x
ომი რუსთაველის პროსპექტზე (მეორე ნაწილი)
გათენდა 1991 წლის 22 დეკემბრის დილა. თავისუფლების მოედნის მხრიდან ავტომატი აკაკანდა. ამას მოჰყვა ქაშვეთის ეკლესიის ეზოდან ტყვიამფრქვევის ჯერები და ქვემეხმაც იგრიალა. ასე დაიწყო თბილისის ძმათამკვლელი ომი. იმ დროს ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების პოლკში ვმსახურობდი ასმეთაურად. პოლკი ყოფილ ლესელიძის სახელობის სკოლაში იყო განთავსებული და პოლკოვნკი ლონგი ვარცვანია მეთაურობდა. სხვათა შორის, პოლკი სპეცდანიშნულების იყო და მთავრობის დაცვა ევალებოდა. ამ დროს კი ერთადერთი ავტომატი გვქონდა, რომელიც სასწავლო იყო და შემდეგ გადაკეთებული საბრძოლოდ. ავტომატი მეთაურს ჰქოდა. დანარჩენები ვიდექით შიშველი ხელებით. როგორც სროლის ხმა მოგვესმა, ყველანი შიგნით შევცვივდით. მომიტინგე ღამენათევი ხალხიც შემოგვყვა. სროლა უფრო და უფრო გაძლიერდა. რამდენიმე ავტომატი ჩვენი მხრიდანაც აკაკანდა. იარაღი, ძირითადად, ზუგდიდის ბატალიონის მებრძოლებს ჰქონდათ.

პოლკოვნიკი პონგი ვარცვანია მილიციიდან იყო გვარდიაში გადმოსული და სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა. ამას მოწმობს ისიც, რომ ხუთკაციანი დაცვა დაიყენა. მაშინ, როდესაც პოლკის მეთაურს დაცვა არ ჰყავს. არც გვარდიას სარდალი ლოთი ქობალია იყო სამხედრო საქმის მცოდნე. მან პრეზიდენტის ერთგულებისთვის ორად ორი წოდება მიიღო: მაიორი და პოლკოვნიკი. რიგითი კაცი 3-4 თვეში პოლკოვნიკი გახდა. ეს იყო დიდი შეცდომა. იმ დროს ეროვნული ხელისუფლება საბჭოთა არმიიდან ჩამოსულ პროფესიონალ ოფიცრებს არ ენდობოდა და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დილეტანტებს ნიშნავდა. დაზვერვა და კონტრდაზვერვა არ არსებობდა და თუ იყო, ისიც არაფრის მქონე, ისიც არაფრისმაქნისი. ისე შეაგორეს თურმე ეკლესიის ეზოში ქვემეხი, მთავრობას ინფორმაცია არავინ მიაწოდა. ეს იყო უცოდინრების თანამდებობებზე დანიშვნის შედეგი.

არავის სიძულვილი არ მალაპარაკებს. მე ვიხსენებ ფაქტებს და რაც იყო, ის მინდა ზუსტად გადმოვცე. სხვა არაფერი მამოძრავებს.

საბჭოთა არმიიდან ჩამოვიდნენ და ეროვნული გვარდიის რიგებში ჩადგნენ ისეთი პროფესიონალი ოფიცრები, როგორებიც იყვნენ გუჯარ ყურაშვილი, ავთანდილ ცქიტიშვილი, გია უჩავა, ზაურ უჩაძე და სხვები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაინიშნა შესაფერის თანამდებობებზე. გვარიის გვარდიის სარდალი ლოთი ქობალია იყო და მიდი მოადგილე კი - პოლკოვნიკი გუჯარ ყურაშვილი.


ეროვნული მოძრაობით დაწყებული სამხედრო სამსახურით დამთავრებული უამრავი ადამიანი გავიცანი და თითოეული მათგანის თუ არა, უმრავლესობის შესწავლა მაინც შევძელი. სამწუხაროდ, მათ დიდ ნაწილზე კარგის თქმა არ შემიძლია. სანამ ჩემს მხარდამხარ იბრძოდნენ, ძმობასა და მეგობრობას მეფიცებოდნენ, ხოლო როგორც კი წარმატებას მიაღწიეს, მაშინვე შეიცვალნენ, სხვა ხასიათისა და ზნის ადამიანებად გადაიქცნენ. ბევრ მათგანს მე ვასწავლე ავტომატის სროლა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ოდნავ ჩემზე მაღალ საფეხურებს როგორც მიაღწიეს, მაშინვე ქედმაღლურად ყურება დამიწყეს. მაგრამ მოხდა ისე, რომ ის წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა და მერე ჩვეული ლაქუცი დამიწყეს. ზოგიერთი მათგანი არ გავიკარე, ასეთები მეტის ღირსი არ არიან. ასეთია ჩემი სამართალი და ვისაც უნდა, დამძრახოს, მე ჩემს თავსა და ხასიათს ვერ ვუღალატებ.

დავიბადე პედაგოგის ოჯახში. მამაჩემი 40 წელი სკოლაში მუშაობდა, სკოლის დირექტორი იყო. დედაც მასწავლებელი მყავდა. ჩვენი ოჯახი მორწმუნე იყო და დღესაც ასეა. მართალია, მამა კომპარტიის წევრი იყო, მაგრამ ღვთის სიყვარული ყოველთვის ჰქონდა. ხშირად ასმენდა ზოგიერთი კომპარტიელი რაიონის რაიკომში, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ძალიან მტკიცე და შეუვალი კაცი იყო. მონაწილეობდა 1943 წელს კავკასიონზე ფაშისტი ურდოების წინააღმდეგ ბრძოლებში. სწორედ იქ მიიღეს კომპარტიის რიგებში.

მე და ჩემს და-ძმას მშობლები გვასწავლიდნენ, რომ სამშობლო დაგვეცვა და ღმერთი გვეწამა. ამ რწმენით მოვედი დღემდე და ასე გავაგრძელებ ცხოვრებას ჩემს სამ შვილთან ერთად.

როგორც ვთქვი, ზარბაზანი ისე შეაგორეს ოპოზიციონერმა მეამბოხეებმა ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, რომ ჩვენ ვერაფერი გავიგეთ. როგორც ზემოთ ვთქვი, ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების შემადგენლობას მხოლოდ ერთადერთი, ისიც საბრძოლველად გადაკეთებული სასწავლო ავტომატი ჰქონდა. ამ დროს პოლიტიკური ორგანიზაცია "მრგვალი მაგიდის" წევრების დიდ ნაწილს სრული შეიარაღება ჰქონდა, დაწყებული ავტომატებით დამთავრებული პისტოლეტებით. რატომ, დღემდე ვერ გამიგია. კარგად იყო შეიარაღებული შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი - "ომონი", რომელშიც დაახლოებით 50 კაცი შედიოდა, ძირითადად, სპორტსმენები და ავღანეთის ომგამომვლილები. სხვებთან შედარებით, ეს რაზმი საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენდა. მათი ნაწილი თბილისის შემდეგ აფხაზეთში დაიღუპა. მებრძოლი და პატრიოტი ბიჭები იყვნენ.

ომის დაწყებიდან გავიდა 3 დღე. ეროვნული გვარდიის ნაწილები, ახალშექმნილი შინაგანი ჯარი, მოხალისეთა ლაშქარი და კიდევ ვინ იცის, ვინ, ბუნკერში ვიყავით, გარედან ოთხივე მხრიდან ცეცხლის ალში გახვეული. პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ჩვენთან იყვნენ. დრო გადიოდა, ზარბაზნის გრიალი კი არ ცხრებოდა. როგორც ჩანს, ზარბაზანთან ვინც იდგნენ, ან უცოდინრები იყვნენ, ან მთვრალები. ქაშვეთის ეკლესიიდან პარლამენტის დაახლოებით 100 მეტრი თუ იქნება და რამდენიმე ჭურვმა შენობას თავზე გადაუფრინა და მთაწმინდის მოსახლეობის სახლებს ხანძარი გაუჩნდა.

(გაგრძელება იქნება)image

3
208
4-ს მოსწონს
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
208
  
2017, 2 თებერვალი, 15:04
არ გედავებით ბატონო მაიზერ, განმარტების სახით დავდე.
2017, 2 თებერვალი, 9:51
მე რაც ვიცი, იმას ვწერ.შენიშვნებს ვღებულობ და ეს არ არის ჩემთვის პრობლემა.ყველას თავისი აზრი აქვს, მე მხოლოდ იმას ვწერ, რაც ჩემი თვალით ვნახე და უშუალოდ ვმონაწილეობდი.ეს გაგრძელდება 2008 წლამდე.
2017, 1 თებერვალი, 17:40
გია უჩავაზე გენერალი დუმბაძე ღიად წერს: ეს კაცი ჩვენ შევაგზავნეთ აგენტად ეროვნული გვარდიის გამსახურდიას ერთგულ ნაწილშიო.
ბესო ქუთათელაძეზეც იტყვით იმედია ორიოდე სიტყვას, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სამხედრო გადატრიალება, არა აქვს მნიშვნელობა ზვიადი იქნებოდა თუ გრიშა, ნებისმიერს ვინც პრო ქართულ პოლიტიკას გაატარებდა იგივე ბედი ელოდა.
ლოთი არ იყო პროფესიონალი სამხედრო, მაგრამ სამაჩაბლოში თავი არ დაუზოგავს ორივე შვილი წინა ხაზზე ჰყავდა.
სამწუხაროდ ის მაღალჩინოსნები ვისაც ენდო და თანამდებობეზე დანიშნა გამსახურდიამ ადრევე იქნა მოსყიდული ან გამორჩენის გამო უღალატეს პრეზიდენტს.
0 1 3