x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნარცისული პიროვნული აშლილობა, Heinz Kohut - ის მიხედვით

ნარცისული პიროვნული აშლილობა



ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსის Heinz Kohut - ის (1913-1981) სელფის ფსიქოლოგიის მოდელის (Self psychology model) მიხედვით, ნარცისული ფსიქოპათოლოგია ბავშვის განვითარების პერიოდში მშობლების მხრიდან ემპათიის ნაკლებობის შედეგია; თუ ბავშვს კრიტიკულ მომენტებში მშობლებისგან არ მიეწოდა შესაბამისი ემპათიური უკუკავშირი, იგი ვერ მოახერხებს, სრულად განავითაროს საკუთარი თვითშეფასების რეგულირების მექანიზმი.


Kohut - ის შეხედულებების მიხედვით, ნარცისი ზრდასრული მერყეობს საკუთარი სელფის ირაციონალურ, გადამეტებულ შეფასებასა და ასევე არასრულფასოვნების ირაციონალურ განცდებს შორის. შესაბამისად, იმისათვის, რომ მან დაარეგულიროს თავისი თვითშეფასება და თავი ღირებულად იგრძნოს, ეყრდნობა სხვა ადამიანების შეფასებებს. ფაქტობრივად, ამ გზით იგი ეძებს იმ ემპათიურ უკუკავშირს, რომლის დეფიციტსაც განიცდიდა განვითარების პერიოდში.


ნარცისული პიროვნული აშლილობა (NPD) ერთ-ერთია ყველაზე ნაკლებად დიაგნოსტირებულ პიროვნულ აშლილობათა შორის. თუმცა მიჩნეულია, რომ ნარცისული მახასიათებლები აღენიშნებათ პაციენტთა დიდ რაოდენობას, რომლებიც ფსიქიატრის კაბინეტს დეპრესიულობის ან სხვა გუნებ-განწყობის აშლილობათა სიმპტომების გამო აკითხავენ.


NPD - ის მთავარი მახასიათებლებია: საკუთარი აღმატებულობის განცდა და თაყვანისცემის მოთხოვნილება, ემპათიის ნაკლებობა, გადამეტებული ფანტაზიები საკუთარ სილამაზეზე, ძალაუფლებაზე, წარმატებულობაზე და ა.შ.


აღნიშნული მახასიათებლები ნეგატიურ გავლენას ახდენს პიროვნების ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე. ნარცისული აშლილობის მქონე პაციენტების დამოკიდებულებაში გარშემომყოფების მიმართ ხშირად იგრძნობა: უპატივცემულობა, დაცინვა, სხვების საჭიროებებისა და განცდების იგნორირება, ექსპლუატირება და ა.შ. თუმცა ეს მხოლოდ გარეგანი გამოხატულებაა, სინამდვილეში, აღნიშნული ქცევების უკან იმალება დაბალი თვითშეფასება და არაადეკვატურობის განცდა (Jamie McLean, 2007). ფსიქოანალიტიკოსები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ნარცისის ძირითადი მახასიათებლები მისი არასრული, დანაწევრებული სელფის დაცვის მექანიზმებია (Wedge, 2015).


Kohut ნარცისული პიროვნული აშლილობის მთავარ მახასიათებლად ასახელებს ნარცისის განსაკუთრებულ საჭიროებას “სელფ-ობიექტებისა’’ (‘’self-objects’’), რომლებიც დაეხმარება მას საკუთარი თვითშეფასების რეგულირებაში და თავს აგრძნობინებს სრულფასოვნად. სელფ-ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ობიექტი, თუ მოქმედება, რომელიც საჭიროა პიროვნების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. Kohut აღნიშნავდა, რომ ცხოვრების განმავლობაში სელფ-ობიექტები ყველა ადამიანს სჭირდება, ხოლო ნარცისული აშლილობის მქონე პიროვნებისთვის მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. (Gerald Adler, 1986, p. 431)


ადრეული ფსიქოანალიტიკოსები, მაგალითად, ფროიდი, თვლიდა, რომ ტრადიციული ფსიქოანალიზით ნარცისიზმის მკურნალობა შეუძლებელი იყო. ფროიდისგან განსხვავებით, Kohut ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტთან თერაპიას შეუძლებლად არ მიიჩნევდა, მაგრამ, მისი აზრით, ნარცისული პიროვნების მიერ ემპათიის, თანაგრძნობის განცდის დაუოკებელი სურვილიდან გამომდინარე, მასთან თერაპიის პროცესი შესაძლოა უსასრულო ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, იგი მიიჩნევდა, რომ მკურნალობის პროცესში თერაპევტმა უნდა გამოავლინოს ემპათია და მოვლენებს ნარცისული პიროვნების გადმოსახედიდან შეხედოს, რათა პაციენტმა თავი იგრძნოს თავისუფლად, დაინახოს, რომ მისი ესმით და შეძლოს, ისაუბროს რეპრესირებულ განცდებზე.


დღესდღეობით, ბევრ თანამედროვე თერაპევტს სჯერა, რომ ნარცისიზმის მკურნალობა შესაძლებელია ფსიქოთერაპიით; საკმარისი დროის, მოთმინებისა და მუდმივი ემპათიის ხარჯზე. თავდაპირველად, თერაპევტი ნარცისული პიროვნებისთვის არსებობს როგორც მხოლოდ ერთგვარი სარკე, რომელიც აირეკლავს ნარცისის დადებით თვისებებს, მის წარმოდგენას იდეალურ სელფზე. მაგრამ, საბოლოოდ, ნარცისულ პიროვნებას უყალიბდება უსაფრთხოების, დაცულობის განცდა, რაც აძლევს მას თერაპევტთან რეალური ურთიერთობის საშუალებას (Wedge, 2015).

0
129
შეფასება არ არის
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0