x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რატომ კრუტუნებენ კატები?
სტატია თარგმნა და მოამზადა გიორგი მელაშვილმა.


როდესაც თქვენი კატა კალთაში მოგიკალათდებათ, ფეხებს მოიკეცავს და კრუტუნს იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მის ირგვლივ სამყაროში ყველაფერი წესრიგშია. ეს ფაქტი ერთ-ერთია, რის გამოც გვიყვარს კატები, სიმყუდროვის, კმაყოფილების და ბედნიერების გრძნობისთვის, რასაც გვიზიარებენ. როდესაც კატა მოკრუტუნე ფუმფულა ბეწვის გორგლად იქცევა, ჩვენც ვმშვიდდებით და ვწყნარდებით. შეიძლება ჩვენ ყოველთვის ვერ გავიგონოთ კრუტუნის ხმა, დაბალი და ყრუ ვიბრაცია, მაგრამ მას ვგრძნობთ. მაინც რატომ კრუტუნებენ კატები? და საიდან წარმოიქმნება ეს ხმა?

ვეტერინარ ბრიუს ფოგლის აზრით (Bruce Fogle, ავტორი წიგნისა „კატის ფსიქიკა“) კრუტუნის თავდაპირველი ფუნქცია იყო კნუტების დედასთან კომუნიკაცია, რათა მათ შესძლებოდათ ეთქვათ „ყველაფერი წესრიგშია“. კნუტი დაბადებიდან მეორე დღეს კრუტუნებს და რადგან კნუტს არ შეუძლია რძის წოვის დროს იკნავლოს, იგი კრუტუნით წოვს. ამ დროს დედაც კრუტუნებს, სავარაუდოდ კნუტის გამხნევებისა და დაწყნარებისათვის.

არსებობს მრავალი თეორია, თუ როგორ წარმოიქმნება კრუტუნი, კვლევებით დადგინდა, რომ პროცესში ჩართულია ხორხის ნერვები. ამ ნერვებში გამავალი სიგნალი იწვევს სახმო სიმების რხევას, ამავდროულად დიაფრაგმა მუშაობს როგორც დგუში, რომელიც ჰაერს ამოძრავებს სახმო სიმებში. ეს წარმოქმნის მუსიკალურ ხმებს. ვეტერინარი ნილს პედერსონი (Neils C. Pederson, ავტორი წიგნისა „კატის მომშენებლობა“) ამტკიცებს, რომ კრუტუნი იმართება ცენტრალური ნერვული სისტემით და არის ნებაყოფლობითი, ანუ კატა მაშინ კრუტუნებს, როცა უნდა.

კრუტუნი არის კატისებრების კომუნიკაციის სისტემის ნაწილი და სხვადასხვა მიზეზი აქვს. ის კლასიფიცირდება როგორც „ჩურჩულის ხმა“ ეს კატეგორია მოიცავს ხმებს, რომელიც კატის პირის გაუღებლად ისმის. კრუტუნის გარდა ამ ხმებში შედის ძახილის და შეხვედრის დროს გამოყენებული ხმები. შინაურ კატას, ასევე ვეფხვს, პუმას, ფოცხვერს და კატისებრთა უმეტეს ნაწილს მცირე გამონაკლისის გარდა შეუძლია კრუტუნი.

როგორც კი კატა ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, კრუტუნის მიზეზი იცვლება. ზოგი კატა კმაყოფილების, სიამოვნების ნიშნად კრუტუნებს, მაგრამ შეშინებული ან მძიმედ ავადმყოფი კატებიც კრუტუნებენ. ასევე კრუტუნებს დედალი კატა მშობიარობის დროს. ხშირად აგონიაში მყოფი კატებიც კრუტუნებენ, ეს უკანასკნელი კრუტუნი სავარაუდოდ გამოწვეულია აგონიის დროს ეიფორიით ან შიშით, რომელიც მომაკვდავ ადამიანებშიც აღინიშნება.

ცხოველთა ქცევის სპეციალისტები ამბობენ, რომ როცა კატა სტრესის დროს კრუტუნებს, თავს იმხნევებს, ან ცდილობს თავი კომფორტულად იგრძნოს, როგორც ადამიანები, რომლებიც ნერვიულობის დროს თავისთვის მღერიან ან ღიღინებენ. შეშინებულმა კატამ შეიძლება იკრუტუნოს, რითაც ეცდება თავისი არააგრესიული და მშვიდობიანი განწყობა გამოამჟღავნოს. გარეულმა კატამ შეიძლება იკრუტუნოს, რითაც სხვა კატებს მიანიშნებს, რომ არ აპირებს თავდასხმას და მათ შეუძლიათ არ ინერვიულონ. ზრდასრული კატები კრუტუნებენ, როცა ისინი ეთამაშებიან ან უბრალოდ ესალმებიან სხვა კატებს, იმის ნიშნად, რომ მეგობრულად არიან განწყობილი და დაახლოება სურთ.

შედარებით ახალი თეორია კრუტუნის შესახებ მის ბუნებას ხსნის იმით, რომ კრუტუნის დროს ტვინში გამომუშავდება ბუნებრივი მორფინის მსგავსი ნივთიერება (ენდორფინი). რადგან ენდორფინი სტრესის და სიამოვნების დროსაც გამოიყოფა, ეს ხსნის კრუტუნის ორმაგ გამოვლინებას და ეთანხმება პედერსონის ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც კრუტუნი ტვინიდან კონტროლდება. ეს თეორია ასევე თავსებადია კრუტუნის მექანიკურ ახსნასთან, ენდორფინები ააქტიურებენ ტვინის რამდენიმე სისტემას, და ეს დიაფრაგმის მოძრაობაში გამოიხატება. ზოგადად კრუტუნი გამოხატავს კატის კმაყოფილებას და დადებითად მოქმედებს ცხოველზე სტრესის ან ტკივილის დროს. ეს ის თვისებაა, რაც გვაოცებს კატებში და სიმპატიით განგვაწყობს.

წყარო

image

2
296
4-ს მოსწონს
ავტორი:გასტო
გასტო
296
  
2012, 6 აპრილი, 16:21
ვამეეე რა სურათიააა სტატია ვიცოდი იდედაც:)
2012, 3 აპრილი, 11:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2