x
image
_K_
ესპერანტო - მეორე ენა მსოფლიოსთვის
უკვე მილიონობით ადამიანი საუბრობს ესპერანტოზე, ათასობით წიგნია დაბეჭდილი ამ ენაზე და არსებობს ასობით ჟურნალი, რომელიც პერიოდულად გამოიცემა ამ საერთაშორისო ენაზე.

imageსაერთაშორისო ენა, რომელიც წარმატებულია!


წლების გასვლასთან ერთად, ჩვენი სამყარო უფრო პატარა ჩანს. გემებს და თვითმფრინავებს უამრავი რამის გადატანა შეუძლიათ ქვეყნიდან ქვეყნამდე, ხალხი მოგზაურობს მთელ მსოფლიოში, სატელიტები პირდაპირ ეთერში აშუქებენ სხვადასხვა კონტინენტზე მომხდარ ამბებს, უფრო და უფრო მარტივდება კომუნიკაცია.



მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთი ბარიერი მაინც რჩება თავისუფალი კომუნიკაციისთვის, ეს ენის ბარიერია.


ალბათ, ხშირად გაგიგიათ გამოთქმა, სადაც არ უნდა წახვიდე, ინგლისურად ყველგან საუბრობენო. მართლაც, მსოფლიოს 10% მაინც საუბრობს ინგლისურად, მაგრამ ზოგ ქვეყანაში ინგლისურად საუბარს მხოლოდ საუკეთესო სასტუმროებში გაიგებთ, ანუ ეს ენა ხელმისაწვდომი უბრალო მოსახლეობისთვის არ არის.

შეიძლება, თქვენც გიფიქრიათ, რომ მართლაც არსებობს საერთაშორისო ენის საჭიროება, ენის, რომელიც მთელ მსოფლიოს გააერთიანებს.


imageსაბედნიეროდ, საერთაშორისო ენა უკვე არსებობს. ის გამოიგონა პოლონელმა ფიზიკოსმა ლუდვიგ ზამენჰოფმა და გამოაქვეყნა 1887 წელს. აქედან მოყოლებული, მილიონობით ადამიანმა ისწავლა ესპერანტო. საერთაშორისო ენის გამოგონების ბევრი მცდელობა იყო, მაგრამ ესპერანტო ერთადერთია, რომელმაც დროს გაუძლო და დღემდე ცოცხალ ენად მიიჩნევა. მსოფლიოს გარშემო უკვე მილიონობით ადამიანი საუბრობს ამ ენაზე და მათი რიცხვი უფრო და უფრო იზრდება.


ბევრი საერთაშორისო სხდომა იმართება ესპერანტოს ენაზე, გამოიცემა წიგნები და ჟურნალ-გაზეთები, რამდენიმე უმსხვილესმა საერთაშორისო ფირმამ რეკლამაც კი გააკეთა ესპერანტოზე.


ესპერანტომ საერთაშორისო წარმატებას სამი ძირითადი მიზეზის გამო მიაღწია: ის მარტივია სასწავლებლად, პოლიტიკურად ნეიტრალურია და მისი გამოყენება შეიძლება ბევრი პრაქტიკული მიზნისთვის.

imageესპერანტო მარტივია!

ესპერანტო უფრო მარტივია სასწავლად, ვიდრე სხვა ნებისმიერი ენა. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მისი სწავლა ოთხჯერ უფრო მალეა შესაძლებელი, ვიდრე სხვა ენის. მართლწერა მარტივია: ერთ ბგერას ერთი ასო შეესაბამება.

გამოთქმა მარტივია: არ არსებობს ასოების კომბინაციები სხვა ბგერის მისაღებად და აქცენტი ყოველთვის ბოლოს წინა მარცვალზეა.

გრამატიკა მარტივია: არსებობს მხოლოდ 16 ძირითადი წესი, გამონაკლისების გარეშე (რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს არაწესიერი ზმნები, როგორც, მაგალითად, ინგლისურში).

ლექსიკონი მარტივია, ბევრი საერთაშორისო სიტყვაა გამოყენებული, როგორიცაა telefono (ტელეფონი), biologio (ბიოლოგია) და matematiko (მათემატიკა).

ესპერანტო წარმოსათქმელადაც ძალიან ლამაზია. ჟღერადობით ხშირად ადარებენ ესპანურს და იტალიურს.


ესპერანტოს სიტყვებს ასევე აქვს პრეფიქსები და სუფიქსები სხვადასხვა მნიშვნელობისთვის. მაგალითად, ინგლისურ ენაში სიტყვები friendly (მეგობრული) unfriendly (არამეგობრული) და friendship (მეგობრობა) წარმოქმნილია ერთი ფუძიდან. ესპერანტოშიც გვხვდება მსგავსი წესი, რაც ლექსიკური მარაგის დაგროვებას და სიტყვების სწავლას ამარტივებს.


ესპერანტო მოსახერხებელია იმ საქმიანი ადამიანებისთვისაც, რომლებსაც არ აქვთ იმდენი დრო, სხვადასხვა ენის შესწავლაზე რომ დახარჯონ და თან, იმ ენებზე შეიძლება მხოლოდ ერთ ან ორ ქვეყანაში საუბრობდნენ.

ესპერანტო ერთგვარი შესავალიც კი არის სხვა უცხო ენების შესწავლამდე.

ჰავაის სკოლებში ესპერანტოს შესწავლა ინგლისურენოვანი პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია.

imageესპერანტო ნეიტრალურია!

ესპერანტოს წარმატების მეორე მიზეზი არის ის, რომ ის ნეიტრალური ენაა. ის არ ეკუთვნის რომელიმე ქვეყანას. ინგლისში და ამერიკაში ბევრი ამბობს, რომ ინგლისური უკვე იმდენად გახდა პოპულარული, რომ მისი აღიარება საერთაშორისო ენად შესაძლებელია, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ეს აზრი არ მოსწონთ.

ეს დამოკიდებულება მხოლოდ იმის გამო არ აქვთ, რომ ინგლისური რთული სასწავლია, (აზიისა და აფრიკის ერებს ძალიან უნდათ ინგლისურის სწავლა (ან რომელიმე ძირითადი ენის)), არამედ იმიტომაც, რომ, მაგალითად, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს არ სურთ ინგლისურის საერთაშორისო ენად აღიარება, ისევე, როგორც ევროპას არ ენდომებოდა, რუსული გამოეცხადებინა ყველაზე პოპულარულ ენად.

დასავლეთის ქვეყნებმაც აჩვენეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება ინგლისურის მიმართ. კუებეკმა უარჰყო ინგლისური, როგორც ოფიციალური ენა. გაეროს კი თარჯიმნებში ათეულობით მილიონი დოლარის გადახდა უწევს ყოველწლიურად.


ესპერანტო არ არის რომელიმე ერის, ერების ჯგუფის ან სოციალური კლასის საკუთრება. ის ყველას ეკუთვნის. მას არ აქვს პოლიტიკური და ისტორიული წარსული, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს მის აღიარებას. ყველა ადამიანი, ვინც ესპერანტოზე მეტყველებს, თანაბარ ენობრივ პირობებშია სხვა ესპერანტისტებთან. თავისი ნეიტრალურობის გამო, ესპერანტოს პოპულარობა პატარა ერებში და აზიის ქვეყნებშიც დიდია. ეს ენა ხელს უწყობს მეგობრობის ჩამოყალიბებას ერებს შორის.

imageესპერანტო პრაქტიკულია!

ესპერანტო განსაკუთრებულ პრაქტიკულ უპირატესობას გთავაზობთ. არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია - Universal Esperanto Association.

ესპერანტოს საყოველთაო ასოციაცია (UEA) მოიცავს 1900 წარმომადგენელს მსოფლიოს 90 ქვეყნიდან, ორგანიზაცია გამოსცემს ყოველწლიურ ჟურნალს, რომელიც მსოფლიოს ინფორმაციას აწვდის მისი საქმიანობის შესახებ. არსებობს რამდენიმე ათეული პროფესიული ასოციაცია, რომელიც აერთიანებს პედაგოგებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებს, ექიმებს და ადვოკატებს. ეს ჯგუფები აწყობენ შეხვედრებს, აქვეყნებენ ჟურნალებს და ხელს უწყობენ ესპერანტოს ტექნიკურ გამოყენებას.

image

მოგზაურობისთვის!

ის მოგზაურები, რომლებმაც ესპერანტო იციან, არ შემოიფარგლებიან მხოლოდ იმ რამდენიმე ადამიანთან საუბრით, ვინც ტურისტებს ემსახურება. მათ შეუძლიათ, მიწერონ ნებისმიერ ქვეყანაში ესპერანტოს წარმომადგენლებს და ასე დარწმუნებულები იქნებიან, რომ შეხვდებიან ადამიანებს, ვინც მათ გაუგებთ და დაეხმარებათ. ასევე, მათ შეუძლიათ, გაიცნონ და დაუმეგობრდნენ ადამიანებს, რომლებიც ესპერანტოზე საუბრობენ და აღმოაჩინონ მათთან საერთო ინტერესები. მათ შეუძლიათ, შეხვდნენ და ესაუბრონ ხალხს იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ღირსშესანიშნაობები დაათვალიერონ.


საერთაშორისო შეხვედრებზე, რომლებიც ესპერანტოზე ეწყობა, ყველას შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ ჩაერთვება გასაგებ, ცოცხალ დისკუსიებში, ასევე, მეგობრულ საუბრებში დერეფნებში, კაფეებში, კულუარებში, სპეციალური ყურსასმენებისა და თარჯიმნების გარეშე.

image

მიმოწერისთვის!

ესპერანტოს მეშვეობით თქვენ გაეცნობით სხვა ქვეყნებს და მათ ხალხს სახლიდან გაუსვლელადაც. კეთილგანწყობილ ადამიანებთან მიმოწერა მთელი მსოფლიოდან გააფართოებს თქვენს ცნობიერების არეს. ბევრ ესპერანტიტს მოსწნოს თავისი ჰობების, ინტერესების და პროფესიული უნარ-ჩვევების გაზიარება სხვა ესპარანტისტებთან. ბევრს სურს, გაიგოს უცხო კულტურის და სხვა ხალხის წეს-ჩვეულებების შესახებ. ესპერანტოსთან ერთად უფრო მარტივად გაიცნობთ მსოფლიოს!

image

მეცნიერულად შექმნილი ენა

ბევრი ადამიანი სვამს კითხვას: "კი მაგრამ, ესპერანტო ხელოვნური ენა არ არის"? რა თქმა უნდა, არის, ისევე, როგორც სხვა ენები.

სიტყვა "ხელოვნური" ნიშნავს ადამიანის მიერ შექმნილს და, დამეთანხმებით, ყველა ენა ადამიანის მიერაა შექმნილი. განსხვავება ესპერანტოსა და სხვა ენებს შორის ისაა, რომ ესპერანტო მეცნიერულად დამუშავდა იმისთვის, რომ შეასრულოს სპეციალური მოვალეობა - იყოს საერთაშორისო ენა.

და, უნდა ვთქვათ, რომ ის დაკისრებულ მოვალეობას მშვენივრად ასრულებს.

image

ესპერანტო და გაერო

1966 წლის ოქტომბერში ესპერანტოს საყოველთაო ასოციაციამ (UEA) გაეროში წარადგინა გენერალური მდივანი, რომელმაც მოითხოვა რეკომენდაცია ესპერანტოსთვის, როგორც საერთაშორისო ენისთვის. პეტიციას ხელი 3, 843-მა ორგანიზაციამ მოაწერა, სულ 71 მილიონ ადამიანზე მეტმა მთელი მსოფლიოდან. დღეს ესპერანტოს ოფისი გაეროს ოფისის პირდაპირაა და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ენათმეცნიერებისა და მოხალისეების გუნდისგან.

imageესპერანტო და შენ

ესპერანტოს ოფიციალური წარმომადგენელი ორგანიზაცია აშშ-ში არის E-USA, კანადაში - CEA. ისინი ეხმარებიან ადგილობრივ ჯგუფებს ენის შესწავლაში და ასრულებენ სხვადასხვა მოვალეობებს.


ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, დღესვე დაიწყოს ესპერანტოს შესწავლა.


შეგიძლიათ, მობილურში ახლავე გადმოწეროთ აპლიკაცია DUOLINGO და შეუდგეთ მართლაც რომ ძალიან მარტივი და, ამასთანავე, საჭირო ენის შესწავლას.

შეგიძლიათ, ასევე, გადახვიდეთ ლინკზე: https://www.duolingo.com/course/eo/en/Learn-Esperanto-Online


გაიარეთ ავტორიზაცია, რომ პროგრამამ თქვენი შედეგის შენახვა შეძლოს.


დღეში მხოლოდ 5 წუთია საჭირო ესპერანტოს შესასწავლად!


წარმატებას გისურვებთ!

image

2
295
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
295
  
2017, 7 მაისი, 17:46
მადლობას გიხდით შენიშვნისთვის,
2017, 6 მაისი, 19:36
საქართველოს ესპერანტოს ასოციაცია დიდ მადლობას უხდის ავტორს საინტერესო სტატიისთვის ესპერანტოს შესახებ,ერთი უზუსტობაა მასში - ესპერანტოს შემქმნელი ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფი იყო ოკულისტი, თვალის ექიმი, პოლიგლოტი და არა ფიზიკოსი .
0 1 2