x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ობსესიურ -კომპულსიური აშლილობა და სუიციდი

ოკა და სუიციდი ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისთვის (ოკა) დამახასიათებელია განმეორებადი, აშკარა თუ ფარული მოქმედებები, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდეს ობსესიებს (ინტრუზიულ, რეკურენტულ აზრებს), კომპულსიებს (განმეორებად ქცევებს ობსესიების პასუხად) ან ორივეს ერთად (Angelakis, Gooding, Tarrier, & Panagioti, 2015).

ოკა-ს თან ახლავს ძლიერი დისტრესი, ფართო შეზღუდვები და დარღვევები პიროვნების სოციალურ და ოკუპაციურ ფუნქციონირებაში (Crino, Slade, & Andrews, 2005). ოკა-ს ასევე უკავშირებენ ისეთ მძიმე განცდებს, როგორიცაა უიმედობა, უმწეობა, სუიციდური აზრები და ქცევები.


მკვლევრები განასხვავებენ სუიციდურ აზრებს/იდეებს, სუიციდის მცდელობას და უშუალოდ თვითმკვლელობის ფაქტს.

გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად, ოკა-ს მქონე პაციენტები სუიციდის განხორციელების დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ, რადგან სიკვდილის გადამეტებული ან არარაციონალური შიში ოკა-სთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი სიმპტომია (Torres & Miguel, 2011), თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ სუიციდის რისკი შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად მაღალია, ჯანმრთელ პაციენტებთან შედარებით, თუმცა ოკა-ს შემთხვევაში სუიციდური ტენდენციების რისკ-ფაქტორები, სხვა შფოთვით აშლილობებთან შედარებით, ნაკლებადაა ნაკვლევი (Balci & Sevincok, 2010).

შვედეთის სამეფო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოკა-ს მქონე პაციენტები 10-ჯერ უფრო მეტად მიდრეკილნი არიან სუიციდის განხორციელებისაკენ. ასევე გამოვლინდა ისიც, რომ ოკა-ს მქონე პაციენტებში სუიციდის მთავარი პრედიქტორი არის წარსულში სუიციდის მცდელობის შემთხვევა (Suicide in obsessive–compulsive disorder: a
population-based study of 36 788 Swedish patients).


Kamath-ისა და მისი კოლეგების მიხედვით (2007), სუიციდის მცდელობის ისტორია დაფიქსირდა ოკა-ს მქონე პაციენტთა 27%-ში. გარდა ამისა, არა მხოლოდ მცდელობა, არამედ სუიციდური აზრებიც, შესაბამისი ქმედების გარეშე, ითვლება მომავალში სუიციდის მცდელობისა და თვითმკვლელობის განხორციელების ძლიერ პრედიქტორად იმ პაციენტებში, რომლებსაც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დიაგნოზი აღენიშნებათ. (Balci & Sevincok, 2010)


სუიციდური იდეების მქონე პაციენტებში ასევე მაღალია დეპრესიის ხარისხი, შფოთვა, უიმედობის განცდა. დეპრესია და სასოწარკვეთა არის ორი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ძლიერ კორელაციაშია სუიციდურ ქცევასთან. Balci & Sevincok (2010) ასკვნიან, რომ ოკა-სა და ასევე სხვა შფოთვითი აშლილობების დროს იზრდება დეპრესიის ალბათობა, რასაც შედეგად მოსდევს სუიციდური ქცევა.


შვედეთის სამეფო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საკუთარი თავის მოწამვლა თვითმკვლელობის ყველაზე გავრცელებული ხერხი იყო ოკა-თი დავადებულებში. ასევე დადგინდა ისიც, რომ ოკა-ს მქონე ქალი პაციენტები თვითმკვლელობის განხორციელების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე ოკა-ს მქონე კაცები. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ოკა-ს მქონე ქალები დამატებით მონიტორინგს საჭიროებენ.


საზოგადოდ, სუიციდის პრევენციის მიზნით, ოკა-ს მქონე ყველა პაციენტი საჭიროებს დაკვირვებასა და კონტროლს შესაბამისი სპეციალისტების მიერ. მათი სუიციდური აზრები, არსებობის შემთხვევაში, უნდა იქნას აღმოჩენილი და გაკონტროლებული. აღმოჩნდა ისიც, რომ უმაღლესი განათლება სუიციდური ქცევის განხორციელებისგან დამცავ ფაქტორს წარმოადგენს. განათლების მქონე პირები უფრო მეტად დამხმარე სერვისებს ეძებენ თავიანთი პრობლემის გადასაჭრელად და ნაკლებად ფიქრობენ სუიციდზე.

ოკა-ს მქონე პაციენტებში სუიციდური ქცევის რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია სასარგებლოა პრევენციული და ინტერვენციული სტრატეგიების განსახორციელებლად, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სუიციდის რისკი. ასეთ სტრატეგიებს შეიძლება მიეკუთვნებოდეს სხვადასხვა სასიკვდილო ნივთიერებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, თვითდახმარების პროგრამების უზრუნველყოფა, მკურნალი ექიმების ინფორმირება და განათლება. ეს და სხვა მსგავსი სტრატეგიები უნდა მოერგოს და განხორციელდეს თითოეული პაციენტის საჭიროებების მიხედვით (Suicide in obsessive–compulsive disorder: a population-based study of 36 788 Swedish patients).

0
86
შეფასება არ არის
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0