x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ჩამოცდა გავაბარე" -სპუნერიზმი- უნებლიე შეცდომა თუ განზრახული ხუმრობა?
image

სპუნერიზმი არის ფრაზები ან სიტყვები, რომლებშიც ასოები ან მარცვლები ერთმანეთში ირევა. ეს ლინგვისტური ფენომენი წარმოადგენს სიტყვათა თამაშის ერთ-ერთ სახეს, სადაც ხდება თანხმოვნების, ხმოვნების უნებლიე გადართვა. მსგავსი სახის შეცდომები სწრაფი მეტყველების, განერვიულების, ემოციის ფონზე უნებლიეთ წარმოიქმნება. თუმცა, ასევე ხდება მათი განზრახ გამოყენება ხუმრობის შექმნის თვალსაზრისით.


ტერმინი უკავშირდება ანგლიკანური ეკლესიის მღვდლის, ფილოსოფოსისა და მწერლის-უილიამ არჩიბალდ სპუნერის სახელს. იგი ლონდონში 1844 წელს დაიბადა. სპუნერი ოქსფორდის კოლეჯში 60 წლის განმავლობაში ატარებდა ლექციებს ისტორიაში, ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში.როგორც სასულიერო პირსა და განმანათლებელს, ხშირად უწევდა სახალხოდ საუბარი, ემოციურობის გამო ასეთ დროს ღელავდა ხოლმე, რასაც ბუნებრივია თან ახლდა ენის დაბმა და ვერბალური ცდომილებები. სპუნერის მიერ ასოების ცვლილებები სიცილს გვრიდა აუდიტორიას და საკმაოდ პოპულარული გახდა.1900 წლისთვის მის საპატივცემულოდ ამ მოვლენას სპუნერიზმი ეწოდა.


უილიამ სპუნერი(1844-1930) უილიამ სპუნერი(1844-1930)


უნებლიე სპუნერიზმი გაუგებრობას და ბუნდოვანებას ჰბადებს. თანხმოვნებისა თუ ხმოვნების უნებლიე გადართვის შედეგად მიღებული სიტყვა არ არის მნიშვნელობის მატარებელი და ბგერათა გადასმა აღიქმება როგორც არასწორად გამოყენებული სიტყვა. უნებლიეთ წარმოთქმული სპუნერიზმის მაგალითებად შეიძლება განვიხილოთ ყოველდღიურ მეტყველებაში მოძიებული სპუნერიზმები: რეკლამა-ლეკრამა; გადაჭედილი-დაგაჭედილი; წამალი-მაწალი; ხოლო განზრახული სპუნერიზმი შესაძლებელია გამოიყენონ სახალისო, იუმორისტული, დამაბნეველი ან სხვა ეფექტის შესაქმნელად.
image


მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა არასწორად არის დაწერილი/გამოთქმული, ჩვენ მაინც ვიგებთ მის აზრს, ამ თვალსზრისით, საინტერესოა არეული ფორმით მოცემული ტექსტის წაკითხვა.

(1) მენცირებემა დადაგინეს, რომ კითვხასის ადმაინაის თალვი ისეა მოყწოლიბი, რომ მვათარია სიყტვებში პილვერი და ბოლო ასო იყოს თავის ალგიდზე. ხოლო დაჩნანერი ასოები თუდნაც არუელი, სივტყას მანიც სროწად წათიკიახვს! არ გრჯეათ, ნაეხთ და დარმუნწბედით აშამი.
(1.1) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კითხვისას ადამიანის თვალი ისეა მოწყობილი, რომ მთავარია სიტყვებში პირველი და ბოლო ასო იყოს თავის ადგილზე, ხოლო დანარჩენი ასოები- თუნდაც არეული, სიტყვას მაინც სწორად წაიკითხავს! არ გჯერათ, ნახეთ და დარწმუნდებით ამაში.
ამგვარად, მთავარია სიტყვაში თავკიდური და ბოლოკიდური ასოების სწორი პოზიცია იყოს შენარჩუნებული, და კითხვის პრობლემა თითქმის არ იქმნება.

ქართულ ენაში, წინასწარი განზრახვის გარეშე გამოყენებული სპუნერიზმის მაგალითებია: ჩანა-დანგალი, ბამბანიური, ხაჭარული აჭარული, ნაცვლად სიტყვებისა დანა-ჩანგალი, შამპანიური, აჭარული ხაჭაპური.


გთავაზობთ სხვა სპუნერიზმებსაც:
1)ხურმა რა იცის ვირმა რა ხილია (ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია).
2)ჩემს ძაღლს ბედი არ დაჰყეფს (ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს)


3)სისხლიდან ცხვირის დენა (ცხვირიდან სისხლის დენა)
4) სამოთხე კაკუნის კარზე (კაკუნი სამოთხის კარზე)
5)კოჭებამდე ცურვას წყალში ვერ იწავლი (კოჭებამდე წყალში ცურვას ვერ ისწავლი)

6)შვიდქია და ფიფქი ჯუჯა (ფიფქია და შვიდი ჯუჯა)

7)ურცესა და პრინჩხული (პრინცესა და ურჩხული)

8)გოჩასფერი ხევი (ხევისბერი გოჩა)



image


სპუნერიზმებს მრავლად ვაწყდებით ინგლისურ ენაში, მაგალითად ცნობილი ელექტრონული მუსიკის მიმდევრის კომ ტრუზის(Com Truise) სახელი, ასევე ცნობილი მსახიობის ტომ კრუზის(Tom Cruise) სპუნერიზმია. ისევე, როგორც მუსიკოსის ვიუ სტუანდერის( Wevie Stonder) სახელი დაკავშირებულია ცნობილ მომღერალ სტივ უანდერთან. (Stevie Wonder). გარდა ამისა ამერიკული როკჯგუფის Butthole Surfer’s-ის მეოთხე ალბომის სათაური Hairway to Steven არის სპუნერიზმი ლედ ზეპელინის ცნობილი სიმღერისა Stairway to Heaven.

ინგლისურ ენაში ცნობილი სპუნერიზმებია:

"Go and shake a tower" (Go and take a shower)
“You have very mad banners” (You have very bad manners)



არსებობს “სპუნერიზმ ზღაპრები”, ასევე “სპუნერიზმ პოეზია”. სპუნერიზმები გამოყენებულია იუმორსა და ანეკდოტებშიც.

0
118
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო თენიეშვილი
ანანო თენიეშვილი
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0