x
image
მანჩო 777
როგორი იყო ახალი წელი საბჭოთა კავშირში, ანუ ნოსტალგია ჩვენი ბავშვობის წლებზე
მოდით, ერთად გავიხსენოთ, როგორი იყო ახალი წელი საბჭოთა კავშირში. მაინც რით განსხვავდებოდა 1970-1980- იანი წლების საახალწლო დღესასწაულები დღევანდელისაგან.


image


ყველაფერი იწყებოდა ამ დღის მოლოდინით ისევე, როგორც დღეს. მიდიოდა გამალებული მზადება, მერე კი, ბოლოსდაბოლოს, დგებოდა სანატრელი საახალწლო ღამე. თითქმის ყველაფერი ისევე იყო, როგორც ახლა, მაგრამ იყო ბევრი განსხვავებაც. ის განსაკუთრებული აღმაფრენა და ისეთი ამაღლებული განწყობა, როგორც წარსულ წლებში, დღეს, სამწუხაროდ-აღარაა.

მაშინ, ისევე როგორც დღეს, ადამიანები კარგა ხნით ადრე იწყებდნენ საახალწლო მზადებას, რადგან სსრკ-ში მთავარი პრობლემა პროდუქტების დეფიციტი იყო.



image



განსაკუთრებით ძნელი იყო პროდუქტების შეძენა სსრკ-ის დიდ ქალაქებში: მოსკოვსა და ლენინგრადში. ხშირად ადამიანებს 4-5 საათი უწევდათ რიგში დგომა სასურველი ტორტის ან "საბჭოთა შამპანურის" საყიდლად.


image

საახალწლო სუფრისათვის მზადდდებოდა ტრადიციული ნაციონალური კერძები, სალათები, სუფრას ამშვენებდა შამპანური და ლიმონათი. ახალი ხილის და ბოსტნეულის შეძენა არც ისე იოლი იყო. კიტრი და პამიდორი ფაქტიურად არ არსებობდა, ამიტომ დიასახლისები ზაფხულში დამზადებული კონსერვებით გადიოდნენ იოლად. მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ სუფრაზე ჰქონოდათ წითელი და შავი ხიზილალა, ფორთოხალი, ბანანი. დღეს კი ამ პროდუქტების შეძენა ყოველ ფეხის ნაბიჯზეა შესაძლებელი.


image


რაც შეეხება ნაძვის ხის მოსართავებს: იყიდებოდა(თუმცა ესეც დეფიციტში) ძალიან ლამაზი მინის ფერად-ფერადი სათამაშოები. მათ სხვადასხვა ფიგურები ჰქონდათ. თვალს გვტაცებდა ულამაზესი ფიფქები, საათები, სასაცილო თოჯინები, კიტრები, ვაშლები, ბურთები, ყინულის ლოლუები და კიდევ უამრავი სხვა ფორმის ბრჭყვიალა სათამაშოები.


image


ნაძვის ხის კენწეროს აუცილებლად ამშვენებდა წითელი ვარსკვლავი: ის საახალწლო ნაძვის ხის აუცილებელი ატრიბუტი იყო.


image


რაც შეეხება საახალწლო საჩუქარს-ახლა პრობლემაა, რა ამოვირჩიოთ უამრავიდან, ხოლო მაშინ უნდა აგვერჩია ფაქტიურად არაფრიდან.

ყველაზე ძვირფას საჩუქრად ითვლებოდა ფრანგული სუნამო ან ოდეკოლონი, თუ რა თქმა უნდა, რაღაც სასწაულით შეძლებდით მის შოვნას.


image


უფრო ხშირად ქალებს ჩუქნიდნენ საბჭოთა სუნამოს, მამაკაცებს - ოდეკოლონს, თუმცა არც მათი მოხელთება იყო იოლი.


image


პატარებს ძირითადად ჩუქნიდნენ შოკოლადის ან კარამელის კანფეტებს და ეს ხდებოდა სკოლაში ან ბაღში საახალწლო ზეიმებზე.
ადამიანების ძირითადი ყურადღება გადატანილი იყო ტელევიზორისაკენ. ტელევიზია ცდილობდა შეძლებისდაგვარად ეზრუნა ხალხის მხიარულ განწყობაზე, თუმცა მაშინ სულ ორად-ორი არხი არსებობდა. ახალი წლის დღეებში აჩვენებდნენ კომედიებს, მულტფილმებს, კონცერტებს. განა ჩაივლიდა ახალი წელი "ბედის ირონიის" ან "თოვლის დედოფლის" გარეშე?


image


ღამის 12 საათს ყველა ფეხზე ადგომით ხვდებოდა, იხსნებოდა შამპანური და მერე ოჯახები ტელევიზორის წინ მოკალათებული ატარებდნენ საახალწლო ღამეს.
ლამაზად გაწყობილი სუფრა, ციმციმა გირლანდები ნაძვის ხეზე, ასე იშვიათი და ნანატრი საზღვარგარეთის ესტრადა ღამის ორი საათის შემდეგ - თითქმის ყველაფერი ისე იყო, როგორც დღეს.


imageimageimageimage


მაგრამ მთავარი განსხვავება ისაა, რომ მაშინ ჩვენ - ბავშვებს, გვსურდა რაც შეიძლება გვიან დაგვეძინა, რადგან გვჯეროდა, რომ ამ ღამეს აუცილებლად რამე სასწაული მოხდებოდა (მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენგანს სანტა კლაუსის არსებობის შესახებ არაფერი გვსმენოდა), ახლა კი-ყოველდღიური საზრუნავით და პრობლემებით განერვიულებულები უცებ შევსვამთ ახალი წლის სადღეგრძელოს, დავაყოლებთ გემრიელ კერძებს და მერე დაღლილები ღამეს კი არ ვათევთ ტელევიზორთან, არამედ დასაძინებლად წავალთ, რადგან ვიცით, რომ სასწაული არაფერი მოხდება.


უბრალოდ ჩვენ გავიზარდეთ - აი რაშია განსხვავება...

0
1304
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0