x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რეალური ისტორია საკუთარ ქალაქში დაკარგულ კაცზე, რომელიც დროებითმა ამნეზიამ რეალობას მოწყვიტა

image ღამის 23:00 საათი იქნებოდა როცა სოფელში მყოფს საკუთარი ძაღლის გაავებულმა ყეფამ ტელევიზორის ყურება შემაწყვეტინა და ეზოში გავედი, რათა მენახა თუ რას უყეფდა ასე გაავებით ძაღლი.
საკმაოდ მოშორებითაა ეზოში შემოსასვლელი ჭიშკარი და სიბნელეში გარკვევით ვერ დავინახე ვერაფერი, ამიტომაც იძულებული გავხდი ფანარი ამეღო და ჭიშკრისაკენ გავემართე. ჭიშკართან მისულს კი კარებთან მდგარი დაახლოებით 70 წლის სანდომიანი მამაკაცი დამხვდა, რომელიც წვიმას მთლიანად დაესველებინა, ზურგზე ტომარა ჰქონდა მოკიდებული ხოლო ხელში პატარა ცული ეკავა.
ბუნებრივია გამიკვირდა ასეთ მდგომარეობაში ადამიანის ნახვა, რომელიც არც მასპინძელს უხმობდა და არც ჩემს დანახვაზე ჰქონია რეაქცია. სხვას შესაძლოა ჭიშკართან დაეტოვებინა ასეთი "სტუმარი", მაგრამ თავის ქების გარეშე ვიტყვი ჩემზე: მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანების კატეგორიას ვინც მეორე ადამიანს გაჭირვებისას გზაზე დატოვებს და დახმარების ხელს არ გაუწვდის.
ძაღლს ვუბრძანე ადგილზე გაჩერებულიყო, მოხუცს კი ვთხოვე უშიშრად შემოსულიყო ეზოში. მართლაც კავკასიური ნაგაზი გაჩუმდა და მორჩილად მომაჩერდა მორიგი "დირექტივის" მოლოდინში.
მე კი ერთიანად დასველებულ მოხუცთან ერთად სახლისაკენ გავემართე, მოხუცს რეზინის ჩექმები ეცვა რომელიც ეტყობოდა სანახევროდ წყლით ჰქონდა სავსე. სახლში შესვლამდე მოხუცმა ჩექმები გაიხადა ჩემი თხოვნის მიუხედავად, მართლაც ჩექმებიდან წყალი გადმოიღვარა.
მოხუცი ღუმელთან ისე დავსვი არც კი მიკითხავს მისი ვინაობა, მოხუცმა სახლში შესვლამდე ცული და ტომარა გარეთ დატოვა, ტომარაში დაპობილი შეშის რამდენიმე ნაჭერი აღმოჩნდა.
მოხუცს სასწრაფოდ თბილი წყლით სავსე "ტაშტში" ჩავადგმევინე ფეხები, ჩემი ტანსაცმელიც გამოვუტანე, მაგრამ ვერაფრით ვერ ჩავაცვი, რადგან მისი ჩაცმა მოხუცმა მოჭრით იუარა.
თბილ ოთახში ღუმელთან დამჯდარი მოხუცი მალევე გათბა, ტანსაცმელიც შეაშრა, მოხუცს ფეხებიც შევუმშრალე და მისი უარის მიუხედავად თბილი წინდებიც ჩავაცვი.
საჭმელიც გამოვუტანე, მაგრამ მოხუცმა პირი არაფერს დააკარა, ჩანდა ძალიან იყო განერვიულებული და მეც თავს ვიკავებდი ზედმეტი კითხვისაგან. მხოლოდ მას შემდეგ რაც წყალი ითხოვა და დალია, მკითხა: შვილო ამ სოფელს რა ჰქვიაო?
რომ ვუპასუხე თუ სად იმყოფებოდა უფრო ანერვიულდა, აქ რამ მომიყვანაო? სიმართლე გითხრათ ეჭვი შემეპარა ეტყობა ფსიქიური პრობლემები აქვს და ვინ იცის საიდან მოვიდა მეთქი.
ვთხოვე დამშვიდებულიყო და რამე მიერთვა, მოხუცმა მხოლოდ პური და ყველი აიღო და მიირთვა, სხვას არაფერს არ მოჰკიდა ხელი.
ვკითხე თუ საიდან იყო და ჩემს სოფელში როგორ მოხვდა! მოხუცმა უკვე დალაგებით დაიწყო მოყოლა, ოღონდ ამ მოყოლის დროსაც ეტყობოდა რომ ნერვიულობდა, ზუგდიდში ვცხოვრობ ფაიფურის დევნილების დასახლებაში. ნათესავმა სოფელ ინგირში, მის ეზოში ქარის გამო წაქცეული ხე მომცა შეშისათვის, დილით ადრე მივედი ტაქსით, თან დაქირავებული მხერხავიც მივიყვანე, მორებად დავახერხინე, ფული მივეცი და რომ გავისტუმრე მორების საღუმელედ დაპობას მივყავი ხელი, წამოღებული საგზალით ვისადილე და შვილს დაველოდე, რომელიც თბილისიდან მანქანით მოდიოდა და ჩემთვის უნდა გამოევლოო. რომ დააგვიანდა თავად წამოვედი, თან ტომრით რამდენიმე შეშის ნაპობი და ცული წამოვიღე, მერე მხარი ამექცა და სად და რამდენი ვიარე წარმოდგენაც კი არა მაქვსო.
71 წლის კაცი ვარ და ასეთი რამ არასოდეს არ დამმართნიაო, დავამშვიდე ბაბუა აბა ეს რა სანერვიულოა ხდება ხოლმე და თქვენებთან დავრეკოთ და მოვლენ ან მე ჩემი მანქანით წაგიყვანთ მეთქი.
"თურმე სადა ხარ", ოჯახს პოლიციისათვის შეუტყობინებია და ლამის მთელი სამმართველო ეძებს მოხუცს, ჩვენს სოფელში პოლიციის სამმართველოა და პოლიციის პიკაპმა რამდენიმეჯერ გაიარა უბანში, მაგრამ ვიფიქრე ჩვეულებრივ შემოვლაზე არიან მეთქი, აბა რას ვიფიქრებდი მოხუცს ჩემს სოფელშიც რომ დაუწყებდნენ ძებნას.
მოხუცმა შვილის სახელი უპრობლემოდ მითხრა, მაგრამ მობილურის ნომერი ვერ გაიხსენა.
სხვა რა დამრჩენოდა და მოხუცს შევთავაზე–ბაბუ, მე წაგიყვანთ სახლში ხომ მიაგნებთ მეთქი, ამაზე უფრო ანერვიულდა–მიგნებით როგორ არ მივაგნებ, მაგრამ აბა როგორ შეგაწუხოო! რა შეწუხებაა თქვენებიც დამშვიდდებიან ალბათ გეძებენ უკვე მეთქი, ის იყო მანქანა გამოვიყვანე გარაჟიდან და კარებთან პოლიციის პიკაპიც გაჩერდა, ბუნებრივია მისკენ გავემართე, მამაჩემის მეგობრის შვილი აღმოჩნდა, რომელიც ჩვენი სოფლის პოლიციის სამმართველოს ოფიცერია და მოსალმების და მოკითხვის მერე პირველივე რაც მკითხა ეს იყო: ელგუჯა ასაკოვანი მაღალი მამაკაცი ხომ არ გინახია დღეს ტომრით და ცულით ხელშიო?!
ჩემთანაა და ახლა ვუპირებ სახლში წაყვანას მეთქი, შენ კი გაიხარეო, ისე გაუხარდა უმალვე პიკაპში შევარდა და რაციით თანამშრომლებს დაუკავშირდა ამა და ამ ოჯახშია და აქ მოდითო.
ძაღლი დავაბი და მეწყვილესთან ერთად ორივე სახლში შემოვიყვანე, 10 წუთში სამი მანქანა გაჩერდა ჩემს ჭიშკართან, ერთი ქალაქის პოლიციის სამმართველოს პიკაპი იყო, ორი კი მოხუცის შვილის და ნათესავის.
სახლში შემოყვანამდე შვილს ვუთხარი აფორიაქებულია და ზედმეტი რამე არ უთხრათ მეთქი, არაო როგორ გეკადრებათ ოღონდ ცოცხალი მენახა და ხმის ამომღები ვინ იყოო!
სახლში შემოსული შვილის და ნათესავების დანახვაზე მოხუცმა ეს რა დამემართა, ეს რატომ მომივიდაო! თავის მართლებასავით დაიწყო, შვილმა გულში ჩაიხუტა, დაივიწყე მამა აბა ეს რა პრობლემაა, სულ 5 წუთის წასული იყავი მე რომ გამოგიარე და მას შემდეგ გეძებთო.
მადლობასთან ერთად ბევრჯერ მომიბოდიშეს, თუმცა ამის საჭიროება ნამდვილად არ იყო. მოხუცმა წინდების გახდა მოინდომა ჩემი არააო, ახლა მე "გავიგიჟე" თავი ბაბუ აბა ეს რა საკადრისია ახლა, გეცვას მეთქი. ასე იყო თუ ისე წაიყვანეს მოხუცი და ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომლებმა რაღაც ტიტულიანი ბლანკები დაილაგეს წინ, რა ხდება მეთქი მამაჩემის მეგობრის შვილს ვეკითხები? წესია ასეთი კაცი იძებნებოდა და ჩვენება უნდა ჩამოგართვათ რა და როგორო!
მოგცლიათ თქვენ მეთქი, არაო მართლა ასეთი წესიაო და "მომაყარეს" კითხვები–როდის მოვიდა ან სად ნახეო, როგორ მდგომარეობაში იყოო, რაიმე პრეტენზია ხომ არა გაქვს, რამე ხომ არ დაუშავებიაო?
მოვუყევი მეც როგორ ვნახე და როგორც განვითარდა შემდეგ მოვლენები, არანაირი პრეტენზია არა მაქვს უწყინარი, საყვარელი მოხუცია და ზედმეტის თქმა კი არა ორიოდე სიტყვა ძლივს ვათქმევინე მეთქი.
როგორც იქნა მორჩნენ ბლანკების შევსებას, ხელიც მომაწერინეს და წავიდნენ, შეთავაზებულ სასმელზე კატეგორიული უარი განაცხადეს–სამსახურში ვართო და წავიდნენ.

პირველი ნაწილის დასასრული, მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ ისტორიას ასევე "მხარაქცეულ" მამაკაცზე, რომელსაც სიმთვრალეში მხარი ექცა, 15 კილომეტრი ფეხით იარა და ენგურის ხიდისაკენ მიმავალი საპატრულო ეკიპაჟმა დაინახა მის ბედზე და სახლში მიიყვანა.

1
83
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
83
  
რა კარგია, როცა შვილი ასე გეძებს, გპოულობს და გულში გიხუტებს...
0 1 1