x
მე-კონცეფცია და თვითშეფასება

image
ადამიანები საკუთარ თავს აფასებენ ყოველდღიური წარმატებებითა და წარუმატებობებით, სოციალური შედარებით.რესურსებად კი იღებენ იმ სფეროებს, რომლებშიც ჰგონიათ რომ წარმატებას მიაღწევენ .მოვლენები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება განაპირობებენ ჩვენი თვითშეფასების ამაღლებას ან დაცემას. ჩვენს თავზე შთაბეჭდილება ყალიბდება მე–კონცეფციითა (რა ვიცით ჩვენს თავზე) და თვითშეფასებით (როგორ ვაფასებთ/ვგრძნობთ თავს).ორივე ნაწილი იცვლება ჩვენს გამოცდილებასა და სოციალური სიტუაციების გავლენით. თუმცა ჩვენს თავს ბოლომდე არ ვიცნობთ, როგორც არ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საკუთარ თავს ბოლომდე ვიცნობთ, ასე არაა.ასე რომ იყოს, ფილოსოფოსები და მკვლევრები დროს აღარ დაკარგავდნენ ადამიანების შესწავლით. საკუთარ თავზე ცოდნას ვიღებთ იმავე მეთოდებით, რითაც სხვებს ვაფასებთ.ადამიანები ხშირად დაკვირვებით გადაიღებენ ხოლმე ქცევას, ასევე ფიქრობენ სხვების რეაქციაზე (რა რეაქცია ექნებათ მათ) და ბოლოს–ადამიანები შედარებით ახერხებენ საკუთარ თავზე და სხვაზეც ინფორმაციის მიღებას.

მე კონცეფცია არის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახული ცოდნა საკუთარი თავის შესახებ. იგი მოიცავს ცოდნას საკუთარი გარეგნობის, საკუთარი ქცევის მიზნების, მოტივების, ფორმების და მათი განხორციელების შედეგების (წარმატება- წარუმატებლობის) შესახებ. იგი მოიცავს აგრეთვე ცოდნას სოციალური ურთიერთობების (მეგობრების, ოჯახის, კოლეგების და ა.შ.), გარკვეული კატეგორიისადმი მიკუთვნებულობის, შინაგანი პროცესების, გრძნობების და განწყობების შესახებ. ზოგიერთი ავტორი მე- კონცეფციის აღწერით ნაწილს უწოდებს მე-ს ხატს, ხოლო ნაწილს, რომელიც საკუთარ თავთან, ან საკუთარ თვისებებთან დამოკიდებულებას გამოხატავს თვითშეფასებას. მე კონცეფცია განსაზღვრავს არა მარტო იმას, თუ რას წარმოადგენს ინდივიდი, არამედ იმასაც, თუ რას ფიქრობს ის საკუთარ თავზე.
მე-კონცეფციაში მოცემულია დეკლარაციული ცოდნა საკუთარი პიროვნების როგორც ინდივიდუალური თუ მხოლოდ მისი ინდივიდუალობის განმსაზღვრელი ნიშნების (საკუთარი სახელი, დაბადების წელი და ადგილი, პიროვნული ნიშნები ფსიქიკური პროცესები და განცდები), ასევე უნივერსალური ნიშნების შესახებაც, რომელიც მსგავსია ერთი და იგივე კულტურის ყველა წარმომადგენლისთვის (მაგალითად, ადამიანობა, მოქალაქეობა და სხვ). მაგრამ თვითკონცეფციაში პროცედურული ცოდნაც არის მოცემული ქცევის განხორციელების წესების შესახებ თუ-მაშინ პრინციპის საფუძველზე. ე.ი. ჩვენ არა მხოლოდ დეკლარაციული ცოდნა გვაქვს მომავალი შესაძლო ქცევის შესახებ, არამედ ვიცით კიდეც როგორ მოვიქცეთ. მაგალითად, მე-კონცეფციაში ინტროვერტს შეიძლება ასეთი მოქმედების წესი ჰქონდეს დაფიქსირებული, რომელიც მის ქცევას განსაზღვრავს: თუ ხალხმრავალ საზოგადოებაში ვარ დაპატიჟებული, მაგრამ ჩემი მიზანი მარტო ყოფნაა მაშინ სარწმუნო საბაბს მოვიფიქრებ უარის სათქმელად. მე კონცეფცია ერთგვარი სქემის როლს ასრულებს და გავლენას ახდენს თვითობასთან, საკუთარ პიროვნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამუშავებაზე. როგორც ყოველი სქემა მე კონცეფცია შედარებით სტაბილურია, მაგრამ არა უცვლელი.

თვითშეფასება საკუთარი პიროვნების, საკუთარი მე-კონცეფციის სუბიექტური შეფასებაა. იგი არის პიროვნების მიერ თავისი თავის, საკუთარი შესაძლებლობების, თვისებების და სხვა ადამიანთა შორის ადგილის შეფასება. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ჩვენი თავის გასაგებად ორგვარი მოტივივაცია გვაქვს გვინდა გავიგოთ, შევიცნოთ ჩვენი თავი და არც გვინდა. ჩვენ გვინდა ჩვენი ნამდვილი სახის დანახვა, და ამავე დროს, ხშიერად გვეშინია, რა დაგვხვდება, რას დავინახავთ. ისინიც კი ვინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, აკეთებენ ამას, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ ძალიან ღრმა ფენებს მიაღწევდნენ, რადგან სიტყვები არ ყოფნით მის აღსაწერად. ერთ-ერთი მიზეზი, რაც იწვევს ამ მერყეობას, არის განსხვავება იმაში, როგორ აღვიქვამთ ჩვენს თავს და როგორ აღვიქვამთ სხვას. ჩვენს სოციალურ გარემოში ჩვენ სხვას აღვიქვამთ, იმის მიხედვით, თუ როგორ გვეძლევიან ისინი ჩვენ. ხშირად ჩვენ „ვმკითხაობთ", იმის სესახებ, თუ რა დევს ამ სოციალური პორტრეტის მიღმა. უმრავლესობა ადამიანებისა ცდილობს უკეთესად მოაჩვენოს სხვას თავი. ჩვენი საკუთარი თავის შეცნობისას კი ცოდნა ნაკლებად არის გაფილტრული, ეს არის ნედლი მასალა ჩვენს შესახებ. ამრიგად, ჩვენ გამუდმებით ვხედავთ სხვების გაფილტრულ სახეს და ვადარებთ ჩვენ ნედლ, გაუფილტრავ, შეუნიღბავ სურვილებს და ცუდ აზრებს.

რატომ არის თვითშეფასება მნიშვნელოვანი?

თვითშეფასება დაახლოებით იგივეა პიროვნებისთვის, რაც ხერხემალი სხეულისთვის.
თვითშეფასების სწორად ჩამოყალიბების შემთხვევაში ბევრი სირთულის თავიდან აცილებას შევძლებდით. ამდენად, კარგი იქნება, თუ ნებისმიერი აღმზრდელი, პედაგოგი და მშობელი მიიღებს საჭირო ინფორმაციას თვითშეფასების, მისი სახეებისა და ჩამოყალიბების პირობების შესახებ.
თვითშეფასება პიროვნების ცენტრალური წარმონაქმნია და მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წრმოადგენს. იმ ფაქტორთა შორის, რომლებიც განსაზღვრავს პიროვნების ფორმირებას, თვითშეფასებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის, თუ როგორი პიროვნება დადგება ამა თუ იმ ბავშვისგან მომავალში, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, როგორი თვითშეფასება გამოუმუშავდება მას. ბავშვებს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უყალიბდებათ და უვითარდებათ თვითშეფასება – საკუთარი შესაძლებლობებისა და თვისებების შეფასების უნარი, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს მათ ქცევას. ყველა ასაკის ბავშვისთვის ქცევის მოტივაციური მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ თვითშეფასებასა და შეფასებას შორის კონფლიქტის დროს ქცევის წამყვან მოტივად თვითშეფასება იქცევა.
თვითშეფასება შეიძლება იყოს ადეკვატური და არაადეკვატური. არაადეკვატური თვითშეფასება, თავის მხრივ, არადეკვატურად მაღალი ან არაადეკვატურად დაბალია.
არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასება
არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვი გაზვიადებით აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, რის გამოც სისტემატურად განიცდის მარცხს, ხშირად მოსდის კონფლიქტი ირგვლივ მყოფებთან. ყოველივე ამის გამო ირღვევა ბავშვის პიროვნების განვითარების ჰარმონიულობა. განსვლა ბავშვის თვითშეფასებას, პრეტენზიების დონესა და მის რეალურ შესაძლებლობებს შორის ხშირად იწვევს მწვავე ემოციურ განცდებს. სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვანაირად რეაგირებს იმ დაბრკოლებებზე, რომლებიც ხვდება საკუთარი შესაძლებლობების არაადეკვატური შეფასების გამო.
არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება
არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში ბავშვი სათანადოდ არ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. ასეთი თვითშეფასების მქონე ბავშვისთვის დამახასიათებელია გაუბედაობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შემართების უქონლობა, რის გამოც განვითარების პროცესში შესაძლოა სრულად ვერ გამოამჟღავნოს საკუთარი შესაძლებლობები, ვერ მოახდინოს მათი სრული რეალიზება. ასეთი ბავშვი ძალიან ხშირად უარს ამბობს მასწავლებლის წინადადებაზე, მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადაში, კონფერენციაში ან ნებისმიერ სხვა ღონისძიებაში იმ მოტივით, რომ თავს ვერ გაართმევს დავალებას. თუმცა უმეტესად ყოველგვარი მონაცემი აქვს აღნიშნულ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად. მაღალი შეფასების მიღებისას ასეთ ბავშვს ხშირად ჰგონია, რომ ნიშანი მოუმატეს. სინამდვილეში, არცთუ იშვიათად, ასეთ შემთხვევაში შეფასება სავსებით ობიექტურია.




0
409
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბროლაძე
მარიამ ბროლაძე
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0