x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
,,მახინჯების შოუ"-სანახაობა და ტრაგედია
“მახინჯების შოუს" არსებობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ადამიანმა საუკუნეების წინ აქცია ფიზიკური ნაკლი შემოსავლის წყაროდ. ამ საქმიანობამ კი დროთა განმავლობაში დანაშაულებრივი ხასიათიც მიიღო. გარდა იმისა, რომ დეფექტის მქონე ბავშვებით ვაჭრობდნენ, ხშირად სრულიად ჯანმრთელ ჩვილებს იტაცებდნენ და ასახიჩრებდნენ. ასეთ ბავშვებს ზოგჯერ წლობით სვამდნენ სპეციალურ ქოთნებსა თუ ყუთებში, რის შედეგადაც მათი სხეული არასწორად ფორმირდებოდა. ანალოგიურად უმახინჯებდნენ თავის ქალის ფორმას, უმტვრევდნენ და არასწორად უხორცებდნენ კიდურებს, უჭრიდნენ პირს, უსახიჩრებდნენ სახის ნაკვთებს და “ექსპონატიც" მზად იყო წარმოდგენისთვის. ალბათ ბევრ თქვენგანს გაახსენდა ჰიუგოს რომანი “კაცი, რომელიც იცინის", საბრალო გუინპლენის “მოცინარი" სახე ხომ სწორედ ამგვარი მანიპულაციების დამსახურება გახლდათ.

მოგვიანებით, მსგავს მეთოდებს რათქმაუნდა აღარ იყენებდნენ, მაგრამ მაყურებელთა ინტერესი მსგავსი წარმოდგენებისადმი ოდნავადაც არ განელებულა.პირიქით, ის ფაქტი, რომ ფიზიკური დეფექტის მქონე ადამიანებს მსგავსი შოუ სამსახურს და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევდა, ჰუმანიზმის გამოვლინებად იყო მიჩნეული.

მიუხედავად ასეთი შეხედულებისა, ეს ადამიანები მაინც ცალკე კასტად მოიაზრებოდნენ, რომელთა ადგილიც “ნორმალურ" საზოგადოებაში არ იყო. ხალხი ცნობდა ამ შოუს მონაწილეებს, მათ ტაშს უკრავდნენ, მაგრამ არავის მოსდიოდა თავში აზრად, რომ მოცინარი სახის, ფერადი კოსტიუმების და სცენის ფარდის მიღმა დიდი ტკივილი და ადამიანური ტრაგედიები იმალებოდა. ქვემოთ მოყვანილი ისტორიები ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ რა მძიმე გზას გადიოდნენ ეს ადამიანები.გზას, რომელსაც მეტწილად ტრაგიკული დასასრული ჰქონდა.


ჩანგი და ენგი


სიამის ტყუპები


ჩანგი და ენგი სიამში, ახლანდელ ტაილანდში დაიბადნენ 1811 წელს. ძმები ერთმანეთს წელსზევით, გვერდებით იყვნენ შეზრდილნი. ისინი ბანგკოკში მცხოვრებმა შოტლანდიელმა ვაჭარმა რობერტ ჰანტერმა აღმოაჩინა. ეს ერთ ჩვეულებრივ დღეს მოხდა, როცა ძმები წყალში ცურვით ერთობოდნენ. ჰანტერის ყურადღება იმან მიიქცია, თუ რა სწრაფად და მოხერხებულად ცურავდნენ ჩანგი და ენგი, თავისი აგებულების მიუხედავად.

ჰანტერმა ტყუპების მშობლებს სოლიდური თანხა გადაუხადა და შოუს შექმნას შეუდგა ძმების მონაწილეობით. მოგვიანებით, ძმებმა დამოუკიდებლად დაიწყეს საკუთარი თავის წარდგენა პუბლიკისთვის და შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულადაც. მათ მოახერხეს და მამული შეიძინეს კაროლინაში, სადაც ბანკერსების გვარით დასახლდნენ და იქაურ დებზე დაქორწინდნენ. ძმებს 21 შვილი შეეძინათ.

სამოქალაქო ომის შემდეგ ფორტუნამ ბანკერსებს ზურგი აქცია. ჩანგმა ალკოჰოლის მიღება დაიწყო, რამაც მისი ჯანმრთელობა შეარყია. საბედნიეროდ, ტყუპებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სისხლის მიმოქცევის სისტემა ჰქონდათ, ამიტომ ენგის ორგანიზმი ალკოჰოლის მავნე ზეგავლენას არ განიცდიდა. 1874 წლის 17 იანვრის დილას ენგმა თავისი მკვდარი ძმის გვერდით გაიღვიძა. შეძრწუნებულმა ენგმა შეჰყვირა “ახლა ჩემი ჯერია". მან მაშინვე ექიმს უხმო, რომ გარდაცვლილი ტყუპისცალი მისი სხეულისთვის მოეშორებინათ, მაგრამ უკვე გვიანი იყო. სულ რაღაც 3 საათში ენგიც გარდაიცვალა.ითვლება, რომ ჩანგის სიკვდილით გამოწვეულმა შოკმა თავისი როლი ითამაშა ენგის გარდაცვალებაში.


“ცოცხალი მუმია"


ცოცხალი მუმია-დომინიკ კასტანია

დომინიკ კასტანა მთელი სიცოცხლე ნივთიერებათა ცვლის დარღვევით იტანჯებოდა. მისი წონა 22 კგ-არ გადაცდენია. ბავშვობაში დასცინოდნენ და მახინჯს ეძახდნენ, დიდად არც საკუთარი ოჯახის წევრები სწყალობდნენ. მისი გარეგნობის გამო ყველა თავს არიდებდა, რადგან მძიმე ავადმყოფად თვლიდნენ, ამიტომაც მარტოსული გახლდათ და ერთი მეგობარიც კი არ ყოლია. შეიძლება ითქვას, რომ დაავადებასთან ერთად მარტოობითაც იტანჯებოდა.

სხეულის აგებულების გამო დომინიკს არც პროფესიის არჩევა შეეძლო თავისუფლად, თუმცა მალე მიხვდა, რომ საკუთარი გარეგნობა-ეს იყო სწორედ ის, რაც შემოსავალს მოუტანდა. ამის იმედს პუბლიკის მხრიდან გამოჩენილი მოწონება და ინტერესიც აძლევდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ერთადერთი ნათელი წერტილი შეიძლება ვუწოდოთ დომინიკის ცხოვრებაში. ეს გახლდათ მისი ტურ-მენეჯერი კრუზელი, ერთობლივად მუშაობის პერიოდში ისინი გულითადმა მეგობრობამ დააკავშირა. დომინიკი ბედნიერი იყო. კაცმა, რომელსაც “ცოცხალ მუმიად" მოიხსენიებდნენ, როგორც იქნა მარტოობას თავი დააღწია და ნამდვილი მეგობარი შეიძინა, რომლისთვისაც სულერთი იყო, თუ როგორ გამოიყურებოდა დომინიკი. დუეტი დიდი ხნით არსებობდა, მაგრამ გარდაუვალი მაინც მოხდა. კრუზელი დაქორწინდა და შოუ დატოვა. დომინიკისთვის ეს მძიმე დარტყმა იყო. 1905 წელს “ცოცხალი მუმია" სასტუმროს ნომერში იპოვეს მკვდარი. მის სხეულზე აღმოჩენილი ჭრილობების შესწავლის შედეგად დაასკვნეს, რომ დომინიკმა თავი მოიკლა.


“გატეხილი გული"

ბეტი

ბეტი უილიამსი 1932 წელს, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. 12 და-ძმაში ის ერთადერთი იყო, ვინც ფიზიკური დეფექტით დაიბადა. მის სხეულში თავისი განუვითარებელი, პარაზიტი ტყუპისცალი იყო ჩაზრდილი. ბეტი ჯერ ისევ ჩვილი იყო, როცა გასტროლებზე დაყავდათ და ხალხს აჩვენებდნენ, ხოლო მისი შემოსავალი კვირაში 250$ იყო.მოგვიანებით, როცა ბეტი წამოიზარდა, მისმა შემოსავალმა კვირაში 1000$ -ს მიაღწია. გოგონამ თავისი და-ძმების კოლეჯში სწავლა დააფინანსა და სახლიც შეიძინა მშობლებისთვის.

ნაკლის მიუხედავად, ბეტი თაყვანისმცემელთა ნაკლებობას არ უჩიოდა. 23 წლისას თავდავიწყებით შეუყვარდა, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ სატრფოსთვის ის მხოლოდ შემოსავლის წყარო იყო. ერთ დღეს კი, მისმა რჩეულმა, ბეტის მთელი დანაზოგი წაიღო და ქალაქიდან გაიქცა. ბეტი განადგურებული იყო, ღალატი იმაზე მძიმედ გადაიტანა, ვიდრე წარმოიდგენდა. მძიმე ემოციურმა მდგომარეობამ ასთმის მწვავე შეტევა გამოიწვია. და თუმცა ბეტის სიკვდილის მიზეზად ასთმით გამოწვეული გაგუდვა დასახელდა, ის ადამიანები, ვინც ბეტის კარგად იცნობდნენ, თვლიდნენ, რომ ბეტის გარდაცვალების მიზეზი სინამდვილეში მისი გატეხილი გული იყო.


“აფრიკელი ვენერა"


სარა
თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე სარა ბაარტმანს უამრავი რამის გადატანა მოუხდა:მონობის, დამცირების, შეურაცხყოფის...შეიძლება ითქვას, რომ მთელი მისი სიცოცხლე ტრაგედიაა. სარა დამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში შენიშნა ინგლისელმა სამხედრო ექიმმა უილიამ დანლოპმა. მისი ყურადღება სარას სხეულის უჩვეულო ფორმებმა მიიქციეს. ფართო საჯდომი და ჩამოგრძელებული სასქესო ბაგეები სარას ტომის ქალებისთვის დამახასიათებელი ნიშნები იყო, მაგრამ სარა მათგანაც გამოირჩეოდა თავისი უჩვეულო ზომებით.

უცნობია რით შეძლო უილიამ დანლოპმა სარას დაყოლიება ევროპაში გამგზავრებაზე, თუმცა ფაქტია, რომ ეს წარმატებით მოახერხა. ლონდონში ჩასვლისთანავე სარას წამება დაიწყო.მას, როგორც მონას და გასართობ ნივთს, ისე ექცეოდნენ. პუბლიკის წინაშე სარა “ჰოტენტოტელი ვენერას" სახელით გამოყავდათ.

4 წლიანი დამცირების შემდეგ სარა მონასავით გაყიდეს და ამჯერად საფრანგეთში გადაიყვანეს, სადაც მისი ექსპლუატაცია გაგრძელდა. ბოლოს პარიზელებსაც მობეზრდათ აფრიკელი ვენერა. შემოსავალმა იკლო და სარა იძულებული გახდა პროსტიტუციით ერჩინა თავი. მისმა მძიმე ცხოვრებამ თავისი დაღი დაასვა სარას ჯანმრთელობას და 1815 წელს, 25 წლის ასაკში სარა ბაარტმანი გარდაიცვალა.

ფრანგმა მეცნიერმა ჟორჟ კიუვემ სარას სხეულის თაბაშირის ტვიფარი აიღო. სარა ჩონჩხი, ტვინი და გენიტალიები კოლბაში მოათავსეს და პარიზის მუზეუმში Musee de l'Homme ინახებოდა, სანამ ნელსონ მანდელამ არ გამოითხოვა დასაკრძალად.

2002 წელს, სარა ბაარტმანის სხეულის ნაწილები ღირსეულად დაკრძალეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.




0
168
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0