x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გენდერული განსხვავებები პარტნიორის არჩევისას

image


ფართომასშტაბიანი კვლევები საპირისპირო სქესის პარტნიორების შერჩევასთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ არსებობს გარკვეული მყარი სქესობრივი განსხვავებები, რომლებიც ვლინდება პარტნიორის გარკვეული თვისებებისათვის უპირატესობის მინიჭებაში. მართალია, ორივე სქესისათვის პარტნიორის ფიზიკური მიმზიდველობა დადებითი ნიშანია, მაგრამ მამაკაცები მას ბევრად უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ქალები. ამერიკელების ეროვნული გამოკითხვის მიხედვით, ქალები უფრო მეტად, ვიდრე კაცები თანახმანი არიან იქორწინონ ადამიანზე, რომელსაც არ ექნებოდა კარგი გარეგნობა . ქალები ასევე ბევრად უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორის ეკონომიკურ მდგომარეობას, ვიდრე კაცები. ამ კვლევის მიხედვით, ამერიკელი კაცები უფრო მეტად იყვნენ მზად ცოლად შეერთოთ ქალი, რომელსაც მათზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა, არ გააჩნდა სტაბილური სამუშაო და ჰქონდა მათზე უარესი განათლება. ქალები კი პირიქით, უფრო იყვნენ მოწადინებულნი ცოლად გაჰყოლოდნენ ადამიანს, რომელიც მეტ ფულს შოულობდა, ჰქონდა სტაბილური სამუშაო და უკეთესი განათლება.მსგავსი სქესობრივი განსხვავებები შეიმჩნეოდა არა მარტო შეერთებულ შტატებში, არამედ სხვა კულტურებშიც.


კოლეჯის სტუდენტებზე ჩატარებულ კვლევაში დადგინდა გენდერული განსხვავებები . სასურველი პარტნიორის ფიზიკური მიმზიდველობა კაცების მიერ „საჭირო“ თვისებად იქნა შეფასებული, ქალების მიერ კი „ფუფუნების“ თვისებად და პირიქით, პარტნიორის არჩევისას მისი სტატუსი და რესურსები ქალებისთვის „საჭირო“ თვისებაა აღმჩნდა, კაცებისთვის კი -„ფუფუნების“ თვისება. ორივე სქესის წარმომადგენლებმა სიკეთე და ინტელექტი საჭირო თვისებებად მიიჩნიეს.


ერთ-ერთ სხვა კვლევაში ცდისპირებს არჩევანი უნდა გაეკეთებინათ მეგობრის არჩევის სამ ძირითად კრიტერიუმს შორის: სითბო/სანდოობა, მომხიბვლელობა/ხალისიანობა, სტატუსი/რესურსები. კვლევის შედეგებმა დაადასტურა მოსალოდნელი განსხვავებები სქესებს შორის. ქალები უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სითბოსა და სანდოობას, აგრეთვე სტატუსსა და რესურსებს, კაცები კი მომხიბვლელობასა და სიცოცხლის ხალისს.



მკვლევარები სქესობრივი განსხვავებების ორ ურთიერთსაპირისპირო ახსნას გვთავაზობენ. სოციო-კულტურული თვალსაზრისით, მამაკაცებსა და ქალებს ტრადიციულად სხვადასხვა სოციალური როლები ჰქონდათ :კაცები იყვნენ მომპოვებლები, რომლებიც პასუხს აგებდნენ ოჯახის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე; ხოლო ქალები ასრულებდნენ დიასახლისის როლს და ზრუნავდნენ ოჯახსა და ბავშვებზე . გარდა ამისა, ქალებს, როგორც წესი, ჰქონდათ ნაკლები ეკონომიკური შესაძლებლობები ვიდრე კაცებს. შესაბამისად, სავსებით გასაგებია, რომ ქალი ეძებს საქმროს, რომელიც კარგად უზრუნველყოფს ოჯახს, ხოლო მამაკაცი ეძებს ახალგაზრდა საცოლეს, რომელიც კარგ დიასახლისობას გასწევს.


ევოლუციის თეორიის მიმდევრები სხვაგვარ ინტერპრეტაციას გვთავაზობენ . ისინი ვარაუდობენ, რომ ქალებმა და მამაკაცებმა ევოლუციის პროცესში მეუღლის არჩევის სხვადასხვა სტარტეგიები ჩამოუყალიბდათ საკუთარი რეპროდუქციული წარმატების მაქსიმიზაციის მიზნით. ვინაიდან ქალები ბევრს „სდებენ“ ბავშვის დაბადებასა და აღზრდაში, ისინი ეძებენ პარტნიორს, რომელიც უზრუნველყოფს მათ აუცილებელი მატერიალური რესურსებით. ვინაიდან მამაკაცებს შეუძლიათ ბევრი ქალის განაყოფიერება და ამისათვის არ ესაჭიროებათ „დიდი დაბანდების“ გაკეთება, მათთვის მთავარი საკითხია ის, რომ განსაზღვრონ მახასიათებლები ქალის რეპროდუქციული უნარების შესახებ: მამაკაცებს ურჩევნიათ ახალგაზრდა და ფიზიკურად მიმზიდველი ქალები, რადგან ჩვენი ევოლუციის ისტორიაში სწორედ ეს თვისებები მიანიშნებდნენ ჯანმრთელობასა და რეპროდუქციულ უნარებზე.


ეგლის და ვუდის მონაცემების მიხედვით, 37 კულტურაში გენდერული განსხვავებები პარტნიორის არჩევის სტრატეგიებში შეიცვალა ქალის როლის ცვლილების კვალდაკვალ, მას შემდეგ, რაც ქალებმა საზოგადოებაში უფრო მეტ ეკონომიკურ თანასწორობასა და პოლიტიკურ ძალაუფლებას მიაღწიეს. თუმცა თანამედროვე სოციალური ცვლილებების ფონზე მაინც არსებობს სქესებს შორის განსხვავება ასაკის, მიმზიდველობის და რესურსების მნიშვნელობის შეფასების თვალსაზრისით .

0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ გაბელია
თამარ გაბელია
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0