x
ვეფხია სამაჩაბლოში ვერაგულად მოკლეს

ჩვენი ბატალიონის ერთი ასეული შტაბმა სოფელ ვანათში ჩაგვიყვანა. თავიდან ყველაფერი ნორმალურად აეწყო. გავინაწილეთ საგუშაგოები სოფლის ირგვლივ და მორიგეობა დავიწყეთ. ჩვენთან ერთად იდგნენ ოსი და რუსი მშვიდობისმყოფელებიც. ჩვენი ასეულის მეთაურად კაპიტანი პაატა თოფჩიშვილი დაინიშნა. ხელშეკრულებით დაგვაყენეს და ორი თვე უნდა გვემსახურა. ქართული მხარის სამშვიდობო შერეული ძალების სარდალი გენერალი პანტელეიმონ გიორგაძე იყო, გამოცდილი სამხედრო და საქმის კარგი მცოდნე.

დიდი ინციდენტი და შეტაკებები ჩვენთან არ მომხდარა. რამდენჯერმე ოსმა ბანდიტებმა მწყემსებს საქონელი წაართვეს და ისიც გზიდან უკანვე დავიბრუნეთ. ყაჩაღები დავიჭირეთ და ნიქოზში შტაბს გადავეცით. ასე მოგვიახლოვდა ერთ-ერთი შავი დღე ჩვენი ქვეყნის წარსულში - 1992 წლის 13 აგვისტო.

იმ დღეს მორიგეობის შემდეგ ბიჭები ტელევოზორს ვუყურებდით. ღამის 12 საათის საინფორმაციო გამოშვებაში გადმოსცეს, რომ ოსმა ბანდიტებმა შინაგანი ჯარის 6 ჯარისკაცი წამებით დახოცეს. დახოცილები რომ აჩვენეს, ჩემი ძმადნაფიცი ვეფხია ბიჩინაშვილი ვიცანი, - ჩემი ნაჩუქარი რუსული დესანტის ფორმა ეცვა და იმით მივხვდი. ამის დამნახავი გონწასული დავეცი. გენადი კვერნაძემ და მამუკა გოგებაშვილმა ძლივს მომიყვანეს გონზე. ვეფხიას სიკვდილმა თავზარი დამცა, ის ჩემთვის უფროსი ძმასავით იყო. ბევრ რამეს მასწავლიდა და შეტაკებების დროს მიფრთხილდებოდა. "ჩემზე წინ ნუ გარბიხარ, უცოლშვილო ხარ, მე ორი ვაჟი მყავს და რომც მოვკვდე, არა უშავს", - ხშირად მეუბნებოდა ცხონებული. ის და მისი 5 ჯარისკაცი ბანდიტებმა მხეცურად აწამეს. ვეფხიას გულ-ღვიძლი დანით ჰქონდა ამოჭრილი, სხვებიც უარეს დღეში იყვნენ. თბილისში ჩამოსვენების შემდეგ ექიმებმა ბევრი იწვალეს, რომ დაფლეთილი სხეულისთვის ოდნავ მაინც ნორმალური მდგომარეობა მიეცათ. ეს საშინელი ამბავი მაშინდელმა ხელისუფლებამ გაუხსნელი დატოვა. სასაცილო ის იყო და სატირალიც, რომ საქმის გამოძიება ეროვნულად ოსს მიანდეს. არც ტელევიზიას უნდოდა ამ ამბის გაშუქება, სანამ გამწარებულები იარაღით არ მივუვარდით და არ დავემუქრეთ. სამაგიეროდ აშუქებდნენ იმას, ვინ მიდიოდა ანტალიაში და კიდევ სხვაგან დასასვენებლად. ქვეყნის ბედი ხელისუფლებას არ ანაღვლებდა და ეს თანდათანობით უფრო აშკარა გახდა. ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდები, მაშინდელი ხელისუფლება სამშობლოსადმი გულგრილი, ხალხი კი პატრიოტული სულით ანთებული იყო. image

0
350
1-ს მოსწონს
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0