x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
თუ სახლში ბავშვია ეს უნდა იცოდეთ - ოთახის საშიში მცენარეები
image

ოთახის მცენარეების მოშენება ბევრი ქალბატონის ჰობია. ზოგიერთს ნამდვილი ორანჟერეაც კი აქვს მოწყობილი ბინაში.

გარდა იმისა, რომ ამ მცენარეებს ესთეტიური დანიშნულება აქვთ და საცხოვრებელს გვილამაზებენ, სარგებლობის მოტანაც შეუძლიათ.გამოყოფენ ჟანგბადს, ზამთრის პერიოდში გამათბობლის ზემოქმედებით გამომშრალ ჰაერს ატენიანებენ და სამკურნალო თვისებებიც ახასიათებთ.

ამის მიუხედავად, ცოტამ თუ იცის, რომ მათი საყვარელი ოთახის მცენარე შეიძლება ტოქსინებს შეიცავდეს და კანზე-ალერგიული რეაქციები, ხოლო ორგანიზმში მოხვედრისას კი მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს.


რათქმაუნდა, მოზრდილი ადამიანი მცენარის ფოთლებს და ნაყოფს არ დაღეჭავს, მაგრამ თუ სახლში პატარა ბავშვი ან ოთხფეხა მეგობარი გყავთ, მაშინ სიფრთხილე გმართებთ. ხასხასა ნაყოფმა, ყვავილმა თუ ჭრელმა ფოთოლმა, შესაძლოა პატარას ყურადღება მიიპყროს და დააგემოვნოს კიდეც, რაც მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

ეს ყველაფერი რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ყიდვამდე დავინტერესდეთ ამა თუ იმ მცენარის თვისებებით და თუ რომელიმე მათგანი სახლში უკვე გაქვთ, მაშინ სასწრაფოდ მიიღეთ ზომები და ბავშვებს ან ცხოველებს მოარიდეთ.სასურველია, თუ შეელევით და გადააგდებთ, რადგან ძნელია ცნობისმოყვარე პატარებისგან რაიმე დამალო.

უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალისტები არ გვირჩევენ ოთახებში ბევრი მცენარის ქონას, ან სულაც ორანჟერეის მოწყობას ბინაში.მათმა სიმრავლემ შესაძლოა ჰაერის ტენიანობა მკვეთრად გაზარდოს და ობის გავრცელებას შეუწყოს ხელი, რომელიც თავის მხრივ ალერგიის და სხვა უსიამოვნებების წყაროა. თუ პატარას ელოდებით, უმჯობესია ადრევე დაიჭიროთ თადარიგი და თუ ბინაში ეს მცენარეები გაქვთ, მათგან გათავისუფლდეთ.


ფიკუსი

imageფიკუსის წვენი შხამიანია.კანზე-ალერგიული რეაქცია, ხოლო სასუნთქ გზებში მოხვედრისას კი ასთმური შეტევა შეიძლება გამოიწვიოს.


ადენიუმი

imageადენიუმი, იგივე უდაბნოს ვარდი, თავისი ლამაზი, სხვადასხვა შეფერილობის ყვავილებით ბევრს ხიბლავს, მაგრამ მისი ყველა ნაწილი შხამიანია. სპეციალისტები გვირჩევენ ამ ყვავილთან თათმანებით ვიმუშავოთ და ხელები შემდეგ კარგად დავიბანოთ. ორგანიზმში თუ მოხვდა, მძიმე მოწამვლას იწვევს.ამიტომ, მოარიდეთ ბავშვებს, რომელთაც მისი ულამაზესი ყვავილები ნამდვილად მიიზიდავენ.


დიფენბახია

image
დიფენბახიას ბევრგან შეხვდებით.მასთან მუშაობის დროსაც სიფრთხილე გმართებთ.მისი წვენი კანზე მოხვედრისას დერმატიტს იწვევს, პირის ღრუს ლორწოვან გარსს აზიანებს და თვალში მოხვედრისას შესაძლოა კონიუქტივიტი განვითარდეს.


მონსტერა

image


ყველასათვის ნაცნობი მონსტერა თავის დიდ ფოთლებში ტოქსინებს მალავს, რომელიც ლორწოვანი გარსის ანთებას, წვას, გაძლიერებულ ნერწყვდენას, გულისრევას და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის მოშლას იწვევს.


ამარილისი

image
ამარილისის ფოთლებიც და ყვავილებიც უსაფრთხოა, მაგრამ მისი ბოლქვები მომწამვლელ ალკალოიდებს შეიცავენ. გადარგვის დროს თათმანებით იმუშავეთ და პატარებს და შინაურ ცხოველებს მოარიდეთ.


aloe aristata და aloe variegata

image

image

სამკურნალო მცენარე ალოეს(იგივე aloe vera) შხამიანი ნათესავებიც ყავს. არ შეგეშალოთ და სამკურნალოდ მათი ყლორტები არ გამოიყენოთ.მათი მიღებისას შესაძლოა კუჭის ან საშვილოსნოს სისხლდენა განვითარდეს.


აგლაონემა

image
image
მისი წვენი, პირის ღრუში მოხვედრისას, იწვევს ყელის და პირის ღრუს ლორწოვანის შეშუპებას და ტკივილს. თვალში მოხვედრისას ვითარდება კონიუქტივიტი.


ჰორტენზია

image

თუ ჰორტენზია ქოთანში გაახარეთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ისიც შხამს შეიცავს და თუ მისი რომელიმე ნაწილი ორგანიზმში მოხვდა, ვითარდება კუჭის ტკივილი, გულისრევა, კუნთების სისუსტე, ქავილი, ძლიერდება ოფლის გამოყოფა და ირღვევა სისხლის მიმოქცევა.


აზალია

image

ერთობ პოპულარულია, მაგრამ მისი ფოთლებიც ტოქსინებს შეიცავენ, რომლებიც კუჭში მოხვედრისას სპაზმებს იწვევენ.


ოლეანდრი

image

ოლეანდრთანაც სიფრთხილე გმართებთ. ორგანიზმში მისი წვენის მოხვედრა გულის მუშაობის დარღვევებს, გონების დაკარგვას და სუნთქვის გაჩერებასაც კი იწვევს.შესაძლოა ლეტალური შედეგიც გამოიწვიოს. მასთან მუშაობის დროსაც თათმანები გამოიყენეთ.


კროტონი ანუ კოდიეუმი

image

image

მისი წვენი კანზე მოხვედრისას დამწვრობასაც კი იწვევს, თუ სისხლში მოხვდა, მაშინ შესაძლოა ლეტალური შედეგიც კი დადგეს. დაფიქრდით, ნამდვილად გსურთ სახლში ამ მცენარის ქონა?


ფილოდენდრონი

imageimage

image
ფილოდენდრონის რამდენიმე სახეობა გვხვდება. მისი ფოთლები მჟავებითაა გაჯერებული და ორგანიზმში მოხვედრისას მოწამვლას იწვევენ.


ყოჩივარდა

image

დიახ, დიახ.ეს ერთი შეხედვით უწყინარი პატარა ყვავილიც ჩვენს სიაშია. მისი წვენი ლორწოვან გარსს აღიზიანებს, იწვევს ყელის ტკივილს, სუნთქვის გაძნელებას და ტემპერატურის მატებას.


ჰერანი

image

ზოგადად დადებითი თვისებებით გამოირჩევა, მაგრამ შესაძლოა ზოგ შემთხვევაში ასთმის პროვოცირება და ალერგია გამოიწვიოს.


ნათქვამია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, მაგრამ არა ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე.ამიტომ, სანამ სახლში რომელიმე მცენარის შეტანას გადაწყვეტთ, ჯერ კარგად გაეცანით მის თვისებებს, თქვენი ოთხფეხა მეგობრებიც არ დაგავიწყდეთ, მათ ხომ ბავშვებივით ყველაფერი აინტერესებთ, განსაკუთრებით კატის პატრონებს მართებთ სიფრთხილე.მოსალოდნელი რისკები აწონ-დაწონეთ და მხოლოდ შემდეგ იმოქმედეთ.

0
2324
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0