x
მეტი
  • 29.07.2017
  • სტატია:68018
  • ვიდეო:320592
  • სურათი:420521
კოცნა აცოცხლებს

image

პატარაობიდანვე მიყვარდა მარტოობა, სეირნობა… ალბათ, 7 წლისაც არ ვიქნებოდი, სოფელში ყოფნისას ტყეში რომ წავედი სასეირნოდ. მივდიოდი და ვღიღინებდი, მაგრამ არ მახსოვს რას. ჩემი სოფლის ტყე მთლიანად თხილის იყო. მეც გზადაგზა ქვა მომარჯვებული თხილებს შევექცეოდი. კიდევ, ტყის მარწყვს, თუ სადმე წავაწყდებოდი… ერთი ციცქნები იყო, განსხვავებით ჩემი ეზოს უზარმაზარი მარწყვებისაგან, თუმცა სულ სხვა გემო ჰქონდა. ტყის გემო. ზოგჯერ ზღმარტლისა და ფშატის ბუჩქებზე ვიტყავებდი პაწაწინა კიდურებს.
ამ ტყეში წყარო იყო. სოფლელები დედოფლის წაროს უწოდებდნენ. მიყვარდა ის წყარო. სწორედ იმ წყაროსთან აღმოვაჩინე პირველად ყვითელი შინდის ხე. პაწაწინა მუშტში მოვაგროვე და ბებიასთან გავიქეცი ახალი აღმოჩენის საჩვენებლად. ახლაც იქ მივდიოდი. ყინულივით ცივი წყლის დასალევად…
…და კიდევ შინდისთვის. ყვითელი.
როდესაც დავიხარე და მიწიდან მოჩქრიალე წყალს დავეწაფე ორი პაწაწინა პეშვით, უცებ ჩიტის განწირული ხმა მომესმა. გაფართოებული თვალებით მივიხედ-მოვიხედე. პატარა ბარტყი დავინახე. ბუდიდან გადმოვარდნილიყო.
“მგონი მკვდარია…”
გავიფიქრე და შემეცოდა.
ერთი ციცქნა, უსიცოცხლო ჩიტის მახლობლად, უფრო დიდი ჩიტი დაფრინავდა წრეზე. ეს ის ჩიტი იყო, რომლის განწირულმა ხმამაც მაპოვნინა ბუდიდან ჩამოვარდნილი პაწია…
“დედამისი ტირის…”
დასტრიალლებდა თავზე და სასოწარკვეთილი არაამქვეყნიურ ხმებს გამოსცემდა… არაჩიტურს. არაადამიანურს.
მე 7 წლისაც ვიყავი… თვალებში წყალი ჩამიდგა. ეს წყალი არ ჰგავდა პირზე შესხმულ ცივ, დედოფლის წყაროს წყალს. ეს უფრო თბილი და მლაშე წყალი იყო. რაც უფრო მეტს ვყლაპავდი, ყელში გაჩხერილი ბურთიც უფრო მეტად ფართოვდებოდა. ვგრძნობდი, როგორ ნელა, მტანჯველად მერჭობოდა რაღაც გულში. ფეხები მექანიკურად ავამოძრავე და მივუახლოვდი. მუხლებზე დავემხე, ბარტყი ხელში ავიყვანე და გულზე მივიხუტე. ჯერ ისევ ფეთქავდა.
“ჯერ ცოცხალია!”
გავიფიქრე აღტაცებულმა და გამახსენდა ბებიას მოყოლილი ზღაპრები. ზღაპრებში მკვდარს კოცნით აცოცხლებდნენ ხოლმე პრინცები. სწრაფად დავუწყე ბარტყს კოცნა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გადავარჩენდი. მყავდა ჩემს პატარა ხელებში მომწყვდეული, ჩემს ხელებზე პატარა ბარტყი და ვკოცნიდი განუწყვეტლივ. ჯერ კიდევ ბოლომდე შეუმოსავი ფრთა გაამოძრავა. წყაროსთან მივირბინე, თითი წყალს შევუშვირე და სახეზე მივასხურე.ნისკარტი გავუხსენი და ძალით ჩავასხი დედოფლის წყაროს ანკარა, ცივი წყლის წვეთები.
“თვალები გაახილა!”
სიკვდილს კლანჭებიდან გამოვაცალე. აფართხალდა. ალბათ ვაშინებდი. უნდოდა ჩემგან თავის დახსნა, მაგრამ მე ვერ ველეოდი და გაუთავებლად ვკოცნიდი. ის ხომ ჩემმა კოცნამ გააცოცხლა?
“ბევრს თუ ვაკოცებ დიდხანს იცოცხლებს!”
დედამისი იქვე ახლოს დაფრინავდა და სიხარულისგან თავისებურ ხმებს გამოსცემდა. განსხვავებულს ცოტახნისწინანდელისაგან. ვიცოდი ბარტყის დაბლა დატოვება არ შეიძლებოდა. სახლშიც ვერ წავიყვანდი, დედამისი ალბათ დარდით მოკვდებოდა. მეორედ ვერ წავართმევდი შვილს.
“მე რომ ვინმემ წამიყვანოს დედას ხომ არ მოეწონება?”
“დედის ბუდეში ვერ მიფრინდება, ჯერ პატარაა არ იცის ფრენა.”
“ცოტახნით რომ წავიყვანო სანამ ფრენას ისწავლის?”
“არა, დედამისი ცოდოა…”
“დედამისიც ვერ აიყვანს ხელში, რა ვქნა?”
“მე რომ ავიყვანო?”
“არა ძალიან მაღლაა. ვერ ახვალ.”
“ვითომ რატომ ვერ ავალ?”
“მაღლაა… ძალიან მაღლა!”
“ავალ!”
ვებრძოდი ჩემს გონებაში შემოსახლებულ ვიღაც კეთილის მსურველს, ის კი თავისას გაიძახოდა და ცოტა არ იყოს მართლაც მაშინებდა. მემგონი ის მეორეც მე ვიყავი, თუმცა ზუსტად არ ვიცი. არ მახსოვს…
ბუდე მართლა ძალიან მაღლა იყო. მაინც გავრისკე. ის მახინჯი ჩემი თავი გონებიდან გავაგდე. ბარტყი კაბის უბეში ჩავისვი, უბე კბილებს შორის მოვაქციე და მაგრად მოვუჭირე. ხელებით კი ხეზე ცოცვა დავიწყე.
“რატომ ნერვიულობ, პირველად ხომ არ ადიხარ ხეზე?”
“ეს სხვანაირი ხეა… დიდი. ტყის. სახლის კი ნუ გგონია, სახლის ხე სხვანაირია. აი, როგორც ძაღლი. ზაღლი ხომ იგივე სახლის მგელია?”
“ხე ხეა, რა მნიშვნელობა აქვს სად დგას?”
“ეგრე წყალიც წყალია, მაგრამ ამ წყლის დასალევად მაინც ყოველდღე მოდიხარ…”
“ეს სხვანაირი წყალია. დედოფლისაა…”
“ეს ხეც სხვანაირია, ტყისაა!”
“გაჩუმდი, ხელს მიშლი!”
ვუთხარი იმას, ასე რომ ზრუნავდა ჩემზე მე კი არც ვიცოდი ვინ იყო. ისევ გავაძევე ჩემი სხეულიდან და ცოცვა გავაგრძელე.
“ამ ტყეში რამდენი დაბალი ხეა, ამ ჩიტმა კი მაინცადამაინც ეს ხე რატომ აირჩია?”
“რომ დაიცვას შვილები.” გამომეპასუხა ჩემი თავი. ისევ შემოპარულა ჩემს სხეულში. ამჯერად აღარ მიცდია მისი გაგდება, რადგან უკვე ბუდესთან ვიყავი და არ მეცალა.
ბარტყი ნაზად ჩავსვი და უკან დავიწყე ჩამოცოცება. გამეცინა, როდესაც დავინახე, როგორ გადმოყო პაწიამ თავი ბუდიდან და დაჭყეტილი თვალები მომაშტერა. ზედმეტად გავერთე მისი ლამაზი თვალების ცქერით და ჩემი სხეულის დაბრუნების მცდელობით. ჰოდა, უცებ ფეხი დამიცდა და მიწაზე დავენარცხე. დროული იყო. სხვაგვარად არც მიფიქრია. ზურგით დავეცი, პირდაპირ ქვაზე. თუმცა, მერე რა?
ეს ვის ადარდებდა?
მაინც ბედნიერი ვიყავი. ასე გაშოტილი პირდაპირ ვუმზერდი თვალებდაჭყეტილ ბარტყს, რომლის დედაც გამალებით თავს დამტრიალებდა.
“ალბათ, მადლობას მიხდის…”
ბედნიერება იმდენად დიდი იყო, მიწიდან ადგომა არ მინდოდა. ან იქნებ არც შემეძლო? ჩემს სხეულში ხომ დიდი ტკივილი იყო შემოჭრილი.
“მტკივა…”
მე ისევ მეჩვენებოდა, რომ წრეზე მფრინავი დედა ჩიტი ჩემთვის თავის დაკვრას ცდილობდა მადლობის ნიშნად.
-არაფერს…-ვუპასუხე ტკივილნარევი ხმით. თითქოს, ისიც ამას ელოდაო, აფრინდა თავის სახლში და ჩემი კოცნით გაცოცხლებული თავისი შვილის ფერება დაიწყო.
მე კი სახეგაბადრული, კიდევ დიდხანს ვიწექი მიწაზე…
ავტორი: ანო სანებლიძე (მადამ ფისუნია)

0
61
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0