x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ხორცის ცხობილა (ცხობილების რამდენიმე ვარიანტი)

image

კერძი, რომლითაც შეგიძლიათ თავი მოიწონოთ სტუმრებთან და ახლობლებთან, ეს არის ფრანგული ცხობილა ხორცით, რომელიც ჩემი ერთერთი საფირმო კერძია და რომელიც სხვადასხვა ვარიანტით შეგიძლიათ მოამზადოთ. არის საკმაოდ მარტივად მოსამზადებელი, სუფრაზე მიმზიდველად და მადისაღმძვრელად გამოიყურება და ძალიან გემრიელია.


მასალად საჭიროა:

საქონლის ან ღორის ხორცი - 500 გრამი

ხახვი - სამი თავი (საშუალო ზომის)

კარტოფილი - 1 კგ.

ყველი - 200-250 გრ.

მცენარეული ზეთი - თვალდათვალ, გემოვნებით

მაიონეზი - რასაც მოითხოვს, გემოვნებით

მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

ცერეცო - 1 კონა


მომზადების წესი:


- ავიღოთ ფორმა, რომელშიც უნდა მოვამზადოთ ცხობილა, გამოიყენეთ ისეთი, რომელიც სუფრაზე დასადებად გამოდგება, რადგან კერძიანად უნდა მოთავსდეს სუფრაზე ცხლად გამზქურიდან გამოღებისთანავე. მე ვიყენებ მინის ცეცხლგამძლე ჭურჭელს, რადგან მასში მომზადებული კერძი სუფრაზე ლამაზად გამოიყურება;

- მოასხით ზეთი თვალდათვალ ისე, რომ ზედმეტიც არ მოგივიდეთ. მთავარია მასზე თანაბრად იქნას მოსხმული;

- გარეცხილი კარტოფილი დაჭერით მრგვალ თხელ ნაჭრებად და მოაწყვეთ ჭურჭლის ფსკერზე დაფარვამდე, ერთმანეთზეც გადაადევით ცარიელ ადგილებში;

- ხახვი დაჭერით თხლად მრგვალად და მოაწყვეთ კარტოფილზე;

- მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი;

- ხორცი გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, დაახლოებით 2 სმ 2 სმ-ზე. ისიც მოაწყვეთ თანაბრად ზემოდან;

- ისევ მოაყარეთ მარილი და პილპილი;

- ზემოდან ხორცს კარგად მოასხით მაიონეზი;

- ბოლოს კი ზემოდან მოაყარეთ თანაბრად გახეხილი ყველი, ისე რომ კარგად დაიფაროს.

ინგრედიენტების რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ საცხობი ფორმის ზომის მიხედვით.

კარგად გახურებულ გაზქურაში შედგით და აცხვეთ 1 საათი, ხორცს ჭირდება მაღალ ცეცხლზე მომზადება. ზემოდან ყველი დადნება და ოდნავ შეიფერება, მთავარია ძალიან არ დაიწვას.


ბოლოს გაზქურიდან გამოღებისთანავე დაჭრილი ცერეცო მოაყარეთ და მიიტანეთ სუფრაზე მაშინვე.


არ დაგავიწყდეთ ჭურჭელს ქვემოთ დაუდოთ დასადები, რომ მაგიდა არ გაფუჭდეს.


მეორე ვარიანტი:

საქონლის ან ღორის ხორცის ნაცვლად ცხობილა მოამზადეთ ქათმის ფილეთი ანალოგიურად.


მესამე ვარიანტი:


ეს არის შინაურული ვარიანტი ოჯახის წევრებისთვის - ხორცის ნაცვლად გამოიყენეთ ბეკონი, ძეხვი ან სოსისი.

შეგიძლიათ მოიფიქროთ თქვენითაც ვარიანტები გემოვნებით.

მეოთხე ვარიაინტი: ხორცის ან ბეკონის კეტჩუპით.


ვამატებთ კარტოფილის და ხახვის შემდეგ დაჭრილ კომბოსტოს, შემდეგ ხორცი და მაიონეზთან ერთად ასევე მოვასხათ კეტჩუპი.


თევზის ცხობილა

პრინციპი აქაც იგივეა.

- ფსკერზე მოასხით ზეთი, შემდეგ კარტოფილის ნაჭრები, ხახვი შეგიძლიათ მოაწყოთ, შეგიძლიათ არა, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი; შემდეგი ფენა - წვრილ გრძელ ჩხირებად დაჭრილი გარეცხილი და კანგათლილი სტაფილო მოაყარეთ კარგად, შემდეგ მოაწყვეთ კარგად გარეცხილი და საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი თევზის ფილე, შემდეგ ისევ მარილი და პილპილი მოაყარეთ, მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით გაზქურაში, 1 საათის შემდეგ გამოიღეთ და მოაყარეთ დაჭრილი ცერეცო.

ყველა ვარიანტი ძალიან გემრიელია, ხოლო ჩემი საფირმო კერძი არის პირველი ვარიანტი - ცხობილა ხორცით და ბოლო ვარიანტი - ცხობილა თევზით.


გემრიელად მიირთვით!

0
209
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0