x
გენდერი და თვითგახსნა
image



თვითგახსნის 205 კვლევის მეტაანალიზმა გამოავლინა მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გენდერული განსხვავება, რომ ქალები კაცებზე უფრო მეტად იხსნებიან.ერთი და იგივე სქესის მეგობრებში აღმოჩნდა, რომ ქალები უფრო მეტს უმხელენ ქალებს, ვიდრე კაცები კაცებს. მოზრდილობის მთელ პერიოდში უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ქალებს ეყოლებათ ახლო მეგობარი ქალი, ვისაც გაუზიარებენ პიროვნულ ინფორმაციას. კვლევაში, რომელშიც კოლეჯის სტუდენტები მონაწილეობდნენ, ქალები კაცებზე უფრო მეტად მიუთითებდნენ, რომ ისინი სიამოვნებას იღებდნენ თავის უახლოეს ქალ მეგობართან უბრალოდ ლაპარაკისგან და რომ საუბარი ეხმარებოდათ მათ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. კოლეჯის მამაკაცი სტუდენტები კი უახლოეს მამაკაც მეგობართან ერთობლივ აქტიობას უსვამდნენ ხაზს.


სასიყვარულო ურთიერთობებში გენდერული განსხვავება თვითგახსნაში უფრო რთულია. ჩვეულებრივ ადამიანები უფრო მეტს უზიარებენ რომანტიკულ პარტნიორს ან მეუღლეს, ვიდრე ვინმე სხვას. ახალგაზრდები უფრო მეტ თვითგახსნას ელიან ინტიმურ ურთიერთობებში, ვიდრე მათი მშობლები ელოდებოდნენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვეულებრივ შეყვარებული წყვილები ერთი და იგივე დონეზე იხსნებიან. თუმცა, როდესაც ქალებისა და კაცების წყვილებში სახეზეა გამონაკლისი ამ თანასწორი თვითგახსნისგან, ჩვეულებრივ, კაცები უფრო ნაკლებად იხსნებიან.


ერთ-ერთ გამოკვლევაში, რომელიც კოლეჯის სტუდენტი ქალებისა და კაცების ურთიერთობას შეეხებოდა, აღმოჩნდა, რომ ქალები უფრო მეტად საუბრობდნენ საკუთარ სისუსტეებზე და თავს იკავებდენენ საკუთარ ძლიერ მხარეებზე საუბრისგან; კაცები კი ამის საპირისპიროდ იქცეოდნენ, საუბრობდნენ საკუთარ ძლიერ მხარეებზე და მალავდნენ სისუსტეებს. კაცები `მამაკაცურ” საკითხებზე საუბრობდნენ _ იმაზე თუ როდის იყვნენ აგრესიულები და რა რისკებზე წავიდნენ. ქალები იხსნებოდნენ უფრო ქალურ საკითხებზე _ იმაზე, თუ როგორ იგრძნეს თავი ბავშვივით, ან რას გრძნობდნენ საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით.



შეჯამებისათვის, კვლევა არ ადასტურებს სტერეოტიპს, რომ ყველა მამაკაცი ყოველთვის
ჩაკეტილია. არის იმის ტენდენცია, რომ ქალები კაცებზე მეტს საუბრობენ, მაგრამ ეფექტი მცირეა და სიტუაციის მიხედვით იცვლება. ჰეტეროსექსუალურ სასიყვარულო
ურთიერთობებსა და ქორწინებებში, ქალები და კაცები ხშირად ერთნაირ დონეზე იხსნებიან.სქესობრივი განსხვავება ყველაზე მეტად ერთი და იგივე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობებში გამოიკვეთება: ქალი მეგობრები უპირატესობას საუბარს ანიჭებენ, ხოლო მეგობარ კაცებს უფრო მეტად ერთობლივი აქტიობები აინტერესებთ.


როგორ უნდა ავხსნათ ეს განსხვავებები? მრავალი მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ
კულტურული ნორმები ზეგავლენას ახდენს თვითგახსნის სახეებზე.ამერიკის შეერთებულ შტატებში ემოციური გამოხატვა, ჩვეულებრივ, მისაღებია ქალებისათვის. ამის საწინააღმდეგოდ, მამაკაცებს ასწავლიან დაფარონ, განსაკუთრებით სხვა მამაკაცებისაგან, თავის გრძნობები და პიროვნული პრობლემები . მამაკაცები სტიმულირებული არიან გრძნობები ქალებს გაუზიარონ, განსაკუთრებით კი შეყვარებულებს და მეუღლეებს. სხვა ქვეყნებში თვითგახსნის სრულიად განსხვავებული ნორმები არსებობს. ამის შედეგად, არადასავლური კულტურის ინდივიდები ყოველთვის არ ამჟღავნებენ თვითგახსნისა და სიახლოვის ისეთ სახეებს, როგორსაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები.

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ გაბელია
თამარ გაბელია
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0