x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ექსტრავერტი და ინტროვერტი

image
პიროვნება გულისხმობს აზროვნების, გრძნობებისა და ქცევის ინდივიდუალურ პატერნს. ჩვენ ადამიანს ვახასიათებთ, როგორც ძლიერს, ქარიზმატულს, გონებამახვილს, მორცხვს და ა.შ. კარლ იუნგის შეხედულება პიროვნების შესახებ საკმაოდ შთამაგონებელია. მან ფსიქოლოგია გაამდიდრა ისეთი კონცეფციებით, როგორიც არის ექსტრავერტი და ინტროვერტი. იუნგის მოსაზრებით ზოგიერთი ადამიანის ენერგიის წყაროს წარმოადგენს გარესამყარო, ხოლო სხვები შინაგანი სამყაროდან იღებენ ენერგიას.

ექსტრავერტები ენერგიულ მუხტს იღებენ გარესამყაროდან. მათი სტიქიაა ადამიანებთან ინტენსიური ურთიერთობა და მუდმივი აქტივობა. ხოლო ხანგრძლივი
უმოქმედობა, კომუნიკაციის შეზღუდვა და მარტოობა მათთვის აუტანელია. ექსტრავერტები ენერგიას იმავე სისწრაფით ხარჯავენ, როგორითაც მფლანგველი
ადამიანი ხარჯავს ფულს. მათ უყვართ ლაპარაკი, არიან ენთუზიასტები. ასევე მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ისინი ძალიან მალე იღდგენენ ენერგიას, არიან კარგად ინფორმირებულნი გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ექსტრავერტებს მოსწონთ, როდესაც თავს გრძნობენ ჯგუფის ან სოციუმის წევრებად. უყვართ წვეულებები, დემონსტრაციები, ბიზნესდა პოლიტიკური შეკრებები.


განსხვავებით ექსტრავერტებისგან ინტროვერტები უფრო ფრთხილად და გონივრულად ხარჯავენ ენერგიას. ბევრ ხალხთან ურთიერთობა მათთვის დამღლელია და რომ არ გამოიფიტნონ ცდილობენ შეზღუდონ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებთანაც აქვთ
კონტაქტი. თუმცა ადამიანებთან ურთიერთობა მათთვისაც მნიშვნელოვანია რათა არ დაკარგონ კავშირი გარე სამყაროსთან. ინტროვერტებს სიამოვნებთ მარტო ყოფნა და ისეთი აქტივობები, როგორიც არის კითხვა, წერა, კომპიუტერთან ჯდომა, თევზაობა და ბუნებაში ხეტიალი. არტისტები, მწერლები, სკულპტორები, ინჟინრები და გამომგონებლები უფრო ხშირად ინტროვერტები არიან. ამ ტიპის ადამიანებს ჰყავთ ცოტა, მაგრამ ახლო მეგობრები. მათ უყვართ ერთ აქტივობაზე კონცენტრირება და საქმის ბოლომდე მიყვანა. ამ მხრივ, ამბობენ, რომ ექსტრავერტები და ინტროვერტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ენერგიის განფენილობით ანუ ექსტენსივობით და სიღრმით, ინტენსივობით. ექსტრავერტებს ჰყავთ ბევრი მეგობრები და ნაცნობები, ეძებენ ახალ შთაბეჭდილებებს, ცდილობენ, რომ იყვნენ მრავალფეროვანნი, მაგრამ ეს ყველაფერი შედარებით ზედაპირულია. რაც შეეხება ინტროვერტებს, ისინი შემოიფარგლებიან ნაკლები შთაბეჭდილებებით, თუმცა ცდილობენ, რომ ჩასწვდნენ მათ სიღრმესა და არსს. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია შთაბეჭდილების სიღრმისეული ანალიზი ვიდრე რაოდენობა.
image

იუნგი აღნიშნავდა, რომ არცერთი ჩვენგანი არ არის აბსოლუტური ინტროვერტი ან ექსტრავერტი, თუმცა ჩვენ რომელიმე ფსიქოტიპთან უფრო მეტად ვართ დაკავშირებული. ის ასევე ხაზს უსვამდა ადამიანის არაცნობიერი მხარის მნიშვნელობას
და ამბობდა: „თუ დააკვირდები ექსტრავერტს შენ აღმოაჩენ, რომ მის არაცნობიერს აქვს ინტროვერტული თვისებები, რადგან ყველა ექსტრავერტული თვისება არის გამოსული გარეთ, ცნობიერებაში, ხოლო ინტროვერტული არის დარჩენილი არაცნობიერში“(Jung in McGuire & Hull, 1977, p342)

არის შემთხვევები, როდესაც გარე სამყაროზე დამოკიდებული ექსტრავერტი დგება ისეთი პრობლების წინაშე, რომლის მოგვარებაც საჭიროებს ინტროსპექციას. ასეთ დროს თვითჩაღრმევება და თვითშემეცნება იცავს მას შფოთვისა და მოუსვენრობისგან. აგრეთვე ინტროვერტი, დამოკიდებული თავის ფიქრებსა და გრძნობებზე, არის დეპრესიაში ჩავარდნის რისკის ქვეშ, რადგან ის პრობლემურ პერიოდში ამჯობინებს იზოლირებას. დეპრესიის რისკი შესაძლოა შემცირდეს თუ ის ექსტრავერტული თვისებების განვითარებას დაიწყებს- დაელაპარაკება სხვებს თავისი პრობლემის შესახებ, მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში და ა.შ

უნდა ითქვას, რომ ინტროვერსიისა და ექსტრავერსიის განსხვავების მიუხედავად, ჩვენ ვერ ვიტყვით, თუ რომელია უკეთესი. ზოგჯერ ინტროვერტულობა უფრო ერგება გარკვეულ სიტუაციას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ექსტრავერტულობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ადამიანს შეუძლია განავითაროს ორივე ტიპის თვისებები თავის თავში. ასეთ დროს პიროვნება უფრო მოქნილია, რადგან არ არის შემოსაზღვრული მხოლოდ ერთი ფსიქოტიპის პატერნით.

0
12195
1-ს მოსწონს
ავტორი:მერაბ კინწურაშვილი
მერაბ კინწურაშვილი
12195