x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რეალური ისტორია დამწყებ მონადირეზე, რომელსაც მეგობრებმა ვაზნები ფუჭი ვაზნებით შევუცვალეთ ნადირობის წინ

image მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა ასე ვთქვათ "გავუჩალიჩეთ" ერთ ჩვენს მეგობარს–დამწყებ მონადირეს.
თავიდან ნადირობა და მთელი ეს პროცესი დროის უქმ ფლანგვად მიაჩნდა, მაგრამ რომ დაინახა სუფრაზე მიტანილი მწყრის, იხვის, ბატის თუ სხვა სანადირო სეზონში ნებადართული ფრინველის ხორცით დამზადებული საჭმელი, აიჩემა მეც ვიწყებ ნადირობასო და თოფის ყიდვით დაიწყო.
ცალკე სტატია გამოვიდოდა, რომ დამეწერა მისი "ეპოპეა" თუ როგორ აიღო საჭირო საბუთები თოფის გასაფორმებლად და მონადირეთა კავშირში გასაწევრიანებლად.
ამაზე მოდით დროს არ დავკარგავ და პირდაპირ იმ ისტორიაზე გადავალ რამაც კარგა ხანს გვახალისა მისი მეგობრები და არც ის დარჩენილა ნაწყენი.
მოკლედ ამ ჩვენმა მეგობარმა გვთხოვა წაგვეყვანა იხვზე სანადიროდ, სანადიროდ საჭირო ნებართვაც მოამზადა და მეორე დილისათვის წასვლაც დავთქვით.
ერთი მეგობარი გვყავს ექიმი კაცი, რომელიც ბავშვობიდანვე ოინბაზი და დიდი "ოხერია", სწორედ მან მოიფიქრა შეგვეცვალა მეგობრისათვის ნამდვილი ვაზნები ფუჭი ვაზნებით, თქვა და შევუდექით საქმეს.
დავურეკე მეგობარს და ვეკითხები: ვაზნები თუ გაქვს ნაყიდი ან შენ თუ დატენე მეთქი, მე არ დამიტენია ქარხნულად დატენილი ვაზნები ვიყიდეო. ეს რომელი იყიდე სხვა ნომრის საფანტი არ იყოს მეთქი და დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი, როგორც გავარკვიე მეგობარს 10 ნომრის თურქული წარმოების ვაზნები ეყიდა მწვანე მასრებით.
ჩვენც ავიღეთ და ანალოგიური ვაზნები დავტენეთ იგივე რაოდენობით, ოღონდ საფანტის გარეშე და საფანტის ნაცვლად "პოლიეთილენის" შუასადები დავამატეთ და ქარხნული წესით შემოვუკეცეთ მასრებს თავი.
მეორე დილით ადრე მოსული მეგობარი წინა სავარძელში დავსვით, როგორც სანადიროდ პირველად მიმავალი მონადირე, მისი თოფი ბუდით და სავაზნე უკან მჯდარმა მეგობრებმა გამოართვეს, გამოართვეს და საქმესაც შეუდგნენ–ისე კოხტად გამოცვალეს სავაზნეში ვაზნები მის პატრონს არც კი გაუგია.
ჩავედით სანადირო ადგილზე და მდინარის გასწვრივ გაკეთებულ საფარში ჩავჯექით, მალევე დაიწყო იხვების გადაფრენა და დაიწყო საკმაოდ ფართო მდინარის ორივე მხარეს სროლა.
ჩვენ კი სად გვცალია სანადიროდ ამ ჩვენს მეგობარს ვუყურებთ და ჯერ მხოლოდ "გულში" ვიცინით, რადგან ფუჭი ვაზნებით ისვრის და ისვრის, თითქმის ათი ტყვია გაისროლა და ერთი იხვიც, რომ ვერ ჩამოაგდო გაკვირვებული გვეკითხება: ბიჭებო კარგად კი ვუმიზნებ და ერთსაც, რომ ვერ მოვარტყი ტყვია ეს რა უბედურებააო!?
ჩვენი მეგობარი ექიმი ეუბნება: არა უშავს პირველი ნადირობისას ჩვენც ასე მოგვივიდაო და უკვე ჩვენც დავიწყეთ სროლა, დავიწყეთ და მეგობრის ძაღლსც საქმე გაუჩნდა–ამოაქვს მდინარიდან იხვები.
ამასობაში იმდენი ისროლა ჩვენმა მეგობარმა მთელი სავაზნე დაცალა, აბა ფუჭი ვაზნით რას მოკლავდა და ექიმ მეგობარს ეუბნება : კაცურად მხოლოდ 2 ვაზნა მომეციო, იმან კარგი ახლა რად გინდა ამასაც გააფუჭებო!
ვერ მოვითმინე და 2 ვაზნა მე გავუწოდე, ჩადო თოფის ლულებში და ორი გასროლით ორი იხვი, რომ ჩამოაგდო და ხმაც, რომ განსხვავებული გამოსცა თოფმა მიხვდა რაღაც, რომ "გავუჩალიჩეთ" და ისეთი მზერით გადმოგვხედა ლამის თოფები დაგვივარდა ხელებიდან, ისეთი სიცილ–ხარხარი დავიწყეთ ძაღლიც კი მხიარულად ხტოდა ჩვენი შემყურე.
ნადირობიდან მობრუნებულებმა კი მეგობარს ჩვენი ნანადირევიდან წილი გავუყავით და გზაზე ისიც ავუხსენით თუ როგორ "გავუჩალიჩეთ".
არც ისაა "ბოღმა" კაცი და მანაც საკმაოდ იხალისა, ეს რა მიყავითო.

4
153
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
153
  
2017, 23 მარტი, 0:03
მესმის, რა თქმა უნდა :))
2017, 23 მარტი, 0:01
განუყრელი მეგობრები ვართ ასე ვთქვათ და მოდის ასეთები... )))
2017, 22 მარტი, 23:30
კარგად გიხალისიათ :)))
0 1 4