x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
აფხაზეთში ომი დაიწყო (მეორე ნაწილი)
გაგრაში იყო უამრავი სხვადასხვა დაჯგუფებაც, რომლებიც შტაბს არ ემორჩილებოდნენ. გახშირდა პოზიციების მიტოვება და იარაღების გატაცება. ბევრი ვითომ საომრად ჩასული მოხალისე გამორბოდა. ხშირად მიტოვებულ პოზიციებს მტერი ისე იკავებდა, რომ ვერც კი ვიგებდით. ამიტომ იყო ბევრად მეტი მსხვერპლი. ვინც გადარჩნენ, ისინიც სასწაულებრივ გადაურჩნენ სიკვდილს. იმ დროს მართლა ძნელი გასარჩევი იყო, ვინ ვის ემორჩილებოდა და ვინ რას აკეთებდა. ქალაქში ტანკები და საბრძოლო მანქანები უთავბოლოდ დაქროდნენ. ხშირად წინა ხაზზე საბრძოლო ტექნიკა არ გვყავდა და ავტომატებით ვამაგრებდით პოზიციებს. ერთხელ რომელიღაც შენაერთის მებრძოლებმა, ტანკი ზღვაში გასარეცხად ჩაიყვანეს, მერე იქიდან ბუქსირით ძლივსღა ამოიყვანეს. სამწუხაროდ, შტაბი მებრძოლთა თვითნებობას ვერ აკონტროლებდა.

მიუხედავად მთავრობის ათასგვარი დაპირებისა, გაგრიდან ხალხი მაინც გარბოდა. ისინი წინასწარ გრძნობდნენ მოახლოვებულ უბედურებას და თავს გაქცევით შველოდნენ. ხვდებოდნენ, რომ ვერ იყო საქმე ისე, როგორც ელოდებოდნენ. ყოველდღე მიფრინავდნენ სოხუმიდან შვეულმფრენები და ხალხი გადაჰყავდათ. წესის მიხედვით პირველად მოხუცები, ქალები და ბავშვები უნდა გამორიდებოდნენ ფრონტის წინა ხაზს, მაგრამ როგორც კი შვეულმფრენი ჩამოდგებოდა, ძალა და ღონე ვისაც მეტი ჰქონდა, ის მივარდებოდა, მათ შორის რამდენიმე მებრძოლიც იყო წინა ხაზიდან თან იარაღიც თან მიჰქონდათ.

შტაბი იძულებული გახდა, ეს პრობლემა დაუყონებლივ მოეგვარებინა. პოლკოვნიკმა მიხეილ მარინაშვილმა სტადიონზე წესრიგის დამყარება ჩვენ დაგვავალა. შეიარაღებული ხალხი უნდა შეგვეჩერებინა და ვინც შიშის გამო გარბოდა იმათთვის იარაღი ჩამოგვერთმია და ისე გაგვეშვა. ყოველ დღე, ათეულების მიხედვით პოზიციებიდან ვიხსნებოდით და სტადიონზე წესრიგის აღსადგენად ვმორიგეობდით.ბრძანების მიხედვით იარაღიანი ხალხი შვეულმფრენზე არუნდა აგვეშვა და უნდა განგვეიარაღებინა. ბევრი წინააღმდეგობას გვიწევდა. ხშირად ხელჩართულ ბრძოლამდე და სროლამდეც მისულა საქმე. ჩვენთვის სტადიონზე მორიგეობა და ჩვენს ხალხთან შეხლა-შემოხლა უფრო მძიმე იყო, ვიდრე წინა ხაზზე დგომა. რამდენიმე მათგანს ნაქურდალიც აღმოაჩნდა. "ორ მეომარს" ოქროს კბილები და საყურეები ჩანთაში ჰქონდა დამალული.

ერთხელ ერთმა "მეომარმა", როცა იარაღია დატოვება მოვთხოვეთ, "მაკაროვით" სროლა აგვიტეხა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. სწრაფად დავიმორჩილეთ, მამუკა გოგებაშვილმა ფეხის დარტყმით იარაღი დააგდებინა და უცებ შევბოჭეთ. შემდეგ შტაბში გავგზავნეთ. ცხონებული მამუკა ხელჩართული ბრძოლის ოსტატი იყო და მისთვის ასეთი საქმის გაკეთება დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ გაიგონებთ დღესაც სუფრასთან ასეთ უაზრო სიტყვებს, - ამ უაზრო ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნა და არდავიწყება ყოფილიყოსო. ამას რომ გავიგონებ, სისხლი თავში ამივარდება ხოლმე და რას ვაკეთებ, მეც არ ვიცი. ათზე მეტი მაგიდა ამიყირავებია, როცა ასეთი შეურაცყოფა მომისმენია. ზოგიერთი ლაჩარი რომელსაც სამშობლოსთვის არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ხან ვაჭრუკანობდა, ხან ქურდობდა და ხან თურქეთში მონად იყო წასული, ომის ავკარგიანობაზე იწყებს ლაპარაკს. ეს ჩვენი ქვეყნის ბედუკუღმართობის შედეგია. ხალხის დიდი ნაწილი გალაჩრებულია, თუ ძველად ერთი-ორი ლაჩარი გამოგვერეოდა, ხალხი შავ დღეში აგდებდა. დღეს, სამწუხაროდ, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ლაჩრები, ქალაჩუნები, ქვეყნის გამყიდველები და მოღალატეები სჭარბობენ მამაც და პატრიოტ ადამიანებს. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ასეთი ნაძირლები ყველანაირად ცდილობენ ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე წამოსკუპებას, რომ სისხლი სწოვონ ღირსეულ ადამიანებს, ვინც თავს არ ზოგავს ქვეყნის გადასარჩენად. აი, ასეთი ხალხია დღეს საქართველოში მომრავლებული.


მაგალითისთვის მოვიყვან ჩემი მეგობრის, სადაზვერვო-სადივერსიო ბატალიონის მეთაურის, პოლკოვნიკ მიხო მორჩილაძის გულიდან ამოხეთქილ სიტყვებს: "მამულის დაცვის სურვილი და შემართება ყველა მამაკაცში თანაბრადაა, ოღონდ ზოგი თავიდანვე ითვისებს ამ გრძნობას, როგორც უპირველეს მოვვალეობას, ცხოვრების მიზანს. სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ასეთები იშვიათად არიან. რადგანაც რუსეთის 200 წლოვანმა ბატონობამ ჩვენი ქვეყანა სასტიკად წაბილწა. ეროვნული ღირებულება შეგვილახა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გაგვანადგურა. სამწუხაროდ, მოგვიმრავლდნენ კაპიტულანტური პატრონაჟის მოცული იდეებით "გულანთებული მოღვაწენი", რომლებიც გვიმტკიცებენ რომ ქვეყანა შეგვილახეს არა ვაჟკაცებმა და რაინდებმა, რომლებიც ომებში პირველი ებმებოდნენ და უმეტესობა ბრძოლის ველზე რჩებოდა. არამედ იმ ლაჩრებმა, რომლებმაც ომს უაზრო თავგანწირვა უწოდეს და განერიდნენ; იმ "ჭკვიანმა" მოღალატეებმა, რომლებმაც საქართველო ვითომც და სისხლის წვიმებს გადაარჩინეს და მცირე ხარკის ფასად ჩააბარეს დამპყრობთ, რომლებიც თურმე მაინც დაგვიპყრობდნენ და მაინც გაგვანადგურებდნენ. ამ ლაჩრული სულის კიკინი რუსეთ-აფხაზეთის ომში სრულად გამობრწინდა ანეკდოტური სიყეყეჩის კულმინაციით: "მე თუ მომკლავენ მერე ვიღას ეყვარება სამშობლო?"

მამუკა გოგებაშვილი ლენტეხელი იყო. მან მერეც არაერთი საგმირო საქმე გააკეთა : დასაზვერად წასული მოულოდნელად მტრის საბრძოლო მანქანას გადააწყდა. იმ დროს კავშირგაბმულობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მამუკასაც თან რაცია არ ქონდა. ამიტომ ვერ მოახერხა თანამებრძოლებთან დაკავშირება და უცებ გადაწყვიტა რომ მტრის საბრძოლო მანქანას მარტო შებმოდა. ნელნელა მიეპარა მტრის მანქანას და ტანკსაწინააღმდეგო ტყუმბარსტყორცნი ესროლა; დაბინდული იყო, წვიმდა და საბრძოლო მანქანა კარგად არ ჩანდა, ამიტომ ჭურვი მიზანს აცდა და შორიახლოს აფეთქდა. სროლა იქიდაც აუტეხეს, მაგრამ ვერც ისინი ამჩნევდნენ მამუკას და ვარაუდით ესროდნენ.

მამუკა გოგებაშვილს კარგი ფიზიკური მომზადება უწყობდა ხელს. არ დაიბნა და მეორე ჭურვი ესროლა. სროლა მოწინააღმდეგემაც გააძლიერა. ჩვენ ვიცოდით მიახლოვებით ადგილი და მამუკას დასახმარებლად გავიქეცით, სანამ მივირბენდით, ძლიერი აფეთქების ხმა მოგვესმა, თან მეორე მხირდან სროლა შეწყდა. ჩვენს მისვლამდე მამუკამ მტრის საბრძოლო მანქანა გაანადგურა, როცა მივედით, იჯდა ხის ძირში და გულიანად იცინოდა. ასეთი ხასიათი ჰქონდა, არასოდეს აღელვდებოდა, ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებდა.

იმ დროს კავშირგაბმულობა ან არ, ან ძალიან ცუდად მუშაობდა. ერთმანეთს ვერ ვუკავშირდებოდით. ყოფილა შემთხვევა, ვინ სად იდგა, არ ვიცოდით. რამდენჯერმე ლამის ერთმანეთი დავხოცეთ. ისეც ყოფილა, ჩვენები რომ გვეგონა და მტრის ჯგუფს პირისპირ შევეჩეხეთ. გაგვიმართლა და ჩვენ მოვიგეთ შეტაკება, მაგრამ ეს იყო გამართლება და მოულოდნელობა. რაციას გამართულად რომ ემუშავა, ეს არ დაგვემართებოდა.

ერთ დღეს ჩვენი თანამებრძოლი, მაიორი ანდრო გაჩეჩილაძე სნაიპერმა ხელში დაჭრა. ანდრო ძალიან უშიშარი იყო და ხშირად ზედმეტადაც, იმ დღესაც ღია ადგილზე დაწვა და იქიდან დაიწყო მტრის მიმართულებით სროლა. ვერ ხედავდა მტერს, რადგან ტყეში მათ ტყეში კარგი პოზიცია ჰქონდათ დაკავებული და მაგრად იყვნენ შენიღბულნი. როგორც კი სნაიპერმა შეამჩნია ჩვენი ანდრო, მაშინვე ამოიღო მიზანში და გაარტყა კიდეც. საბედნიეროდ, ჭრილობა მსუბუქი გამოდგა. როგორც გავიგე ანდროს ძახილი, მაიზერ მიშველე, დამჭრესო. მაშინვე წამოვხტი საფარიდან და ანდროსგან ორი სამი ნახტომით აღმოვჩნდი. მოვკიდეთ ხელი ანდროს, მე და ვახტანგ ახვლედიანმა და საფარში ჩავიყვანეთ. ჭრილობა როგორც შეგვეძლო, დავუმუშავეთ, მაგრამ მიუხედავად ჩვენი ოც მეთაურის, გენადი კვერნაძის მრავალჯერ გამოძახებისა, შტაბიდან დაჭრილის წასაყვანად არავინ მოსულა. რამდენჯერაც დავუკავშირდით, იმდენჯერ გვითხრეს მოვდივართო, მაგრამ არავინ მოსულა. ანდრომ ბევრი სისხლი დაკარგა და იძულებული გავხდით მარტო გაგვეშვა შტაბში. ჩვენს პოზიციებს ვერ ვტოვებდით, რომ დაჭრილისათვის მიგვეხედა. გენადი კვერნაძემ ლანძღვა-გინებით აიკლო შტაბი, მაგრამ უშედეგოდ.

პირველ ოქტომბერს ქალაქში მოძრაობა აღდგა. ავტობუსებმა და ტროლეიბუსებმა მოძრაობა დაიწყეს. სკოლებმა სწავლა განაახლეს. მდგომარეობა თითქოს გამოკეთდა და მშვიდობისაკენ გადაიხარა. გაგრაში შეიარაღებული ძალები შეამცირეს. მხოლოდ რამდენიმე ბატალიონი დავრჩით. ყველას ეგონა, რომ ომი დამთავრდა. ამ დროს მოწინააღმდეგე მხარე პოზიციებზე ძველებურად იდგა. მათი არც რიცხვი შემცირებულა და არც მდგომარეობა. ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სოჭის ხელშეკრულება მხოლოდ ჩვენ შეგვეხო. მოწინააღმდეგე პირიქით, უფრო ამაგრებდა პოზიციებს და გუდაუთის მხრიდან კოლხიდის მიმართულებით შეიარაღებული რაზმებისა და ტექნიკის გადმოსვლა აშკარად შეიმჩნეოდა.

პირველ ოქტომბერს, საღამოს, კოლხიდაში დიდი შეტაკება მოხდა. თურმე იმ დროს, როცა ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნიდით და წინ წაწევის ბრძანებას ველოდებოდით, მტერი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით ძლიერდებოდა. დაზვერვა არ მუშაობდა და მოწინააღმდეგეზე ცნობებს თვითონ მოვიძიებდით ხოლმე. ომის შედეგს და ბედს დაზვერვა და კავშირგაბმულობა წყვეტს ხოლმე, ჩვენთან კი არცერთი არ მუშაობდა. ის ინფორმაცია მაინც უნდა გვქონოდა, რომ იმ დროისათვის უძლიერესი შეჯავშნული ტანკი ტ-72 მტრის ხელში იყო და შეტევისთვის ემზადებოდნენ. სრულიად მოულოდნელი იყო შემოტევაც და ტანკის გამოჩენაც.(გაგრძელება იქნება)image

0
187
შეფასება არ არის
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0