x
მეტი
  • 24.01.2017
  • სტატია:62943
  • ვიდეო:313940
  • სურათი:413653
გოგონა ვარდისფერ პენუარში

image

იმ დღეს ჩემი საქმრო დამარხეს.


უფრო სწორად, ის რაც მისგან დარჩა.


აიღეს, ჩააწვინეს ხის ყუთში (რომელსაც რატომღაც სასახლე
დაარქვეს) თავსახური დააჭედეს და უზარმაზარ ორმოში ჩადეს, მერე ყველამ თითო მუჭი მიწა
მიაყარა. შემდეგ ორმო მთლიანად ამოავსეს, არც სარკმელი დატოვეს, არც საჰაერო ნახვრეტი.


წამოვედი.


გზაში ათასი ფიქრი მიტრიალებდა, მაგრამ ათასივე ერთ
წერტილში იკვეთებოდა.


"ის მოკვდა!"


"რა მოხდებოდა მე რომ ვყოფილიყავი იმ ხის ყუთში?


რას გააკეთებდა ის ჩემს ადგილზე?


ალბათ, ის ვერასოდეს იქნებოდა ასეთი მშვიდი, ხმა და
ცრემლებწართმეული, თავდახრილი არ დაელოდებოდა, როგორ გამომამწყვდევდნენ პატარა ხის
ყუთში და მომაყრიდნენ მიწას.


ალბათ, პირველივე წამს მოკვდებოდა, პირველივე წამს,
როცა ჩემს ნარჩენებს დაინახავდა. არა, თავს არ მოიკლავდა, მას სწამდა ღმერთის, თუ ღმერთების,
არ მახსოვს... უბრალოდ სწამდა, რომ თავის მოკვლა ჯოჯოხეთის უტყუარი ბილეთი იყო, ამიტომ
თავს არ მოიკლავდა, მაგრამ ზუსტად ვიცი ეს საჭირო არც იქნებოდა,
თავისით მოკვდებოდა, უბრალოდ, უმიზეზოდ. არა, განა ჯოჯოხეთის ეშინოდა? უბრალოდ ვერ
გაბედავდა იქ წასვლას თუ არ ეცოდინებოდა რომ იქ არ ვიქნებოდი. რა საკვირველია, მისი
აზრით, იქ არ ვიქნებოდი, მე ხომ წმინდანი ვიყავი მისთვის?


იქ რა მინდოდა?


სისულელეა...


ყველაფერი სისულელეა...


აი, მე კი ცოცხალი ვარ. არ მოვკვდი. ისე, უბრალოდ, თავისით
ვერ მოვკვდი.


თავი რომ მოვიკლა?


რა აზრი აქვს?


მოვიკლავ და გავქრები...


იქნებ არ გავქრე და ჯოჯოხეთში მოვხვდე?


ჯოჯოხეთი...


ჯოჯოხეთი..."


მივხვდი რომ ისტერიულად ვიცინოდი და ბოლო ხმაზე გავყვიროდი
ამ უკანასკნელ სიტყვას. უცხო ხალხი მიყურებდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა რომ მათ ფიქრებს
ვკითხულობდი. რა საოცარია ხალხი, როგორი განსხვავებული და..


... და პრიმიტიულიც.


"საწყალი გოგო, რა ახალგაზრდაა."


"გიჟია??!"


"ფუუ, ავადმყოფი."


უცნაურია, ყველას სახეზე აწერია რას ფიქრობს. ჩემი გახმოვანებული
ფიქრები ისევ დავადუმე და გზა გავაგრძელე. ერთ კუთხეში მიკუჭული დამუნჯებული ფიქრები
ისევ აქოთქოთდნენ:


"სიამის ტყუპებივით ვიყავით. კი, სიამის ტყუპები
ვიყავით, მაგრამ სხეულით გადაბმულები არ დავიბადეთ, სულებით ვიყავით გადაბმული.


სულები???


რა სისულელეს ბოდავ, შენ არ გწამს სულების!


ვიცი, მაგრამ რომ მეწამა, ასე დავარქმევდი!


კი, სიამის ტყუპები
სულებით მიწებებულნი!


რა პოეტურად ჟღერს... და მე მომწონს.


რატომ უნდა მომწონდეს პოეტური გამოთქმა, როდესაც პოეზიას
ვერ ვიტან?


უცნაურია...


ყველაფერი უცნაურია ჩემს ცხოვრებაში...


სიამის ტყუპი მომიკვდა და მე არ მოვკვდი.


ახლა რა იქნება?


სხეულებით რომ ვყოფილიყავით მიწებებულნი და ის მომკვდარიყო
რა მოხდებოდა?


ალბათ, მეც მოვკვდებოდი.


მაშინ ახლა რატომ არ მოვკვდი, რა მნიშვნელობა აქვს რა
ნაწილით ვართ გადაბმულები, მთავარია რომ ვართ!


ვბოდავ..."


თავზე ხელები მივიჭირე და იქ გამეფებული ფიქრების მოჭყლეტას
შევეცადე, მათი დახოცვა მსურდა, მაგრამ სარეველასავით იყვნენ, ერთს მოვგლეჯდი და სამი
ჩნდებოდა. ტვინი ამიბალახდა.


"ახლა ალბათ, მომიწევს ჩემი სხეულის მკვდარი ნაწილი
ვათრიო.


აი, თურმე რატომ დამიმძიმდა სხეული. ადრე ხომ ის თავისით
დადიოდა, ადრე ოთხი ფეხი გვქონდა, ახლა მხოლოდ 2 ფეხი გვაქვს და ჩემი ორი ფეხით უნდა
ვათრიო კისერზე ჩამოკიდებული მკვდარი არსება.


ვიღაცებმა მითხრეს "გამაგრდიო."


ალბათ, იგულისხმეს ფეხზე მყარად იდექი რომ არ დაეცეთ
ორივეო...


დრო ყველაფერს კურნავსო, ესეც მითხრეს.


ამის არ მწამს...


ალბათ, დროთა
განმავლობაში ეს მოწებებული მკვდარი არსება აყროლდება და სამყარო უფრო გაუსაძლისი გახდება.


მატყუებენ!


ყველა მატყუებს...


არ უნდა მენახა, როგორ ჩაამწყვდიეს იმ ყუთში.


არ უნდა წავსულიყავი იქ."


ტელეფონმა დამირეკა. დავხედე. დიდხანს ვუყურე, ნომერი
ტელეფონში მეწერა მაგრამ ვერ ვიცანი. ვუყურებდი და ვერ ვიხსენებდი ვინ იყო. სწრაფად
მოვიქნიე ხელი და მდინარეში ჩავაგდე. ისევ მომაშტერდა ხალხი. ისევ წავიკითხე მათი ფიქრები.
ახლა მათ თვალებში უფრო მეტი იყო ზიზღი და შიში ვიდრე სიბრალული.


"კარგია. არ მიყვარს როცა ვინმეს ვეცოდები. ყველაზე
საშინელი გრძნობაა გრძნობათა შორის. არ მწამს სიბრალულით გამოწვეული სიყვარულის, არ
მწამს სიბრალულით გამოწვდილი დახმარების ხელის.


არაფრის მწამს სიბრალული რასაც იწვევს!


სულელო გოგო!


რა სისულელეებზე ფიქრობ, ცოტა ხნის წინ "შენი ბიჭის
ნარჩენები" შენს თვალწინ დამარხეს...


გული მერევა."


გავწყვიტე ფიქრები და ნაბიჯებს ავუჩქარე.


მივხვდი რომ გავრბოდი.


გულის ცემას ყელში ვგრძნობდი, მაგრამ გაჩერება არ შემეძლო.



ისევ შემომეპარნენ ფიქრები, მაქეზებდნენ.


"გაიქეცი, გაიქეცი...


გული მიჩქარდება.


არაუშავს, გაიქეცი.


გამისკდება და..


..და მოკვდები, შენით მოკვდები, როგორც ის მოკვდებოდა,
თავსით და უბრალოდ. გაიქეცი.


სირბილი არ კლავს!


გაიქეცი, გაიქეცი..."


ვეწინააღმდეგებოდი საკუთარ ფიქრებს მაგრამ ჩემი აჩქარებული
სუნთქვის გამო მათი ბუტბუტი აღარ მესმოდა. ყველა ფიქრი გაქრა, ერთის გარდა:


"გაიქეცი, გაიქეცი!"


მეც ფიქრებითვე ვპასუხობდი:


"გავრბივარ..."


"უფრო სწრაფად გაიქეცი!"


"გავრბივარ..."


"უფრო სწრაფად!"


"სწრაფად!"


"სწრაფად!"


დავეცი. ისევ ხალხი დავინახე. ერთმა ხელი შემაშველა,
წამოდგომაში უნდოდა დამხმარებოდა, მაგრამ მე ზიზღი ვიგრძენი. ეს ზუსტად ის ზიზღი იყო,
სიბრალულისგან გამოწვდილი დახმარების ხელი რომ იწვევდა ჩემში. ხელიდან დავუსხლტი და
მეტროში ჩავედი.


"სახლში უნდა წავიდე."


"რა გინდა ისეთ სახლში, სადაც არავინ გელის?"
ვგრძნობდი როგორ ირონიულად მიღიმოდა საკუთარი თავი, როცა ამ კითხვას მისვამდა. მე კი
მისი პასუხი არ მქონდა. მატარებელში არ იყო თავისუფალი სკამი. კართან ავიტუზე. მივეყრდენი კარს,
რომელსაც გარკვევით ეწერა "ნუ მიეყრდნობით".


"ნუ მიეყრდნობით..."


"ნუ მიეყრდნობით..."


"ნუ მიეყრდნობით..."


"ნუ მიეყრდნობით..."


"ნუ მიეყრდნობით..."


"ვის ადარდებს ეს წარწერა, მაინც ყველა ეყრდნობა.
მეც რომ მივეყრდნო რა დაშავდება. თუნდაც დაშავდეს, ვის ადარდებს, სიკვდილი მაინც არ
შემიძლია, რომ შემძლებოდა აქამდე მოვკვდებოდი. იქნებ უკვდავი ვარ?"


ვიგრძენი როგორ ჩავსრიალდი და როგორ აღმოვჩნდი მატარებლის
იატაკზე, მიყრდნობააკრძალულ კარზე ზურგით მიყრდნობილი.


"შემდეგი გაჩერება სახლი."


წამოვდექი. უკვე სახლში ვიყავი, სახლში, რომელშიც არავინ
მელოდებოდა.


ტანისამოსი გავიხადე და კარადას მივუახლოვდი.


"სად არის, სად?" - ხელებს ვაფათურებდი.


"სადღაც აქ უნდა იყოს."


"ვიპოვე!"


"ვიპოვე!"


"ვიპოვე!"


"ვიპოვე!"


"ვიპოვე!"


კარადის ქვედა თაროდან ვარდისფერი პენუარი გამოვაძვრინე
და გულზე მივიკარი. ვიცოდი რომ აღარ იყო მოდური მაგრამ არ მითქვამს უარი ბებიასთვის
რომელმაც დიდი სიყვარულით მაჩუქა. გამოვართვი და კარადის ქვედა თარო მივუჩინე საცხოვრებლად. მას შემდეგ, მხოლოდ ერთხელ შევუცვალე ადგილი. მხოლოდ
ერთხელ მეცვა. ის დღეც კარგად მახსოვს. მაშინ ჩემი ბიჭი მთლიანი იყო და მე კი არ ვათრევდი,
ერთმანეთს ვათრევდით. სხეულიც ბევრად მსუბუქი იყო. ახლა მივხვდი რამდენ დატვირთვას
იღებდა საკუთარ ფეხებზე, რომ ჩემები არ დაეტვირთა.


ეს ჩვენი პირველი პაემანი იყო, პირველად გამომიტყდა
სიყვარულში, მე კი სიხარულით აღტაცებული პატარა ბავშვივით კისერზე ჩამოვეკონწიალე. სუნამოს სუნში ჩავიკარგე.


რამდენი სუნამო დაგისხამს, - დავცინე.


"არ უნდა დამეცინა, ალბათ, როგორ ემზადებოდა იმ
დღისთვის, მე კი დავცინე.


საშინელი ადამიანი ვარ...


როგორ დავცინე, პირველივე პაემანზე დავცინე...


მეზიზღება ჩემი თავი...


როგორ დავცინე?"


ისეთი ბედნიერი დავბრუნდი სახლში რომ ბებიის ნაჩუქარი
პენუარი ჩავიცვი, უამრავი სურათი დაგავიღე და ბებიას გავუგზავნე. მინდოდა გახარებოდა.
გაუხარდა კიდეც. მითხრა გიხდებაო.


იმ ღამეს იმ პენუარით მეძინა.


ძილი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან პენუარი აბრეშუმისაა
და მთელი ღამე ცურვას ვსწავლობდი. მას შემდეგ, აღარ ჩამიცვამს. არც გამირეცხავს, რადგან
დილით აღმოვაჩინე რომ იმ სუნამოს სუნი გადასვლოდა.


მისი სუნი უდიოდა.


პენუარში სახე ჩავრგე და ავტირდი. მერე ისევ გამეღიმა.


"მართლა რამდენი დაუსხამს, ისევ მისი სუნი აქვს."


"იქნება არც აქვს, მაგრამ ძალიან გინდა რომ ჰქონდეს?"
მკითხა იმ ირონიულმა ჩემმა თავმა. მე პასუხის გაცემის სურვილი არ მქონდა.


ჩავიცვი და დავიძინე.


ფიქრები გაქრა.


დილით დაბრუნდნენ
და დაიწყეს ჩემი აბალახებული გონების ჭამა.


ჩვენ სახურავზე გვიყვარდა დაჯდომა და იქიდან ქალაქის
დათვალიერება. ჭიანჭველის ზომის ადამიანებზე დაკვირვება. მართლაც ჭიანჭველებივით რომ
ფუთფუთებდნენ. ზოგი სამსახურში გარბოდა, ზოგი სახლში, ზოგი არ ვიცი...


მაგრამ ყველა გარბოდა.


ყველას ეჩქარებოდა.


ამჯერად მარტო უნდა ავსულიყავი ჩვენს სახურავზე.


თუმცა, რატომ მარტო?


მე ხომ ისევ მყავდა მიწებებული მკვდარი ნახევარი?


ჰოდა, ეს მკვდარი ნახევარი ავათრიე სახურავზე და ავედი.



პენუარი ისევ მეცვა. სიცივემ ძვლები გამიყინა და კანზე
პატარპატარა ბუსუსები გამიჩინა. მათი დაკვირვება დავიწყე. თითქოს ცოცხალი არსებები
იყვნენ. სუნთქავდნენ. იზრდებოდნენ. მერე პატარავდებოდნენ და ქრებოდნენ. მერე მათ ადგილზე
ახლები ჩნებოდნენ. იზრდებოდნენ. პატარავდებოდნენ. მერე ისინიც ქრებოდნენ და ასე დაუსრულებლად.



მომბეზრდა.


სახურავის კიდეს მივუახლოვდი და ჩამოვჯექი.


***


არ ვცდებოდი, როცა ვფიქრობდი დრო არაფერს კურნავს-მეთქი.
წლები გავიდა და ჩემი მკვდარი სიამის ნაწილის ამპუტაცია ვერ შევძელი. თუმცა, მივეჩვიე
მასთან ერთად ცხოვრებას. აღარაა ისეთი მძიმე როგორც თავიდან. მართალია, რომ ამბობენ
ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო.


სიკვდილსაც.


უცნაურია, როგორ შეიძლება მიეჩვიო სიკვდილს?


მივეჩვიე რომ ის რაც სხეულზე, თუ სულზე, თუ რაღაც ჩემს
ნაწილზე მიწებებულია - მკვდარია.


მე კი მისი დამარხვა არ მინდა. არც მოჭრა. უკვე
წლებია ასე დავათრევ. მივეჩვიე იმ ნაწილის სიკვდილს, მაგრამ ნეტა დარჩენილი ნაწილის
სიკვდილს თუ მივეჩვევი? ეს ფიქრები დიდი ხანია დამჩემდა, მაგრამ პასუხი არ მაქვს.


არ ვცდებოდი, როცა ვფიქრობდი დრო ამ მკვდარ ნაწილს კი
არ გააქრობს ააყროლებს-მეთქი. მართლაც აყროლდა, არ ვბრაზობ, ეს ხომ ხრწნას თან ახლავს?
მე კი მის სიმყრალესაც მივეჩვიე და იმ ჭია-ღუების და მატლების მოგერიებაც ვისწავლე
მას რომ მოსვენებას უკარგავენ, ხანდახან ერთმანეთში ვერევით და მეც გადმომაღოღდებიან
ხოლმე, უნამუსოდ...


არადა, მე ცოცხალი ვარ!


ცოცხალი!


მათ შეცდომაზე გამწარებული ხელს მთელი ძალით ვურტყამ
საკუთარ სხეულს, და საკუთარ სხეულზევე მივიკლავ ხოლმე შეცდომაში შესულ მატლებს. მათი
სისხლი შვებას მგვრის. თავს ცოცხლად მაგრძნობინებს.


უფრო მეტად ცოცხლად...


სახურავზე ისევ ყოველდღე ავდივარ და კიდესთანაც ყოველდღე
ვჯდები.


რამდენიმე ღერს გავაბოლებ და დაბლა ვბრუნდები.


ყველაფერი ერთფეროვანი და ბანალურია, მაგრამ ამასაც
მივეჩვიე...


ამასწინად, სახურავზე რომ ვიჯექი, ვიღაც კაცი გამომელაპარაკა.
პირველი გრძნობა რაც დამეუფლა გაოცება იყო.


"ნეტავ, აქ რამ ამოიყვანა?"


-გამარჯობა, -შემეხმიანა ჭაღარათმიანი კაცი.


-გამარჯობა, -ვუპასუხე და ეჭვის თვალით დავაცქერდი. ალბათ,
მიხვდა ჩემს პირველ ფიქრებს და პასუხი ისე გამცა კითხვა არ დამისვამს.


-სადენი გაწყდა, შესაკეთებლად ამოვედი, იმედია მყუდროებას
არ დაგირღვევთ.


-არა, რა საკვირველია, -ვუპასუხე და ისევ დაბლა ჩავიხედე,
ჭიანჭველებს ვუთვალთვალებდი.


-დიდი ხანია ბავშვები სახურავზე მოხეტიალე მოჩვენებაზე
ყვებიან ზღაპრებს, მოხარული ვარ რომ პირადად გაგიცანით, -მითხრა და ხელი გამომიწოდა.
გამეცინა და მეც გავუწოდე, ის რაინდული თავის დაკვრით მეამბორა, ცივად გამოვწიე ხელი,
უხერხულობა შემეპარა:


-სამწუხაროა, რომ მოჩვენება არ ვარ...


-რა თქმა უნდა, არ ხართ, ჯერ არ მინახავს მოჩვენება, სიგარეტს რომ ეწეოდეს.


-ბევრი მოჩვენება
გინახავთ?-ვკითხე ნიშნის მოგებით.


-სიმართლე გითხრათ, არცერთი, მაგრამ მოჩვენებას დამსგავსებული
- ბევრი.


-მეც ეგეთი ვარ?


-ამ პენუარით, თმაგაწეწილი, -ჩაფიქრდა მერე კი დაამატა, -
ალბათ კი, მაგრამ მოჩვენებები უკვე მკვდრები არიან, თქვენ კი არ გავხართ მიცვალებულს.


-ალბათ, ეს კომპლიმენტია არა?


-ალბათ...-მხრები აიჩეჩა ჭაღარათმიანმა კაცმა, მხოლოდ
მაშინ დავაკვირდი რომ წვერსა და წარბებშიც შეჰპარვოდა თეთრი თმა.


-მაშინ მადლობა...


-და მაინც, რა დაგრჩენიათ ამ
სახურავზე?


-მომწონს აქ ჯდომა...


-არ გეშინიათ?


-რისი?


-რა ვიცი, გადავარდნის...


-გადავარდნის არა...


-აბა რისი გეშინიათ?


-იმის რომ არ გადავხტე.


-მაშინ არ გადახტე!-მითხრა და წავიდა.


ცოტა გავბრაზდი, ან რას მოდიოდა, ან რას მელაპარაკებოდა,
ან რაღას გაიქცა-მეთქი. მერე ეს ფიქრები უკვე კარგად ნაცნობმა ხმებმა შეცვალეს, ტვინის
ერთი ნახევარსფერო უკვე რომ შეეჭამათ და მეორეზე გადასულიყვნენ.


"ყველა შიშის დაძლევა შესაძლებელია!


დაძლიე შიში.


მიდი დაძლიე, შენ შეძლებ!"


ეს იმ ფიქრის ხმას ჰგავდა, იმ ავბედით დღეს
გაქცევას რომ მაიძულებდა. ჰოდა გადახტომაც მაიძულა.


არასწორი ადგილი ავირჩიე გადასახტომად, რამდენიმე სართულის
სარეცხის თოკებმა სისწრაფე შემიფერხეს და მიწაზე რამდენიმე წამის დაგვიანებით დავეშვი.
ფიქრები გაქრა. იმათაც მიმატოვეს, როცა ტკივილები მოვიდნენ. ეს ტკივილები სხვანაირი იყო. უფრო ფიზიკური, უფრო
ძლიერი. თვალები მიბჟუტავდა. მაგრამ შავი კნუტი მაინც დავლანდე, რომელიც სისხლიან იდაყვს მილოკავდა.


ისევ ხალხი.


ისევ ის აუტანელი სიბრალულის თვალები.


ზიზღისაც.


დანარჩენი ბუნდოვნად მახსოვს. საკაცით რომ მიმაგორიალებდნენ
მანქანისკენ ვიღაც ბავშვმა ბორბლებიან საწოლზე შავი კნუტი დამისვა და გამიღიმა.


"კატებს განკურნების ძალა აქვთო" თუ რაღაც
მსგავსიც მითხრა და გაიქცა.


ერთი ფეხის ამპუტაცია დამჭირდა, და მასთან ერთად უკვე
კარგად აყროლებული მკვდარი სხეულის ნაწილიც მომაჭრეს.


მერე რაღაც ფეხის მსგავსი დამამაგრეს, ფეხს ჰგავს, მაგრამ
სხვა მასალითაა.


"თვითმკვლელობასაც ცოდნა სდომებია."


"სასაცილოა..."


***


-არაფერი გამომდის,
არც სიყვარული, არც სიძულვილი, არც ჩემი საკუთრების დაცვა, მანქანის ტარებაც კი არ
ვიცი. იცი ფისო, იმ დღეს საჭესთან დაჯდომა მე ავიკვიატე, ავარია ჩემი ბრალი არ ყოფილა
მაგრამ დაბნევა ჩემი ბრალი იყო, საჭე სხვა მხარეს რომ ამეღო მე ასე სუფთად ვერ გამოვძვრებოდი
და იმასაც ექნებოდა გადარჩენის შანსი... -ვუთხარი შავ
კნუტს, რომელიც საწოლზე მეწვა და
ჩემს საბანს «აფუმფულებდა“-ისე, უფრო პატარა
მახსოვდი, გაზრდილხარ...


-შენ ვერ შეძელი
გაზრდა, თორემ სხვა ცოცხალი არსებები ვიზრდებით, -მიპასუხა და თავისსავე აფუებულ საბანზე
წამოგორდა.-არასოდეს გითქვამს როგორ მოკვდა ის, ახლა რატომ მეუბნები?


-არ ვიცი, ისე,
უბრალოდ...


-თავს მაცოდებ,
არადა სიბრალულს ვერ იტან...


-ყველაფერი მომაჭრეს,
ალბათ, შიგნიდანაც ვიცვლები. აღარ მძულს სიბრალული. ისე ძალიან აღარ...


-იმიტომ რომ ეგეც
აღარ გაქვს...


-ალბათ... -წავიჩურჩულე,
ცოტახნით გავჩუმდი და ისევ დავიწყე, -იცი, ოდესღაც რადიკალისტი ვიყავი ყველაფერი მინდოდა,
ან არაფერი... მაშინ ყველა მიწუნებდა ამ ჩვევას თუ რაც არის, „ოქროს შუალედისკენ“ მიბიძგებდნენ.


- რადიკალიზმი
ცუდი არაა, მაგრამ შენ არც რადიკალისტი რომ არ ხარ? -წამოჯდა შავი ფისო და სახეზე მომაშტერდა, -არც
გიყვარს არც გძულს, არც ცოცხალი ხარ არც მკვდარი. ამას ეძახი შუალედს? არც შუაში აღარ
ხარ, რადგან ყველა მიატოვე, საკუთარი თავის ჩათვლით, ის პატარა ბავშვი რომ არა, მეც
არ გეყოლებოდი. არც რადიკალისტი იქნებოდი და არც „ოქროს შუალედში“ გაიჭედებოდი. თავს
იტყუებ, შენ აღარაფერი ხარ. აღარც სიამის მკვდარ ტყუპისცალს დაათრევ და აღარც ფეხი
გაქვს. იქნებ შეძლო დარჩენილი ცალი ფეხით საკუთარი თავი მაინც ათრიო. სიკვდილიც აშკარად
არ გინდა, ან საკმარისად არ გინდა, ვერც შენით მოკვდი, ვერც დარდით, თავიც კი ვერ მოიკალი,
საერთოდ იცი რა გინდა? სავარავუდოდ არა...
მე კი ვიცი, შენ დანაშაულის გრძნობა გჭამს. ვერ გეტყვი რომ ის ბიჭი არ გიყვარდა, არ
ვიცი, მაშინ არ გიცნობდი. მაგრამ ვიცი რომ ახლა არ გიყვარს, უბრალოდ თავს იდანაშაულებ
და ეგ არ გაძლევდა უფლებას რომ დაგემარხა, ამიტომ ათრიე აქამდე, მის სიმყრალესაც იტანდი
და იმ თავხედ მატლებსაც ნელ-ნელა შენი ჭამაც რომ დაიწყეს. მე რომ არ დამერთო ექიმებისთვის
ნება, მოეჭრათ შენთვის ის სიმყრალე, დარწმუნებული
ვარ კიდევ დიდხანს ათრევდი...


მე თავი ჩავქინდრე,
ვეღარ ვუყურებდი ფისოს, არ შემეძლო აღიარება რომ მართალი იყო და ვეღცრც უარსაყოფი ძალა
მოვიკრიბე. დიდხანს ვდუმდი. მერე თავი ავწიე და მის მწვანე თვალებს მივაშტერდი.


-ფისო, როგორ
ფიქრობ, რა იქნება შემდეგი გაჩერება?-ვკითხე და თავზე ხელი გადავუსვი.


-შემდეგი გაჩერება "საგიჟეთი"- მიპასუხა კნუტმა
და წინა თათი
გაილოკა.







0
77
2-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0