x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კავირი გარიყულობასა და შფოთვას შორის

გარიყულობა და შფოთვა ერთი შეხედვით თითქოს ერთმანეთზე დამოკიდებული ან/და ერთი-მეორეს გამომწვევი მახასიათებლებია, თუმცა ამ კუთხით არც ისე ბევრი ინფორმაცია არსებობს. გადავწვიტე ეს ორი ერთმანეთთან კვლევაში დამეკავშირებინა და მენახა რეალური კავშირი მათ შორის. გარიყულობაზე ისევე როგორც შფოთვაზე სხვადასხვა თეორიების მოპოვებაა შესაძლებელი. იმისათვის რომ მიმოვიხილოთ თუ რა კავშირში შეიძლება იყოს მოცემული ცვლადებს შორის, შევეცდები ისინი ჯერ სათითაოდ წარმოგიდგინოთ.
გარიყულობა და შფოთვა

რა არის გარიყულობა? - გარიყულობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და რთული ფსიქოლოგიური პრობლემაა. ეს არის ფსიქოლოგიაში აღწერილ სხვა ბევრ შიშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო და დამთრგუნველი. გარიყულობის შიში არის შიში იმისა, რომ მას ვერ გაუგებენ და ამიტომაც ის თავს არიდებს ხალხს, უჭირს ხალხთან ურთიერთობა, საკუთარი აზრის გამოთქმა, აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. პიროვნების გარიყულობის ცნება ახლოს დგას სიმორცხვის, გაუცხოების და მარტოობის ცნებებთან. ლიტერატურაში მათ ზოგჯერ სინონიმებადაც კი მოიხსენიებენ. ზოგ ავტორთან კი გარიყულობის განცდა მარტოობისა და გაუცხოების მდგომარეობათა შედეგი ან ერთ-ერთი კომპონენტია. მასლოუ და კონი გარიყულობას იზოლაციის, მარტოობის და განმარტოების ცნებების სინონიმებად ხმარობენ. თუმცა ჩემი აზრით, გარიყულობის და მარტოობის განცდა ფსიქიკური მდგომარეობაა, ხოლო იზოლაცია- სიტუაცია. ამიტომ სინონიმებად მათ სწორედ ამის გამო ვერ განვიხილავთ. განმარტოება კი არის საკუთარი გადაწყვეტილებით ხალხთან კონტაქტზე უარის თქმა, რაც ადამიანის უმრავლეს შემთხვევაში დროებითი მდგომარეობაა. განმარტოება ყოველთვის არ არის მარტოობა. ადამიანები განმარტოებულებიც შეიძლება ბედნიერები იყვნენ. მეორეს მხრივ სხვა ადამიანებთან ან ადამიანთან ობიექტური კონტაქტის შემთხვევაშიც შეიძლება ადამიანი პერიოდულად დაძაბულობას და შინაგან შებოჭილობას განიცდიდეს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მის დაუკმაყოფილებელ სურვილს ჰქონდეს მეგობრული თუ ინტიმური ურთიერთობები. რაც შეეხება სიმორცხვესთან გარიყულობის ცნების კავშირს, გარიყულობის ცნების მგონი, სწორედ მასთან უფრო ახლოს დგას, ფაქტობრივად მას ემთხვევა. ზიმბარდოს განმარტებით სიმორცხვე არის ადამიანის მიდრეკილება სხვა ადამიანების გვერდით განიცდიდეს უხერხულობის, შებოჭილობის, გადაუწყვეტელობის განცდას. მორცხვი ადამიანი არ არის განწყობილი საზოგადოებასთან და ადამიანებთან შეხვედრისთვის და თავისი გაუბედაობის გამო თავის თავში ჩაკეტვას და განმარტოებას არჩევს. რაიმონდ კეტელის მიხედვით გარიყულობის განცდა წარმოადგენს თანდაყოლილ ინდივიდუალურ თავისებურებას. გარიყულობის განცდის მქონე ადამიანები უფრო მგრძნობიარე ნერვული სისტემით იბადებიან, ვიდრე ისინი, ვისაც ხალხთან ურთიერთობა არავითარ პრობლემას არ უქმნის. სხვა სიტყვებით, ეს თვისება თანდაყოლილია, ვერავითარი გარემო მას ვერ შეცვლის. კეტელისთვის გარიყულობა ბიოლოგიურად გაპირობებული თვისებაა, რომელიც ნერვულ აგზნებადობას უკავშირდება. ბიჰევიორისტების აზრით კი პიროვნება, საზოგადოდ, სწავლის შედეგს, სწავლის პროდუქტს წარმოადგენს. ის ითვისებს იმ ქცევებს, რომელთა წახალისებაც ხდება და არ აფიქსირებს უარყოფითი შედეგის მქონე ქცევებს. ამ თეორიის მიხედვით გარიყულობის განცდაც წარმოადგენს სოციალურ გამღიზიანებელზე შეძენილი შიშის რეაქციას. ფსიქოანალიზური თეორია გარიყულობას პიროვნების შინაგანი ძალებით ხსნის და იყენებს ისეთ ცნებებს, როგორიცაა დაცვის მექანიზმი, აგრესია, პიროვნულ ძალთა გადაჯგუფება და სხვ. ამ თეორიაში გარიყულობა განიხილება როგორც სიმპტომი. ეს არის რეაქცია იდის დაუკმაყოფილებელ პირველად მოთხოვნილებებზე. არსებობს შეხედულება, რომლის მიხედვითაც გარიყულობის განცდა ყალიბდება ბავშვის დედასთან დაშორების პერიოდში, როდესაც იწყება საკუთარი ინდივიდუალობის აღქმა. თუ ეს დაშორება დროზე ადრე მოხდა, შესაძლოა ადამიანს ჩამოუყალიბდეს შიში გაურკვეველი მომავალი ცხოვრებისეული სიტუაციების მიმართ. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ბოლოს მოყვანილი შეხედულება ფსიქოანალიზურ თეორიაში გარიყულობის განცდის პათოლოგიურ შემთხვევებს ეხება.
გარიყულობა

რა არის შფოთვა? - შფოთვა ეს არის ფსიქოვეგეტატიური წონასწორობის დარღვევის სუბიქტური ასახვა. ის წარმოქმნის ფსიქიკური სტრესის ყველაზე ინტიმურ მექანიზმს და საფუძვლად უდევს ფსიქოპათოლოგიური დარღვევების დიდ ნაწილს. შფოთვა კლინიკურად ვლინდება გაურკვეველი საფრთხის შეგრძნებით. მის დროს იზრდება დაძაბულობის შეგრძნება, რაც აძნელებს რეალურად საფრთხის შემცველი და უმნიშვნელო გამღიზიანებლის ერთმანეთისგან გარჩევას. შფოთვა, რამდენიმე ცალკეული ემოციის კომბინაციას წარმოადგენს. ესეთებად შეიძლება ჩაითვალოს შიში, (ამათგან შიში ბაზისური ემოციაა) სევდა, განრისხება, ინტერესი, სირცხვილი. ამ ემოციათა სხვადასხვაგვარი კომბინაცია განსაზღვრავს შფოთვის ინტენსივობას და სპეციფიკას. შფოთვა, როგორც პროცესი გულისხმობს გარემოში არსებული სტრესული გამღიზიანებელი ან პიროვნების შინაგანი სამყაროდან მომდინარე, მუქარის შემცველი სტიმულის გავლენით აქტუალიზებულ კოგნიტურ, აფექტურ და ქცევით რეაქციებს. ზიგმუნდ ფროიდი გამოყოფს ნევროტულ შფოთვას და ობიექტურ შფოთვას. ობიექტური შფოთვის შემთხვევაში გარემოში არსებული რეალური სიტუაცია ინდივიდის მიერ აღიქმება, როგორც სახიფათო, რასაც მოსდევს საფრთხის ინტენსივობის პროპორციული ემოციური რეაქცია. ნევროტული შფოთვის შემთხვევაში საფრთხის წყარო პიროვნების შინაგან სამყაროში არსებობს. ფროიდის მიხედვით ბავშვობაში დათრგუნული, განდევნილი სექსუალური და აგრესიული ლტოლვები ცდილობენ ცნობიერებაში ამოსვლას, რაც აღიქმება, როგორც სახიფათო და იწვევს ნევროტულ შფოთვას.
შფოთვა

რა იყო კვლევის ჰიპოთეზა და მიღებული შედეგები: მოცემული კვლევის მიზანი დაგვედგინა არსებობს თუ არა კავშირი გარიყულობასა და შფოთვას შორის წარმატებით დასრულდა. ჩატარებული კორელაციური კვლევა რაოდენობრივი კვლევის მეთოდით, შემდეგი ჰიპოთეზით იყო წარმოდგენილი: „გარიყულობის დონის ზრდასთან ერთად იზრდება შფოთვის დონე“. გამოკითხვა ჩაუტარდა 61 ადამიანს. მონაწილეების ასაკი ყოფილა განსაზღვრული, ისევე როგორც სქესთა შორის რაოდენობრივი გადანაწილება. ეს განუსაზღვრელობა გამოწვეული იყო იმ აზრით, რომ გარიყულობასა და შფოთვას შორის ურთიერკავშირი არ არის დამოკიდებული არც სქესზე და არც ასაკზე. კვლევა ჩატარდა შემდეგი კითხვარების საშუალებით: „აფელაცია-გარიყულობის მოდელი“ და „სპილბერგის შფოთვის კითხვარი“. კორელაციის მიღებული შედეგია: 0.839923473, რაც გულისხმობს დადებითი კორელაციის არსებობას. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კავშირი დასტურდება და გარიყულობის დონე დადებით კორელაციაშია შფოთვის დონესთან.

0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ბაირამაშვილი
ქეთევან ბაირამაშვილი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0