x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ინკლუზიური განათლების პროცესი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

ყველა ბავშვის საბაზისო უფლებაა მიიღოს განათლება და ჰქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ ჩაერთოს ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თავის თანატოლებთან ერთად საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე სასწავლო დაწესებულებაში. სწორედ, ამას ემსახურება ინკლუზიური განათლება. უფრო ვიწრო გაგება კი გულისხმობს მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროები მქონე მოსწავლეთა და, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართვას სასწავლო პროცესში, იმ სკოლებში, სადაც მათი თანატოლები სწავლობენ. ტერმინი ინკლუზია, სწორედ, ჩართვასა და მონაწილების მიღებას გულისხმობს. ინკლუზიური განათლების ერთბაშად დანერგვა არ ხდება, მას თან ახლავს გარკვეული სირთულეები. იგი არის პროცესი და გულისხმობს მისი დანერგვისას მრავალი ასპექტის გათვალისწინებას. ინკლუზიის პროცესის უკეთ გასაგებად, საგულისხმოა ის ფაქტი თუ როგორ მივიდა საზოგადოება იმ დასკვნამდე, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და საზოგადოება ვალდებულია მათთვის შექმნას ისეთი გარემო, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების გათვალისწინებით ეფექტურ ფუნქციონირებას.


თავდაპირველად შშმპ და სსსმ პირებს საერთოდ არ ჰქონდათ საშუალება მიეღოთ განათლება. მე-17- მე-18 საუკუნეებში გაჩნდა სკოლაპანსიონები, სადაც გარკვეული ფიზიკური თუ გონებრივი დარღვევების მქონე მოსწავლეებს შეეძლოთ მიეღოთ ზოგადი განათლება. შემდგომ უკვე მე-19 საუკუნიდან დიდი ნაბიჯი გადაიდგა ინტეგრაციისაკენ და ასეთი მოსწავლეების ერთად თავმოყრა მოხდა სპეციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, თუმცა ინტეგრაცია კვლავაც გამოყოფას გულისხმობდა. ინტეგრაციის შემთხვევაში, საზოგადოებას უნდა მოგებოდნენ ისინი. საბოლოოდ კი გადაიდგა ნაბიჯი ინკლუზიისაკენ, რომელიც ინტეგრაციისგან განსხვავებით გულისხმობს იმას, რომ საზოგადოება ერგება მათ საჭიროებებს და უზრუნველყოფს იმას, რომ მიღებულნი და დაფასებულნი იყვნენ თავიანთი განსხვავებულობის მიუხედავად. მე-20 საუკუნიდან აქტიურად დაიწყო ადამიანთა უფლებების კონვენციათა და დეკლარაციების შედგენა, გადახედვა, ახალი პუნქტების ჩამატება და განვითარება იმ კუთხით, რომ გათვალისწინებული და დაფასებული ყოფილიყო ყველა ადამიანის ინდივიდუალურობა. სალამანკას დეკლარაციის(1994) მიხედვით ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა მიიღოს განათლება, ჰქონდეს შესაძლებლობა მიაღწიოს მისთვის ხელმისაწვდომ სასწავლო დონეს, ყველა ბავშვს აქვს ერთმანეთისაგან განსხვავებული თვისებები, ინტერესები, შესაძლებლობები და სასწავლო საჭიროებები და, შესაბამისად, საგანმანათლებლო სისტემა და პროგრამები იმგავარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ გაითვალისწინოს ბავშვთა ეს მრავალფეროვანი თავისებურებები და საჭიროებები. ისინი, ვისაც აქვთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება უნდა იყვნენ ჩვეულებრივ სკოლებში, სადაც უზრუნველყოფილნი იქნებიან როგორც ფიზიკური გარემოთი, ისე კვალიფიცირებული მასწავლებლებით, რომლებიც მათ საჭიროებებზე იქნებიან მორგებულნი. სკოლამ უნდა მიიღოს ყველა ბავშვი მიუხედავად მათი ფიზიკური, ეკონომიკური, ინტელექტუალური, ემოციური და ენობრივი ბარიერებისა. იგი მოიცავს როგორც სსსმ პირებს, ასევე, ზედმეტად ნიჭიერ ბავშვებს, ბავშვებს, რომლებიც წარმოადგენენ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს და ბავშვებს მარგინალიზებული ჯგუფებიდან. როგორც ვხედავთ, ინკლუზიური განათლების პროცესი საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.


პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინკლუზიის განმახორციელებელი არის თავად საზოგადოება. მისი წვლილი ამ პროცესში საკმაოდ დიდია.მნიშვნელოვანია, სწორედ იმის გაცნობიერება რომ იგი ერთიანი პროცესია. დაწყებული სამთავრობო დონიდან დამთავრებული ინდივიდის დონეზე ყველა ჩართულია ამ პროცესში. ინკლუზია ვერ განხორციელდება თუ არ იქნება, პირველ რიგში, პოლიტიკური ნება ცვლილებების გატარებისა, რომელიც შემდგომ შესაბამის კანონებში და მარეგულირებელ დოკუმენტებში უნდა აისახოს. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა თითოეული მოქალაქეს სწორად და გასაგებად მიეწოდოს ინფორმაცია იმ დადებითი მხარეების შესახებ რაც, ზოგადად, ინკლუზიას ახლავს. რადგან ინკლუზიური განათლება არ გულისხმობს შშმპ და სსსმ პირთათვის შესაბამისი პირობების შექმნას სხვა მოსწავლეების ხარჯზე. იგი ემსახურება თითოეული ადამიანის კეთილდღეობას. ინკლუზიური განათლების პროცესში მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებელი. მხოლოდ ის, რომ ბავშვმა იაროს სკოლაში არ აკმაყოფილებს ინკლუზიის მოთხოვნებს. ინკლუზიური განათლება მოითხოვს ყველა ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ სკოლებს, საკლასო ოთახებს, პროგრამებსა და ღონისძიებებს, იმისათვის რომ ყველა ბავშვს მიეცეს საშუალება ერთად მიიღონ მონაწილეობა სასკოლო ცხოვრების ყველა ასპექტში, მათი ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. მაგალითად, არსებობენ მოსწავლეები, რომელთაც აქვთ მხედველობის ან სმენის დარღვევა, დასწავლის სირთულეები ან ისეთები, რომელთაც უჭირთ რომელიმე საგნის სწავლა. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ შეძლოს და დაძლიოს ეს გამოწვევები. ამისათვის მთელ მსოფლიოში დიდი თანხები იხარჯება. ამ გამოწვევის საპასუხოდ, მაგალითად, საქართველოში ფუნქციონირებს მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრი, სადაც მასწავლებელს აქვს საშუალება იმისა, რომ მიიღოს ინკლუზიური განათლების ტრენინგი, რათა შესაბამისად გადამზადდეს და იყოს მზად იმისთვის, რომ კლასში მრავალფეროვნებას გაუმკლავდეს, შეძლოს თითოეული მოსწავლის საჭიროებების დაკმაყოფილება. რა თქმა უნდა, მხოლოდ კვალიფიცირებული კადრები არ არის საკმარისი ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნისთვის. ამისათვის სკოლას ესაჭიროება: შესაბამისი ხედვა, კონკრეტული სამოქმედო გეგმა, სტიმული და რესურსები (გზამკვლევი მასწავლებლებისთვის-ინდივიდუალური სასწავლო გეგმა:7) კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ სსსმ მოსწავლეები საჭიროებენ სასწავლო შედეგების ინდივიდუალურ განსაზღვრას, რაც გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელმა კონკრეტული მოსწავლისათვის ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს და თავადვე შეარჩიოს სასწავლო აქტივობები და სასწავლო სტრატეგიები, რისთვისაც მასწავლებლის წიგნში მოცემული ინსტრუქციები საკმარისი ვეღარ იქნება. იგი მოითხოვს, შესაბამისად, მასწავლებლის მხრიდან დიდ ძალისხმევას, გამოცდილებასა და კრეატიულობას.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროები მქონე მოსწავლისთვის სასწავლო პროცესის ადეკვატურად დაგეგმვის მიზნით და შედეგების მისაღებად მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლის შესაძლებლობების, განვითარების და დასწავლის თავისებურებების გათვალისწინება, საგნობრივი პროგრამის ფარგლებში მოსწავლის მიღწევის დონის განსაზღვრა, სასწავლო აქტივობებისა და სტრატეგიების სწორად შერჩევა, ასევე, როგორ თავისი, ისე მოსწავლის სახელმძღვანელოს კრეატიულად გამოყენება(გზამკვლევი მასწავლებლებისთვის- ინდივიდუალური სასწავლო გეგმა:21) ამასთანავე, მნიშვნელოვანია სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება. ეროვნული სასწავლო გეგმის 27-ე პუნქტის მიხედვით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე, რომელსაც თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით, აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას. კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას, რაც გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებულ გეგმას, რომელიც წარმოადგენს სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილს. იგი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საჭიროებასა და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს (28-ე მუხლი 1-ლი ქვეპუნქტი)


საერთო ჯამში, ინკლუზიური განათლების დანერგვა არც თუ ისე მარტივი პროცესია. მისი განხორციელება მოითხოვს პოლიტიკურ ნებას, ფინანსურ რესურსებს, სკოლის პერსონალის კვალიფიცირებას, საზოგადოების ყველა წევრის ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში, სახელმწიფოს მთავრობა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, რათა შეიტანოს კანონში შესაბამისი ცვლილებები, აგრეთვე, უზრუნველყოს სასწავლო დაწესებულებები შესაბამისი აპარატურითა და ტექნიკით სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მისი წვლილი ინკლუზიური საზოგადოების წარმოშობაში საკმაოდ დიდია. საბოლოო ჯამში, ინკლუზია არის არა მარტო სსსმ პირთათვის სასარგებლო, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. იქედან გამომდინარე, რომ ინკლუზიური განათლება ხელს უწყობს ჯანსაღი საზოგადოების შენებას. იგი კარგად ორგანიზებული სასწავლო პროცესს გულისხმობს და საშუალებას იძლევა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სკოლის მიტოვების რისკი. ინდივიდუალური გეგმის შედგენის შესაძლებლობა, ინდივიდუალური გრაფიკი, დამხმარე სპეციალისტები, ადაპტირებული ფიზიკური გარემო თუ სხვა დამატებითი საგანმანათლებლო სერვისები ზრდის მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხს, უქმნის მას საცხოვრებელ ადგილთან ახლოს განათლების მიღების შესაძლებლობას. ეს ყოველივე კი განაპირობებს სამომავლოდ საზოგადოების რეალიზებული წევრების ჩამოყალიბებას, რომელთა ღია შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრება შეეძლებათ. საბოლოოდ, ინკლუზიური განათლების დანერგვა მთელი ქვეყნის კეთილდღეობის საწინარია.image

0
138
შეფასება არ არის
ავტორი:მარი შეყილაძე
მარი შეყილაძე
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0