x
საქართველოს კუდოს ფედერაციის წევრებმა საკვალიფიკაციო ატესტაცია ჩააბარეს

image


15 იანვარს თბილისში დასრულდა ერთკვირიანი სემინარი ქართველი კუდოისტებისთვის, რომელსაც უძღვებოდა მოწვეული ინსტრუქტორი, შავი ქამრის მფლობელი დენის სინიუტინი. სემინარის დასრულების შემდეგ მან საქართველოს კუდოს ფედერაციის წევრებს ატესტაცია ჩაუტარა და შესაბამისი დონის თანრიგები – „კიუები“ მიანიჭა.

სემინარები სპორტულ კლუბ „ფიტნეს 31–ში“, დღეში ორჯერ ტარდებოდა და საბრძოლო ხელოვნება „კუდოს“ შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. პირველ დღეს ქართველ კუდოისტებთან ერთად იაპონელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში – სატოში იშიმაც ივარჯიშა. სპორტსმენებთან ერთად, მასტერკლასებს ესწრებოდნენ ფედერაციის ხელმძღვანელებიც.

სემინარის დასრულების შემდეგ, კუდოს წესების შესაბამისად, საკვალიფიკაციო ატესტაცია ჩატარდა. დენის სინიუტინმა თითოეული სპორტსმენის მომზადების დონე ინდივიდუალურად შეამოწმა და მათ შესაბამისი დონის თანრიგები – „კიუები“ მიანიჭა.

– „ქართველი სპორტსმენები ფიზიკურად და მორალურად ძალიან ძლიერები არიან, კუდო ძალიან მრავალფეროვანი ორთაბრძოლაა, თუმცა იმას, რასაც ქართველი მებრძოლები ფლობენ, გაკვეთილზე ვერ ასწავლი. მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა“ – აღნიშნა დენის სინიუტინმა.

– „კუდოში ვარჯიში ერთი თვის წინ დავიწყე. მე–8 კიუ მომენიჭა და ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა თანრიგოსანი ვარ“ – განაცხადა 11 წლის გიორგი კვიციანმა.

აღსანიშნავია, რომ ეს სემინარი ქართველი მებრძოლებისთვის პირველი არ ყოფილა. შარშან თბილისში იმყოფებოდნენ რუსეთის კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი – რომან ანაშკინი, ვიცე–პრეზიდენტი – ვლადიმირ ზორინი და მთავარი მწვრთნელი ანატოლი ფილიპოვი. მათ ქართველი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის ორკვირიანი მასტერკლასი ჩაატარეს. საქართველოს კუდოს ფედერაცია, სპორტსმენების გადამზადების მიზნით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:GEO NEWS
GEO NEWS
43