x
მეტი
  • 28.05.2017
  • სტატია:66597
  • ვიდეო:319269
  • სურათი:418402
სვირინგი

image"ადამიანი ინსტიქტურად გრძნობს, რომ მორთვა-მოკაზმვა ის გადაულახავი ზღვარია, რომელიც მას ცხოველისაგან განასხვავებს. ამიტომაც, მოათავა რა თავისი სამოსის ამოქარგვა, იგი საკუთარი სხეულის მოხატვას შეუდგა". - თეოზილ გოტიე
ფრანგმა ესთეტმა ერთი უზუსტობა დაუშვა: ადამიანმა "მხატვრული ექსპერიმენტები" ჯერ საკუთარ თავზე ჩაატარა, და მერეღა შეუდგა ტყავ-სამოსის მორთვას. ამასთანავე, იმ ესთეტიკურ ფენომენს, რომელზეც ესოდენ ხატოვნად წერდა გოტიე, წინ უსწრებდა წმინდა ფუნქციონალური მნიშვნელობა სვირინგისა. კანზე ამოტვიფრული სიმბოლო მეტყველებდა რომ მისი მფლობელი გარკვეულ სოციალურ თუ რელიგიურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. ზოომორფული გამოსახულების შემთხვევაში, როგორც წესი სვირინგი დამცავი ამულეტის ფუნქციასაც იძენდა. აქ იგივე მაგიური "ძალთა მიტაცების" მექანიზმი მოქმედებდა, რაც ზოომორფულ ნიღბებში - ითვლებოდა, რომ ცხოველის გამოსახულებასთან ერთად თვისებებიც გადაეცემოდა.

საზოგადოდ, იდენტიფიკაციის ნიშნებით "თვითაღჭურვას" კონკრეტული მიზანი აქვს: ის, ის ვინც თავის თავს გარკვეულ დამღას ასვამს, ისწრაფვის წარმოაჩინოს თავისი კუთვნილება (თუ ერთგულება) იმისადმი, რაც ამ ნიშნით არის სიმბოლიზირებული. თავის მხრივ, ნიშნისგან ელიან, რომ ის რაღაცნაირად გამოხატავს "მადლიერებას" იმ ინდივიდისადმი, რომელმაც ეგზომ დემონსტრატიულად დაუქვემდებარა თავი ამ სიმბოლოს. სწორედ ამაში მდგომარეობს ტატუირების, როგორც წესი დამცავი თილისმის მაგიური თვისება.

ცნობილია უძველესი სკვითური, ეგვიპტური, ფინიკიური ბალკანური ტატუირება. იქ, სადაც სვირინგის მსურველნი შავკანიანნები იყვნენ, ნემსის ჩხვლეტით შესრულებულ ნახატს საგანგებოდ დასერილი კანის ნაწიბურებით შედგენილი ორნამენტი ამჯობინეს, ძირითადად აფრიკაში.

ტატუირებას, როგორც სოციალურ ფენომენს ევროპაში საწყისი მეზღვაურებმა დაუდეს. ერთგვარი ნეგატიური ელფერი სვირინგს იმიტომ ჰქონდა, რომ ის დამღის ასოციაციას იწვევდა, ხოლო დამღა კი ძველთაგანვე სამარცხვინო ქმედების ხილული სიმბოლო იყო. დიუმას სამი მუშკეტერის მკითხველს აქ, უთუოდ ლამაზმანი მილედის მხარზე ამოშანთული, "პროფესიის" აღმნიშვნელი დამღა გაახსენდება. მაგრამ არის კიდევ უფრო დრამატული და ისტორიულად დადასტურებული შემთხვევაც, მეთექვსმეტე საუკუნის პოლონელ მოქანდაკეს ვიტ სტვოშს (კრაკოვში ღვთისმშობლის განუმეორებელი საკურთხევლის ავტორს) ნიურბერგის სასამართლომ 1503 წელს მიუსაჯა შუბლზე სამარცხვინო დაღის ამოშანთვა თამასუქის გაყალბებისთვის.

მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში სხვა რომანტიკულ ნოვაციებთან ერთად, ტატუირებისადმი ინტერესიც გაჩნდა, თუმცა ზოგიერთს ეს ფენომენი ანტისოციალურად მიაჩნდა. ა. ლოოსი წერდა: "ის, ვინც ტატუირებას მიმართავს - ან დამნაშავეა, ან დეგრადირებული არისტოკრატი"/ ტატუირების მოწინააღმდეგეებს დიდი სამსახური გაუწია ცნობილი იტალიელი ფსიქიატრიისა და კრიმინალისტის ჩეზარე ლომბროზოს 1876 წელს გამოქვეყნებულმა შრომამ, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ სვირინგისადმი სპეციფიკური მისწრაფება " მორალურ დეეფექტებსა" და "დანაშაულებრივ მიდრეკილებაზე" მიანიშნებს.

ერთი საუკუნის შემდეგ, როდესაც ევროპისა თუ ამერიკის საზოგადოებრივ აზრსა და ესთეტიკაში სულ უფრო და უფრო ძლიერდება "ახალგაზრდული ორიენტაცია", ტატუირებას საბოლოოდ ჩამოსცილდა კრიმინალური ელფერი (სავარაუდოდ მაგიურიც) და თვითდამკვიდრების, თვითგამოხატვის, "ახალგაზრდული ამბოხის" ნონკომფორმიზმის სიმბოლოდ იქცა. ხშირ შემთხვევაში, ამ სიმბოლოს დამოუკიდებელი, ეგზოტიკური ხიბლიც აქვს.

0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
90
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0