x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ ავამაღლოთ შრომითი მოტივაცია

image
მოტივაცია საკმაოდ კომპლექსურია. ჩვენ ერთდროულად მრავალი მოტივის გავლენით ვმოქმედებთ, რადგან მრავალფეროვანი სურვილები და მოთხოვნილებები გვამოძრავებს. შრომითი მოტივაცია შეიძლება იყოს: საზოგადოებრივი მდგომარეობა, სტატუსი, აღიარება, ადამიანთა კოლექტივში ყოფნის სურვილი, პროფესიული ზრდის მოთხოვნილება, ფული, საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანის სურვილი და სხვა.

ერთ-ერთი პირველი ფსიქოლოგი, რომლის შრომებიც დაეხმარა მენეჯერებს, რომ გაეცნობიერებინათ ადამიანის მოთხოვნილებათა სისტემის სირთულე და მოტივაციაზე მისი გავლენა, იყო აბრაჰამ მასლოუ. მან გამოყო მოთხოვნილებათა იერარქია, რომლის მიხედვითაც ადამიანს აქვს ბაზისური მოთხოვნილებების შემდეგი ხუთი კატეგორია: ფიზიოლოგიური(ჭამა, სითბო, სქესობრივი მოთხოვნილება); უსაფრთხოების(დაცულობის გრძნობა და ტკივილის აცილება); სოციალური(თანამშრომლობა, ზრუნვა, მიკუთვნება, სიყვარული); ეგოს მოთხოვნილებები(თვითშეფასება და შეფასება სხვათა მხრიდან); თვითაქტუალიზაცია(ტენდენცია ჩამოყალიბდე იმად, რისი პოტენციალიც გაქვს).

image

აბრაჰამ მასლოუ(1908-1970)





მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია სამუშაოსთან მიმართებით და შრომითი მოტივაციის ასამაღლებლად შემდეგნაირად შეიძლება გამოვიყენოთ:
1.ადამიანს აქვს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, რომელთა დასაკმაყოფილებლად თანამედროვე სამყაროში საჭიროა შრომა.
2.შრომითი მოტივაციის ასამაღლებლად უნდა შეიქმნას უსაფრთხო გარემო(წინა ათწლეულებში ფაბრიკა-არხნებში ხშირი იყო სამუშაო ტრავმები). ამ შემთხვევაში, ადამიანს უჩნდება უსაფრთხოების განცდა და მეტად კონცენტრირებულია სამუშაოზე. 3.სოციალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ადამიანს უნდა მივცეთ ისეთი სამუშაო, რომელიც მას სხვებთან ურთიერთობის შესაძლებლობას მისცემს. ასევე რეკომენდირებულია გუნდური ატმოსფეროს შექმნა და პერიოდული თათბირების ჩატარება. როდესაც ადამიანთა გაერთიანება ფუნქციონირებს, როგორც მთელი, ის არ დაიყვანება კონკრეტული ინდივიდების ჯამზე, მისი ფუნქციონირება მეტ ეფექტს იძლევა.
4.მიღწევის გრძნობა და აღიარება სამსახურში უკავშირდება ეგოს მოთხოვნილებებს. ამ საფეხურზე ეფექტურია შინაარსიანი სამუშაო, რომელიც გაზრდის მოტივაციას და დაიცავს თანამშრომელს გამოფიტვისა და სტრესისგან. დადებით რეზულტატზე ადეკვატური შეფასება საკმაოდ კარგი მოტივატორია ისევე, როგორც თანამშრომელთა ჩართულობა ორგანიზაციისთვის საჭირბოროტო საკითხების ფორმირებაში.
5.განვითარებისთვის შექმნილი პირობები, იერარქიულ კიბეზე აღმასვლის შესაძლებლობა, რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულება და მიღწეული წარმატება ადამიანს აძლევს თვითრეალიზების მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ამრიგად, მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის გათვალისწინება და გამოყენება სამუშაო კონტექსტში ზრდის შრომით მოტივაციას, ხელს უწყობს თანამშრომელთა კოორდინაციას, ამაღლებს ორგანიზაციის პროდუქტულობასა და კონკურენტუნარიანობას.

0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:მერაბ კინწურაშვილი
მერაბ კინწურაშვილი
104