x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რატომ არის მნიშვნელოვანი მშობლების აღზრდის სტილი?

ბავშვის განვითარებას, მის პიროვნებად ჩამოყალიბებასა და მის ადეკვატურ თვითშეფასებას მრავალი ფაქტორი უდევს საფუძვლად. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და შესაძლოა ითქვას, მთავარი ფაქტორია, მშობლის მონაწილეობა აღზრდის პროცესში, უფრო კონკრეტულად კი მისი დამოკიდებულება ბავშვისადმი, მისი რეაქციები ბავშვის მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებაზე, ასევე ბავშვის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე.

image



აღზრდის საკითხში მშობლების როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან ბავშვები პირველ აზრებსა და მიდრეკილებებს სწორედ მშობლებისგან ითვისებენ და სწავლობენ. ბავშვის აღზრდა ხელოვნებაა, რაც ნიშნავს, რომ უნდა ვასწავლოთ მას სწორად, რათა აღიქვას და შეაფასოს ესა თუ ის მოვლენა და ქმედება ისე, რომ მართებულად წარმართოს საკუთარი ცხოვრება, ამ ყოველივეს შედეგი კი ბავშვის კონკრეტულ ქცევაში აისახება.


რაც შეეხება ოჯახურ პრობლემებს, ისინი ხშირად სწორედ მშობლებსა და შვილებს შორის არსებული უთანხმოებით არის გამწვეული. ეს ლოგიკურია, რადგან ზრდასრულ ადამიანებსა და ბავშვებს შორის ინტერესთა, ღირებულებათა და ქცევის მოტივთა რადიკალურად განსხავებული მაჩვენებლები ფიქსირდება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში ზოგადად თაობათა ინტერესებიც იცვლება, რაც მშობლებს განგაშის ზარს სცემს, რადგან ისინი ადარებენ საკუთარი შვილის ქცევებსა და საკუთარ ქცევებს მათ ასაკში. მშობლების უმრავლესობისთვის მათი შვილების მოზარდობის ხანა ცხოვრების რთულ ეტაპად ითვლება. მოზარდები იწყებენ იმ ფასეულობების გადაფასებას, რაც აღზრდის პროცესში წლების მანძილზე მშობლებმა მიაწოდეს. ამ პერიოდში ხშირია მშობლებსა და შვილებს შორის დაძაბული ურთიერთობა და კონფლიქტები. ზოგიერთი მშობელი ცდილობს, რომ სრულად დაიმორჩილოს საკუთარი შვილი, ის აკონტროლებს მის ყოველ ნაბიჯს, თითოეულ მოქმედებას და ვერც კი აცნობიერებს, რომ ამით ბავშვი შეიძლება სულ სხვა პიროვნებად აქციოს, სულ სხვა მიზნები და ფასეულობები ჩამოუყალიბოს. ბავშვი რაც უფრო შებოჭილია, მით უფრო უჩნდება სურვილი თავისუფლებისა, მისთვის რაც აკრძალულია, ის უფრო საინტერესოა.


სწორედ აქედან გამომდინარე, მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობისას მნიშვნელოვანია პირველ რიგში ყურადღება მივმართოთ აღზრდის სტილზე, ვინაიდან იმას, თუ რა პოზიცია უჭირავს მშობელს შვილთან ურთიერთობისას და აღზრდის რომელ სტილს იყენებს ის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის თვითშეფასების ფორმირებაზე, გამოხატულ ქცევებზე, ხასიათსა და სოციალურ ურთიერთობებზე.




კურტ ლევინი განასხვავებს აღზრდის 3 ძირითად სტილს :



ურთიერთობის ავტორიტარული სტილი -ეს სტილი ბავშვებისგან მოითხოვს უსიტყვო მორჩილებას. ბავშვს აქვს პასიური პოზიცია.მასწავლებელი ცდილობს კლასით მანიპულირებას, არ უხსნის მოსწავლეებს ნორმატიული ქცევის აუცილებლობას, არ ასწავლის საკუთარი თავის მართვას, ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ამგვარი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ ხშირად მას უინიციატივოსა და დამოკიდებულს ხდის.

ურთიერთობის ლიბერალური სტილი –ასეთი აღზრდის სტილის დროს უფროსები ცდილობენ თანამშრომლობას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისა საბოლოოდ მაინც ბავშვს ეკუთვნის. ასეთი აღზრდის სტილის დროს ბავშვს უყალიბდება დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის გრძნობა.

ურთიერთობის დემოკრატიული სტილი - უზრუნველყოფს ბავშვის აქტიურ პოზიციას. ასეთი აღზრდის სტილის დროს მასწავლებელი ცდილობს, ითანამშრომლოს ბავშვებთან ნებისმიერი ამოცანის გადაჭრისა და თუ გადაწყვეტილების მიღებისას. მასწავლებელი უხსნის ბავშვს ნორმატიული ქცევის მნიშვნელობას და ასწავლის საკუთარი ქცევის მართვას. ამგვარი აღზრდის სტილი ბავშვს უჩენს ერთობლივი ქმედებების სურვილს. დისციპლინა კი ხდება თვითრეგულირებადი.


გარდა ამისა, მშობლების აღზრდის სტილი კრიტიკულ როლს ასრულებს თვითშეფასების
განვითარებაში. მაგალითად, დაწყებით სკოლაში ისეთ ბავშვებს მეტად ადეკვატური თვითშეფასება აქვთ რომლებსაც მზრუნველი, გვერდში მდგომი მშობლები ჰყავთ, რომლებიც სწორ სტანდარტებს სთავაზობენ საკუთარ ბავშვებს და უფლებას აძლევენ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღებაში. ამიტომაც, შეიძლება ვთქვათ, რომ
მშობლის მიერ შერჩეულ აღზრდის სტილს შეუძლია ბავშვის თვითრეალიზაციას, თვითშეფასებას, სოციალურ გარემოსთან ურთიერთობასა და მისი ხასიათის გარკვეულ შტრიხებს სტიმულირება გაუკეთოს დადებითი კუთხით ან პირიქით, დათრგუნოს ის.

0
107
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ ზუბიტაშვილი
თინათინ ზუბიტაშვილი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0