x
აფხაზეთში ომი დაიწყო (პირველი ნაწილი)
ვეფხიასა და მისი თანამებრძოლების ვერაგულად დახოცვის მეორე დღეს, 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სამთავრობო ჯარებმა რკინიგზის დაცვის მიზნით ენგურის ხიდი გადაკვეთეს და აფხაზეთში შევიდნენ. აფხაზების პირველმა ტყვიამაც არ დააყოვნა და დაიწყო ის საშინელი ომი, რომელიმაც 15 ათასი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

ქართულ ჯარებს აფხაზებმა მისვლისთანავე ცეცხლი გაუხსნეს. ამის შემდეგ ჩვენ სოფელ ვანათში 10 სექტემბრამდე ვიდექით, მერე კი თბილისში, დისლოკაციის ადგილზე დაგვაბრუნეს. იმ დროს ყოფილ საარტილერიო სასწავლებლის ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობა გვეკავა. მანამდე მაშინდელი სახელმწიფოს მეთაური და შემდეგ პრეზიდენტი შევარდნაძე რიხით აცხადებდა, რომ 30 ათასი მებრძოლი მზად ჰყავდა და მტერს კუდით ქვას ასროლინებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ იყო და ჩვენც სასწრაფოდ მოგვიწია აფხაზეთში წასასვლელად მომზადება.

სანამ წავიდოდით, თბილისის ქუჩებში გავისეირნე. ძალიან მიყვარდა რუსთაველის პროსპექტი. რუსთაველის მეტროსადგურთან ჩემი ძველი მეგობარი შემხვდა - გიორგი ქუმსიაშვილი. ის გამსახურდიას პირად მცველად მსახურობდა. საოცრება მოხდა: გიორგიმ შემხედა, არ მომსალმებია, გვერდი ისე ამიარა, მერე მოტრიალდა, შორიახლოს დადგა და თვალიერება დამიწყო. ცოტა ხანს მიყურა, მერე ახლოს მოვიდა და მკითხა: "მაიზერ გელოვანი ხარ?" გავბრაზდი და უკმეხად მივახალე, არა-მეთქი. გიორგი მიტრიალდა და წავიდა. ამის შემყურე გავოცდი და უფრო გავბრაზებული გამოვედევნე. დავეწიე, ხელი მხარზე მოვკიდე და გაოცებულმა ვკითხე, რა გჭირს ბიჭო, ბიჭო, ვერა მცნობ-თქო?! გიორგის ცრემლი წასკდა და გადამეხვია.

თურმე რამდენიმე კვირით ადრე წალენჯიხაში "მხედრიონსა" და გამსახურდიას მომხრე გვარდიელებს შორის შეტაკება მომხდარა. ორივე მხარეს ბევრი ხალხი დაიხოცა. დაღუპულა ვიღაც მაიზერიც და ყველას მე ვეგონე. ტელევიზიითაც ჩემი სახელი და გვარი გამოუცხადებიათ, თან ფოტოც უჩვენებიათ. ცხონებული დედაჩემი ჩხორიიდან ღამე წალენჯიხაში ფეხით გადასულა ჩემს მოსაძებნად. იმ დროს სამეგრელოში ტრანსპორტი არ დადიოდა. ბევრი ვუძებნივარ დედაჩემს საავადმყოფოსა და მორგში, მაგრამ რას მნახავდა, იმ დროს მე სამაჩაბლოში ვიყავი. მაშინ სად იყო მობილური და სასწრაფოდ ტელეგრამა გავგზავნე, რომ ცოცხალი და უვნებელი ვიყავი და ისიც შევატყობინე, რომ სამ დღეში აფხაზეთში მივდიოდი. ეს უკვე მეორედ გავრცელდა ჩემი დაღუპვის ამბავი, მესამედ კი გაგრის დაცემის დროს, მაგრამ ამას ცოტა ქვემოთ გიამბობთ.


ჟურნალისტები ხშირად სცოდავდნენ. მათი უცოდინარობისა და არაკეთილსინდისიერების გამო უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა. ცნობის გადამოწმებას არ ცდილობდნენ და ამით დანაშაულს სჩადიოდნენ.

1992 წლის 13 სექტემბერს თბილისში, ჩვენი ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე მოვიყარეთ თავი. იმ დროს ჩვენი ბატალიონი უზნაძის ქუჩაზე, საბჭოთა კავშირის დროინდელი საარტილერიო სასწავლებლის ერთ-ერთ შენობაში იდგა. იმ დღეს როგორც საჭირო იყო, მოვემზადეთ და 14 სექტემბერს დილით საათისთვის აფხაზეთში წასასვლელად მზად ვიყავით. ჩვენი ბატალიონის მეთაური თამაზ მეფარიშვილი გვამხნევებდა ყველას, უნდა ვთქვა, რომ იმ დროს არც ერთ ჩვენგანს გამხნევება არ სჭირდებოდა. ყველანი საომრად ვიყავით შემართულნი. გიო მგელაძემ ვიდეოკამერა მოიტანა და წასვლის წინ სამახსოვრო კადრები გადავიღეთ. გვიხაროდა ყველას, რომ ჩვენს ძმებს, ვინც იქ სისხლის ფასად სამშობლოს იცავდნენ, ჩვენც გვერდით დავუდგებოდით.

აეროპორტამდე ავტობუსებით მიგვიყვანეს, იქ სამთავრობო დელეგაცია მოვიდა ჩვენს გასაცილებლად. დელეგაციას ხელმძღვანელობდა აწ გარდაცვლილი თემურ ფიფია. აეროპორტში საღამომდე გვაყურყუტეს, - თვითმფრინავი ვერაფრით ვერ მოინახა. სამაგიეროდ, დუბაისა და ანტალიაში ყოველ ნახევარ საათში მიფრინავდნენ თვითმფრინავები, რომელთაც ჩვენი თანამემამულეები კურორტებზე მიჰყავდათ. იგრძნობოდა, რომ აფხაზეთის ომი ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტას აინტერესებდა. ის ხალხი და მათი შვილები დღეს მაღალ თანამდებობებზე სხედან და ქართველ ხალხს უმწარებენ ისედაც გამწარებულ ცხოვრებას.

როგორც იქნა, მოფრინდა ჩვენთვის განკუთვნილი თვითმფრინავი და გახარებულნი ავედით ტრაპზე. თემურ ფიფიამ სათითაოდ გადაგვკოცნა ყველა და მშვიდობით დაბრუნება გვისურვა.

თვითმფრინავი აფრინდა და გეზი სოხუმისაკენ აიღო. ჩვენთან ერთად ჩასხდნენ სამხედრო პოლიციელებიც. იქ შემხვდა ჩემი ძველი მეგობარი, ჯემალ გაბულდანი, მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოდან. მე და ჯემალი რუსეთის არმიაშიც ერთი თვითმფრინავით გავფრინდით ამავე აეროპორტიდან, 1984 წლის 16 ნოემბერს. რუსეთის არმიის სხვადასხვა სამხედრო ნაწილში მოვხვდით და ერთიმეორეს ვერ ვხვდებოდით. ახლაც ერთად წავედით ჩვენი ქვეყნის დასაცავად სოხუმამდე და მერე ვეღარ შევხვდით ერთმანეთს - ჯემალი გაგრის დაცემის დროს დაიღუპა.

თბილისიდან სოხუმამდე ერთ საათში ჩავფრინდით. სოხუმში აეროპორტიდან ავტობუსებით შტაბში მიგვიყვანეს. თავიდან ქალაქში ვითომ წესრიგი უნდა დაგვემყარებინა, მაგრამ შტაბმა თავი ვერ მოაბა. შემდეგ ფუნიკულიორზე აგვიყვანეს პოზიციების გასამაგრებლად, მერე იქიდანაც მოგვხსნეს და ისევ აეროპორტში დაგვაბრუნეს. ერთი სიტყვით, ვეღარ დაგვასაქმეს. სოხუმში იმ დროს სიმშვიდე იყო, სროლა ქალაქის სიახლოვეს არ გაგვიგია. ბრძოლის წინა ხაზი გუმისმთაზე გადიოდა. იქ რატომ არ დაგვაყენეს, არ ვიცი. ორი დღე ბაბუშერის აეროპორტში უაზროდ გვაყურყუტეს და მესამე დღეს ცნობა მოვიდა, რომ გაგრაში სიტუაცია დაიძაბა და იქ წასვლის ბრძანება მოგვივიდა. სამი ოცეული ვიყავით. მე სადაზვერვო ათეულს ვმეთაურობდი. ყველა სიხარულით შევხვდით ამ ინფორმაციას, როგორმე ჩავებმებოდით იმ საქმეში, რისთვისაც ჩავედით.

მშვენიერი ამინდი იდგა. ზღვიდან სასიამოვნო ნიავი უბერავდა. გამახსენდა ბავშვობა - სოხუმში ზაფხულობით ხშირად ჩავდიოდი. ზუგდიდიდან სოხუმამდე ერთი საათის სავალი იყო. მაშინ კარგად ვისვენებდი და კარგ დროსაც ვატარებდი. სანამ ქვეყანა აირეოდა, 1988 წლის ზაფხულში, სოხუმში ერთი აფხაზი გოგო გავიცანი- ანჟელა აგრბა. ერთმანეთი მოგვეწონა და ხშირად ვაკითხავდი ხოლმე. მასთან შინაც მივდიოდი, რკინიგზის ვაგზალთან ახლოს, ძიძარიას ქუჩაზე ცხოვრობდა. რა ბედი ეწია და ახლა სად არის, არ ვიცი. რუსეთის არმიაში ერთი სოხუმელი აფხაზი ბიჭი გავიცანი, გარი ჯინჯოლია. ერთიმეორეს მაგრად ვედექით მხარში. რამდენჯერ გვიჩხუბია ორივეს ერთად. მოკრივე იყო და კარგად ჩხუბობდა. ჯარი ჩემზე ადრე დაამთავრა. მისამართი დავკარგე. სოხუმში რამდენჯერაც ჩავდიოდი სულ ვკითხულობდი ხოლმე ნაცნობებში, მაგრამ მის ასავალ-დასავალს ვერ მივაგენი. ნეტავი ცოცხალი იყოს და უფალი ფარავდეს მასაც და ანჟელასაც. აფხაზები და ქართველები ერთმანეთის მტრები არასოდეს ვყოფილვართ. რუსეთის პოლიტიკოსების წაქეზებულმა მოღალატე ხელისუფლებებმა ორი მოძმე ერი ერთმანეთს გადაამტერეს.

1992 წლის 17 სექტემბერს სოხუმიდან გაგრის მიმართულებით სამი შვეულმფრენით გავფრინდით. თითოეულში თითო ოცეული განთავსდა. მე ჩემი ათეულით პირველ ოცეულში ვიყავი და პირველად ჩვენ მოგვიწია წასვლა, მაგრამ კარგა ხანს შევყოვნდით აეროპორტში. თურმე გუდაუთის რუსული ბაზიდან გადაფრენას გვიკრძალავდნენ რუსები, თუ ჩვენ "გავჯიუტდებოდით" და მაინც გავბედავდით წასვლას, ჩამოგდებით გვემუქრებოდნენ. თურმე საქართველოს ტერიტორიაზე ქართულ ჯარს რუსების უფლების გარეშე ერთი ქალაქიდან მეორეში გადაფრენის ნება არ გვქონია. ჩვენ მაინც გავბედეთ და ჰაერში ავიჭერით. რუსებმა ვერ ჩამოგვაგდეს და გაგრის სტადიონზე, რომელიც იმ დროს აეროპორტის ფუნქციას ასრულებდა, დავჯექით.

სტადიონი ხალხით სავსე დაგვხვდა. მიტინგს უძღვებოდა გაგრის მერი ჯონი ლატარია. მან ხალხს განუცხადა, რომ ქალაქი მაგრად იყო დაცული და უნებართვოდ ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა, თან ჩვენი ჩასვლით ხალხი უფრო დააიმედა და აღუთქვა, რომ ქალაქს სიცოცხლის ბოლომდე დავიცავდით. ამ დროს ხალხში ჩოჩქოლი ატყდა. ყველა სტადიონის შესასვლელისკენ გაიქცა. თურმე აფხაზებს ჩვენი მებრძოლებით სავსე "იკარუსი" აეფეთქებინათ და მანქანებით დახოცილები და დაჭრილები მოიყვანეს. დაჭრილი იყო ჩემი ძველი მეგობარი გელა დადეშქელიანიც. მე და გელა თბილისის ავადსახსენებელ ომში გვერდიგვერდ ვიბრძოდით. მას მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა მუხლთან. დაჭრილები და დახოცილები იმ შვეულმფრენებში მოვათავსეთ, რომლებითაც ჩვენ ჩავფრინდით და სოხუმში გამოვუშვით. ამ ამბავმა ხალხში პანიკა დათესა და მიტინგიც მაშინვე დაიშალა. გელას ჭრილობა შეუხვიეს და გაგრაში დარჩა. მისი გამბედაობა და სიმამაცე ყოველთვის სამაგალითო იყო.

ჩვენ ავტობუსებით წავედით შტაბშ, რომელიც სამხედრო კომისარიატის შენობაში იყო განთავსებული. გაგრის შტაბს პოლკოვნიკი მიხეილ მარინაშვილი ხელმძღვანელობდა, მისი მოადგილე პოლკოვნიკი პეტრე გოგუაძე იყო. ბატონი პეტრე ჩემი ყოფილი მეთაური იყო ეროვნულ გვარდიაში და ერთიმეორის ნახვა ძალიან გაგვიხარდა.

პირველ დღეებში შტაბის დაცვა დაგვავალეს, 10-10 კაცი ვმორიგეობდით. დროებით სასტუმრო "ისკარში" მოგვათავსეს. ნელ-ნელა სიტუაციაშ გავერკვიეთ და 5 დღის შემდეგ წინა ხაზზე გაგვიშვეს. წინა ხაზი კოლხიდაში გადიოდა. დაიწყო ჩვენი საომარი მოქმედებების პირველი დღეები. საჭიროების მიხედვით ოცეულებად და ათეულებად გავიშალეთ. ჩვენამდე პოზიციებს გაგრის ბატალიონი, მოხალისეები და გაგრის "მხედრიონი" იცავდნენ. გაგრაში მოქმედებდა სამხედრო კომენდატურა, რომელიც 60 კაცს ითვლიდა. კომენდანტი პოლკოვნიკი ბადრი ფირცხელიანი იყო. დისციპლინით გაგრაშიც ვერ დაიკვეხნიდნენ, - იყო მაროდიორობა, პოზიციების უნებართვოდ დატოვება, გამოქცევა და კიდევ მრავალი სხვა. გაგრაში მედგრად იბრძოდნენ "თეთრი არწივისა" და "შავი ავაზას" ბატალიონები. ისინი მტრის რაზმებს ვაჟკაცურად შეაწყდნენ.

(გაგრძimage
ელება იქნება)

0
290
2-ს მოსწონს
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0