x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ბიჭმა ბიძაშვილი გოგონას გამო დაუნდობლობით ცნობილ აბრაგზე შური იძია. რეალური ისტორია

image
ცნობილი ფაქტია, რომ სამეგრელოში ჯერ კიდევ დადიანის მთავრობის პერიოდიდან მრავლად იყვნენ აბრაგები. ოდიშის სამთავროს გაუქმების მერე რუსეთის იმპერიაში შემავალ სამეგრელოში კი აბრაგების რაოდენობამ იმატა, ზოგიერთი ხელისუფლების მიერ შევიწროებას გაერიდა ტყეში და აბრაგობას მიჰყო ხელი, ვინ პირადი კონფლიქტის გამო გახდა იძულებული ტყისთვის შეეფარებინა თავი, იყვნენ ისეთებიც ვინც უბრალოდ მოსახლეობის ძარცვის სურვილით და მოტივით გააბრაგდა.
სწორედ ის კატეგორია იყო საზოგადოებისათვის საშიში რომელიც აღარ დაგიდევდათ ვის ძარცვავდა, ვის კლავდა ან ვის ააწიოკებდა.
ასეთებს თავად აბრაგებშიც ბლომად ჰყავდა მტერი, ხელისუფლებისგანაც იდევნებოდა და ხალხს ხომ სძულდა და სძულდა.
ერთერთ ასეთ აბრაგზე მინდა მოგითხროთ პატარა სტატიის სახით, წალენჯიხის ერთ მაღალმთიან სოფელში ყოველგვარი მიზეზის გარეშე გააბრაგებულმა მოკოდიამ (სახელი შეცვლილია) მალევე "მოიხვეჭა" სასტიკი და დაუნდობელი კაცის სახელი, ფიზიკურად საოცრად ძლიერი მამაკაცი გზაზე გაუძარცვავს არც ქალს უშვებდა, არც ბავშვს, არც მოხუცს და არც ხელისუფლების წარმომადგენელს.
ესეც არაფერი, ოჯახებში უვარდებოდა ხალხს და მიჰქონდა თუკი ვინმეს რამე ჰქონდა ოდნავ მაინც ღირებული, არავინ იცის სად ცვლიდა ფულზე ნაძარცვს მოკოდია, რადგან მუდამ ფულით სავსე ქისას დაატარებდა თან, თუმცა ფულს აბა სად დახარჯავდა აბრაგი ისედაც მუქთად ჭამდა და სვამდა, ვის ჰქონდა ორი თავი სისასტიკით ცნობილი აბრაგისათვის საჭმელ–სასმელზე უარი ეთქვა.
გათავხედებულმა აბრაგმა მალე სოფლის გზიდან ქალების და მცირეწლოვანი გოგონების გატაცებაც დაიწყო, ვინ მოთვლის რამდენ უასაკოზე და ასაკიანზე იძალადა გარეწარმა, ბევრ ისეთ ოჯახშიც იძალადა ქალებზე სადაც პური ჰქონდა განატეხი და ღამე ჰქონდა ნათევი. იარაღში ჩამჯდარი ახოვანი მამაკაცის შიშით წისქვილში ქალები და გოგონები ვერ მიდიოდნენ, არავინ იცის საიდან გამოვარდებოდა მოულოდნელად ეს გარეწარი კაცი და ვის დაუნგრევდა ოჯახს და ღირსებას.
ხელისუფლებამ ბევრი ხაფანგი დაუგო, მაგრამ ბედისწერაში ეტყობა აბრაგს ასე სიკვდილი არ ეწერა, მისი ხელით კი ბევრი დაიღუპა ტყვიით, რამდენიმე შეურაცყოფილმა გოგონამ და ქალმა ვერ გაუძლო გადატანილს და ზოგმა მდინარეს მისცა თავი, ზოგმაც თავი ჩამოიხრჩო.
ერთხელ აბრაგს გზაზე მიმავალმა პატარა ბიჭმა გზა არ დაუთმო, ზედ აბრაგის ცხენის წინ გააგრძელა წისქვილისაკენ საფქვავით სიარული, აბრაგს ხმა არ ამოუღია მათრახიანი ხელი შემართა და ბიჭს რამდენიმეჯერ გამეტებით გადაჰკრა, ტკივილის მიუხედავად ბიჭს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ სიმწრით ისე დააღრჭიალა კბილები მისი ხმა აბრაგის სმენასაც კი მისწვდა. გზაზე გამოჩენილი ცხენოსნების დანახვაზე აბრაგმა ბიჭს თავი მიანება და ტყისკენ გაქუსლა ცხენი, ცხენოსნები "ჩეკას" ხალხი აღმოჩნდა, ბიჭს დაწვრილებით გამოკითხეს გაქცეული მამაკაცის გარეგნობა, მაგრამ უკვე ხშირ ტყეში შესულ იარაღში ჩამჯდარ "დევკაცს" აბა ვინ გაეკიდებოდა და წავიდნენ თავის გზაზე.
ტკივილით შეწუხებული ბიჭი კი წისქვილში შევიდა საფქვავი მეწისქვილეს დაუტოვა, თავად კი ტანსაცმელი გაიხადა და ტკივილის დასაამებლად მთის ცივ მდინარეში გადახტა.
სახლში საფქვავით დაბრუნებული ბიჭის დანახვაზე მშობლებმა მიზეზი ჰკითხეს, თუ რატომ ჰქონდა ბიჭს ასეთი ტკივილიანი სახე!
ბიჭს ხმა არ ამოუღია ისე გავიდა ოდა სახლის მეორე ოთახში და ტახტზე წამოწვა იმაზე ფიქრით როგორ ეძია შური აბრაგზე, ფიქრი ფიქრადვე დარჩა. აბრაგი კი თავის სასტიკ და ჩვეულ საქმიანობას იმავე ხერხებით აგრძელებდა, ერთ დღეს მის მიერ მათრახით ნაცემ მოსეს (სახელი შეცვლილია) სკოლიდან მომავალ ბიძაშვილ გოგონას გზაზე მოკოდია დახვდა, გოგონას ხელი ცხენიდანვე დაავლო, ცხენზე აიტაცა და გოგონას წინააღმდეგობის მიუხედავად ტყისკენ გააქანა.
გოგონას კივილის ხმამ სოფლამდე მიაღწია, მოსეს მამამ და ბიძამ თოფებს დაავლეს ხელი, მაგრამ მოკოდიას კვალს ვერ მიაგნეს, ხელისუფლებასაც შეატყობინეს მომხდარზე, მაგრამ უშედეგოდ მოკოდიას კვალს ვერსად მიაგნეს, მეორე დღეს კი მწყემსმა უგონოდ მყოფი გოგონა ცხენის ორთვალით ჩამოიყვანა სოფელში, ტყეში გზისპირას ეპოვნა მწყემსს ტანსაცმელშემოფლეთილი უგონო მდგომარეობაში მყოფი და ეგრევე სოფლისკენ წამოეყვანა. სოფლის ექიმის ჩარევის მიუხედავად გოგონა გონზე ვერ მოიყვანეს და რაიონში ჩაიყვანეს საავადმყოფოში, საბედნიეროდ გოგონა გადარჩა.
რამდენიმე დღეში კი მოსეც დაიკარგა სოფლიდან მამისეულ თოფთან ერთად. ოჯახმაც, სანათესაომაც, ხელისუფლებამაც მთელი სოფელი და მიმდებარე ტერიტორია მოჩხრიკა, მაგრამ უშედეგოდ.
მოსე კი ამ დროს მოკოდიას კვალს მიუყვებოდა, ამ კვალზე კი მოსე იმავე მწყემსმა გაიყვანა ვინც მისი ბიძაშვილი ჩამოიყვანა მთიდან უგონო მდგომარეობაში.
საერთო ალიაქოთში არავის მოსვლია აზრად თუ რაზე ესაუბრებოდა მოსე მწყემსს, როგორც მოგვიანებით გაირკვა მოსემ მწყემსისაგან გაიგო თუ სად აფარებდა ხანდახან აბრაგი წვიმიან ამინდში თავს. მოსემ წასვლის წინ სახლიდან საგზალი, მამისეული თოფი და ვაზნები წაიღო და სახლი ისე დატოვა შეუმჩნევლად კაციშვილს არ დაუნახავს.
მეოთხე დღეს ნახა მოსემ შემთხვევით მწყემსი, რომელიც წინა ღამეს გაეძარცვა აბრაგს და მთებისაკენ გაეგრძელებინა გზა. მოსემ თავიდან დაჭედილი ცხენის კვალი გამოიყენა გზამკვლევად, მაგრამ როცა გზა ნაშალ ქვებზე გადავიდა კვალი დაკარგა და ალალბედზე გააგრძელა გზა.
მოსე ღამით ხეზე ადიოდა და ქამრით ხეზე მიბმული იძინებდა, მეხუთე ღამეს კოკისპირულ წვიმაში მოუწია ღამის გათევა ხეზე მიბმულს, იმავე დღეს ცხენის ჭიხვინმა მიიქცია მისი ყურადღება და ხმის მიმართულებით გაემართა, მაგრამ ბარში ხმა სხვანაირად ვრცელდება, მთაში კი სხვანაირად და მოსეს დიდი დრო დასჭირდა მიეგნო მთის ძირში გამოქვაბულისათვის, სადაც გამოქვაბულის შესასვლელში შეკაზმული ცხენი დაინახა, რომელიც საბელით იყო ლოდზე გგამობმული.
მოსემ თოფი მოიმარჯვა და ფრთხილად დაიწყო გამოქვაბულის სიღრმეში შესვლა, რამდენიმე ათეული ნაბიჯი და ლამის ზედ შეადგა მორებისაგან შეკრულ საწოლზე წამოწოლილ მოკოდიას, რომელიც ისე ხვრინავდა ეტყობოდა ღრმა ძილში იყო, მოსე სანახევროდ დაცლილი ბოცის დანახვაზე მიხვდა აბრაგი მთვრალი რომ იყო, თოფი ლამის მკერდზე მიადო და ორივე სასხლეტს გამოჰკრა ხელი, მაგრამ თოფი არ გავარდა, მოსემ სწრაფად გამოცვალა ლულებში ტყვიები და ისევ გამოჰკრა სასხლეტს ხელი, მაგრამ ისევ უშედეგოდ. წინა ღამის კოკისპირულ წვიმას ისე დაესველებინა დენთი არცერთი ვაზნა არ გამოდგა ვარგისი.
მოსემ ჯერ გადაწყვიტა აბრაგის ქამარში გარჭობილი მაუზერი ამოეღო, მაგრამ გადაიფიქრა იქნებ დროზე ადრე გამოეღვიძოსო.
ვერც აბრაგის კარაბინს მიუდგა ახლოს, რადგან მის ასაღებად მოსეს აბრაგის საწოლზე უნდა გადაევლო და ესეც გადაიფიქრა.
სხვა ვერაფერი, რომ ვერ მოიფიქრა მოსემ შეკაზმული ცხენი გამოიყვანა გამოქვაბულიდან, როგორც იქნა მოსემ ცხენზე ასვლა და შეჯდომა მოახერხა და ცხენს გვერდში ქუსლი ჰკრა და გამოქვაბულს სწრაფად მოშორდა, მოშორდა და საკუთარი სოფლის მიმართულებით გააჭენა.
ერთი ღამე ისევ ხეზე ქამრით მიბმულს მოუწია ძილი, მშიერ–მწყურვალი მეორე დღეს შემთხვევით გადაეყარა მწყემსს, რომელსაც ყველი გაეყიდა მუხურში და ახლა იალაღებზე მყოფი სახელმწიფო ფერმის საქონლის სადგომებისაკენ პროდუქტით დატვირთული ორი ცხენით მიდიოდა. მწყემსმა აბრაგის ცხენი იცნო, მაგრამ ცხენზე მჯდარი უცნობი ზორბა აბრაგი რომ არ იყო მიხვდა და არ შეშინებია. ბიჭმა პური ითხოვა და მწყემსმაც მთელი პური მიაწოდა, წყალიც დაალევინა და ვინაობაც ჰკითხა. მოსემ აუხსნა ვინც იყო და როგორ წამოიყვანა აბრაგის ცხენი, მაგრამ სთხოვა არავისთვის არ გაემხილა მისი ნათქვამი.
იმ ღამეს რაკი უკვე მთიდან ჩამოსული იყო არ გაჩერებულა და გამთენიისას საკუთარ ეზოს მიაყენა ცხენი.
მოსეს დანახვაზე მის ოჯახში ერთი გნიასი ატყდა, მთელი სამეზობლოც შეიკრიბა. მალე ხელისუფლების წარმომადგენლებიც მოვიდნენ და მოსე გამოკითხეს, მოსეს არაფერი არ დაუმალავს: მოკოდიას მოსაკლავად ვიყავი გადაკარგული და მოვკლავდი კიდეც წვიმის გამო დასველებულ ვაზნებს, რომ არ ეღალატაო. მოკოდიას ცხენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წაიყვანეს, მოსე და მისი ოჯახი კი გააფრთხილეს, აბრაგი არ დაგინდობთ და ფრთხილად იყავით, ნებას გრთავთ სოფელში თოფით იაროთო.
ამ დღის მერე წისქვილში თუ ქუჩაში მოსე თოფით დადიოდა, მოკოდია კი არ გამოჩენილა და ყველამ იფიქრა იმედია ან თავად "ჩაძაღლდა" ან სხვამ "ჩააძაღლა" და დავისვენებთო.
თუმცა ოციოდე დღის მერე მოკოდიამ ისევ "გამოიჩინა" თავი–ჩაის პლანტაციიდან მომავალ კოლმეურნე ქალი გზიდან ჩაის პლანტაციაში გადაათრია და ქალის წინააღმდეგობის მიუხედავად მასზე იძალადა.
ნამუსახდილი ქალის კივილმა მთელი სოფელი შესძრა, მათ შორის მოსეც. ბიჭი უკვე რამდენიმე დღე იყო რაც მიზანში სროლაში ვარჯიშობდა და ახლაც ქალის კივილის გაგონებაზე თოფს დაავლო ხელი, მაგრამ მეზობლებივით გზით არ წასულა ტყით წავიდა და ტყისპირზე ცხენზე ამხედრებულ ზორბა აბრაგს მოჰკრა თვალი, რომელიც მისი "ნაავკაცარის" მიმართულებით მომავალ ადამიანებს გაჰყურებდა.
მოსემ ორივე ლულაში დათვისათვის გამიზნული ჟაკანი ჩადო, მიწაზე გაწვა და ცოცვით გაემართა მოკოდიასაკენ, საკმაო მანძილზე მიუახლოვდა, თოფი შემართა და აბრაგის ცხენმაც დაიფრუტუნა, ცხენის დაფრუტუნება და მოკოდიას შემობრუნება ერთი იყო, შემობრუნება და მოსეს მიერ ნასროლმა ტყვიამ მუცელში გაუარა და ცხენიდან გადმოაგდო, მოსეს მეორე ტყვია არ უსვრია ზედ მიადგა აბრაგს, რომელიც ჯერ კიდევ გონზე იყო, მაგრამ იმის ძალა არ შერჩენოდა იარაღი ეხმარა. მოსემ მაუზერთან ერთად ნაგანიც აართვა, ხანჯალიც გვერდზე მოისროლა. უნაგირზე გადაკიდებული კარაბინისათვის კი ხელი არ უხლია.
უნაგირზე მიბმული დახვეული თოკი ჩამოხსნა მოკოდიას ფეხებზე მოაბა, მეორე თავი კი უნაგირს გამოაბა და აბრაგი გზაზე გაათრევინა მისსავე ცხენს.
მთელი სოფელი მოაწყდა ცხენზე გამობმულ მოკოდიას, რაკი დაინახეს მისგან საფრთხე არ მოდიოდა.
მოსეს ბევრმა ურჩია ჯერ კიდევ ცოცხალი აბრაგი კოლმეურნეობის მანქანით რაიონში ჩაეყვანათ და ხელისუფლებისათვის ჩაებარებინათ, მაგრამ მოსეს გაახსენდა და ისევ იგრძნო ის ტკივილი რაც მოკოდიას მიერ მისმა გამათრახებამ გამოიწვია, მოკოდიას მიერ ნამუსახდილი ბიძაშვილი გოგონაც გაახსენდა, რომელიც ჯერ კიდევ საავადმყოფოში მკურნალობდა და სასტიკი უარი განაცხადა აბრაგის რაიონში წაყვანაზე.
ამასობაში აბრაგმა თითქოს "მეორე სუნთქვა" გაეხსნაო, თავი წამოწია და "დაისისინა": რაო, თქვე ქალაჩუნებო, წაქცეული მნახეთ და დამესიეთ ხომ გასათელად! კი არ უნდა გამემათრახებინე, უნდა მომეკალი როგორც გველის წიწილი–ეს სიტყვები უკვე მოსეს მისამართით იყო ნათქვამი.
აბრაგის მიერ რამდენიმე წუთის წინ ნამუსახდილი ქალის ქმარს ფიწალი აეღო და აბრაგისაკენ გამგელებული მოდიოდა, თუმცა აბრაგამდე მეზობლებმა არ მიუშვეს მათ შორის მოსეს მამამაც.
აბრაგმა უშვერი სიტყვებით დაიწყო იქ მყოფი ადამიანების ლანძღვა, რამდენიმეს მის ოჯახში მის მიერ გაკეთებული თავისი "ნაავკაცარიც" შეახსენა და ჩაიქირქილა, როცა მოსეს ბიძაშვილზე დაიწყო საუბარი უკვე ხრინწი შეეპარა ხმაში, როცა იქამდე მივიდა თუ როგორ შემოაფხრიწა სკოლიდან მომავალ გოგონას ცხენზევე ტანსაცმელი, თოფმა იგრიალა და აბრაგს შიგ გულში გაუარა, მსროლელი კი მოსე იყო.
რაიონიდან ამოსულმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა აბრაგის გვამი თან გაიყოლეს, მოსეც მამასთან ერთად თან წაიყვანეს. მთელი დღე დაკითხვაზე იყო მოსე, გვიან საღამოს კი გამოუშვეს. მეორე დილით რაიკომში დაიბარეს, საიდანაც სადისტი და დაუნდობელი აბრაგის ლიკვიდაციისათვის მადლობის სიგელით, ორლულიანი ახალი თოფით და ფულადი პრემიით დაჯილდოებული სოფელში დაბრუნდა.

1. რეალური ისტორია აბრაგების დაკარგულ საგანძურზე რომლის ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია

2. რეალური ისტორია აბრაგების დაკარგულ საგანძურზე რომლის ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია. || ნაწილი

3. ცნობილი აბრაგის უცნაური სიკვდილი, კაცი რომელიც ტყვიების "წვიმებს" გადაურჩა ღელეში დაიხრჩო.

4. ცნობილი აბრაგის უცნაური სიკვდილი, კაცი რომელიც ტყვიების "წვიმებს" გადაურჩა ღელეში დაიხრჩო. || ნაწილი


0
875
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
875
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0