x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ინტერვიუ დალაი ლამასთან "მე ვიყავი ძალიან ზარმაცი"

ინტერვიუ დალაი ლამასთან

მთარგმნელი © ზაზა კევლიშვილი


image



––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ შესაძლოა, იყოთ უკანასკნელი ტიბეტელი დალაი-ლამა. რა გქონდათ მხედველობაში?


თუკი მე მოვკვდები მანამ, სანამ ტიბეტი მოიპოვებს დამოუკიდებლობას, თუნდაც ეს იყოს ჩინეთის ავტონომიის პირობებში, მაშინ დაიბადება ახალი დალაი-ლამა. მაგრამ თუკი ტიბეტელები მოახერხებენ სახლში დაბრუნებას და შეძლებენ იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში ჩემს სიკვდილამდე, მაშინ შესაძლოა, რომ დალაი -ლამას ინსტიტუტი, როგორც პოლიტიკური ლიდერების ინსტიტუტი, მოკვდეს ჩემთან ერთად. სწორედ ამიტომ სამი წლის წინ მე მოვიხსენი ეს პასუხისმგებლობა, და ახლა ტიბეტის ეროვნულ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს ბატონი სამდონგ რინპოჩე.


მაგრამ საუბარია არა მხოლოდ პოლიტიკაზე. თქვენ ტიბეტელებისათვის ცოცხალი ბუდა ხართ.


„ცოცხალი ბუდა“ არასწორი თარგმანია ჩინურიდან. ასე თარგმნეს მათ ტიბეტური სიტყვა „ლამა“ „მასწავლებელი“ ანუ ვიღაც, ვინც ფლობს განსაკუთრებულ ცოდნას და ამიტომ იმსახურებს გამორჩეულ პატივისცემას. დასავლეთში მე მომისმენია განსაზღვრება, რომ დალაი ლამა - ეს ღმერთია. ეს აბსოლუტურად მცდარი თვალსაზრისია! მაგრამ დჰარმის მასწავლებლის ხარისხში დალაი-ლამები მართლაც აგრძელებენ გარდასხეულებას. თუმცაღა, მე ვფიქრობ, რომ ყველა დალაი-ლამას ინკარნაცია არ იყო აუთენტური. რაც შემეხება მე – შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ მხოლოდ ერთი რამ, რომ წარმოვადგენ მეხუთე დალაი-ლამას გარდასხეულებას, რადგან ბავშვობაში მქონდა ძალიან ბევრი მოგონება, რომელიც უკავშირდებოდა ჩემს წინა ცხოვრებას. გარდა ამისა, მე ვიყავი ძალიან ზარმაცი ბავშვი, და ის ფაქტი, რომ მრავალი ფილოსოფიური ტექსტი ვიცოდი ჩემს მასწავლებლებზე უკეთესად, მაძლევს უფლებას, ვიფიქრო რომ ეს იყო წინა ინკარნაციის გამოცდილება.


იმ ფაქტმა რომ თქვენ ორი წლის ასაკში გაღიარეს დალაი-ლამას გარდასხეულებად, ალბათ მთელი თქვენი ცხოვრება წინასწარ განსაზღვრა. ოდესმე თუ გიფიქრიათ, რა იქნებოდა, ეს ყველაფერი სხვაგვარად რომ მომხდარიყო?


როდესაც სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, მე ყოველწლიურად უნდა გამეტარებინა სამი კვირა პოტალში. მთელი დღის მეცადინეობის შემდეგ, მზის ჩასვლისას, ჰორიზონტზე ვაკვირდებოდი მწყემსებს, რომლებიც ბრუნდებოდნენ სახლებში და ვოცნებობდი ვყოფილიყავი რომელიმე მათგანი. მაგრამ შემდეგ მე მივეჩვიე მიმეღო ჩემი პასუხისმგებლობა. თუმცა ხანდახან ის ჩემგან ისეთ რამეებს ითხოვდა, რაც ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა.ერთ ჩემს საყვარელ ლოცვაში არის ასეთი სიტყვები: „სანამდის არსებობს სივრცე, სანამდის მგრძნობიარე არსებები იტანჯებიან და რჩებიან სანსარაში, მე დავრჩები და ვემსახურები მათ“. და ეს არის კიდეც ჩემი ცხოვრების არსი.


შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენი დღის განრიგზე?


ვდგები შუაღამის ოთხის ნახევარზე, ვმედიტირებ, ვაკეთებ ხანმოკლე შესვენებას და ვბანაობ. შემდეგ მივდივარ სასეირნოდ, ვკითხულობ მანტრებს ან ისევ ვმედიტირებ. ექვსის თხუთმეტ წუთზე ვუსმენ „ამერიკის ხმა“-ს ტიბეტურ ენაზე. საუზმის შემდეგ ისევ ვმედიტირებ, ან ბუდისტური ფილოსოფიის ტექსტებს ვსწავლობ. ხანდახან ასევე საუზმის შემდეგ მე ვკითხულობ ჟურნალ-გაზეთებს: Newsweek, Time და აუცილებლად ვისმენ BBC-ის ნიუსებს. მეც გამიჩნდა ერთგვარი დამოკიდებულება მასზე. როდესაც ვიმყოფები საზღვარგარეთ და რაღაც მიზეზების გამო ვერ ვახერხებ მის მოსმენას, მიჩნდება შეგრძნება, რომ მოწყვეტილი ვარ ინფორმაციას გარესამყაროს შესახებ. შემდეგ ვმუშაობ ექვსის ნახევრამდე, ექვსზე კი ვსვამ ჩაის. როგორც ბუდისტ ბერს, მე არ შემიძლია მივიღო საკვები შუადღის შემდეგ. ამ დროს მე კვლავ ვუყურებ BBC-ის სიახლეებს, შემდეგ კვლავ ვმედიტირებ და ცხრის ნახევარზე ვწვები დასაძინებლად. ძილი - ყველაზე საჭირო მედიტაციაა ყველასათვის, თვით ჩიტებისთვისაც კი. არა იმიტომ, რომ მოვხვდეთ ნირვანაში, არამედ იმისთვის, რომ ვიარსებოთ.


დაბადების დღეზე ეს განრიგი იცვლება?


მე არასოდეს ვიხდი იუბილეს, ეს დროის უაზრო ფლანგვა მგონია. ჩემთვის ეს დღე არაფრით განსხვავდება სხვა დღეებისაგან. რაღაც გაგებით, ყოველი დღე დაბადების დღეა. თქვენ იღვიძებთ ყოველ დილით განახლებული არსებობით, და მთავარი ისაა, რომ ამ დღემ მოგიტანოთ რაიმე მნიშვნელოვანი.რა თქმა უნდა, მოდიან ოფიციალური პირები და მილოცავენ, მაგრამ ბანკეტი არასდროს იმართება. საერთოდ, რა თქმა უნდა, მსიამოვნებს, როცა ახსოვთ ჩემი იუბულე - ასე რომ, თუკი მოგინდებათ, შესვით ჩემი ჯანმრთელობის სადღეგრძელო.


თქვენ ხშირად ამბობთ, რომ თანამედროვე საზოგადოებას სჭირდება არა რელიგიური, არამედ სეკულარული ეთიკა, რამდენადაც პლანეტაზე მცხოვრები 6 მილიარდი ადამიანიდან უმეტესობა იშვიათად ხელმძღვანელობს საკუთარ ცხოვრებაში რელიგიური ეთიკის პრინციპებით. მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რომელსაც უკანასკნელი წლების დასავლური კულტურა აფიქსირებს, არის ის, რომ რწმენის გარეშე ადამიანს ეუფლება ისეთი უსიამოვნო მოვლენები, როგორიცაა ნეგატიური ემოციები და დეპრესია. თქვენ იცით, როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა?


ეს ძალიან კარგი კითხვაა. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მეჩვენება, რომ უნდა არსებობდეს მეთოდი, რომ დააღწიოთ თავი ნეგატიურ აზრებს და დეპრესიას რელიგიის გარეშე. თქვენ გრჩებათ ერთადერთი შესაძლებლობა – ფიქრი! ჩემი აზრით, ეს უფრო ეფექტურიც კია, ვიდრე რწმენა. დასაწყისში მე ვაანალიზებ, რა სარგებელი შეიძლება იყოს ნეგატიური ემოციებისგან. ბრაზს მოაქვს მხოლოდ დროებითი შვება და სიამოვნება. დავუშვათ, მე გავბრაზდი, დავუყვირე ვიღაც ადამიანს და ვიგრძენი სიმსუბუქე. მაგრამ გავიდა დრო და მე ვწუხვარ მომხდარის გამო, მრცხვენია. გარდა ამისა, აგრესია არ მაძლევს მოსვენებას. ცუდად მძინავს, ვკარგავ მადას, მიუარესდება ჯანმრთელობა. მიაყენა ჩემმა ბრაზმა მტერს რეალური ზიანი? ცხადია, რომ ჩემი ნეგატიური ემოცია ყველაზე უწინ ანგრევს ჩემს ორგანიზმს და სულიერ წონასწორობას.მე ბევრს ვეკონტაქტები დასავლელ სწავლულებს, ნეიროფიზიოლოგებსა და ბიოლოგებს, და ისინიც კი აღიარებენ, რომ ემოციას გააჩნია უზარმაზარი მნიშვნელობა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. პოზიტიური ემოცია ახდენს დადებით გავლენას ტვინზე, ხოლო ნეგატიური – ართულებს მის მუშაობას. ემოციურ პრობლემებთან ასეთ მიდგომას ბუდიზმში ვუწოდებთ ანალიტიკურ მედიტაციას, და მე მივიჩნევ მას უაღრესად ეფექტურად.


ბოლო წლებში მთელი მსოფლიო შეეჯახა ტერორის პრობლემას. და ძალიან საეჭვოა, რომ ადამიანებს, ვისაც ახლობლები დაეღუპათ აფეთქებების დროს, უშველოთ ამგვარმა ანალიზმა. რა უნდა მოვიმოქმედოთ, როცა აგრესია და ზიზღი უშედეგოა?


ბუდისტური თვალსაზრისით, და ასევე საღი ადამიანური თვალსაზრისით, მთავარი მიზეზი ჩვენი პრობლემების უმეტესობისა – უმეცრებაა. ადამიანური ცხოვრების რომელი სფეროც არ უნდა ავიღოთ – პოლიტიკა, ეკონომიკა თუ სხვა – ხალხი ღებულობს მცდარ შედეგებს არასაკმარისი ცოდნის გამო. სამყაროში მომხდარი ყველა მოვლენა და ხდომილება ურთიერთკავშირშია. არ არსებობს ისეთი მოვლენა ან ხდომილება, რომელიც წარმოიშვა და არსებობს საკუთარი თავიდან. გარდა ამისა, ადამიანის მოქმედება დამოკიდებულია მოტივაციაზე. როდესაც საუბარია ტერორიზმზე, არის გრძელვადიანი და მოკლევადიანი პერსპექტივა. მოკლევადიან ზომებს უკვე ღებულობენ ქვეყნის ხელისუფლებები და სპეცსამსახურები, რომელთა ქვეყანასაც შეეხო ეს პრობლემა და მე აქ მათ არ განვსჯი. ხოლო რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, აქ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორი გზა პრობლემის გადაწყვეტისა დევს განათლებაში. განათლებამ უნდა ასწავლოს ადამიანებს, დაინახონ მოვლენები მთლიანობაში, რომლის მიხედვითაც ვერ დაყოფთ სამყაროს თქვენს და სხვის ნაწილებად. და ამასთანავე, აცნობიერებთ უღრმეს კავშირს თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის.ხალხმა უნდა გაიგოს, რომ სამყარო არ შეიცვლება მხოლოდ ჩვენი ლოცვების შედეგად, ამისათვის საჭიროა ჩვენი შეცვლილი მოტივაცია და აზროვნება.


დღეს დასავლურ ცივილიზაციაში უკიდურესად პოპულარულია ბუდიზმი და ეს ჰოლივუდის დონეზეც კი იგრძნობა. ბევრი ვარსკვლავი გახდა ბუდიზმის მიმდევარი. რას იტყვით თქვენ, ეს ტიბეტური ბუდიზმის პიარ -კამპანია ხომ არ არის?


ერთხელ მე ვკითხულობდი ლექციას ამერიკაში, ჩემთან მოვიდა ერთი ამერიკელი და მითხრა, რომ ის იესო ქრისტეა. რა გაეწყობა, თუკი მას ვინმე სცნობს და აღიარებს იესოდ, ეს მისი საქმეა... ბევრმა შეისწავლა ბუდიზმი. მაგრამ საქმე მხოლოდ სწავლაში როდია. უნდა ფლობდე შესაბამის ცოდნას, რომელსაც დიდი სიფრთხილით მოეკიდები. ტიბეტელები ძალიან ფრთხილები არიან ასეთი რამეებისადმი, მაშინაც კი როცა საუბარია ტიბეტელ ლამებზე. რათა განასხვავოთ ნამდვილი ლამა თვითმარქვიისგან, თქვენ დაგჭირდებათ დაეყრდნოთ საკუთარ ცოდნას.


როგორ ფიქრობთ, დასავლეთი ახდენს რაიმე გავლენას ბუდიზმზე?


არა, არ მგონია, ასე იყოს. საქმე ისაა, რომ ბუდიზმი მუშაობს მთავარ ადამიანურ პრობლემებზე: სიბერეზე, ტანჯვაზე, ავადმყოფობაზე. ხოლო ეს საკითხები აწუხებს ყველას – მდიდრებს და ღარიბებს, აფრიკას და აზიას. დღესაც ზუსტად ისე, როგორც ათასი წლის წინ. როდესაც რელიგიაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ არის ორი ასპექტი: კულტურული და სახელდობრ, რელიგიური. კულტურული პარამეტრები შეიძლება შეიცვალოს ქვეყანასთან დამოკიდებულებაში, და მაშინ წარმოიქმნება ტიბეტური, ბუდისტური, იაპონური ბუდიზმი, მაგრამ ძირითადი სწავლება რჩება უცვლელი. ცხადია, ადრე თუ გვიან წარმოიქმნება დასავლური ბუდიზმიც, რომელიც იქნება განსხვავებული რაღაც კულტურული ასპექტებით, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს არსს. არ უნდა აგვერიოს აუთენტური პრაქტიკა ნიუ-ეიჯში.


თქვენ ყოველთვის ამბობდით რომ უბრალო ბერი ხართ. ეს ძალიან დიდ თავმდაბლობად არ გეჩვენებათ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბუდისტები მიგიჩნევენ ბოდისჰატვას რეინკარნაციად?


მე დევნილი ვარ. ამიტომ შემიძლია მოვიქცე საკმაოდ არაფორმალურად, რომის პაპის და პატრიარქებისგან განსხვავებით, რომლებიც იძულებულნი არიან, მათზე დაკისრებული მოვალეობები აღასრულონ. მე შემიძლია ვიცინო. ჩემს ოჯახში ყველას უყვარდა სიცილი, ჩემი დები და ძმები ძალიან მხიარული ხალხია. მე ხშირად მიფიქრია, რომ ძალიან მკაცრი პროტოკოლი და დიდი დოზის ფორმალიზმი ქმნის მხოლოდ დამატებით ბარიერს ადამიანებს შორის. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, გავექცე ყოველივე ამას.


0
185
3-ს მოსწონს
ავტორი:ზაზა კევლიშვილი
ზაზა კევლიშვილი
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0