x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მაკიაველიზმი
image
მაკიაველიზმი მომდინარეობს იტალიური რენესანსის ხანის დიპლომატისა და მწერლის ნიკოლო მაკიაველის სახელიდან. თანამედროვე ფსიქოლოგიაში მაკიაველიზმი „ბნელ ტრიადაში“ შემავალი სამიდან ერთ-ერთი პიროვნული თვისებაა, ნარცისიზმთან და ფსიქოპათიასთან ერთად, რომელიც გულისხმობს დასახული მიზნის მისაღწევად ყოველგვარი საშუალების გამოყენებას, იქნება ეს მოტყუება, ვერაგობა, გამცემლობა, უკიდურეს შემთხვევაში მკვლელობაც კი. იგი ხასიათდება მორალის ცინიკური უგულებელყოფითა და საკუთარ თავსა და პირად მოგებაზე ფოკუსირებით.


ტერმინი სოციალურ, საგამოძიებო და პიროვნების ფსიქოლოგიაში გამოიყენება პიროვნების უემოციო ტიპის აღსაწერად, რომელსაც შეუძლია გადააბიჯოს ყოველგვარ მორალურს, ამიტომ მისთვის მოტყუება, ადამიანთა შეცდომაში შეყვანა და სხვებით მანიპულირება ჩვეულებრივი რამაა.

1960 წელს Richard Christie და Florence L.Geis-მა მაკიაველიზმის დონის განსასაზღვრად შექმნეს ტესტი (Mach- IV), რომელიც 20 დებულებისაგან შედგება. იგი დროთა განმავლობაში მაკიაველიზმის დონის შეფასების სტანდარტულ ინსტრუმენტად იქცა. ტესტით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც სკალაზე მაღალ ქულებს იღებდნენ, როგორც წესი, ადასტურებდნენ დებულებას „არასოდეს ვეტყვი ვინმეს ჩემი ქმედების რეალურ მიზეზს, თუკი ეს უსიამოვნებას მომიტანს“ და პირიქით, უარყოფენ შემდეგ დებულებებს: „ადამიანთა უმეტესობა კარგი და კეთილია“, „არანაირი საბაბი არ მაქვს იმისათვის, რომ ვინმე მოვატყუო“ ან „ადამიანთა უმრავლესობა, ვინც სათავეში უდგას საქმეს, მორალური პრინციპების მიმდევარია და მართავს სამართლიანად“. სკალა გამოიყენეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ სტრატეგიები და ქცევები, რომელთაც იყენებენ მაღალი და დაბალი „Mach“-ის (ტერმინი, რომლითაც მაკიაველიზმს აღნიშნავენ) მქონენი.


რაც შეეხება სქესთაშორის სხვაობებს, კვლევები აჩვენებენ, რომ მაკიაველიზმი მამაკაცებში ოდნავ უფრო გამოკვეთილია, ვიდრე ქალებში. აგრეთვე ირკვევა, რომ ასეთი პიროვნებებისათვის ფული, ძალაუფლება, შეჯიბრებითობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე პიროვნებათაშორისი ურთიერთობები და ოჯახური ინტერესები. ისინი მთლიანად ფოკუსირებულნი არიან მიღწევასა და ნებისმიერ ფასად გამარჯვებაზე.


ზოგი ფსიქოლოგი მას თვლის ფსიქოპათიის განსაკუთრებულ სუბკლინიკურ ფორმად; სხვათა მოსაზრებებით და კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგებით მაკიაველიზმი და ფსიქოპათია სრულიად განსხვავებული კონსტრუქტებია.



მაკიაველიზმის კავშირი პიროვნების ამა თუ იმ თვისებასთან:


მაკიაველიზმი არაა კავშირში IQ-სთან;


ისეთი თვისებები, როგორიცაა ემპათია და ემოცურობა მაკიაველიზმთან უარყოფით კავშირშია, ანუ რაც უფრო მაღალ ქულას იღებს ადამიანი მაკიაველიზმის ტესტში მით უფრო დაბალი ემპათიის გრძნობითა და ემოციურობით გამოირჩევა;


მაკიაველიზმი უარყოფით კავშირშირშია დიდი ხუთეულის ორ თვისებასთან, კერძოდ თანხმობისათვის მზაობასა და პატიოსნებასთან.


მაკიაველიზმი განსაკუთრებით ახასიათებთ მენეჯერებს და სხვა მაღალი თანამდებობის მქონე პირებს. ამ კონცეპტის ფესვები მომდინარეობს ნიკოლო მაკიაველის წიგნიდან “The Prince“, რომელიც აყალიბებს და ურჩევს მმართველებს თუ როგორ უნდა წარმართონ თავიანთი საქმე. სამუშაო ადგილზე მაკიაველიზმის, როგორც პერსონალური მახასიათებლის, შესწავლა უფრო და უფრო მოთხოვნადი გახდა ბოლო 40 წლის
განმავლობაში. დღეისათვის მრავალი კვლევა წარმოებს ამ საკითხთან დაკავშირებით. იქმნება მისი სხვადასხვა მოდელი, ერთ-ერთი ახალი მოდელი კი 3 ფაქტორს მოიცავს:


1) ხელისუფლების შენარჩუნება;

2)უხეში მმართველობა;

3)მანიპულაციური ტაქტიკის ქცევები.


მაკიაველიზმის ნიშნებია:


ორიენტირება საკუთარ ამბიციებსა და მიზნებზე;

ფულზე და ძალაუფლებაზე უპირატესობის მინიჭება;

ექპლოატაცია და სხვებზე მანიპულაცია;

საჭიროების შემთხვევაში ტყუილი და სხვების შეცდომაში შეყვანა;

პრინციპებისა და ღირებულებების ნაკლებობა;

ცინიკურობა, გულგრილობა და ცბიერობა;

ემპათიის ნაკლებობა;

სოციალური ურთიერთობების გადაფასება და ა.შ.

1
435
2-ს მოსწონს
ავტორი:ანი ჯალაბაძე
ანი ჯალაბაძე
435
  
2017, 19 თებერვალი, 9:46
Kargi nashromia
0 1 1