x
ფიცი, როგორც სასამართლო მტკიცებულება ძველ ქართულ სამართალში.

ფიცი როგორც სასამართლო მტკიცებულება თითქმის ყველა ხალხის სამართალწარმოებისთვისაა ცნობილი. უძველესი დროიდან გვიანშუასაუკუნეებამდე პერიოდში. გამონაკლისი არც საქართველოა. მას ძველი ქართული სამართლის არაერთ ძეგლში ვხვდებით, ვახტანგის სამართლის წიგნი კი მას პირველხარისხოვან მტკიცებულებად აღიარებს, თუმცა იქვე აკეთებს კანონმდებელი მეფე დათქმას, რომ მოსამართლეები მოერიდონ ფიცით საქმის გადაწყვეტას და მხოლოდ მაშინ გამოიყენონ, როცა სხვა მტკიცებულება არ იქნება ან საეჭვოდ მიიჩნევენ მათ.
„ფიცის დადება“ განსაზღვრული რიტუალების დაცვით უნდა ჩატარებულიყო, ფიცის ფორმულას, ე.ი სიტყვებს, რომლებიც დამფიცებელს უნდა წარმოეთქვა დაფიცებისას, სასამართლო განსაზღვრავდა. ფიცის ფორმულის შინაარსი საქმის არსიდან გამომდინარეობდა, დამფიცებელი ფიცით ადასტურებდა ან უარყოფდა რაიმე კონკრეტულ ფაქტს, უმეტესად იფიცებდნენ ოჯახის წევრებს, ჩამომავლობას და მშობლებს. ფიცის რიტუალი ეკლესიაში ან ხატზე ტარდებოდა, ხატისა თუ ეკლესიის არჩევა მომჩივნის ან მოსამართლის პრეროგატივა იყო. ფიცი თანამოფიცრებს უნდა დაედასტურებინათ: „მართლა ფიცა, მაგისმა მადლმაო“ სიტყვებით. ხალხის რწმენით ტყუილად დამფიცებელსა და მის ახლობელს ღვთის საშინელი რისხვა დაატყდებოდა თავს.
კანონმდებელი განსაზღვრავდა იმ პირთა წრეს, რომელთაც არ შეიძლება ფიცი დაკისრებოდათ, მათ მიერ ფიცის მნიშვნელობის გაცნობიერების შეუძლებლობის გამო, ან იმის გამო, რომ ფიცი არ სწამდათ. ვახტანგის სამართლის წიგნის 1471-ე მუხლით ფიცი არ შეიძლებოდა დაკისრებოდა ჭკუასუსტს, უასაკოსა და ფიცის ურწმუნოს, ამასთან ვახტანგის სამართლის წიგნი გამორიცხავს ქალის ფიცსაც. მის ნაცვლად მოსამართლეს ახლობელი მამაკაცი უნდა დაესახელებინა - ძე, შვილი, სიძე, რომელთაც უნდა დაეფიცათ ქალის ნაცვლად.
პროცესში მონაწილე მხარე იშვიათად იფიცებდა მარტო, მოდავე მხარის ფიცით გასამაგრებლად, უმრავლეს შემთხვევაში, მასთან ერთად უნდა დაეფიცა თანამოფიცარს, თანამოფიცარი მოდავე მხარის ფიცით დამხმარედ მიიჩნეოდა.
თანამოფიცარი ორი სახის იყო, მიუხედავად მათი შინაარსობრივი და ფუნქცური დატვირთვისა სხვადასხვა სახელწოდებითაა მოხსენიებული სხვადასხვა სამართლებრივ ძეგლებში, „შეგდებული“ და „შეუგდებელი“ ვახტანგის სამართლის მიხედვით ხოლო ბექა აღბუღა თავის სამართლის წიგნში თანამოფიცრებს „დასახელებულს“ და „დაუსახელებელს“ უწოდებს. „შეგდებული“ და „დასახელებული“ თანამოფიცარი არის ის, რომელსაც ასახელებს მომჩივანი, სავალდებულოდ ხდის მას ბრალდებულისათვის, ხოლო „შეუგდებელი“, „დაუსახელებელი“ ისაა, რომელსაც ირჩევს ბრალდებული (მოპასუხე). „შეგდებული „ თანამოფიცრის დასახელება მომჩივნის უფლება იყო, ხოლო მათი დაყოლიება დაფიცებაზე მოპასუხის მოვალეობა. თანამოფიცრად დასახელებული პირი შეიძლება ყოფილიყო თავადი, აზნაური, მსახური ან გლეხი.
თუ შეგდებული თანამოფიცრები ერთობლივად განუცხადებდნენ მოპასუხეს ვერ დავიფიცებთო, მოპასუხე საქმეს აგებდა, შეუგდებელ, დაუსახელებელ თანამოფიცრებს თვითონ მოპასუხე არჩევდა სხვათა ჩაურევლად.
სოციალურად თანამოფიცარი შესაძლოა ყოფილიყო მოფიცრის ახლობელი, მისდამი დაქვემდებარებული პირი. მაღალი სოციალური მდგომარეობის პირის, ვთქათ თავადის თანამოფიცრები შესაძლოა ყოფილიყვნენ მის გამგებლობაში მყოფი პირები. ზოგ შემთხვევაში სავალდებულო იყო თანამოფიცრად გარეშე პირი ყოფილიყო დასახელებული. ვახტანგის სამართლის წიგნის მე-10 მუხლში სწორედ ასეთი თანამოფიცრის თვისებებია ჩამოყალიბებული. ამ მუხლით შეგდებული, გარეშე თანამოფიცარი უნდა ყოფილიყო დამფიცებლის საკადრისი, ტოლი, მისი არც მტერი და არც მოყვარე (დაინტერესებული პირი), არც ერთი მხარის ბატონის ყმა, მისივე ხეობის მცხოვრები. თუმცა ზოგიერთ საქმეზე თანამოფიცარი საქმეში კარგად გარკვეული პირი
უნდა ყოფილიყო.
ვახტანგ VI ის სამართლის წიგნის მიხედვით თანამოფიცართა რაოდენობა დამოკიდებული იყო საქმის მნიშვნელობასა და თანამოფიცართა სოციალურ მდგომარეობაზე.
ის გარემოება, რომ ფიცი, როგორც მტკიცებულება, გამოიყენებოდა მხოლოდ მაშინ როდესაც სხვა მტკიცებულება არ იყო (ან საეჭვო იყო), აგრეთვე თანამოფიცართა რიცხვის შემცირების ტენდენცია და ამ რიცხვის განსაზღვრის უფლების მოსამართლეებისადმი მინიჭება, ქალაქში თანამოფიცრის ინსტიტუტის არარსებობა მეტყველებს ფიცისა და თანამოფიცრის ინსტიტუტის კრიზისზე. ნელ - ნელა ყალიბდებოდა სასამართლო მტკიცებულებათა უფრო მაღალგანვითარებული სისტემა, რომლის მიხედვითაც ფიცი და თანამოფიცარი თნდათან კარგავდა პირველხარისხოვანი
მტკიცებულების მნიშვნელობას.

image

0
212
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ მჭედლიშვილი
თამარ მჭედლიშვილი
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0