x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ჯვარი ვაზისა - წმიდა ნინოს ცხოვრება (ნაწილი2)
image


***

შემკრთალმა პატრიარქმა ნინოს მიმართა"

- ნეტარ ხარ, თუ წესად დაიდებ, ემსახურო მოყვასთა შენთა. სიკეთე, სათნოება და სიყვარული ქრისტიანობის სამკაულია. არანაირი შრომა არ არის ადამიანისათვის დამამადლებელი. მხოლოდ მავნებელი აზრი ხდის ადამიანს სულმოკლესა და ცოდვილს.


მაშინ ნინომ პატრიარქს ჰკითხა:

- კურთხეულო პატრიარქო, ვიცი, ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მის სამოსელზე წილი იყარეს... მინდა ვიცოდე, სად ვეძიო სამოსელი უფლისა. ცხოვლისმყოფელი ჯვრის შესახებაც მინდა მაუწყოთ ცოტა რამ.

-იცი, ალბათ, საუფლო კვართი, წილისყრის დროს, მცხეთელ ურიებს ხვდათ წილად. ტილო და სუდარა პეტრე მოციქულმა და მენელსაცხებლე დედებმა წაიღეს, ხოლო ჯვარი შურით გაბოროტებულმა ურიებმა დაფლეს მიწაში.

-მცხეთელ ურიებს? სად ვეძებო მე ეგ ქვეყანა, არ ვიცი, მამაო.

- ჩრდილოეთით არის ქვეყანა ივერია, სამკვიდრებელი წარმართთა. ამ ქვეყნის სამეფო ქალაქია მცხეთა. ეს რამდენიმე დღეა, იერუსალიმში წმინდა ადგილების თაყვანსაცემად, მოწყალების დასარიგებლად ერთი დიდებული დედაკაცი ჩამოვიდა. ახლა იგი, წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ, შინ ბრუნდება. იმას გაგაყოლებ, შვილო ჩემო, მერე კი განაგრძე ის გზა, რომელზედაც უფალი წარგიძღვება.

პატრიარქმა ნინო საკურთხევლის აღსავალთან მიიყვანა, ხელები მხრებზე დააწყო და დალოცა:

- უფალო ღმერთო, შემოქმედო ყოველთა ხილულთა და უხილავთა, მპყრობელო ყოველთა საუკუნეთაო, შემოგავედრებ ჩემს დისწულს, რომელიც ღვთისმშობელმა დედამ აირჩია შენი ღვთაებრიობის საქადაგებლად და შენი წმინდა აღდგომის მახარობლად. წარუძეხ, სადაც შენმა სახიერებამ ისურვოს, იყავი მისი კეთილისმყოფელი და მეგზური, მტრის ყოველგვარი სივერაგისაგან დამცველი და მფარველი. შეზღუდე იგი შენი წმინდა სულით, რათა ასპიტთა და იქედნეთა შორისაც უშიშრად ვიდოდეს, მოუთხრობდეს შენს ღვთაებრივ ჭეშმარიტებას, რამეთუ დიდებულ ხარ უკუნისამდე!

შენ, ყოვლად წმინდა დედოფალო ღვთისმშობელო, დაიცავი შენ მიერ ღვთის სადიდებლად გამორჩეული მსახური შენი. წარუძეხ, საითაც გსურდეს, რადგან შენც ურიცხვ წყალობაზე მინდობით ვგზავნი მას შენივე სურვილისამებრ!

პატრიარქი ნინოს მიუბრუნდა:

- მოდი, შვილო, გაზიარო. მარად გახსოვდეს: ყოველი ქრისტიანი უნდა ეზიაროს, რათა სულიერად განიწმინდოს, ყოველი ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, თანდათან უმჯობესი შეიქმნეს ლოცვით, მარხვითა და ზიარებით.

ღვთისმშობელმა ეგზომ დიდ საქმეთა შესრულება დაგავალა, შვილო ჩემო. წადი, პირნათლად ემსახურე წმინდა საქმეს. დიდი ღირსებაა ადამიანთა ღვთის გზაზე დაყენება. ქრისტიანობა ერთადერთი მოძღვრებაა სიკეთეს რომ ქადაგებს ქვეყანაზე. დალოცვილ იყოს შენი ყოველი ნაბიჯი, შენი ყოველი სიტყვა!

პატრიარქმა ჯვარი გარდასახა ნინოს, აკურთხა.

ნინო დაემშვიდობა პატრიარქს. უკანასკნელად ჩაეკრა გულში დედას და სამუდამოდ გამოეთხოვა.... (გაგრძელება იქნება)

0
25
6-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0