x
შფოთვა და მისი სახეები

image
ფროიდის ფსიქოანალიზურ თეორიაში ნებისმიერი პროცესი შეიძლება აღწერილ იქნას ენერგიის დახარჯვის ან იმ ძალის ტერმინებში, რომელიც აკავებს ამ ენერგიის გამოსვლას და ხარჯვას, ანუ ეწინააღმდეგება ინსტიქტის დაკმაყოფილებას. ამ ენერგიის შეკავებაც ძალას მოითხოვს. ეს ურთიერთქმედება და ბრძოლა ინსტიქტის დაკმაყოფილებასა და მის შეკავებას შორის არის ამ თეორიის დინამიკური ასპექტი, რომლის ქვაკუთხედსაც შფოთვის ცნება წარმოადგენს. ხშირია შემთხვევები, როდესაც იდს, სუპერეგოს და გარემოს მოთხონებს შორის გართულებული ურთიერთმიმართების გამო ეგოს უკვე აღარ შეუძლია სათანადო კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება. ამ დროს ფსიქიკურ ინსტანციებს შორის ჩნდება წონასწორობის დარღვევის სხვადასხვა ფორმები, რომლებიც შიშის, შფოთვის განცდას იწვევენ.
შფოთვა ფსიქოანალიტიკური თეორიის თანახმად არის მტკივნეული ემოციური განცდა, რომელიც ამცნობს პიროვნებას საფრთხის შესახებ. სხვა სიტყვებით, შფოთვა მე-სთვის საფრთხის სიგნალია, რომელიც ამ საფრთხის ასაცილებელი ქცევისკენ უბიძგებს მას. თუ თავის ადრეულ შრომებში ფროიდი შფოთვის მიზეზს სექსუალური იმპულსების (ლიბიდოს) დაუკმაყოფილებაში ხედავდა, მოგვიანებით იგი შფოთვას განიხილავდა, როგორც მტკივნეულ ემოციას, რომელიც იმ საფრთხის მიმნიშნებელია, რომელიც პიროვნების მე-ს ემუქრება. ამ შემთხვევაში შფოთვა მე-ს ფუნქციაა, რომელიც აფრთხილებს მე-ს, რომ საჭიროა მოქმედება ამ საფრთის თავიდან ასაცილებლად.
ფსიქოანალიტიკურ თეორიაში შფოთვის მიზეზი არის ტრამვული განცდები, რომელიც ადამიანმა ოდესღაც განიცადა და მას ვნება და ზიანი მიაყენა. შფოთვა არის იგივე ტრამვული განცდის განმეორება, ოღონდ მსუბუქი ფორმით. მაგალითად: ბავშვი შეიძლება სერიოზულად დაისაჯოს სექსუალური ან აგრესიული ქცევის გამო. მოგვიანებით უკვე, მოზრდილობაში მას შეიძლება გაუჩნდეს შიში იმის გამო, რომ მოუნდეს იგივე სექსუალური ან აგრესიული ქცევა. ამასთან, მას შეიძლება ახსვოდეს, ან არც ახსოვდეს ის სასჯელი, რომელიც ამას მოჰყვა. მას შფოთვა უჩნდება იმის გამო, რომ, ერთის მხრივ, მიისწრაფვის შეასრულოს ეს ქცევა, მაგრამ მეორეს მხრივ, შედეგის ეშინია. ფსიქოანალიზის ტერმინებში შფოთვა აღმოცენდება იდის ინსტიქტების ზეწოლასა და სუპერ-ეგოდან მომდინარე დასჯის საფრთხეს შორის კონფლიქტიდან. ანუ შეიძლება ითქვას, რომ იდი ამბობს "მე ეს მინდა", სუპერეგო ამბობს "ეს საშინელებაა, არ შეიძლება", მე კი ამბობს - "მე მეშინია"
კონფლიქტი ფროიდის თეორიის დინამიური ასპექტის ცენტრალური ცნებაა. კონფლიქტი საწინააღმდეგო ძალთა შორის ჩნდება. ამ კონფლიქტის მოგვარება მე-ს საქმეა. მე-მ უნდა დააკმაყოფილოს იდი-ს, სუპერეგოს და რეალობის მოთხოვნები. ამიტომ ის პერმანენტულად და მრავალმხრივ კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფება და, ბუნებრივია, შფოთვას განიცდის.
გამოყოფენ შფოთვის სამ სახეს:
1.ობიექტური (რეალური) შფოთვა - უკავშირდება ობიექტურ ან წარმოსახვით საფრთხეს, რომელიც გარე სამყაროში არსებულმა ობიექტებმა შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად: გარეული ცხოველის შიში, სამხედრო ბრძოლის შიში და ა.შ. მათი დაძლევა მოითხოვს ცნობიერ, რეალობის პრინციპზე დაფუძნებულ მოქმედებებს.
2. ნევროტული შფოთვა - სიამოვნების პრინციპით მოქმედ სექსუალური და აგრესიული იმპულსების დათრგუნვა მე-ს მიერ შეიძლება გახდეს ნევროტული შფოთვის მიზეზი. იდიდან წამოსული ლტოლვების სიძლიერე აშინებს მე-ს. შიში ჩნდება იმ შედეგების გამო, რაც ლტოლვების დაკმაყოფილებას შეიძლება მოყვეს. ლტოლვა არაცნობიერშია, მაგრამ აქტიური რჩება და გავლენას ახდენს განცდებსა და ქცევებზე.
3. მორალური შფოთვა - თუ ეგო დაუშვებს იდის სურვილებს, საქმე გვექნება მორალურ შფოთვასთან, რომელსაც სინდისის ქენჯნა და დანაშაულის განცდა სდევს თან.

განურჩევლად იმისა, თუ რომელი წყაროდან მომდინარეობს შიში ირღვევა ფსიქიკური წონასწორობა, რომელიც მე-ს მიერ უნდა აღდგეს. ამისთვის საჭიროა შიშის გამომწვევი იმპულსებისგან თავის დაცვა. მე (ეგო) უძლური არ არის იდიდან და სუპერეგოდან წამოსული კონფლიქტების მიმართ. მას დამცავი მექანიზმები გააჩნია. ამიტპომაც, სიგნალზე "შიში" დაცვის მექანიზმი, იწყებს ამოქმედებას, რომელმაც უნდა შეამციროს ან მოხსნას მუქარა.

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:თამთა ერაძე
თამთა ერაძე
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0