x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქვევრის გასარეცხად ჩასული კაცის ისტორია, რომელსაც უიღბლობის გამო მთელი ღამე ქვევრში მოუწია ყოფნამ

image სტატიაში მინდა მოგითხროთ ნამდვილი ისტორია სამეგრელოში მცხოვრებ, იმერეთიდან ჩამოსულ ერთ ფუტკარივით შრომისმოყვარე, მუყაით და გამრჯე კაცზე, რომელსაც მართლაც, რომ საოცარი კურიოზი გადახდა თავს.
როგორც თითქმის ყველა იმერელს მასაც ძალიან უყვარდა ყურძნის მოშენება და კარგ ღვინოსაც აყენებდა მუდამ. ყურძენს კი იმდენს იწევდა თვითონაც იყენებდა და ყურძნის მიმღებ პუნქტსაც აბარებდა. გამრჯე გლეხის მარანში ნატურალური ღვინით სავსე ხის კასრები, შუშის ბოცები თუ თიხის ქვევრი ბლომად იყო.
მარნის ბოლოში მდებარე ქვევრი ძალიან გვიყვარდა ბავშვებს, როცა ოჯახის უფროსი მის გარეცხვას იწყებდა თუ სოფელში ვიყავი იმ დროს აბა რა გამაჩერებდა სახლში, თანატოლებსაც გადავძახებდი და ერთად მივდიოდით მეზობელთან. აბა ბავშვები რისი გამკეთებლები ვიყავით, სამაგიეროდ უზარმაზარ ქვევრში მიშა ბაბუას (სახელი ნამდვილია) დახმარებით ჩასულებს თავი უცხო სამყაროში გვეგონა და როცა ქვევრში ჩამოძახილი ხმა "ბუბუნით" აავსებდა ქვევრს და უკანვე ადიოდა ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
ქვევრი კი რაც მართალია, მართალია უზარმაზარი იყო და თავად მიშა ბაბუაც ბოლოში ნაჭრებშემოხვეული ხის კიბით ჩადიოდა.
ერთხელ სწორედ ამ ქვევრის გარეცხვისას შეემთხვა მიშა ბაბუას საკმაოდ სახალისო კურიოზი, რომელსაც წლების მანძილზე თავადვე ჰყვებოდა სტუმრებთან, სტუმრები კი იცოცხლეთ მას უყვარდა და მუდამ ჰყავდა.
ერთხელ ქვევრის გარეცხვა ისეთ პერიოდს დაემთხვა პრაქტიკულად უბანში ბავშვები არ იყვნენ, ჩადგა მიშა ბაბუამ ქვევრში კიბე, ჩაიტანა ბლის ქერქისაგან დამზადებული ქვევრის გასარეცხი "სარცხი", წყლით სავსე ვედრო და დაიწყო ქვევრის გარეცხვა.
თავიდან შვილი ეხმარებოდა, ხან ამოხაპული წყალი ამოჰქონდა თოკით ჩაწოდებული ვედროთი, ხან კი ახალ წყალს აწვდიდა.
კიბე კი ბუნებრივია ქვევრიდან ამოტანილი იყო, სწორედ ამ გაწამაწიის დროს მოაკითხა მიშა ბაბუას შვილს სამსახურიდან თანამშრომელმა, თბილისში ვარ გამოძახებული და ამაღამ მილიციის სამმართველოში როგორმე უნდა ჩამანაცვლოო. მამუკასაც ბევრი არ უფიქრია მამას გადასძახა: წასასვლელი ვარ სამსახურში და ვინმეს ვეტყვი რომ დაგეხმაროსო.
გადაიბანა ხელები, ჩაიცვა ტანსაცმელი და გაჰყვა თანამშრომელს სამსახურში, გზაზე მიმავალმა კი მეზობელს თხოვა იქნებ დრო გამონახო და მამაჩემს ქვევრის გარეცხვა დაამთავრებინოო, მეზობელმაც კი გადავალ ახლავე რა პრობლემააო.
მიშა ბაბუამ ეტყობა შვილის გადაძახილი მე მივდივარო ვერ გაიგო და ქვევრიდან დაუწყო ძახილი, სად დაიკარგე შე "უპატრონოო" (ამ სიტყვას ხშირად იყენებდა მიშა ბაბუა)!
აბა ვინ იყო ხმის გამცემი, მეუღლე მშობლიურ სახლში იყო წასული და ღამე იქ რჩებოდა, გოგოები კი კარგა ხნის გათხოვილი იყო ორივე.
იძახა, იძახა მაგრამ ხმა რომ არავინ გასცა სცადა ამობრუნებულ ვედროზე დამდგარი ქვევრის ყელს მიწვდენოდა ამოსასვლელად, მაგრამ უშედეგოდ. ამასობაში მეზობელმაც შემოაღო ეზოს კარი და მიშა ბაბუას უზარმაზარი ძაღლიც გამოჩნდა, რომელსაც ჯაჭვის დასამაგრებელი საყელური გაეგლიჯა და თავისუფლად დადიოდა ეზოში. მეზობლის დანახვაზე კი გაავებული მისკენ გამოენთო. ბედად მეზობელმა კარის მიხურვა მოასწრო და მინიმუმ დაკბენას გადაურჩა.
ბევრი იძახა მიშა–მიშაო, მაგრამ აბა ქვევრში მყოფ კაცს რას გააგონებდა და იფიქრა ეტყობა რაკი ძაღლი აშვებულია, მიშაც სადღაც წავიდაო და სახლში დაბრუნდა.
მიშა ბაბუამ ბევრი მცდელობის მიუხედავად კიბის გარეშე ქვევრიდან ამოსვლა ვერ მოახერხა და რომ მიხვდა ყვირილსაც აზრი არ ჰქონდა გაჩერდა.
ამასობაში დაღამდა კიდეც და შინაურმა პირუტყვმა ბღავილით, რომ აიკლო იქაურობა მეზობლები გადმოვიდნენ ეტყობა მიშა ოჯახით სადღაც წავიდა და პირუტყვი დავაბინაოთო. ბედად ბოსელი ცალკე ღობით იყო ეზოდან გამოყოფილი და ავი ნაგაზი იქ ხელს ვერავის შეუშლიდა, მეზობლებმა პირუტყვი დააბინავეს და ყველა საკუთარ სახლში დაბრუნდა.
როგორი ძნელი დასაჯერებელიც არ უნდა იყოს მიშა ბაბუამ ის ღამე ქვევრში გაატარა. მეორე დილით სამსახურიდან მობრუნებულ შვილს ძაღლი აშვებული, რომ დახვდა "გულმა რეჩხი უყო"–რაღაც არაა აქ საქმე კარგადო და სახლში მამა–ს ძახილით შევარდა, არავინ რომ არ გაეპასუხა უფრო უმატა ძახილს და როგორც იქნა გაიგონა: სადა ხარ შე "უპატრონო" ლამისაა მოვკვდე კაციო. გაიხედ–გამოიხედა, მაგრამ ვერ გაარკვია საიდან მოდიოდა ხმა და როგორც იქნა მოისაზრა ქვევრშია უეჭველიო, რაზეც იქვე მსხლის ხეზე მიყუდებულმა კიბემაც მიანიშნა.
სირბილით გაემართა მარნისაკენ და ქვევრში მიშა ბაბუას დანახვაზე გაკვირვებულმა ჰკითხა: აქ რას აკეთებო? რას აკეთებო?–ამის გაგონება და შვილის მისამართით კარგა ბარაქიანი გინების "კორიანტელი მიუშვა" მიშა ბაბუამ.
შვილმაც კიბე ჩაუდგა და მიშა ბაბუა ქვევრიდან ამოვიდა, მთელი ღამის ნათმენი კაცი საპირფარეშოსაკენ გაიქცა, მანამდე კი მისმა შვილმა ძაღლი საიმედოდ დააბა და საჭმელიც დაუდო.
მიშა ბაბუამ ხელების დაბანის მერე კარგა ბლომად წყალიც დალია და შვილს ჰკითხა: სად იყავი შე "უპატრონო" ქვევრში რომ ჩამტოვე კაციო! შვილმაც სამსახურში მომიწია წასვლამ, მეზობელს დავუბარე და უნდა მოსულიყოო, ამ დროს იმ მეზობელმაც გამოიარა და ხომ მშვიდობა გაქვთ ლამის შემჭამა გუშინ თქვენმა ძაღლმა ეზოში შესვლა, რომ დავაპირეო.
აქ კი ყველაფერი ნათელი გახდა მიშა ბაბუასათვის და მთელი ღამის უძინარმა ისე გადაიხარხარა მეზობელს შუბლზე აუვიდა თვალი ამას რა აცინებს ასე უმიზეზოდო, მიშა ბაბუამ როგორც იცოდა და ჩვეოდა ხოლმე მაჯაში ჩაავლო ხელი და მეზობელი სახლში შეიყვანა, იქ შვილთან ერთად ღვინო და საჭმელი დაალაგა და მეზობელს მოუყვა თავს გადახდენილი კურიოზი. ახლა მეზობელი ახარხარდა მთელ ხმაზე, მიშა ქვევრი რომ წაგებილწა იმერელ კაცს, თავი სად უნდა გამოგეყოო.
რამდენიმე დღეში მთელი სოფელი მოიარა ამ ამბავმა და დღესაც კი ამდენი წლის მერე ვინმეს რომ ჰკითხოთ დიდი თუ პატარა დაწვრილებით ისე მოგიყვებათ ამ ისტორიაზე, თითქოს თავად ყოფილიყვნენ ამ ისტორიის შემსწრე.

2
299
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
299
  
2016, 27 დეკემბერი, 22:50
კი, უკითხავს კიდეც :)
2016, 27 დეკემბერი, 21:25
როგორ მოხვდი მანდო?- ჰკითხავდა მეზობელი :D
0 1 2