ, ჩემი გულის ღრმა სარდაფიდან,
ზეცის ბაღები შემომატარე...
დილას შეხვდება გზის გასაყართან,
ერთი ვარსკვლავით ნაკლები მთვარე
და ვითვლი ჩემი სულის საყდართან,
ოქტომბრის ვარდთა, თეთრ სალოცავებს.
როგორც მადონა ცის კიბეებთან,
მეც წრფელი გრძნობის ვდარაჯობ კიბეს,
ამ გაბზარული დღის სარკეებთან,
ბედის იალქანს ჩამოვეკიდე.
ოქტომბრის ვარდი, ცას მოწყვეტილი,
კვლავ გენიოსის ახმება დღიურს,
ყოველი დღეა, მთვარის წყვეტილი
და მაჯისცემას ქმნის ემოციურს...
შენი გულიდან, ეს შენალოცი
გრძნობა კალაპოტს სცდება მჩქეფარე,
ალივლივდება მუზის დალოცვით
მზის ტბა და ისევ ვაგრძელებ ბალეტს...

1
153
1-ს მოსწონს
ავტორი:აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად
აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად
153
  
წარმატებები, მაკო !
0 1 1