x
ტემპერამენტის სტრუქტურა და სტაბილობა ბავშვებში

image „ტემპერამენტი-ადრეულად გამოვლენილი სტაბილური ინდივიდუალური განსხვავებებია რეაქციასა და თვითრეგულაციაში.“ რეაქციულობა მოიცავს ყურადღებას, ემოციებს და მოტორულ აქტივობებს. თვითრეგულაცია კი არის საკუთარი ქცევისა და ემოციების მართვა.


თომასმა და ჩესიმ კვლევებზე დაფუძნებით ტემპერამენტის
მიხედვით ბავშვთა 3 ტიპი გამოყვეს:

ადვილი ბავშვი- ესენი არიან ბავშვები, რომელთა ტემპერამენტი ხასიათდება ახალ გარემოსთან ადვილი ადაპტაციით, რეგულარული რეჟიმით და ნორმალური აქტივობის დონით.

რთული ბავშვი- რომელთა ტემპერამენტი ხასიათდება უარყოფითი ემოციებით, არარეგულარული რეჟიმით, ახალ გარემოსთან რთულად შეგუებით. ასეთ ბავშვებს ხშირად პრობლემები აქვთ სოციალური ურთიერთობებისა და ემოციების რეგულაციის დროს. შესაბამისად, რთულად აღსაზრდელები არიან.

ნელი აგზნების ბავშვი- ასეთი ბავშვები ძირითადად ნელი, სუსტი რეაქციებით ხასითდებიან, ასევე ნეგატიური გუნება-განწყობით. ბავშვების გარკვეულ ნაწილს შერეული ტემპერამენტის თვისებები აღენიშნებათ.

როსბარტსმა ტემპერამენტის შესაფასებლად გამოყო კრიტერიუმები რომლებიც მოიცავს ემოციურ კომპონენტს, ასევე ყურადღების თვისებებს და მოქმედებას. ამ კრიტერიუმების გარდა ყურადღება მახვილდება ძალისხმევით კონტროლზე- ესაა ტემპერამენტის თვითრეგულაციური კრიტერიუმი, რომელიც მოიცავს მოქმედებების დაგეგმვას და აღსრულებას, რათა განხორციელდეს ადაპტური ქცევა.


ჩვილების ტემპერამენტის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. ფსიქოლოგები ძირითადად მშობლების და ოჯახის წევრების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობიან. თუმცა ასეთი ინფორმაცია არაა ობიექტური, თვითონ მშობლის მცდარი წარმოდგენა ან ხასიათის თავისებურება ზეგავლენას ახდენს ბავშვის შეფასებაზე. მკვლევარები ასევე ბავშვებს აკვირდებიან სახლის ან ლაბორატორიულ პირობებში. ფსიქოფიზიოლოგიური
კვლევების შედეგად ორი ტიპის ბავში გამოყვეს: შეზღუდული ან მორცხვი ბავშვი რომელიც უარყოფითი ემოციებით და ახალი სტიმულების მიუღებლობით
ხასიათდება. შეუზღუდავი ბავშვი-რომლის ტემპერამენტი პოზიტიური ემოციებით და სიახლისადმი მიმღებლობით ხასიათდება.



საინტერესოა ტემპერამენტს რა განსაზღვრავს გენეტიკა თუ გარემო. როგორც კვლევების შედეგად აღმოჩნდა ბავშვის ტემპერამენტს აქვს გენეტიკური საფუძვლები. მაგრამ ტემპერამენტს მხოლოდ გენეტიკა არ განსაზღვრავს. გარემო და აღზრდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტემპერამენტის თავისებურებებზე. მაგალითად, ხანგრძლივი დეპრივაციის, არახელსაყრელი გარემოს შედეგად ჩვილები უფრო მეტად აგზნებულები არიან, ემოციის რეგულაციის და იმპულსების კონტროლის პრობლემები აქვთ. განსხვავებულ გარემოში იზრდებიან სხვადსხვა კულტურის წარმომადგენელი ბავშვები და შესაბამისად ესეც განსაზღვრავს ტემპერამენტის თავისებურებს. მაგალითად, იაპონელი ბავშვები ნაკლებ აგზნებადები არიან და ნაკლებად აქტიურები.

ჩვილობის ასაკში შეფასებული ტემპერამენტი ხშირად დროში სტაბილური არაა, რადგან ასაკის მატებასთან ერთად იცვლება ბავშვის ემოციები და ბავშვი თვითრეგულაციის ახალ სტრატეგიებს ითვისებენ. ტემპერამენტის პროგნოზი უფრო მეტად ზუსტია როდესაც შეფასება ორი წლის შემდეგ ხდება. როდესაც ბავშვის ტემპერამენტის განმსაზღვრელი ბიოლოგიური საფუძვლები მომწოფებულია.

რათქმაუნდა ბავშვის ტემპერამენტი განსაზღვრავს მის ქცევას. მაგალითად, ძალიან აქტიური ბავშვები სკოლაში თანატოლებთან ურთიერთობისას ზედმეტად სოციალიზირებულები არიან, შესაბამისად მეტად ვარდებიან კონფლიქტურ სიტუაციებში. მორცხვი ბავშვები კი ერიდებიან თანატოლებთან კონტაქტში შესვლას, მათ შორიდან აკვირდებიან და შფოთვის გამომხატველი ქცევები ახასიათებთ.


ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია ტემპერამეტს მოვარგოთ აღზრდის სტილი. თომსონმა და ჩესმა შეიმუშავეს მორგების მოდელი -რომელიც მოიცავს „ბავშვის აღზრდისთვის საჭირო გარემოს, რომელიც ცნობს თითოეული ბავშვის ტემპერამენტს და ხელს უწყობს უფრო ადაპტურ ფუნქციონირებას“. ხშირ შემთხვევაში არასწორად შერჩეული აღზრდის სტილის გამო ბავშვებს პრობლემები ექმნებათ. ხშირად რთული ბავშვები არასწორი აღზრდის სტილის გამო უფრო მეტად რთულ ქცევებს ავლენენ. მშობლები ხშირად იყენებენ ასეთ ბავშვებთან დასჯის მეთოდებს, ნაკლებად მგრძნობიარეები არიან ბავშვის საჭიროებების მიმართ. ეს ზრდის ბავშვის ურჩობას
და ასოციალურ ქცევას, შედეგად კი მშობლების მიერ აღზრდის სტილი უფრო მკაცრი ხდება. ბავშვის აღზრდის პირობებისა და ტემპერამენტის სათანადო შეწყობა ეფექტურია, თუ ის ადრეულ პერიოდში დასრულდება, სანამ ტემპერამენტსა და გარემოს შორის არახელსაყრელი ურთიერთობები ცუდ მორგებულობას არ გამოიწვევს. როგორც რთული, ასევე მორცხვი ბავშვებისთვის სასარგებლოა თბილი, ყურადღებიანი აღზრდა. არააქტიურ ახალფეხადგმულ ბავშვებში დედის ქცევის ძლიერი სტიმულაცია გამოკითხვები, მითითებები, ცნობისმოყვარეობის გაღვიძებას უწყობს ხელს. მაგრამ აქტიურ ბავშვებთან იგივე აღზრდის სტილი უარყოფით შედეგს მოგვცემს. ამიტომ აუცილებელია მშობლებმა შექმნან ისეთი გარემო, რომლებიც ბავშვს პრობლემების დაძლევაში დაეხმარება.

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:ბოჭორიშვილი ნინო
ბოჭორიშვილი ნინო
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0