x
რატომ არის პირამიდა ვარსკვლავებისკენ მიმართული?
ძველი ეგვიპტელები კარგად იცნობდნენ ვარსკვლავიერ ცას, სირიუსს, პოლარულ ვარსკვლავს, დიდი დათვის თანავარსკვლავედს. სავარაუდო, ეგვიპტელებმა ეს ცოდნა პირამიდების აგებისას გამოიყენეს, რადგან მიაჩნდათ, რომ გარდაცვლილი ფარაონის სული ზეცაში, ვარსკვლავებთან ავიდოდა და ჩრდილოეთის პოლუსის თავზე დაივანებდა.

image

ჰეროდოტე არ ცდებოდა, როცა ამტკიცებდა, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე რელიგიურები ეგვიპტელები იყვნენ, რადგან მათი კულტურის ნებისმიერი ელემენტი ღვთაებრიობის ნათლით არის გასხივოსნებული.მიუხედავად ამისა, ეგვიპტელთა რელიგია არ იყო დოგმატური, არამედ საკულტო რიტუალებს ეფუძნებოდა. უძველესი ეგვიპტელები იმ ზეციურ ღვთაებებს ეთაყვანებოდნენ, რომლებიც თავად ბუნებაში იყვნენ განსხეულებულნი. ცხადია, უხსოვარი დროიდან ეგვიპტელები ცას აკვირდებოდნენ და ზედმიწევნით შეისწავლეს კიდეც. მათთვის, მაგალითად, ღამის 12 საათი შეესაბამებოდა 12 ვარსკვლავს, რაც "ცის 12 მფარველთან" ასოცირდება. მფარველი ვარსკვლავები ცის კაბადონზე მზის ღვთაება რას ხომალდით მოგზაურ გარდაცვლილ ფარაონთა სულებს ღამით გზას უნათებდნენ. ამიტომაც ფრიად მნიშვნელოვანი იყო პირამიდების ორიენტაცია მიმართული ყოფილიყო ვარსკვლავებისკენ, რადგან პირამიდები გარდაცვლილ ფარაონთა ზეციური სამყოფელი იყო.


image


1990 წელს გამოქვეყნებულ რობერტ ბოვალისა (ალექსანდრია, 1948) და გრეიმ ჰენკოკის (ედინბურგი, 1950) წიგნში "ორიონის საიდუმლო, პირამიდების ენიგმათა გაშიფვრა" ნათქვამია, რომ გიზის პირამიდები დედამიწის ზედაპირზე ორიონის სარტყელს განასახიერებენ. მეცნიერთა ნაწილი ამ მოსაზრებას სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან თანავარსკვლავედი ძველ მესოპოტამიაში იყო ცნობილი და ეგვიპტელებს პირამიდების მშენებლობის ეპოქაში ორიონის სარტყელზე წარმოდგენაც არ ექნებოდათ.

image

სულ ახლახან კი კემბრიჯის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგმა ქეით სპენსმა წარმოადგინა თეორია დიდი პირამიდის ორიენტაციის შესახებ, - ეგვიპტელი არქიტექტორების მიერ აგებული პირამიდები იმ ორი თანავარსკვლავედისკენ იყო მიმართული, რომლებიც ჩრდილოეთ პოლუსთან იყვნენ ახლოს. ესაა ქოჰაბი (პატარა დათვი) და დიდი დათვის თანავარსკვლავედი. ძვ.წ 2467 წლისთვის ამ თანავარსკვლავედებს იდეალური განლაგება ჰქონიათ და დიდი პირამიდის აგების ზუსტი თარიღიც სწორედ ეს უნდა იყოს. როგორც ჩანს, მონუმენტებიც გარკვეულ დროს ამ ორი ვარსკვლავის ჩრდილოეთ პოლუსისკენ გადახრის გრადუსის შესაბამისად იხრება.

image


წიგნის "ორიონის საიდუმლო, პირამიდების ენიგმათა გაშიფვრა" ავტორები ირწმუნებიან, რომ გიზის პირამიდები დედამიწის ზედაპირზე ორიონის სარტყელს (ვარსკვლავები- ალნილამი (ორიონი), მინტაკა (დელტა ორიონისა) და ალნიტაკი (ძეტა ორიონისა) განასახიერებენ. ყოველივე ეს ეგვიპტელთა ასტრონომიული ცოდნისა და პირამიდების განლაგების საფუძველზე დაასკვნეს.მოცემული ჰიპოთეზის თანახმად, პირამიდები ვარსკვლავებზე ორიენტირებული სამარხები უნდა ყოფილიყო და ანტიკური ეგვიპტური რელიგიის თანახმად, ფარაონთა სულებს საიქიოში მოხვედრას უადვილებდა.

image


ამჟამად ორიონის სამი ვარსკვლავი პირამიდებისგან სულ რამდენიმე გრადუსით განსხვავებულ კუთხეს ქმნის.მაგრამ, თუკი საუკუნეების განმავლობაში ორიონის სარტყელის ცვლილებებს გამოვთვლით, აღმოჩნდა, რომ ერთხანს ეს სამი ვარსკვლავი ზუსტად ისე იყო მიმართული ირმის ნახტომისკენ, როგორც პირამიდები ნილოსისკენ. ასეთი რამ ძვ.წ 10 500 წელს მოხდა. რობერტ ბოვალი ამტკიცებს, რომ სწორედ ძვ.წ 10 500 წელს შეადგინეს გიზის პირამიდების მშენებლობის ძირითადი გეგმა. ითვლება, რომ დაშურის, აბუ-რავაშისა და ზავიეთ-ელ-არიანის პირამიდები ზეცაშიც კი იყო გამოსახული.



0
316
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკუნა კიღურაძე
ლიკუნა კიღურაძე
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0