x
სოხუმიდან დევნილი პედაგოგის შემზარავი ისტორია (გაგრძელება)
ერთ-ერთმა ნაცნობმა იმ თვითმფრინავიდან მაიკო მომიყვანა. თურმე წინა თვითმფრინავი ჩამოვარდნილიყო. ბავშვს ახსოვდა, რომ დეიდა ჰყავდა გლდანში, სხვა მისამართი არ იცოდა. ამ ქალსაც კორპუსკორპუს დაჰყავდა და იძახოდა თურმე, სადმე სოხუმელი ხომ არ ცხოვრობსო. მაშინ ხომ ყველა ქუჩაში იყო გამოსული და ერთმანეთს ეხმარებოდა. იმ საღამოს ხელმეორედ დავიბადე. სიხარულისგან ვღრიალებდით. მაშინ ვიწამე ღმერთისარსებობა. მანამდე ურწმუნო ვიყავი. ეს სამივე ბავშვი რომ მოვაგროვე, უკან რაც დამრჩა, იმაზე არც ვდარდობდი. რომ იქ ქმარი მყავდა და ქმრის დედა, რომ ორი სახლი დავტოვე, ეს ყველაფერი წამეშალა მეხსიერებიდან. მერე, 2-3 დღის შემდეგ, რა თქმა უნდა, ისინიც გვადარდებდა.

სოხუმი დაეცა. ხალხი ჩამოვიდა. ჩემი ქმარი და დედამთილი - არა. მომიტანეს ამბავი, რომ სვანეთის რომელიღაც სოფელში უნახავთ. როცა ჩემი ოჯახი მოგროვდა, იმ მომენტში კოვზიც კი არ მქონდა, მაგრამ დებმა დაიკლეს და ჩვენ არ გვაგრძნობინეს სიდუხჭირე. დასთან დავრჩით.

მახსოვს, საოცარი სურვილი გამიჩნდა, მივსულიყავი ეკლესიაში. უფლისადმი დიდი რწმენით განვიმსჭვალე. არადა, სოხუმში როცა ვცხოვრობდით, მე და ჩემი დედამთილი ორივე ერთნაირად ვიყავით შეწუხებულები იმის გამო, რომ ჩემი ფიზიკოსი მეუღლე, რომელიც მეცნიერმუშაკად მუშაობდა, ეკლესიაში გალობდა. მიუხედავად ჩვენი წინააღმდეგობისა, ის მაინც აგრძელებდა იქ სიარულს. იმდენად ურწმუნოები ვიყავით, რომ ეს დადებით მოვლენად არ მიგვაჩნდა. აქ რომ ჩამოვედი, მადლობა ვუთხარი უფალს და არც მაშინ და არც ახლა მატერიალურზე აღარ ვდარდობ. მე თუ დღეს რამეს წარმოვადგენ, ეს ღვთის ნებითაა. თბილისში დიდი განცდები მქონდა, ქალაქს არ ვიცნობდი. სოხუმში მე-17 საშუალო სკოლაში ვასწავლიდი. დაწყებითების პედაგოგი ვიყავი. თბილისში მე-14 საჯარო სკოლაში რომ შევიყვანე ჩემი შვილები, ისე მოხდა, რომ დაწყებითების პედაგოგი საზღვარგარეთ წავიდა. მე, როგორც სხვა ბევრი დევნილი, რეზერვში ვიყავი ამ სკოლაში და საზღვარგარეთ წასული პედაგოგი შევცვალე. სამ თვეში კი მივიღე ახალი თანამდებობა და გავხდი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. ღვთის ნებით, დღესაც ამ სკოლაში ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე.

მეგობრებმაც არ იციან იმის შესახებ, თუ რა გადავიტანე. ის, რაც თქვენ გითხარით მათთვის არასდროს მომიყოლია. რაც დრო გადის, მით უფრო მადლობელი ვარ უფლის. მახსოვს, ჩემი შვილები მთელი წელი არ იცინოდნენ. როგორც სოხუმში, ისე აქაც გავაგრძელებინე სწავლა, მუსიკა, ცეკვა. სამივემ სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. რეპეტიტოტებთან არც ერთი არ მომიმზადებია. მე მათემატიკა და ქართული ვიტვირთე, მეუღლემ - ფიზიკა და წარმატებით ჩააბარეს. სამივემ კონკურსებით იშოვა სამსახური. მაიკო გათხოვდა და დღეს ორი შვილის დედაა.


თქვენ ისიც გაინტერესებთ, თუ როგორ გავხდი ეკლესიის მრევლი. ეს დიდხანს ვერ გადამეწყვიტა, თუ ვინ იქნებოდა ჩემი მოძღვარი. ბევრგან მივსულვარ, დავსწრებივარ წირვას, მომისმენია მოძღვრის ქადაგება, მაგრამ რატომღაც ვერც ერთთან გავბედე მიახლოება. მამა მიქაელი დიდ ენერგიას მაძლევს. ისეთი ბუნების ადამიანია, რომ ზოგჯერ ვფიქრობ - შვილებზე მეტად ხომ არ მიყვარს-მეთქი. დადებითი აურა აქვს. ქუჩაში, როცა საფულეს დაკარგავენ, ან ვიღაცას ჩანთას წაართმევენ და ამის გამო ყვირიან. წუხან, მიკვირს, ჩემთვის იმდენად უკანა პლანზე გადავიდა მატერიალური. ზოგჯერ მეტყვიან ხოლმე ჩემები, რაღაცა ხომ არ დაგერღვაო. ალბათ პროფესიაც მეხმარება ამაში. არასოდეს ვფიქრობ იმაზე, რომ მცირე ხელფასი მაქვს. სიზამრაცეს ვერ გამოვურევ და ბავშვებს ვერაფერს დავაკლებ.

(დასასრული)image

0
126
2-ს მოსწონს
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0