x
image
ნინო ბაისონაშვილი
ჩვენებური საბრალონი
როდესაც პრობლემა ყოველდღიურ ხასიათს იღებს, ის უბრალოვდება, დროთა განმავლობაში კი ყურადღებასაც აღარ აქცევენ, ეჩვევა თვალიც, გულიც და გონებაც . აბა რაა, კაცი ხომ ჯოჯჯოხეთსაც ეჩვევა. ჩვენც ასე შევაჩვიეთ თვალი და გული ზაფხულის ხვატსა თუ ზამთრის ყინვაში ქალაქის ქუჩებში გამოფენიილ ჩვილ, მცირეწლოვან და არასრულწლოვან ბავშვებს. დროთა განმავლობაში დავუშვით რომ ნორმალურია მათხოვარი ბავშვი, სტატუსი : “ ქუჩის ბავშვი“ რაღაცნაირად თითქოს “ ამართლებს“ მათ უბედურებას.


რისთვის ეს შესავალი. არც კი ვიცი, როგორ დავიწყო. არ მინდა ზედმეტი აპელირება ჩემს განცდებზე, მაგრამ ამ საბრალო ოჯახის ისტორიამდე სწორედ მათ მიმიყვანეს.

ყოველ საღამოს, მარჯანიშვილის ქუჩაზე, რუსულ ეკლესიასთან, სამსახურიდან დაბრუნებული ტრანსპორტიდან ვხედავდი ერთ ბებოსა და თხელ ზეწარში გახვეულ, მუდმივად ჩაძინებულ, მეტისმეტად პატარა ბიჭს იმისთვის, რომ ზამთრისპირულის სიცივისთვის გაეძლო. ამის მეტს რას ნახავს კაცი ჩვენს ქალაქში, მაგრამ ზუსტად მახსოვს, გული ამიჩქარდა, სულ სხვა განცდა დამეუფლა, რაღაც მკარნახობდა რომ ისინი არ იყვნენ “ სტანდარტული“ მათხოვრები. ერთი კვირა ვუყურებდი ისევ მიკროავტობუსიდან . თანდათან შევნიშნე რომ ბებო პატარა ბიჭის გარეშე აგრძელებდა არსებობისთვის ბრძოლას. ერთხელაც ჩამოვედი, საშინელი ფიქრები ამეკვიატა, ვიფიქრე პატარა ხომ არ გაიყინა -მეთქი. მასთან მივედი, ინსტიქტურად ჩავუყარე ყულაბაში ფული და შეშინებულმა ვკითხე თუ სად იყო ბიჭი. პასუხი : “ გამიცივდა აქა და სახლში დავტოვე“ ვკითხე, სად იყო სახლი. მიპასუხა, რომ ბეჟანიშვილზე ცხოვრობდნენ ნაქირავებ მიწურში, ბებია, დედა და სამი შვილი, რომელთაგანც უფროსი 6 წლის იყო და უმცროსი -2 წლის გიო.


რა თქმა უნდა, არ ქონდათ გათბობა, ნამათხოვრალი ფულით იკვებებოდნენ. საბრალომ იფიქრა, რომ ბავშვით ხელში მეტი ადამიანი განიკითხავდა. მედიკამენტებს თუ აძლევთ- მეთქი და მიპასუხა, რომ ეს ზედმეტი ფუფუნებაა მათთვის, მაწონი ინატრა და ნეტა ამის ფული შევუგროვო, გული მომიკვდა, გამახსენდა ჩემი შვიდი თვის ბიჭი, რომელსაც არაფერი აკლია და, როგორც მშობელს მეტი გინდა მისცე და ამ დროს... აქვე ყურისძირში, შენს ქალაქში, არის ბავშვი, რომელიც მაწონს ნატრობს.



დავეხმარე, როგორც შემეძლო, რასაც რა თქმა უნდა, აქ არ მოვყვები, მაგრამ ერთჯერადი ღონისძიებები რა გამოსავალია. ბებო ისევ დიდხანს იჯდა მარტო, გუშინ კი ისევ პატარასთან ერთად შევნიშნე. გამიხარდა რომ გამოკეთებულიყო და მეწყინა, ძალიან მეწყინა, რომ ბებომ ის ისევ გაწირა, გრძელი, ყინვიანი ღამეების ცისქვეშ სათევად. ის არამხოლოდ ბებომ გაწირა, არამედ ბევრმა სხვამაც, აღარ დავკონკრეტდები.

ეს ყველაფერი 2016 წლის 30 დეკემბერს შევიტყვე, მეორე დღეს კი მთელმა მსოფლიოდ და, რაღა თქმა უნდა, საქართველომ იხუვლა და ფეიერვერკებითა და მთელი ამბით აღნიშნა 2017 წლის დიდებით შემობრძანება. ქალაქი ერთი თვით ადრე მოირთო, დაიხარჯა ასიათაობით ლარი, დაიჯავშნა ყველა ბარი, სასტუმრო, რესტორანი.


მოქალაქეთა დიდი ნაწილი მთელი თვის განმავლობაში ინტერპრეტირებდა რესპუბლიკის მოედნის დეკორს. უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ვერ გამოვნახეთ, მაშინ, როცა შიოდათ, ციოდათ და წყუროდათ ჩვენი ქვეყნის პატარა გავროშებს. თუკი ჰიუგოს გავროში ტყვიას შეეწირა, ისინი არსებობისთვის ბრძოლას ყოველდღიურად ეწირებიან, მაგრამ არავის ესმის ამის შესახებ ფეიერვერკით გაყრუებულ ქალაქში.

ქალაქში, სადაც არასრულწლოვანთა მათხოვრობასა და პროსტიტუციაში ჩართვა, ნორმალურია.


image

0
144
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0