x
ალტრუიზმი - “იცხოვრე სხვისთვის”

image
რა ამოძრავებთ ადამიანებს მაშინ, როდესაც სხვებს უანგაროდ, ყოველგვარი ჯილდოს მოლოდინის გარეშე ეხმარებიან? რა არის ის, რაც მათ შთააგონებს, დათმონ დრო და ენერგია, გაიღონ თანხები სხვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მაშინ, როდესაც რეალურად არაფერს იღებენ ამის სანაცვლოდ?
სწორედ ალტრუიზმი — ზნეობრივი პრინციპი, რომელიც ნიშნავს სხვა ადამიანებისადმი უანგარო სამსახურს, პირადი ინტერესების ნაცვლად, სხვისი ინტერესების წინა პლანზე წამოწევას.
ადამიანებს გააჩნიათ ალტრუიზმის წმინდა ადამიანური მოტივაცია. ალტრუისტული ქცევისას პიროვნების მთავარი მიზანი და მოტივია გაჭირვებული ადამიანისათვის შემწეობის გაწევა. შესაბამისად, ალტრუიზმისათვის დამახასიათებელია ის მთავარი გარემოება, რომლის მიხედვითაც ალტრუისტული ქცევის განმახორციელებელი მოქმედებს პირადი ინტერესებისა თუ უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე. ალტრუისტები ხშირად უდიდეს საფრთხეში იგდებენ თავს და სხვა ადამიანების კეთილდღეობას მსხვერპლადაც კი ეწირებიან ხოლმე.
ალტრუიზმი არის პიროვნების ღირებულებით ორიენტაციათა სისტემა, როცა საკუთართან შედარებით სხვა ადამიანების ან სოციალური ერთობის გადარჩენის, კეთილდღეობისა და ბედნიერების ინტერესები ცენტრალური მოტივი და ზნეობრივი შეფასების კრიტერიუმია
ალტრუიზმი განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს ნათესაურ ურთიერთობებში, რასაც აძლიერებს ადამიანების ძლიერი სურვილი თავიანთი გენეტიკური მემკვიდრეობის გადარჩენისა. სოციალურ ფსიქოლოგიაში ასევე ხშირად ვხვდებით რეციპროკული ალტრუიზმის ცნებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი ადამიანი ეხმარება მეორეს, რადგან საჭიროების შემთხვევაში მისი მხრიდანაც მოელის ალტრუისტული მოქმედების განხორციელებას.
ალტრუიზმს განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალას, რომელიც ადამიანს საზოგადოებრივად სასიკეთო ქმედებებისაკენ უბიძგებს.
ალტრუიზმს სოციალური ფსიქოლოგები პროსოციალურ ქცევად განიხილავენ.
პროსოციალურად მიიჩნევა ნებისმიერი ქმდება, რომელიც სხვა ადამიანების სასიკეთოდაა მიმართული. გახსოვდეთ, რომ "წმინდა წყლის ალტრუიზმი" ნამდვილ თავდადებას გულის ხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ალტრუისტული აქტი პროსოციალურია, ყველა პროსოციალური ქცევა სრულად ალტრუისტული შეიძლება არ იყოს. მაგალითად, შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით- დანაშაულის გრძნობის, მოვალეობის, ვალდებულების ან თუნდაც რაიმე სარგებლის გამო ვეხმარებოდეთ სხვებს.

არსებობს თუ არა ''ნამდვილი'' ალტრუიზმი?

ძალიან ბევრი ექსპერიმენტი და კვლევა არსებობს იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა არსებობდეს „ნამდვილი“ ალტრუიზმი. არსებობს ფსიქოლოგიური ეგოიზმის თეორია, რომელიც ეფუძნება ვარაუდს რომ დახმარების, ზრუნვის და თავგანწირვის აქტი არ შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ ალტრუიზმად, მოქმედმა პირმა შეიძლება მიიღოს რაიმე ჯილდო, თუნდაც ჯილდო თვითკმაყოფილების სახით. ამ არგუმენტის საფუძვლიანობა დამოკიდებულია იმაზე, ჩავთვლით თუ არა ამ სახის ჯილდოს პირად „სარგებლად“.
ტერმინი ალტრუიზმი შესაძლოა ასევე ეხებოდეს ეთიკურ დოქტრინას, რომელიც მიიჩნევს რომ ინდივიდები არიან მორალურად ვალდებულები დაეხმარონ ერთმანეთს, იმ აზრით რომ ეს ეწინააღმდეგება ეგოიზმს, რაც არის ქმედება, რომელიც დაფუძნებულია საკუთრი სარგებელის მიღებაზე.
ალტრუიზმის მკვლევარ ბატსონის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები უფრო ხშირად ეგოისტური მიზნებისთვის მიმართავენ ალტრუიზმს, "სუფთა" ალტრუიზმი მაინც არსებობს. მკვლევარი ჩიალდინი და მისი მხარდამჭერები კი ამ მოსაზრების საპირისპიროდ ვარაუდობენ, რომ სხვების მიმართ გამოჩენილი ემპათია
საკუთარი თავის დახმარების სურვილითაა ნაკარნახევი.

პოზიტიური ემოციები და ალტრუიზმი.

ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ პოზიტიური გუნებაგანწყობის მქონე ინდივიდი უფრო იქნება ალტრუისტი, ვიდრე ნეგატიური გუნებგანწყობის მქონე. კვლევებით დადასტურდა, რომ დადებითი ემიციების ფონზე, სუბიექტები უფრო ავლენდნენ პროსოციალურ აქტიობებს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის სუბიექტები.
კვლევები აჩვენებენ, რომ ნეგატიური ემოციონალური მდგომარეობის კავშირი ალტრუიზმთან არ არის ერთმნიშვნელოვანი. აღმოჩნდა, რომ ნეგატიურმა ემოციონალურმა ფონმა შეიძლება ხელი შეუწყოს, შეაკავოს ან არავითარი გავლენა არ მოახდინოს ინდივიდის ალტრუისტულ ტენდენციებზე.
კვლევები აჩვენებენ, რომ ალტრუიზმის ხარისხზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგადმა აღძვრამ, თუნდაც ის გამოწვეული იყოს ფიზიკური ვარჯიშით. დასტურდება, რომ ზოგადი აღძვრა ხელს უწყობს დახმარების ქცევას თუ დახმარების თხოვნა გამოკვეთილია, მაგრამ თუ სიტუაცია ორაზროვანია, ზოგადი აღძვრა აკავებს დახმარების ქცევას.
რელიგიურ ადამიანებს უფრო აქვთ ტენდენცია დახმარება გაუწიონ სხვას, ვიდრე არარელიგიურებს. ბავშვების ალტრუისტულ ტენდენციებზე გავლენას ახდენს მათი ტოლების აზრი და ა.შ. ბოლო ხანებში მკვლევარების ყურადღების ცენტრში მოექცა პიროვნული განსხვავებულობის საკითხი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. იყო მცდელობა დაეხატათ ე.წ. “დამხმარე ადამიანის” პორტრეტი, რაც არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. ამიტომ დღეისათვის თეორეტიკოსები უფრო ლაპარაკობენ ცალკეულ პიროვნულ ნიშნებზე, რომლებიც სპეციფიკურ სიტუაციაში განსაზღრავენ ადამიანის პროსოციალურ ქცევას.
ნამდვილი ალტრუისტისთვის შეიძლება არ ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ უმრავლესობისთვის, გამოავლენს თუ არა სხვის მიმართ ალტრუისტულ ქცევას მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ ითხოვს დახმარებას. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ ინდივიდის მახასიათებლები ვინც დახმარებას ითხოვს.. აღმოჩნდა, რომ მეტი შანსი აქვს მიიღოს დახმარება იმ ინდივიდმა, რომელიც სიმპათიას იწვევს ან ვინც, ჩათვლიან რომ იმსახურებს დახმარებას.
ვეხმარებით იმას ვენც ჩვენში სიმპათიას იწვევს. მოწონებაზე გავლენას ახდენს ფიზიკური მიმზიდველობა და მსგავსება. აღმოჩნდა, რომ იგივე ფაქტორები ახდენენ გავლენას დახმარების ქცევაზეც. გარკვეულ სიტუაციაში მიმზიდველი და ჩვენი მსგავსი ადამიანები ააქტიურებენ მის მიმართ ჩვენს პროსოციალურ აქტიობას.
საინტერესოა აგრეთვე ცხოველების მიერ გამოვლენილ პროსოციალური ქცევის ახსნა სხვადასხვა ფსიქოლოგების მიერ. ზოგიერთი მათგანის, კერძოდ ევოლუციონისტური მიდგომის წარმომადგენლების აზრით ცხოველები ალტრუისტურ ქცევას იმიტომ ახორციელებენ, რომ ეს მათი თანდაყოლილი საკუთარი გენების გადარჩენისადმი მიმართული ქცევაა, ცხოველები მხოლოდ თავიანთი გენეტიკური კოდის მატარებელ, ანუ მონათესავე ობიექტებს ეხმარებიან, თუმცა სხვა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ცხოველები, კერძოდ შიმპანზეები ერთმანეთს სარგებლის მიღების მოტივის გარეშე ეხმარებიან. მათ აქვთ სამართლიანობისა და ემპათიის განცდა. ტიპიური ექსპერიმენტის დროს, ორ, ერთმანეთის ნაცნობ შიმპანზეს სვამ ორ მეზობელ ოთახში, რომლებიც ბადითაა გაყოფილი, ისე რომ, მათ შეეძლოთ ერთმანეთის დანახვა, გაგონება და გაღიმება. შემდეგ ერთ-ერთს ორიდან ერთი მონეტის ამორჩევის ნებას აძლევ. მათ აქვთ სხვა და სხვა ფერის მონეტებით სავსე კალათი. დავუშვათ მონეტები არის მხოლოდ წითელი და ლურჯი ფერის. თუ ლურჯ მონეტას ამოიღებენ და მოგვაწვდიან, ჩვენ ჯილდოს მივცემთ. თუ წითელ მონეტას ამოირჩევ, ისინი ჯილდოს იღებენ, მაგრამ ამავდროულად ჯილდოს მათი პარტნიორიც იღებს. ასე რომ, მათთვის სულ ერთია -მონეტის ყოველ მოწოდებაზე იღებენ ჯილდოს. ერთადერთი განსხვავება არის – „ჩემი პარტნიორიც იღებს ჯილდოს?“. აღმოჩნდა, რომ დროთა განმავლობაში, ისინი უპირატესობას ანიჭებენ, რასაც ჩვენ ვუწოდებთ, პროსოციალურ მონეტას, ანუ მონეტას, რომელსაც ორივესთვის ჯილდო მოაქვს.

0
166
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბროლაძე
მარიამ ბროლაძე
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0