x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
მე-კონცეფცია

image
მე-კონცეფცია არის ცოდნა საკუთარი თავის, გარეგნობის, მოტივების, მიზნებისა და ქცევის ფორმების შესახებ. იგი ასევე მოიცავს ცოდნას, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ურთიერთობებთან, გრძნობებსა და განწყობებთან. ყურადღებას ამახვილებენ მე-კონცეფციის სამ ძირითად ელემენტზე:

1. მე-ს ხატი - ინდივიდის წარმოდგენა თავის თავზე(კოგნიტური შემადგენელი), რომელიც შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.
2. თვითშეფასება-ემოციური დამოკიდებულება მე-ს ხატის მიმართ. მე-ს კონკრეტულმა თავისებურებებმა შესაძლოა გამოიწვიოს მეტნაკლებად ძლიერი ან სუსტი ემოციები, რომლებიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მისაღებია ინდივიდისთვის ესა თუ ის თავისებურება.
3. პოტენციური ქცევითი რეაქცია, კონკრეტული ქმედება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მე-ს ხატმა და თვითშეფასებამ.

თვითაღქმისა და თვითშეფასების საგნად შეიძლება იქცეს ინდივიდის სხეული, შესაძლებლობები, სოციალური ურთიერთობები და სხვა პირადი გამოვლინებები.
ჩვენ ფოკუსირება გავაკეთოთ მე-კონცეფციის სამ ძირითად მახასიათებელზე:

მე-კონცეფციის კოგნიტური შემადგენელი - ინდივიდის წარმოდგენა საკუთარ თავზე მისთვის დამაჯერებელია იმის მიუხედავად, არის თუ არა ის დაფუძნებული
ობიექტურ ან სუბიექტურ ცოდნაზე და წარმოადგენს თუ არა ის ჭეშმარიტებას. როდესაც ჩვენ ჩვენს თავს აღვწერთ, ვცდილობთ, ხაზი გავუსვათ იმ ძირითად მახასიათებლებს, რომელთა შედეგადაც იქმნება ჩვენი თვითაღქმა. ეს მახასიათებლები შეიძლება ჩამოვთვალოთ უსასრულოდ, რადგან მათ განეკუთვნება ნებისმიერი როლური, ატრიბუციული, სტატუსური და ფსიქოლოგიური ნიშნები. ასევე ქონება, მიზნები და ა.შ. ამ მახასიათებლების მნიშვნელობა და იერარქია შეიძლება იცვლებოდეს კონტექსტიდან ან ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე.

მე-კონცეფციის შეფასებითი(აფექტური) შემადგენელი - თვისებები, რომლებსაც მივაწერთ ხოლმე ჩვენს პიროვნებას ყოველთვის არ არის ობიექტური და შესაბამისად, ამას ყოველთვის არ ეთანხმებიან სხვები. შესაძლოა მხოლოდ ასაკი, სქესი, სიმაღლე პროფესია და სხვა გარკვეული მახასიათებლები არ იყოს სადავო. მე-კონცეფცია არ
არის მხოლოდ საკუთარი პიროვნული ნიშნების აღწერა. ის არის იმ განცდების ერთობლიობაც, რომლებიც დაკავშირებულია თვითაღქმასთან. ისეთ ობიექტურ მაჩვენებლებსაც კი, როგორიც არის სიმაღლე და ასაკი, შესაძლოა სხვადასხვა ადამიანისთვის ჰქონდეს განსხვავებული მნიშვნელობა, რომელიც განსაზღვრულია მე-კონცეფციის სტრუქტურით. მაგალითად, ორმოცი წლის ასაკის მიღწევა ზოგისთვის არის აღზევებისა და სიმწიფის პერიოდი, ხოლო სხვებისთვის-სიბერის დაწყების.
170 სმ ზოგი მამაკაცისთვის მისაღები და ოპტიმალურიც კია, სხვებს ის არასაკმარისად ეჩვენებათ. ასეთი შეფასებების ძირითადი ნაწილი დამოკიდებულია იმ სტერეოტიპებზე, რომლებსაც განსაზღვრავს სოციალური გარემო. მაგალითად, სიმსუქნე საყოველთაოდ ითვლება, რომ არ არის სასურველი და ის ადამიანები, რომელთაც თავი მსუქნებად მიაჩნიათ(შესაძლოა სხვების თვალში ასე არც
იყოს) თვლიან, რომ არიან არასრულფასოვნები, რადგან გარეგნულ დეფექტს ახასიათებს ექსტრაპოლირება მთელ პიროვნებაზეც კი.

როდესაც ადამიანს აქვს შეუხედავი გარეგნობა, ფიზიკური ნაკლი, ის ხდება სოციალურად არაადეკვატური(მაშინაც კი თუ მას ეს ეჩვენება), ის გრძნობს ნეგატიურ რეაქციებს გარშემომყოფთაგან, რაც ასევე შეიძლება იყოს მოჩვენებითი. ასეთ დროს პოზიტიური მე-კონცეფციის განვითარებას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ერთი
შეხედვით ემოციურად ნეიტრალური დახასიათებაც კი საკუთარი თავისა, ჩვეულებრივ არის ფარული შეფასების შემცველი. მაგალითად, ისეთი უმნიშვნელო შემადგენელი მე-კონცეფციისა, როგორიც არის საცხოვრებელი ადგილი, შეიძლება შეიცავდეს შეფასებით ასპექტს, რომელიც დაკავშირებულია ამ რაიონის „პრესტიჟულობასთან“. მიუხედავად იმისა კაცი ხართ თუ ქალი, წარმატებული ხართ თუ წარუმატებელი, სპორტსმენი ხართ თუ გულშემატკივარი, მაღალი ხართ თუ დაბალი-ყველა ეს მახასიათებელი თავის თავში შეიცავს შეფასებით საზრისს. ამ შეფასებითი საზრისის წყარო არის თქვენი სუბიექტური დამოკიდებულება, ინტერპრეტაცია იმისა თუ როგორ აღგიქვამენ სხვები
და რა რეაქცია აქვთ მათ. ასევე მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენ ამ დამოკიდებულებებსა და რეაქციებს აფასებთ ობიექტური სტანდარტების, კულტურული ღირებულებებისა და ჯგუფური ნორმების საფუძველზე, რომლებიც ათვისებული გაქვთ ცხოვრების განმავლობაში. განწყობის აფექტური შემადგენელი არსებობს იმიტომ, რომ კოგნიტური შემადგენელი ადამიანის მიერ არ აღიქმება უმნიშვნელოდ. პირიქით, ის აღვიძებს, აღძრავს მასში შეფასებებსა და ემოციებს,
რომელთა ინტენსივობა დამოკიდებულია კონტექსტზე და კოგნიტური შემადგენლის შინაარსზე.

ადამიანი ითვისებს, იშინაგნებს შეფასებით აზრს, რომელიც ეხება მისი მე-კონცეფციის განსხვავებულ მახასიათებლებს. ამასთან, ახალი შეფასებების ათვისებამ შესაძლოა შეცვალოს ძველი შეფასებების მნიშვნელობა. მაგალითად, მოსწავლე, რომელმაც წარმატებით ჩააბარა გამოცდები, თვლის, რომ არის მოსწრებული და ძლიერი სწავლაში. ის ამაყი და კმაყოფილია თავისი თავით, რადგან მას სხვებიც აღიარებენ. მისი წარმატებები იწვევს დადებით შეფასებას და რეაქციებს მასწავლებლებში, ხვდება მხარდაჭერა ოჯახის მხრიდან და საერთოდ იწვევს დადებით, პოზიტიურ სოციალურ რეზონანსს. თუმცა შესაძლოა ეს პოზიტიური შეფასება შეირყეს გამოცდაზე ჩაჭრის შედეგად, ან იმ შემთხვევაშიც კი თუ თანატოლების წრეში აკადემიური მოსწრების ღირებულება მეორე პლანზე იქნება განდევნილი სხვა რომელიმე ღირებულებით, როგორიც არის სპორტში მიღწეული წარმატება. გარდა ამისა ზრდის პროცესში მოსწავლემ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ სკოლაში მიღწეულ შედეგს ჯერ არ მოაქვს მისთვის ბედნიერება და არ წარმოადგენს წარმატების გარანტიას. ამ შემთხვევაში
თვითშეფასებამ შესაძლოა დაიწიოს, თუმცა მთლიანობაში მაინც პოზიტიური იქნება. ასე რომ, თვითშეფასება არ არის მუდმივი, ის იცვლება გარემოების მიხედვით.

არსებობს სამი მომენტი, რომელიც არსებითია თვითშეფასების გასაგებად:
1. პირველ რიგში მის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეალური მე-სა და იდეალური მე-ს შეპირისპირება, შედარება. ესეიგი რეალური მე-ს შეპირისპირება ისეთთან, როგორიც ადამიანს უნდა, რომ იყოს. ასეთი შედარება ხშირად ფიგურირებს სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მეთოდებში. ამასთან, დამთხვევის მაღალი დონე მე-სა და იდეალს შორის ითვლება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან მაჩვენებლად. უილიამ ჯემსის(1890) კლასიკურ კონცეფციაში მე-იდეალის აქტუალიზაცია სათავედ უდევს თვითშეფასებას. მათ შორის არის მათემატიკური დამოკიდებულება-ვინც აღწევს რეალობაში იმ მახასიათებლების განვითარებას, რომელიც მას იდეალთან აახლოვებს, იმას აქვს მაღალი თვითშეფასება. ხოლო თუ ადამიანი გრძნობს დაშორებას, წყვეტას მე-იდეალის მახასიათებლებსა და თავის მიღწევებს შორის, მისი თვითშეფასება დაბალი იქნება.

2. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი თვითშეფასების ფორმირებისთვის დაკავშირებულია სოციალური რეაქციების ინტერიორიზაციასთან ინდივიდთან მიმართებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანს აქვს მიდრეკილება შეაფასოს თავისი თავი, იმის მიხედვით თუ როგორ აფასებენ მას სხვები მისი აზრით. ასეთი მიდგომა თვითშეფასების შესახებ ფორმულირებული იყო კულისა(1912) და მიდის(1934) შრომებში.

3.კიდევ ერთი შეხედულება თვითშეფასების ბუნებასა და ფორმირებაზე მდგომარეობს იმაში, რომ ინდივიდი თავისი მოქმედებებისა და მიღწევების შეფასებას ახდენს თავისივე იდენტობასთან მიმართებით. ინდივიდი თავს კარგად გრძნობს
იმიტომ, რომ მან აირჩია გარკვეული საქმიანობა, რომელიც მას კარგად გამოსდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ხარჯავს დიდ ენერგიას, რათა „ჩაეწეროს“ საზოგადოების სტრუქტურაში, ჰქონდეს თავისი ადგილი.

ამრიგად, პოზიტიური მე-კონცეფცია შეიძლება გავუთანაბროთ პოზიტიურ დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ. ასევე საკუთარი თავის მიღებასა და პატივისცემას, თვითაღიარების განცდას. ნეგატიური მე-კონცეფციის სინონიმი იქნება უარყოფითი დამოკიდებულება, მიუღებლობა საკუთარი თავისა და არასრულფასოვნების განცდა. ეს ტერმინები(პოზიტიური და ნეგატიური მე-კონცეფცია) გამოიყენება სხვადასხვა შრომებში მე-კონცეფციის შესახებ, როგორც ურთიერთშემცვლელი და ირხევა უკიდურესად პოზიტიურიდან უკიდურესად ნეგატიურამდე. ასევე აღსანიშნავია, რომ მე-კონცეფციაში მოიაზრება მე-წარსულში, აწმყოსა და მომავალში.

მე-კონცეფციის ქცევითი შემადგენელი - ცნობილია ის ფაქტი, რომ ადამიანები ყოველთვის არ იქცევიან თავიანთი შეხედულებისამებრ. არც ისე იშვიათად განწყობის პირდაპირი, უშუალო გამოხატვა მოდიფიცირდება, ან სულაც ხდება მისი შეკავება სოციალური მიუღებლობის შედეგად. ასევე ინდივიდის ზნეობრივი ეჭვების საფუძველზე, ან მიზეზი შეიძლება იყოს შესაძლო შედეგების მიმართ შიში. მაგალითად, მოზარდი, რომელიც მიიჩნევს, რომ არის მტკიცე და შეუპოვარი ხასიათის მქონე, ვერ გამოავლენს ამ თვისებებს თავისი სკოლის მასწავლებელთან. ასევე კოლეჯის დამამთავრებელ საფეხურზე მყოფი გოგო, რომელიც სწავლობს პედაგოგიკას, არის ჰუმანისტი და ავტორიტარული აღზრდის მეთოდების მოწინააღმდეგე,
იძულებულია გადაეწყოს, დაიხიოს ამ პოზიციიდან, როდესაც ის შეეჯახება კონკრეტულ სკოლაში არსებულ რეალობას, სადაც უკვე არსებობს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობის დადგენილი ნორმები.

ყოველგვარი განწყობა არის ემოციურად შეფერილი რწმენა, შეხედულება, რომელიც დაკავშირებულია განსაზღვრულ ობიექტთან. მე-კონცეფციის თავისებურება, როგორც კომპლექსის, მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ობიექტს, ამ შემთხვევაში,
წარმოადგენს თავად განწყობის მატარებელი ინდივიდი. სწორედ იმის გამო, რომ ეს განწყობა საკუთარი თავისკენ არის მიმართული, ყველა ემოცია და შეფასება, რომელიც დაკავშირებულია მე-ს ხატთან, არის ძალიან ძლიერი და გამძლე. ამიტომ საკმაოდ ადვილია, რომ არ მივაქციოთ ყურადღება სხვის დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ. ამისთვის არსებობს ძალიან მდიდარი არსენალი ფსიქოლოგიური დაცვითი მექანიზმების. მაგალითად, თუ თქვენ არ მოგწონთ ჩემი ახალი პიჯაკი, მე ყოველთვის შემიძლია დავარწმუნო ჩემი თავი, რომ თქვენ გემოვნება არ გაქვთ. ასევე შესაძლოა რაიმე სხვა მიზეზი მოვიგონო, რომელიც გამმიჯნავს არასასიამოვნო განსჯისგან. მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს საკუთარ თავს, თუ ჩვენ უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენი თავის მიმართ, მხოლოდ ვერბალური მანიპულაციები აქ შეიძლება უძლური აღმოჩნდეს - ადამიანმა, რომელიც დაღალა ყოველდღიურმა საქმიანობამ, სხვათა შეფასებებმა, შესაძლოა აიღოს შვებულება, შეიცვალოს სამსახური, წავიდეს სხვა ქალაქში, ან რაიმე საშუალებით შეცვალოს სიტუაცია. მაგრამ შეძლებს კი ის, გაექცეს თავის თავს?

0
462
1-ს მოსწონს
ავტორი:მერაბ კინწურაშვილი
მერაბ კინწურაშვილი
462
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0