x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
პროფესიის არჩევა და იდენტობა

იდენტობა არის ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ „მე“ზე, როგორც სუბიექტურად აღქმულ მთლიანობასა და ინდივიდუალურობაზე, რომლის მეშვეობითაც პიროვნება საკუთარ თავს აიგივებს გარკვეულ ტიპოლოგიურ კატეგორიასთან, იქნება ეს სახელმწიფო, სოციალური სტატუსი, კულტურა, ეროვნება, ასაკი, სქესი, პროფესია თუ სხვა. იდენტობის ქვეშ მოიაზრება ღირებულებების, მრწამსის და ცხოვრებისეული გეგმების ფორმირება. ირიკ ერიქსონმა თავის ფსიქოსოციალურ თეორიაში დიდი მნიშნველობა მიანიჭა სწორედ იდენტობის ძიებას. ის იდენტობას განიხილავს, როგორც სხვადასხვა როლების მორგებას, მათ ცვლილებას. იდენტობის ფორმირების ამოცანაში ერიქსონი ხედავდა ძირითად წინააღმდეგობას, რომლებიც უნდა გადაელახა მოზარდს ზრდასრულობაში წარმატებული გადასვლისთვის, რომელსაც ისინი იდეალურ შემთხვევაში ახორციელებენ. იდენტობის მექანიზმი გადამწყვეტ როლს თამაშობს სოციალური სტრუქტურისა და კულტურული ტრადიციების შენარჩუნების, გადაცემის პროცესში. აქედან გამომდინარე საზოგადოება მოზარდებისგან მოელის, რომ ისინი აირჩევენ სამეგობრო წრეს, საყვარელ ადამიანს, პოლიტიკურ თუ რელიგიურ შეხედულებებს და ასევე მომავალ პროფესიას.
ერიქსონი

იდენტურობაზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. მოზარდების მრავალი იდეა როლების და ღირებულებების შესახებ განისაზღვრება მათი მიკუთვნებულობით სხვადასხვა ჯგუფებში. სოციალური რეფერენტული ჯგუფები შეიძლება შედგებოდეს ინდივიდებისგან, რომლებთანაც მოზარდები ხშირად ურთიერთობენ და აქვთ მჭიდრო დამოკიდებულება. მათთან ურთიერთობა შეუძლიათ უფრო ფართო სოციალურ ჯგუფებს, რომელთა იდეალებსაც ისინი იზიარებენ. მაგ., რელიგიური, ეთნიკური, თანატოლთა ჯგუფები ან სხვა ერთნაირი ინტერესების მქონე ჯგუფები. მსგავსი მიკუთვნებულობა ისევე როგორც ყველაფერ სხვაზე პროფესიულ იდენტობაზეც დიდ გავლენას ახდენს. რეფერენტული ჯგუფები თავისი ზომის მიუხედავად, ადასტურებენ ან უარყოფენ ინდივიდის ძველ ღირებულებას და ხანდახან ახალს. ჯგუფის წევრობა, რომელიც ბავშვობაში თითქმის ავტომატური იყო, ოჯახში, მეზობელთა კომპანიაში ან რელიგიურ საზოგადოებაში, უკვე აღარ წარმოადგენს ისეთ მყუდრო და დამაკმაყოფილებელს რაც იყო ადრე. ხშირად მოზარდი გრძნობს კონფლიქტს ოჯახთან, თანატოლებთან და სხვა რეფერენტულ ჯგუფებთან. ხანდახან ახალგაზრდებს ხიბლავთ ცალკეული პიროვნებების ღირებულებები და არა მთელი ჯგუფის. პიროვნება შეიძლება იყოს ახლო მეგობარი, საყვარელი მასწავლებელი, უფროსი ძმა ან და, ფილმის გმირი, სპორტსმენი ან სხვა ვინმე ვისი იდეები და ქცევებიც აღაფრთოვანებს მოზარდს, თუმცა მნიშვნელოვანი ადამიანის გავლენა შეიძლება განიცადოს ადამიანმა ცხოვრების ყველა ეტაპზე, მაგრამ ის უფრო დამახასიათებელია მოზარდობის ასაკისთვის. ამრიგად, მოზარდებს თავს ახვევია მრავალფეროვანი როლები, შეთავაზებული მრავალი რეფერენტული ჯგუფის და ხალხისგან. საჭიროა ამ როლების მორგება და იდენტობის ფორმირება.

პროფესიის არჩევა

ჯეიმს მარსიამ განავითარა ერიქსონის თეორია და განსაზღვრა ოთხის ხვადასხვა მდგომარეობა ანუ იდენტობის ფორმირების ოთხი სახე. ეს სახეებია: წინასწარი იდენტობა, დიფუზური იდენტობა, მორატორიუმი/გადავადება და მიღწეული იდენტობა. პიროვნულობა და სოციალურ-კულტურული განვითარება მოზარდობის ასაკში იმას გულისხმობს, გაიარა თუ არა ინდივიდმა გადაწყვეტილების მიღების პერიოდი, ეგრეთწოდებული იდენტობის კრიზისი და აიღო თუ არა მან ვალდებულება განსაზღვრული არჩევნებისადმი ისე, როგორც ღირებულებების სისტემა ან მომავალი პროფესიული გზის გეგმა ანუ ის იდენტობის მიღწევაზე ორი ცვლადით მსჯელობს. ეს არის კრიზისის გადატანა და მსოფლხედველობის (შეხედულებების) ფორმირება. წინასწარი იდენტობის სტატუსში მყოფმა მოზარდებმა აირჩიეს რელიგიური შეხედულებები, პროფესია, იდეოლოგია და იდენტობის სხვა ასპექტები, თუმცა ეს არჩევანი მათ უფრო ადრე გააკეთეს და ეს განაპირობა უფრო მათმა მშობლებმა და მასწავლებლებმა, ვიდრე თვითონ. ე.ი თუ ადამიანს გარკვეული შეხედულებების ფორმირებისას არ გაუვლია კრიზისი, მაშ ადგილი აქვს წინასწარ იდენტობას. იდენტობის ამ ფორმას ადგილი აქვს, როდესაც ბავშვი ძლიერ იდენტიფიკაციას განიცდის მისსავე სქესის მშობელთან. იდენტობის ამგვარი ფორმით ადამიანებს უჭირთ გამიჯვნა, რომელია მათ მიერ დასახული გეგმებიდა რომელი მათი მშობლების მიერ. მიიჩნევა, რომ მათთან ფსიქოლოგიური მომწიფება არ მიმდინარეობს. ასეთი ადამიანები ძალზედ არიან დამოკიდებულნი „მნიშვნელოვან სხვებზე“, „ავტორიტეტებზე“, დამოუკიდებლად ძალიან უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. მათი არჩეული პროფესიაც ხშირად იგივეა რაც მშობლის. ინდივიდებს დიფუზური იდენტობით არ გადაუტანიათ კრიზისი და არც შეხედულებები ჩამოუყალიბებიათ. (პროფესიის არჩევანი, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებები). ისინი უბრალოდ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, ვერ ირჩევენ გარკვეულ პროფესიას. იდენტობის ეს სახე ადრეული მოზარდებისთვის სრულიად მისაღებია. მაგრამ ზრდასთან ერთად საზოგადოება მოითხოვს მათგან გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას. მიიჩნევა, რომ თუ აღნიშნული მდგომარეობა დიდხანს გრძელდება, ეს მაინცგამოიწვევს სულიერ დისკომფორტს. მოზარდები მორატორიუმის სტატუსში იმყოფებიან ხანგრძლივი იდენტურობის კრიზისის შუაში ან გადაწყვეტილების მიღების პერიოდში. ეს გადაწყვეტილებები შეიძლება შეეხებოდეს პროფესიის არჩევას, რელიგიური ან ეთნიკური ღირებულებების, პოლიტიკური ფილოსოფიის არჩევას. მორატორიუმი არის გადავადებული იდენტობა, მდგომარეობა, როდესაც მოზარდი ირჩევს სხვადასხვა როლებს, მანამ სანამ გააკეთებს საბოლოო არჩევანს. ამ დროს მოზარდები კრიზისის მდგომარეობაში არიან, განიცდიან ძლიერ შფოთვას. სწორედ ამ დროს ახასიათებთ მოზარდებს ნეგატივიზმი, მეამბოხეობა. იდენტობის ეს სახე მეტად უფროსი მოზარდების, საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის არის დამახასიათებელი. და ბოლოს, მიღწეული იდენტობა გულისხმობს იმას, რომ მოზარდმა გაიარა იდენტობის კრიზისი და მიიღო თავისი ვალდებულება. შედეგად მათ თვითონ აირჩიეს სამუშაო და ცდილობენ იცხოვრონ დამოუკიდებლად. მათ უმაღლდებათ მოტივაცია, განიცდიან შინაგან ჰარმონიას, მცირდება შფოთვა. იდენტურობის მიღწევა ჩვეულებრივ განიხილება, როგორც ყველაზე სასურველი და სრული სტატუსი.

იდენტობა

არ არის აუცილებელი ადამიანმა ყველა სტადია გაიაროს. სტადიების გავლა კულტურაზეც დიდადაა დამოკიდებული. შეიძლება ადამიანი შეჩერდეს რომელიმე სტადიაზე ან მორატორიუმის გარეშე მიაღწიოს იდენტობას წინასწარი იდენტობის გამყარებით და სიტყვაზე კმაყოფილებით განაგრძოს მოყვაწეობა იმავე პროფესიულ სფეროში სადაც მოღვაწეობენ მისი მშობლები. შესაძლებელია, რომ მიღწეული იდენტობის შემდეგ ადამიანმა თავიდან გაიაროს აღნიშნული სტადიები.

იდენტობის კრიზისი მოზარდის ქცევის სხვადასხვა სფეროებში ვლინდება, აქედან ერთი-ერთი მნიშვნელოვანია კარიერის არჩევის სირთულე. პროფესიის არჩევისას როგორც ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭრიროა გადაწყვეტილების მიღება. ეს პროცესი ჩვენ ხშირად გვიწევს ყოველდღიურ ცხოვრებაში. გადაწყვეტილების მიღება განიმარტება, როგორც მოცემული ალტერნატივებიდან ან ვარიანტებიდან ერთის შერჩევა. ჩვენ ყოველთვის გვიწევს ამ სტადიების გავლა, უბრალოდ ეს ხდება ძალიან სწრაფად და გაუცნობიერებლად. რაც შეეხება პროფესიის არჩევას ამ შემთხვევაში პრობლემა რეალურია და ხშირად მოითხოვს ბევრ დროს, ენერგია და სხვა რესურსს. კარიერის არჩევაში მოზარდს გარკვეული დახმარების სახეებმა შეიძლება საკმაოდ შეუწყოს ხელი. მასწავლბელს მაგალითად შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს კარიერის ასარჩევად ზრდასრულის სხვადასხვა როლი. ამ დროს კარგი იქნება ყურადღების გაამახვილება ისტორიულ და ლიტერატურულ მაგალითებზე, ამა თუ იმ სფეროში მოღვაწე გამორჩეული ადამიანებზე და მათი წარმატებების განხილვა. სასარგებლო იქნება მოზარდებისთვის იმ ხალხთან კონტაქტიც, რომლებმაც უკვე მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას გარკვეულ პროფესიაში. ისაუბრებენ იმაზე, რატომ და როგორ აირჩიეს თავიანთი პროფესია. სასარგებლოა პროფესიის არჩევის პირადი პრობლემების მოსაგვარებლად რესურსების მოძიება, ფსიქოლოგთან კონსულტაცია. დროს მოზარდისთვის კარგი იქნება რეალური რჩევა მიცემა სამუშაოს თაობაზე და ხელის შეწყობა სრულყოფილებისკენ მათ სწრაფვას. მოსწავლეები ამ ასაკში თითქოსდა „იზომებენ", „ირგებენ", „ცდიან" ახალ როლებს, ამიტომ სასურველია გამოვყოთ როლი პიროვნებისგან გავაკრიტიკოთ ქცევა და არა მოსწავლე.

0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ბაირამაშვილი
ქეთევან ბაირამაშვილი
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0