x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა არის ტიკური აშლილობა და როგორ დავეხმაროთ ტიკური აშლილობის მქონე ბავშვს?
რა არის ტიკი?


image

ტიკი სხვადასხვა ჯგუფის კუნთების სწრაფი, უნებლიე, განმეორებითი მოძრაობაა, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილში ადამიანისაგან უნებურად აღმოცენდება.
სკოლამდელი ასაკის ბავშვების 25%-ს სხვადასხვა პერიოდში აღენიშნება ტიკები. ნერვული სისტემის იოლი აგზნებადობის, ემოციურად მგრძნობიარე ბავშვებს, სხვადასხვა სტრესულ სიტუაციაზე რეაგირებისას ხშირად ეწყებათ უნებლიე მოძრაობები, ანუ ტიკები- თვალების ხამხამი, მხრების აჩეჩვა, კისრის მოძრაობები და ა.შ. უმეტესად ბავშვები გამოდიან ამ მდგომარეობიდან და ტიკები უკვალოდ ქრება. ზოგჯერ კი უნებლიე მოძრაობები დიდხან გრძელდება და შემაწუხებელი ხდება ბავშვისთვის და ოჯახისთვის.


განასხვავებენ მარტივ და რთულ ტიკებს. ასევე, მოტორულ და ვოკალურ ტიკებს.



მარტივი მოტორული ტიკებია - კუნთების უეცარი, ხანმოკლე მოძრაობები : თვალის ხამხამი, სახის კუნთების მოძრაობები, გრიმასები, მხრების მოძრაობები. ამ დროს მოძრაობა სწრაფი და აზრს მოკლებულია.

რთული მოტორული ტიკებია- უფრო ნელი უნებლიე მოძრაობები, რომლებიც რთულ მოქმედებებს შეიცავენ. მაგალითად საგნების ხელით მოსინჯვა, სხვადასხვა სახის ჟესტები, ფეხების ბაკუნი, უკუღმა სიარული, სირბილისმაგვარი მოძრაობები, ცეკვითი მოძრაობები, ხტუნვა, კოპროპროქსია- უხამსი ჟესტები.
მარტივი ვოკალური ტიკებია- უეცარი, გაურკვეველი ხმები, ჩახველება, სრუტუნი, ბურტყუნი.
რთული ვოკალური ტიკები გარშემომყოფთათვის როგორც წესი, განზრახულ მოქმედებად და უზრდელ ქცევად მიიჩნევა. ეს არის სიტყვებისა და მთელი ფრაზების უეცარი, უნებლიე წამოყვირება. კოპროლალია-სოციალურად მიუღებელი, უხამსი სიტყვებისა და გამოთქმების უნებლიე წამოყვირება. ექოლალია- სხვისი ნათქვამის უშუალო გამეორება.


ტიკები შეიძლება იყოს გარდამავალი-იწყება ადრეული ბავშვობის ასაკში, ხასიათდება მარტივი მოტორული/ვოკალური ტიკებით, ყოველდღე აღმოცენდება 4 კვირის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა. ბიჭებში უფრო ხშირია ვიდრე გოგოებში.ტიკი შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად ცხვირში სრუტუნი თვალების ხამხამით. ქრონიკური მოტორული და ვოკალური ტიკური აშლილობა ხასიათდება მარტივი ან რთული მოტორული/ვოკალური ტიკებით, მაგრამ ორივე სახის ტიკი ერთდროულად არ აღინიშნება.ყოველდღე მრავალჯერ აღმოცენდება 1 წელზე მეტი ხნის მანძილზე.

რა ძირითადი პრობლემებია ტიკური აშლილობის დროს?


ტიკური აშლილობა, პირველ რიგში, გავლენას ახდენს ბავშვის მე-ს ცნობიერების ჩამოყალიბებაზე და თვითშეფასებაზე.ბავშვი თავს უხერხულად გრძნობს ისეთი მოძრაობებისა და მოქმედებების გამო, რაც მისდა უნებურად აღმოცენდება.


უნებლიე მოძრაობები იპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას, უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს მათზე და ინტერპრეტაცია ხშირად არასწორია. ბავშვი შეიძლება თანატოლების დაცინვის ობიექტი გახდეს და ამის გამო ჩაიკეტოს, აღარ ჰქონდეს სკოლაში სიარულის სურვილი. მშობლები და მასწავლებლები კი ხშირად ფიქრობენ, რომ ბავშვი მოუსვენარია და უცნაურად იქცევა სპეციალურად მათი გამოწვევის მიზნით. ვინაიდან ბავშვს მცირე ხნით შეუძლიათ ტიკების შეკავება, უფროსებს გონიათ, რომ ბავშვს შეუძლია აკონტროლოს თავი და სპეციალურად იქცევა უფროსის გასაღიზიანებლად, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და უარყოფითად მოქმედებს ბავშვზე.


ბავშვების გონებრივი განვითარება არ განსხვავდება თანატოლებისგან. მათ შეიძლება ჰქონდეს პრობლემა მხედველობით-სივრცითი ფუნქციების მომწიფეაში.ახასიათებთ გაფანტულობა, უყურადღებობა.

როგორ დავეხმაროთ?


პირველ რიგში აუცილებელია სინდრომის სწორი დიაგნოზირება, რაც არც ისე ადვილია.
ბავშვისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ოჯახისა და მასწავლებლის კონსულტაციას დაავადებასთან დაკავშირებით, რათა მათ მცდარი შეხედულება არ ჩამოუყალიბდეთ ბავშვის შესახებ.


სწავლაში ხელშეწყობისთვის კარგი იქნება თუ ბავშვს გაკვეთილზე ექნება შესვენების უფლება, უფრო მეტი დრო მიეცემა დავალების შესასრულებლად. სახლში, საშინაო დავალების მომზადებისას, მიზანშეწონილია დროის მცირე მონაკვეთებად დაყოფა.
მასწავლებლის მხრიდან ბავშვის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ბავშვს სკოლისა და სწავლისადმი დადებითი განწყობა ჩამოუყალიბდეს.


ტიკის სიხშირე მცირდება :
ფიზიკურ ან გონებრივ აქტივობაში ჩართვისას (მაგ.სპორტი, კომპიუტერული თამაშის დროს);
გონებრივი დავალების შესრულებისას ნაკლებად სტრესულ სიტუაციაში;
ძილში;

0
1548
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა პარხომენკო
თეონა პარხომენკო
1548
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0