x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ქ. ოზურგეთის ბიბლიოთეკაში არსებული გარემოს გავლენა ახალგაზრდების წიგნიერების ხარისხზე

ბიბილიოთეკა

წინამდებარე ნაშრომში განხილულია შემდეგი თემა: ქ. ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არსებული ღარიბი ინფრასტრუქტურული გარემო და მისი გავლენა მოსახლეობის, კერძოდ ახალგაზრდების ბიბლიოთეკით დაინტერესების ხარისხზე. პირადად მე, მიმაჩნია, რომ ქ. ოზურგეთის ცენტრალური
ბიბლიოთეკის შენობა საკმაოდ მოძველებულია და საჭიროებს რეკონსტრუქციას და ისეთი გარემოს შექმნას, რაც, ვფიქრობ, გაზრდის დაინტერესებას ბიბლიოთეკისადმი და მკითხველის რაოდენობას. ბიბლიოთეკა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მოსწავლეებისთვის, მნიშვნელოვანი დაწესებულებაა და მნიშვნელოვანია იყოს ისეთი გარემო შექმნილი, სადაც მოგვინდება მისვლა,
მუშაობა, კითხვა. ის უნდა ითვლებოდეს ქალაქის ლიტერატურულ და საგანმანათლებლო ცენტრალურ ბაზადაც, რომელიც ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.


ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკა 1910 წლიდან ფუნქციონირებს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბიბლიოთეკას იშვიათი
გამოცემათა საცავი აქვს, სადაც მრავალი ისტორიული გამოცემა ინახება, რომლებიც თითო ეგზემპლარად არის შემონახული. ამ მხრივ, ბიბლიოთეკას არ გააჩნია პრობლემა. დაახლოებით 30, 000-მდე წიგნია ბიბლიოთეკის საცავში, ასევე შენობაში ცალკეა პრესის ოთახი, საკმაოდ მდიდარი კოლექციით. ბიბლიოთეკა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა პროექტებთან: 2012 წელს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსდა პროექტი, ბიბლიოთეკის რესურ-ცენტრებად გადაქცევა, სადაც ჩართული იყო ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკა. ამ პროექტის შედეგად, ხუთ სასოფლო ბიბლიოთეკაში შემოტანილ იქნა კომპიუტერული ტექნიკა. ბიბლიოთეკაში ტარდება სხვადასხვა ტრენინგები, აქტივობები.


თუმცა, მიუხედავად ამ აქტივობებისა, ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურა მაინც ერთ-ერთ გარდამტეხ როლს ასრულებს
მისი ფუნქციონირების ხარისხში. მე სწორედ ამ კუთხით წარვმართე ჩემი საკვლევი თემა და მთავარი საკვლევი შეკითხვა დავსვი: „არის თუ არა კავშირში შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და წიგნების დიდი მარაგით აღჭურვილი ბიბლიოთეკის
არსებობა ახალგაზრდებში წიგნიერების ამაღლებასთან?


ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ქალაქს გააჩნდეს შესაბამისი აღჭურვილობისა და წიგნების მარაგის მქონე ბიბლიოთეკა, რადგან ეს არის ადგილი სადაც შეგიძლია მიიღო ცოდნა და გაიღრმავო შენი ინტელექტის
დონე. ბიბლიოთეკა არის მნიშვნელოვანი საჯარო სივრცე და ხშირად გარდამტეხ როლს თამაშობს ახალგაზრდების და არამარტო ახალგაზრდების ზოგადი განათლების ხარისხზე და მის განვითარებაზე.

ბიბლიოთეკის შენობაში პრიორიტეტული და აუცილებელია შესაბამისი
გარემო, სადაც მკითხველი შეძლებს დიდი ხნით დარჩენას და წიგნის ადგილზე გამოყენებას. კერძოდ აუცილებელია ელემენტარული ტემპერატურის მარეგულირებელი (კონდინციონერი, გამათბობელი), თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მოწესრიგებული წიგნის თაროები, კომფორტული, მშვიდი გარემო. უნდა იგრძნო რომ ბიბლიოთეკაში ხარ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დიდი მნიშვნელობა
ენიჭება წიგნების დიდი მარაგს, რადგან საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყოს სასურველი ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემო, სადაც მკითხველი შეძლებს მშვიდად და კომფორტულად გაეცნოს მისთვის საინტერესო საკითხს თუ ლიტერატურას.


შესაბამისი აღჭურვილობის მქონე ბიბლიოთეკის არარსებობა მოქალაქეების ბიბლიოთეკით დაინტერესების ხარისხზე გავლენას ახდენს, მოქალაქეები არ დაინტერესდებიან შესაბამისი აღჭურვილობის არ მქონე ბიბლიოთეკით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისედაც ბევრი ადამიანი იყოს
დაინტერესებული სწავლით, სახლშიც იძიებდეს ინფორმაციას და მუშაობდეს, კარგი ბიბლიოთეკა ამ დაინტერესების ხარისხს კიდევ
უფრო ამაღლებს. როცა არის კარგად მოწყობილი ბიბლიოთეკა, უფრო მეტად გიჩნდება სურვილი შეხვიდე და იმუშაო ასეთ გარემოში. ეს თავის მხრივ განაპირობებს უფრო დიდ დაინტერესებას, რაც საწინდარია მოსახლეობის განვითარებისთვის, განათლებისა და წიგნიერების თვალსაზრისით. ბიბლიოთეკა უნდა აკმაყოფილებდეს ყველანაირი ასაკისა და პროფესიის ადამიანს.


ასევე კვლევის პროცესში გამოიკვეთა მოსაზრებაც, რომ შესაბამისი აღჭურვილობის მქონე ბიბლიოთეკის არარსებობა გავლენას ახდენს მხოლოდ გარკვეულ კონტინგენტზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კი მოქალაქე დაინტერესებულია განათლების მიღებით და
ინფორმაციის მოპოვებით, მაშინ მისთვის პრიორიტეტული იქნება კარგი ბიბლიოთეკის არსებობა. მაგრამ, თუკი პიროვნება ზოგადად განათლების მიღებით არ არის დაინტერესებული, ნაკლებია იმის შანსი, რომ მასზე რაიმე გავლენა მოახდინოს
ქალაქში ახალი, თანამედროვე ბიბლითეკის აშენებამ.


ოზურგეთის ახალგაზრდობა იშვიათად სტუმრობს ბიბლიოთეკას, ისინი, ვინც დადის ბიბლიოთეკაში მთავარ პრობლემად სწორედ გარემოს მიიჩნევენ. ქალაქ ოზურგეთის ბიბლიოთეკას გააჩნია ძლიერი ლიტერატურული
ბაზა და მდიდარია წიგნებით, მაგრამ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ის საკმაოდ მოძველებულია. თითქმის გამოკითხულთა უმრავლესობა მთავარ პრობლემად მიიჩნევს არაკომფორტულ გარემოს, კერძოდ ტემპერატურის მარეგულირებლის არარსებობას.
აქვე აღვნიშნავ, რომ ქ. ოზურგეთის ბიბლიოთეკაში მართლაც არის ეს პრობლემა აქტუალური. კვლევის პერიოდში ვესტუმრე ბიბლიოთეკას მისი შესწავლის მიზნით და მთავარ პრობლემად სწორედ იქ არსებული ტემპერატურის მარეგულირებლის
არარსებობა მივიჩნიე. სამკითხველო დარბაზში საკმაოდ ცივა იმისთვის, რომ რამდენიმე საათი გაატარო იქ მჯდომმა.



თუ კი ქალაქს ექნება თანამედროვე, კომფორტული და მდიდარი წიგნების საცავის მქონე ბიბლიოთეკა, გაიზრდება ახალგაზრდების დაინტერესება წიგნებზე, ინფორმაციის მოპოვებასა და კითხვაზე, უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს ბიბლიოთეკის გამოყენებას. პირველ რიგში ეს იქნება სასურველი გარემო იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს კითხვა მშვიდ გარემოში. ახალგაზრდები გამოიჩენენ ინტერესს ბიბლიოთეკით სარგებლობაზე, რადგან ხელსაყრელ გარემოს დიდი ზეგავლენის მოხდენა
შეუძლია ადამიანზე. თანამედროვედ აღჭურვილი მდიდარი ბიბლიოთეკა და მყუდრო გარემო აუცილებლად შექმნის დაინტერესებას საზოგადოებაში და აამაღლებს მოტივაციას ახალგაზრდებში, რადგან ბიბლიოთეკა არამარტო ცოდნის მიღების არამედ სასიამოვნოდ განტვირთვის ადგილიცაა. ახალგაზრდობას
იზიდავს ინოვაციები, კომფორტული ზონები და ამასთან ერთად საინტერესო და მრავალფეროვანი წიგნების არჩევანი გაზრდის მათ დაინტერესებასაც.


თუმცა, არის განსხვავებული მოსაზრებებიც: ახალგაზრდების დაინტერესება არ არის დამოკიდებული ბიბლიოთეკის მდგომარეობასა და სიმდიდრეზე. წიგნების მიმართ პრაგმატული დამოკიდებულება თანამედროვე ახალგაზრდების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა და ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. ახალგაზრდების ამ ხერხით მოზიდვა არ იქნება მართებული, რადგან რეორგანიზაცია, როგორც ასეთი, ძირითადად ერთჯერად ეფექტს უზრუნველყოფს. ახალგაზრდების ნაწილი ბიბლიოთეკის მდგომარეობას ერთადერთ პრობლემად არ თვლის.


კვლევა აღმოჩნდა ძალიან საინტერესო, დღევანდელი ახალგაზრდობა
საკმაოდ ჩახედულია ამ საკითხში. მათ იციან ყველა ის პრობლემა, რაც აწუხებს ბიბლიოთეკას. მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია ბიბლიოთეკის
შენობის რეკონსტრუქციის საკითხი. მასში არსებული გარემო არ აკმაყოფილებს ქ. ოზურგეთის ახალგაზრდობას. მნიშნველოვანია ცვლილებები.
თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელია ის მოსაზრებაც, რომ ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია სოციალურ, კერძოდ წიგნიერების პრობლემას ვერ გადაჭრის. ის, რომ ახალგაზრდები იმდენად აღარ არიან დაინტერესული წიგნების კითხვით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა და ეს უფრო სხვა, ფართომასშტაბიან რეფორმებს მოითხოვს.


ჩემი ჰიპოთეზა- რაც უფრო თანამედროვე, წიგნებით მდიდარი და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილია ბიბლიოთეკა, მით უფრო მაღალია მისით ახალგაზრდების
დაინტერესება- მეტნაკლებად დადასტურდა. კვლევამ აჩვენა რომ, ახალგაზრდების დაინტერესება გაიზრდება თუკი ქალაქს ექნება შესაბამისი აღჭურვილობის მქონე ბიბლიოთეკა. მასში შესვლის სურვილი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე არის დღეს. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ბიბლიოთეკას არ ჰყავს ხშირი მომხმარებელი (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მომხმარებელს, რომელიც სარგებლობს სამკითხველო დარბაზით) და ამის მიზეზად სწორედ არსებული გარემო
მივიჩნიე.

პირადად ჩემთვის, საკმაოდ საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა ეს კვლევა. მიმაჩნია, რომ ბიბლიოთეკის გარემო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების დაინტერესების კუთხით, თუმცა არა გარდამტეხ. ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად გაზრდის მომხმარებლის რაოდენობას,
თუმცა ეს არ შეეხება იმ ახალგაზრდობას, რომლებიც, ზოგადად, არ არიან დაინტერესებული კითხვით, ახალი ლიტერატურის გაცნობით. შესაბამისაც,
მათთვის არ იქნება მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ქალაქს ექნება თანამედროვე და კომფორტული ბიბლიოთეკა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია და მასში კომფორტული გარემოს შექმნა მნიშვნელოვანი ცვლილებების საწინდარი იქნება.


0
29
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ხუჭუა
მარიამ ხუჭუა
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0