x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ომი რუსთაველის პროსპექტზე (მეოთხე ნაწილი)
დრო გადიოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ომი დიდი ხნის დაწყებული იყო. ჩიტაძის ქუჩაზე, მაშინდელი უშიშროების სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს, ერთი გოგო, ხათუნა თუხარელი გავიცანით, რომელიც იქვე ცხოვრობდა. ხანდახან მასთან შევდიოდით ხოლმე და დაღლილები ცოტას ვისვენებდით, ხან ჩაის აგვიდუღებდა ხათუნა, ხან ყავას. მას შემდეგ არსად შემხვედრია, დიდი მადლობელი ვარ ხათუნასი. იმ უბედურების ჟამს დასავით გვედგა მხარში.

რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, იმ დღეს შვეულმფრენმა გადაგვიფრინა და მთავრობის სახლის შუაში ბენზინით სავსე ცეცხლმოკიდებული დიდი კასრი ჩამოაგდო. როგორც კი მიწაზე დაეცა, კასრი აფეთქდა და რამოდენიმე მებრძოლი მძიმედ დაშავდა. რუსთაველის პროსპექტზე სამი ჯავშანტრანსპორტიორიც გამოჩნდა, ხან საიდან შემოგვიტევდა და ხან საიდან. "ომონში" მსახურობდნენ ავღანეთში ნაბრძოლი ბიჭები, რომლებმაც "მუხებით" სამივე ბტრ-1 ააფეთქეს.

მოწინააღმდეგის შტაბი მეცნიერებათა აკადემიაში იყო განთავსებული. რამდენიმეჯერ მივიტანეთ მათზე იერიში, მაგრამ უშედეგოდ. იყვნენ სასტუმრო "თბილისშიც" რომელიც ერთი შეტევის დროს მთლიანად დაიწვა. კედლებიღა იყო დარჩენილი, სასტუმრო საშინელ სანახაობად იქცა. იმ დროს დაიწვა თავისუფლების მოედანზე ბანკის შენობა და მხატვრის სახლი, განადგურდა პირველი საშუალო სკოლა, ბევრი ტყვია მოხვდა ქაშუეთის ეკლესიასაც. ერთი სიტყვით, ირგვლივ ყველაფერი ნადგურდებოდა.

1992 წლის 6 იანვარს დილით 4-5 სააათისთვის შევიტყვეთ, რომ მთავრობა ბრძოლას წყვეტდა და თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გავდიოდით. თავიდან ტყუილი გვეგონა და სიმართლის გასაგებად მთავრობის სახლშI ჩავედით, ინფორმაცია სწორი აღმოჩნდა. ხალხი უკვე ავტობუსებში ჯდებოდა და წასასვლელად ემზადებოდა. იმ დროს ჩვენი ჯგუფიდან დარჩენილი ვიყავით მე, გენადი კვერნაძე, ვეფხვია ბიჩინაშვილი, ალეკო მუხაძე და სერგო ინასარიძე. დანარჩენები ზოგი დაიჭრა და ზოგიც გაგვეპარა. ერთ კაცს მანქანა ვთხოვეთ და იმანაც მაშინვე გაგვატანა თავისი "07" მარკის ჟიგული. მისი სახელი და გვარი დღესაც არ ვიცი. ღმერთმა უშველოს, დიდი დახმარება გაგვიწია. ვეფხვია საჭესთან დაჯდა, ალეკო გვერდით მიუჯდა, მე გენადი და სერგო კი უკან დავსხედით. დაახლოებით 6-ს ნახევრისთვის კოლონა დაიძრა და ჩვენც უკან გავყევით. თავისუფლების მოედანი გავიარეთ და მეტეხის ხიდისკენ დავეშვით. დიდამდე რომ ჩავედით, კოლონა გაჩერდა.რომ ვიკითხეთ მიზეზი, გვიპასუხეს ხიდის მეორე მხარეს პიკეტი დგას და გავლას ვეღარ შევძლებთო. ავტობუსებმა შუა ხიდზე დაიწყეს შემობრუნება. ჩვენც შემოვბრუნდით და ამ დროს სამი მხრიდან ცეცხლი გაგვიხსნეს. ჩვენს მანქანას ჯერი უკანა მხრიდან მოხვდა და მერე რამდენიმეჯერ გადაგვატარეს კიდევ. მანქანა შეხტა და ხიდის ბორდიურს შეასკდა. თავი დავწუნე და სვანურად ჭმინდა გიორგის შველა შევთხოვე (ჯგარ, ისგვა ჰამარჰქა - წმინდა გიორგი, მიშველე). თავი რომ წამოვწიე, ვეფხოს თავი საჭეზე ედო. ამ დროს მარცენა მხრიდან თავის ქალაახდილი სერგო ინასარძე დავინახე. მისი ტვინითა და სისხლით სახე მთლიანად შეღებილი მქონდა. მარჯვენა მხრიდან გენადი კვერნაძე ხრიალებდა. მას 7 ტყვია ყბაში მოხვედროდა და სისხლი თქრიალით მოსდიოდა. ალიკა მუხაძე არსად ჩანდა, საით წავიდა, ვერ გავიგე. სამარისებური სიჩუმე იდგა. ავტობუსები და ერთი საბარგო მანქანა "ზილი" იქვე იყვნენ გაჩერებული. ცოტა ხანში ისევ ატყდა გორგასლის ძეგლიდან სროლა. თან გვიყვიროდნენ, დაგვნებდით, ალყაში ხართ, თორემ ყველას ამოგხოცავთო. ისედაც ამოცოხილები ვიყავით. ვინც გადავრჩით უფალმა გადაგვარჩინა.


გადმოსვლას ვერ ვახერხებდი, ისე იყო მანქანის კარები ჩაცხრილული, ვერაფრით ვაღებდი. როგორც იქნა გენადის მხარეს გავღე და გადავედი. გენადიც გადმოვარდა. ჯიბეში ხელხუმბარა ედო და ამოუვარდა. კიდევ კარგი "შბილკა" არ გამოძვრა, თორემ ჰაერში ავფრინდებოდით. ჩვენ უკან ყვითელი იდგა ჩაცხრილული, შიგნიდან დაჭრილი ხალხის გმინვა და კვნესა ისმოდა. მძღოლი მოკლული იყო. კარების გაღებას ვერ ახერხებდნენ, რომ გადარჩენილები გადმოსულიყვნენ. როგორც იქნა, გავუღე და დაგუბებული სისხლის ნაკადი ავტობუსის კიბეებზე ჩამოიღვარა. გვერდით იდგა "ზილიც" რომლის მძღოლიც მკვდარი იყო, აქაც ბევრი იყო ჩახოცილი და დაჭრილი. ამ დროს მეტეხის მხრიდან ჩვენკენ მომავალი ექვსიოდე კაცი შევნიშნე. გენადის ლ"ლიმონკა" ისევ ხელში მქონდა. რგოლი გამოვაძრე და მოძალადეებს ფეხებთან მივუგორე. "ლიმონკამ" იგრიალა და ისინი აქეთ-იქით გაიფანტნენ. არ ვიცი, ვის რა მოუვიდა. ჩვენკენ აღარავინ წამოსულა. ჩვენს მანქანამდე მივედი, გენადი კვერნაძე ასფალტზე იწვა და ხრიალებდა. ავაყენე და ბორდიურამდე მივიყვანე. მოშვებული და ორმაგად დამძიმებული იყო, ძლივს ვერეოდი. მერე ვეფხიასაკენ მივრბუნდი. ვიფიქრე, იქნებ სასიკვდილოდ არ იყოს დაჭრილი - მეთქი. მძღოლის მხრიდან კარს ვეჯაჯგურე მაგრამ ვერ გავაღე. როგორც მეორე მხრიდან შემოვუარე, ისევ სროლა ამიტეხეს. გვერდზე გავხტი და ავტომატი მოვიმარჯვე. ახლა სამი კაცი მოდიოდა სროლა-სროლით. ავტომატის ჯერ მივუშვი და სამივენი წაიქცნენ. ამ დროს მეორე მხრიდან ხუთმა კაცმა გამოყო თავი. ავტომატი ვესროლე, მაგრამ მხოლოდ სამი ტყვია ყოფილა დარენილი და დავრჩი ცარიელი მოწინააღმდეგის პირისპირ. ამ დროს მეგრული ლაპარაკი მომესმა. თურმე ერთ-ერთი ავტობუსი, რომელიც ზუგდიდისა და სამტრედიის ბატალიონების მებრძოლები ისხდნენ, უფრო ადრე გამოუყვანიათ მწყობრიდან მოწინააღმდეგეებს და ფეხით მოდიოდნენ. მათი დანახვა ძალიან გამიხარდა და გადარჩენის იმედიც მომეცა. მოსულებთან ერთად ავტობუსებიდან დაჭრილები და დახოცილები გადმოვიყვანეთ. ვეფხვია ბიჩინაშვილს ჭრილობები შევუხვიეთ, ოთხი ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა. ხდეა ხოლმე ასეთი სასწაულები. ამ დროს საიდანღაც ყვითელი "იკარუსი" მოვიდა და ვისაც შეგვეძლო, ჩავსხედით. სანამ დავიძვრებოდით, პრეზიდენტის კოლონამაც გამოიარა. ცოტა ხნით შეჩერდნენ, მდგომარეობა გაიგეს და გზა გააგრძელეს. სასწრაფო სამედიცინო მანქანებიც მოვიდნენ და მკვდრები და დაჭრილები წაიყვანეს. ჩვენც ავტობუსით ავლაბრისკენ და შემდეგ პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის გავლით სოგელ ლელიანისკენ წავედით. ამ დროს თავის გადარჩენაზე ვფიქრობდით. ვეფხვიაც ჩვენი ავტობუსით წამოვიყვანეთ. ის მალევე მოვიდა გონზე. სოფელ ლელიანიდან ფეხით გავაგრძელეთ გზა. გზადაგზა ტყეში გაფანტული თანამებრძოლების ნაწილიც შემოგვიერთდა. რაც უფრო ზემოთ მივდიოდით, თოვლი მეტი და მეტი იყო. ბოლოს მუხლებს ზემოთ თოვლში მოგვიქია სიარულმა. უკვე კარგად გათენებული იყო და ჩანდა როგორ ტრიალებდნენ შვეულმფრენები თბილისის თავზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, - ჩვენ გვეძებდნენ ვისაც დაიჭერდნენ, არავის ინდობდნენ. რამ გაამწარა ასე ქართველი ხალხის წინააღმდეგ, დღესაც ვერ გამიგია.image

0
146
1-ს მოსწონს
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0