x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ფერის სიმბოლიკა
ფერის სიმბოლიკას დიდი ისტორია გააჩნია. ხალხი უხსოვარი დროიდან ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას „ფერთა ენის“ ამოკითხვას, რაც აისახა უძველეს მითებში,
ზღაპრებში, სხვადასხვა რელიგიურ და მისტიურ სწავლებებში. 7 ფერი შეესაბამებოდა 7 პლანეტას. წითელი-მარსის ფერი, ლურჯი-ვენერის, ყვითელი-მერკურის, მწვანე-სატურნის, მეწამული-იუპიტერის, ნარინჯისფერი-მზის, ხოლო იისფერი-მთვარის ფერი. ეს ფერები სიმბოლურად გამოხატავდა არა მხოლოდ პლანეტებს, არამედ ხალხის სოციალურ ვითარებას, მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ეს ვლინდებოდა ტანსაცმლის გარკვეული ფერების შერჩევაში, ხალხურ გამონათქვამებში, რიტუალებსა და ა.შ. სხვადასხვა ხალხს ჩამოუყალიბდა ფერების გარკვეული სიმბოლიკა, რომელმაც ჩვენს დღემდეც მოაღწია.

image წითელი ფერი უპირველეს ყოვლისა ასოცირდება სისხლსა და ცეცხლთან.
მისი სიმბოლური მნიშვნელობები მრავალგვარი და ხანდახან, ერთმანეთის გამომრიცხავიცაა. წითელი გამოხატავს სიხარულს, სილამაზეს, სიყვარულს და სიცოცხლის ხალისს, თუმცა, მეორეს მხრივ-მტრობას, შურისძიებას, ომს. წითელი ფერი ოდითგანვე უკავშირდება აგრესიულობას.
წითელი ასევე გამოხატავს ძალაუფლებას, დიდებას. ბიზანტიაში მხოლოდ იმპერატორ ქალს ჰქონდა წითელი ჩექმის ტარების უფლება. ზოგიერთი ხალხისთვის წითელი ასოცირდება სამხრეთთან, ალსა და სიცხესთან.


თეთრი ფერი გამოხატავს სისუფთავეს, სიწმინდეს, უმანკოებას, სათნოებას,
სიხარულს. ის ასოცირდება დღის სინათლესთან. სითეთრესთან დაკავშირებულია წარმოდგენა ნათელზე, საყოველთაოდ მიღებულზე, კანონიერსა და ჭეშმარიტზე.
უძველესი დროიდან თეთრ ფერს ჰქონდა ამქვეყნიური სამყაროსგან განცალკევების, სულიერი უბრალოებისკენ სწრაფვის მნიშვნელობა. ქრისტიანულ ტრადიციაში თეთრი ფერი აღნიშნავს კავშირს ღვთიურ სინათლესთან. თეთრში გამოიხატება ანგელოზები, წმინდანები. ზოგიერთ ხალხთან თეთრ ტანსაცმელში იმოსებოდნენ მეფეები და მღვდლები, რაც სიმბოლურად გამოხატავდა დიდებასა და ზეიმურობას.
თუმცა, თეთრი ფერი იღებს საწინააღმდეგო მნიშვნელობასაც. თავისი ბუნებით ის თითქოს შთანთქავს ყველა დანარჩენ ფერს და უკავშირდება სიცარიელეს, გამყინავ დუმილს და საბოლოოდ-სიკვდილს. აფრიკის და ავსტრალიის ზოგიერთ ტომთან მიღებულია გარდაცვლილი ახლობლის სხეულის თეთრად შეღებვა. ჩინეთში, აზიისა და აფრიკის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში თეთრი გლოვის ფერია.

image შავი ფერი, როგორც წესი, უბედურების, გლოვის, სიკვდილის სიმბოლოა.
ძველ მექსიკაში ადამიანის მსხვერპლშეწირვის რიტუალის დროს მღვდლის სახე შავად იყო შეღებილი. შავი თვალები ახლაც ითვლება სახიფათოდ და შურით აღსავსედ. შავში არიან შემოსილნი ავისმომასწავებელი პერსონაჟები, რომელთა გამოჩენაც სიკვდილის მოახლოებაზე მიგვითითებს.
არაბებთან გამოთქმა „თვალების სიშავე“ აღნიშნავს სატრფოს, „გულის სიშავე“ სიყვარულს.
აქედან გამომდინარე, შავს შესაძლოა გააჩნდეს დადებითი მნიშვნელობაც. იგი ასეთ მნიშვნელობას ატარებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა აფრიკის ზოგიერთი რეგიონი, სადაც წყლის უკმარისობაა და შავი ღრუბლები სიუხვესა და ნაყოფიერებას მოასწავებს. მფარველ სულებს, რომლებიც აგზავნიან წვიმას, მსხვერპლად სწირავენ შავ ხარს, თხებს ან ფრინველებს, მღვდლებიც ამავდროულად შავ ტანისამოსში არიან შემოსილნი.



ყვითელი არის ოქროს ფერი, რომელიც უძველესი დროიდან აღიქმებოდა,
როგორც „გაშეშებული“ მზის ფერი. ეს არის შემოდგომის, მომწიფებული თავთავების, ჩამომაჭკნარი ფოთლებისა და ამავდროულად ავადმყოფობის, სიკვდილისა და იმქვეყნიური სამყაროს ფერი.
ბევრ ხალხთან ქალები უპირატესობას ანიჭებდნენ ყვითელ ფერს. ყვითელი ფერი არც თუ ისე იშვიათად გამოიყენებოდა, როგორც განმასხვავებელი ნიშანი გამოჩენილი პიროვნებების და მაღალი კლასებისა. მაგალითად, მონღოლი ლამები ატარებენ ყვითელ
ტანსაცმელს წითელი ქამრით.
მეორე მხრივ, ზოგიერთი ხალხისთვის ყვითელი არის გლოვის, მწუხარების ფერი. ევროპაში ყვითელი ან შავ-ყვითელი დროშა აღნიშნავდა კარანტინს, ხოლო ყვითელი ჯვარი-შავ ჭირს. image

სლავებთან ყვითელი ფერი ითვლება ეჭვიანობისა და ღალატის ფრად, ტიბეტში კი ეჭვიანობას ეძახიან „ყვითელ თვალს“. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ "ყვითელი პრესა“.


ლურჯი ბევრ ხალხთან ასოცირდება ცასთან და უსასრულობასთან. იგი შესაძლოა ასევე იყოს სიმბოლო სიკეთის, ერთგულების, სიმტკიცის. ჰერალდიკაში აღნიშნავს პატიოსნებას, ღირსებას, ერთგულებას. „ცისფერი სისხლი“ მიუთითებს კეთილშობილურ წარმომავლობაზე.
გარდა ამისა, ლურჯი ფერი ახლოს არის შავთან და მის მსგავს სიმბოლურ მნიშვნელობებს იღებს. ძველ ეგვიპტესა და სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ხალხთან
გლოვის ფრად ითვლებოდა. საფრანგეთში თავზარს, ძლიერ შიშს „ლურჯ შიშს“ ეძახიან (გავიხსენოთ ზღაპარი „ლურჯწვერა“). სლავებთან ლურჯი ასოცირდებოდა უბედურებასთან, მწუხარებასთან, ჯოჯოხეთურ სამყაროსთან. ძველ გადმოცემებში
აღწერილია შავი და ლურჯი ბოროტი სულები. image


მწვანე არის ბალახისა და ფოთლების ფერი. არაერთ ხალხთან მწვანე გამოხატავს ახალგაზრდობას, იმედს, მხიარულებას, თუმცა, აგრეთვე-უმწიფრობას, არასაკმარის სრულყოფილებას. მწვანე ფერი მოქმედებს დამამშვიდებლად, მაგრამ ასევე შეუძლია წარმოქმნას მძიმე, დეპრესიული ზეგავლენა.
ირანელებთან მწვანე ფერი ასოცირდება როგორც აქტიურ ზრდასა და სიხასხასესთან, აგრეთვე უბედურებასა და მწუხარებასთან, ამიტომაც უბედურ ადამიანს უწოდებენ „მწვანე ფეხს“, ხოლო სასაფლაოს „მწვანე სახლს“.

0
595
1-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ვახტანგიშვილი
ირინა ვახტანგიშვილი
595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0