x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რა არის კონფორმიზმი ?

კონფორმიზმი ეს არის სოციალური ქცევის ტიპი, რომელსაც ახასიათებს შემგუებლობა, მოვლენათა, ნორმატიული დანაწესებისა და შესაბამისი წესრიგის, მოსაზრებების, ღირებულებების, წარმოდგენების პასიური მიღება; საკუთარი პოზიციის უქონლობა; მეტ–ნაკლები წნეხის ძალის მქონე ნებისმიერი ნიმუშის თუ სტერეოტიპის უპრინციპო და უკრიტიკო მიღება. კონფორმულობა წარმოადგენს ინდივიდის მიერ საკუთარი რწმენებისა და ქცევის შეცვლის ტენდენციას სხვების ქცევის შესაბამისად.
image
კონფორმულობაში გულისხმობენ:

ა) ინდივიდის განწყობებისა და ქცევების შესაბამისობას სოციალური ჯგუფის მოლოდინებსა და ნორმებთან;

ბ) განწყობებისა და ქცევის შეცვლას სოციალური ჯგუფის მხრიდან წნეხის (რეალური, ნაგულისხმევი ან წარმოსახული) გამო;

გ) ინდივიდის მიერ უთანხმოებათა ცნობიერად თავის არიდების ტენდენციას ფაქტობრივი ან ფორმალური თანხმობის დასამკვიდრებლად.


სოციალური ფსიქოლოგები გამოყოფენ კონფორმულობის ორ ტიპს:


1) ინტერიორიზაციას, როცა ხდება ჯგუფის აზრის მიღება და გაშინაგნება;

2) დამორჩილებას, როცა ადამიანი გარეგნულად ეთანხმება, მაგრამ შინაგანად – არა.


მერტონის თვალსაზრისის თანახმად, არსებობს კულტურით განსაზღვრული მიზნებისა და მათ მისაღწევად ინსტიტუციურად დადგენილი საშუალებებისადმი ინდივიდის ადაპტაციის ხუთი ტიპი: კონფორმიზმი ადაპტაციის ერთ–ერთი ძირითადი ტიპია და ვლინდება ვითარებაში, როცა ინდივიდისთვის მთლიანად მისაღებია კულტურული მიზნებიც და მათი მისაღწევი ინსტიტუციური წესებიც; შესაბამისად, კონფორმისტული ქცევა სტაბილური სოციალურ–კულტურული გარემოს მახასიათებელია. მერტონის აზრით, სანამ სოციალური სწრაფვების კანონიერი გზით განხორციელების შანსი არსებობს, კონფორმისტი დევიანტურ ქცევას არ მიმართავს.


სოციალური ფსიქოლოგები განიხილავენ ორი ტიპის ძალას, რომელსაც კონფორმულობამდე მივყავართ:


1. ინფორმაციული გავლენა ჯგუფის ეფექტი, რომელიც წარმოიშობა ინდივიდის სურვილის საფუძველზე, იყოს კორექტული, სწორი და იცოდეს, როგორ უნდა მოიქცეს მოცემულ სიტუაციაში.

2. ნორმატიული გავლენა ჯგუფის ეფექტი რომელიც წარმოიშობა ინდივიდის სურვილის საფუძველზე, იყოს ჯგუფის მიერ მოწონებული, მიღებული და აღიარებული.

რთული ამოცანების გადაწყვეტის დროს მაღალი კონფორმულობის გამოხატვის მიდრეკილება ინფორმაციულ ზეგავლენას წარმოადგენს. ინფორმაციულ გავლენას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მსჯელობა რეალურ სინამდვილეს ეხება.მრავალი ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელშიც ქცევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება გვიხდება, საკმაოდ გაურკვეველია. მაგალითად, თუ წარმოვიდგინეთ რომ რესტორანში ადამიანების დიდ ჯგუფთან ერთად ვსადილობთ, მაგიდა გაწყობილია ვერცხლის დანა ჩანგლით. საიდან ვიცით რომელი ჩანგალი უნდა იხმაროთ როდესაც პირველ კერძს შემოიტანენ? ალბათ წვეულების სხვა წევრებს შევხედავთ, რათა სათანადო არჩევანი გავაკეთოთ. ეს არის ინფორმაციული ზეგავლენა. ნორმატიული ზემოქმედება კი
ჯგუფის მიერ ადამიანის მიღების, მისი აღიარების სურვილის შედეგად განიხილება. საჯარო ვითარებაში განხორციელებული მსჯელობის დროს დიდი კონფორმულობის გამოხატვის ტენდენცია ნორმატიულ გავლენაზე მიგვანიშნებს. ნორმატული სოციალური გავლენა, გულისხმობს საკუთარი ქცევის შეცვლას რათა მოერგო სხვების მოლოდინებს, სოციალურ ნორმებს.

0
3604
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ ზუბიტაშვილი
თინათინ ზუბიტაშვილი
3604
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0