x
მეტი
  • 24.01.2017
  • სტატია:62943
  • ვიდეო:313940
  • სურათი:413653
ბრბო

image


ადამიანთა არსებობის ყველა
ეტაპზე, კაცობრიობის გაჩენიდან დღემდე არსებობდა ბრბო. ბრბო რომელიც ყველაფერს ანადგურებს.
ბრბო რომელიც ცხოველების ჯოგზე საშიშია, ბრბო რომელიც ყველაფერს კლავს რაც ცოცხალია.
ის ტკენს. ის აწამებს. ანადგურებს ყველაფერს და ყველას, ვინც მათ მთავარ პათოსს წინ
გადაეღობება, ერთი არასწორი სიტყვა და ბრბოს წევრიც კი შეიძლება მსხვერპლად იქცეს მომენტალურად.
პირველყოფილ ადამიანებშიც იყო, ალბათ, ეს დაუნდობელი და გამანადგურებელი ძალა, უკონტროლო
მასა. რომელიც ადამიანებისაგან შედგება...
ამის კარგი მაგალითია
ჯემალ ქარჩხაძის "იგი". იგი რომელიც ჩვეულებრივი ტომის წევრი იყო. მათგან
არაფრით განსხვავებული. სანამ... სანამ წელში არ გაიმართა და ხატვა არ დაიწყო... ბრბოს
არ უყვარს განსხვავებული ადამიანები. ბრბოს არ უყვარს არც ხელოვნება, არც ლიტერატურა,
ბრბოს საკუთარი თავიც კი სძულს. იმის გამო, რომ იგი წელში გაიმართა, იმის გამო რომ
მან დახატა, იმის გამო რომ ის აღარ იქცეოდა სხვა ტომის წევრების მსგავსად, იმის გამო
რომ მისი ტვინის ერთი დამატებითი უჯრედი გაიხსნა,
ის დიდი დაძინების ქარაფზე აუშვეს და სამუდამოდ დააძინეს...
ბრბო არის ადამიანთა ჯგუფი,
რომლის ქცევაც დამყარებულია
ინსტიქტურ იმპულსებზე და ამიტომ მისი გავლენის ქვეშ შეიძლება მოექცეს ნებისმიერი
ადამიანი, თუნდ ისეთი პიროვნებაც რომელიც მთელი თავისი სცოცხლის განმალობაში სიკეთის სამსახურში
იდგა. ამის ლიტერატურული, საუკეთესო მაგალითია ჯავახიშვილის "ეშმაკის ქვა"
სადაც, სოფიო, გოგონა რომელიც ყველასათვის ანგელოზთან ასოცირდებოდა და მთელი სიცოცხლე
სიკეთეს თესდა, რომელიც სწორედ იმიტომ იხმეს, რომ გამძვინვარებული ბრბოსაგან დაეცვა
დამნაშავე. მანაც კი ვერ შეძლო თავის გაკონტროლება, ისიც კი ჩაითრია ბრბომ. მასაც კი
აიძულეს ხელში ქვა აეღო...
ისიც ემსხვერპლა ბრბოს,
დამნაშავის მსგავსად...
ადამიანთა მასას რომელიც
საღად ვერ აღიქვამს მოვლენებს და დაკარგული
აქვს გააზრების უნარი, უმართავია და
შეუძლია გაანადგუროს ყოველივე, მათ შორის ადამიანის სიცოცხლეც, ბუნების საჩუქარი,
აუხსნელი ფენომენი, რომელიც ფასდაუდებელი და განუმეორებელია მიუხედავად იმისა, დამნაშავისაა თუ არა.
როდესაც ბრბო ცხრება და
მასში მყოფი ადამიანები თავიანთ ადამიანურ სახეებს იბრუნებენ, თითოეული მათგანის გულში
ჩნდება სირცხვილისა და სინდისის ქენჯნის გრძნობა, როგორც ეს მოხდა ლეონიძის "მარიტას"
შემთხვევაში, სოფელმა სრულიად უდანაშაულო მარიტა,
კეთილი და ულამაზესი არსება, რომელსაც თითოეული მათგანი წარსულში დიდ პატივს
სცემდა, მოწიწებითა და სიყვარულით ეპყრობოდა, უსამართლოდ დასაჯა და სიცოცხლე მოუსწრაფა.
მიუხედავად იმისა, რომ მათი მიზანი გოგონას სიკვდილი სრულებითაც არ ყოფილა, ეს თავისთავად
მოხდა... სპეტაკი სულის გოგონამ სირცხვილს ვერ გაუძლო და მისი გული აფეთქდა.
ადამიანის მთელი სიცოცხლე,
მასში ბოროტისა და კეთილის ჭიდილია, რომელიც
სხვადასხვა დოზით ვლინდება ადამიანის ხასიათში. სწორედ ეს ფაქტორი თამაშობს დიდ როლს
ბრბოს ქცევაში. ამბობენ : "შეცდომა ადამიანურია, პატიება ღვთიურიო"... მაგრამ
ადამიანები რომ ღმერთები ვყოფილიყავით, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა ამ სამყაროში.
ჩვენ ადამიანები ვართ, ჰომო საპიენსი. მოაზროვნე ადამიანი... თუმცა ეს წოდება სასაცილოდ
ჟღერს, თუ კი გადავხედავთ ბრბოს მიერ გადაჯეგილ ადამიანებს, იქნებიან ესენი ლიტერატურული,
გამოგონილი გმირები თუ ინდოელი გოგონა, რომელსაც ცოცხლად წაუკიდეს ცეცხლი...
გარდა ამისა არსებობს
ბრბო, რომელიც არა წუთებით და წამებით არის გონება დაბინდული, არამედ მთელი სიცოცხლის მანძილზე. დაბრმავებულია გონებრივად,
სულიერად, ვეღარ ასხვავებს თავისთვის სასიკეთოსა
და საზიანოს. და რაც მთავარია, სურვილიც არ აქვს გამოღვიძების, უფრო მეტიც, იგი ებრძვის ყოველივეს რამაც შეიძლება თვალი აუხილოს,
მას არ სურს რამის შეცვლა რომ იტყვიან, "მიჩვეული ჭირი ურჩევნია", სწორედ
ასეთ ბრბოსთან მოუხდა ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟ
დათა თუთაშხიას შეხვედრა და როდესაც
მან მათი გამოფხიზლება, გათავისუფლება განიზრახა,
მათ მტრულად მიიღეს მისი სიტყვები და მადლობის მაგიერ სასტიკად სცემეს… ბრბოს ყველაზე
უკეთ ხომ ტკივილის მიყენება გამოსდის?
არანაკლებ მნიშვნელოვანია
ცალკეული ადამიანები, რომლებიც ბრბოს შიშს ჰყავს შეპყრობილი ე.წ. "რას იტყვის ხალხი" კატეგორია. ამ ტიპის
ადამიანები ზოგჯერ ბევრად საშიში და სახიფათონი ხდებიან ვიდრე ბრბო. ეს ალბათ დიდი
ეგოიზმის მაღალი ფაზაა, რომელიც საკუთარი სირცხვილის დასაძლევად ნებისმიერ საძაგლობას
ჩაგადენინებს. რის ლიტერატურულ მაგალითადაც
მატეო ფალკონეს მოვიყვან. კაცი რომელიც სიცოცხლეს დათმობდა საკუთარი შვილისთვის, რომელმაც
ნანატრ შვილს "ფორტუნატო" დაარქვა, საღად აზროვნების უნარს არგავს და საკუთარ
შვილს უსწრაფავს სიცოცხლეს. იმის გამო რომ ბიჭუნა რომელსაც აზროვნებაც კი არ ჰქონია
ჯერ კარგად ჩამოყალიბებული, რომელიც მოიხიბლა ბრჭყვიალა საათით და მონეტებით, ასე
ვთქვათ "ფოჩიან კანფეტებზე გაიყიდა", რომელიც ვერც კი აანალიზებს თავის დანაშაულს,
მამის ხელით ეთხოვება სიცოცხლეს. ასევე იქცევა ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოების გმირიც,
ხევისბერი გოჩა, რომელიც შვილს ვერ პატიობს დანაშაულს, რომ მან დაივიწყა ის რასაც მამა
მთელი ცხოვრების მანძილზე უნერგავდა. ის შეცდა. სიყვარულმა დააბრმავა და სიყვარულის
საფასური მანაც სიცოცხლით გადაიხადა. ისიც მამის მკლავებს ემსხვერპლა. როგორც უკვე
აღვნიშნე, მწყობრიდან გამოსული, გონება არეული ადამიანები, რომლებიც აფექტის მდგომარეობაში
არიან და სისხლის მიმოქცევას ყველა კაპილარში გრძნობენ, ბოღმის ბურთები აქვთ ყელში
ჩაჩრილი, ვერც ძალას აკონტროლებენ, ვერც აზროვნებას ჩადენილ დანაშაულს ცივ გონებაზე
ყოველთვის ცხოვრებისეულ დაღად აღიქვამენ ხოლმე. გოჩასაც ასე დაემართა, მაგრამ უკვე
გვიანი იყო, მისი გონება ვეღარასდროს ჩადგა მწყობრში.
ბრბოს გამძვინვარების
მიზეზად სწორედ უზომო ეგოიზმი მიმაჩნია. ეჭვიანობა. განცდა რომ ვიღაც წესებსა და დოგმებს
არღვევს. რომ ვიღაც შეიძლება უკეთესია. ან უკეთესი თუ არა, უბრალოდ სხვანაირი. როდესაც
ბრბოს ნაწილი ხდები არ გაქვს უფლება სხვანაირი იყო. ბრბოს ფსიქოლოგია დღემდე ძლიერ
გავლენას ახდენს ე.წ. ჰომო საპიენსზე. ჩვენ ყველანი ბრბოს ნაწილები ვართ. ისინი ვინც
განსხვავებულები იყვნენ, ისინიც კი ერთმანეთს დაემსგავსნენ და ახლა მივიღეთ საზოგადოების
რამდენიმე ჯგუფი, რამდენიმე ბრბო, რომელიც სხვადასხვა იდეებზეა დაყრდნობილი, თუმცა
საბოლოო ჯამში მაინც ბრბოს ქმნის. უმართავ
ძალას, რომელიც ყველაფერს ანადგურებს. რამდენიც უნდა ვეცადოთ, ვამტკიცოთ, რომ ჩვენ
არ ვართ ბრბოს ნაწილი, რომ ჩვენ სხვანაირები ვართ, რაღაც დოზით ყველანი მაინც მისი
ნაწილები გამოვდივართ, ზოგი უფრო დიდი ნაჭერია ამ უზარმაზარი ხორცის ნაგლეჯისა, ზოგი
კი ერთი ციცქნა ნამცეცი, მაგრამ მაინც მისი ნაწილი. ყველაზე უბრალო მაგალითი იმისა,
რომ ბრბოს ვეკუთვნით დაუწერელი კანონები და ეთიკის ნორმებია, ის რომ ქუჩაში შიშვლები
არ დავდივართ, უკვე ბრბოს საერთო აზრის გათვალისწინებაა, აზრის, რომ სიშიშვლე სირცხვილია...
თუმცა ხელოვნებაში სიშიშვლე ხომ სილამაზის სიმბოლოა? ალბათ, იკითხავთ რას ვიტყვი ნუდისტებზე?
ისინი ხომ დადიან ჰაერშემოცმულები, ხომ თავისუფლად აფრიალებენ საკუთარ სხეულებს ყველას
თვალწინ? კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ ისინიც სწორედ ზემოაღნიშნული, ცალკე ბრბოს ნაწილები
არიან, საკუთარი, განსხვავებული იდეოლოგიით, ისინიც ერთმანეთს ჰგვანან... ჩვენც ერთმანეთს
ვგავართ.
ყველა ერთმანეთს ჰგავს...
რამდენი საუკუნეც უნდა
გავიდეს, არაფერი შეიცვლება. ბრბო ბრბოდ დარჩება. დაიშლება და მერე ფენიქსივით ფერფლიდან
აღსდგება სრულიად ახალი შემადგენლობით, ახალი იდეებით და ის ისევ გამძვინვარდება, ისევ
ატკენს ცალკეულ, მათი აზრით სხვანაირ, მიუღებელ არსებებს, ისევ გაანადგურებს სიცოცხლეს
და ასე, უსასრულოდ...
ღმერთები რომ ვყოფილიყავით,
ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა...

0
43
1-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0