x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საიდან გაჩნდა უზარმაზარი ნემსი და როგორ ატირდა შურიკი - ის, რაც მაყურებელმა "კავკასიელი ტყვე ქალის" შესახებ არ იცის
imageშესანიშნავი კომედია, "კავკასიელი ტყვე ქალი ანუ შურიკის ახალი თავგადასავლები" უკვე საბჭოთა კინოს კლასიკად იქცა. ფილმიდან აღებული ფრაზები ხალხმა ზეპირად იცის, სცენების უმრავლესობა კი გახსენებისთანავე ღიმილს იწვევს. გაიდაი ყულისყურით ეკიდებოდა ნებისმიერ დეტალს, სულ მცირე ფრაგმენტსაც კი. ხოლო სცენების დიდ ნაწილს ადგილზევე იგონებდნენ მსახიობები, ოპერატიროები და გადამღები ჯგუფის სხვა წევრები.



image

ლეონიდ გაიდაი, ნატალია ვარლეი, ევგენი მარგუნოვი, გეორგი ვიცინი და იური ნიკულინი "კავკასიელი ტყვე ქალის" გადაღებაზე.

აი, რას ჰყვება ლეგენდარული ფილმის გადაღების დროს ერთ-ერთ ინტერვიუში ლეონიდ გაიდაი: "ალბათ, კომედიაზე არასოდეს ვიტყვი უარს. ეს ჟანრი გამუდმებით მხიბლავს. თუმცა ყველანაირი კინოკომედიის გადაღებაზე არ დავთანხმდებოდი. ბოლო დროს ჩვენში ბევრი ე.წ. "ყოფითი" კომედია გაჩნდა, ლირიკულ-კამერული სიუჟეტით, რბილი იუმორით, მარტივი კონფლიქტით.
შეხედეთ სცენარს, არა, თავად ფურცელს კი არა, მის გაცოცხლებას - ის სრულიად ამოწურულია. ის, რაც თქვენ წაიკითხეთ, არ არის საბოლოო ვარიანტი, დიდწილად იგი სწორედ აქ, გადასაღებ მოედანზე "იხარშება". ზოგჯერ მთელ სცენებს ხელახლა ვიგონებთ. ჩვენი ფილმი კოლექტიური ნამუშევარია. მსახიობებთან ერთად ვამუშავებთ რეპლიკებს და რეპეტიციებზე ხშირად ექსპრომტად იბადება ახალი, თავად ფილმის გმირების მიერ ნაკარნახევი სცენები..."


image
ლეონიდ გაიდაი და ალექსანდრ დემიანენკო "კავკასიელი ტყვე ქალი ანუ შურიკის ახალი თავგადასავლების" გადაღებაზე.

აი, მაგალითად როგგორ აღწერს გადასაღებ მოედანზე არსებულ სიტუაციას ჟურნალ "საბჭოთა ეკრანის" კორესპონდენტი ნ. ორლოვა:

"გადაღება დაიწყო 16:30-ზე და 24:00-ზე უნდა დამთავრებულიყო. იღებდნენ უკანასკნელ კადრებს პავილიონში, "ბუნებაში" გასვლის წინ... ჯგუფს წინ ელოდა ყირიმი და კავკასია, დღეს კი "სამხრეთი" კონცენტრირებული იყო "მოსფილმის" მეცხრე პავილიონში და თავს მხოლოდ დეკორატორების მიერ თეთრ კედელზე მიმაგრებული, მწვანე, ნაჭრის სუროთი და "სამხრეთელი დამსვენებლების" მასიურ სცენებში მონაწილე მსახიობებით გვახსენებდა.

იღებდნენ ორმოცდამეცხრე კადრს - სცენას რესტორანში. მასში მხოლოდ ერთი მსახიობი - ალექსანდრე დემიანენკო იყო დაკავებული. შურიკს რესტორანში ადგილობრივ საღეგრძელოებს აცნობენ და მაჭრით ათრობენ. მან უკვე ბევრი სადღეგრძელო მოისმინა და ბოლო მათგანმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. საქმე ეხება ცნობილ სადღეგრძელოს ჩიტის შესახებ... შურიკი მოულოდნელად ატირდა.

- რა მოგივიდა, ძვირფასო? - ეკითხებიან მას.
- ჩიტი მეცოდება! - ამბობს გმირი და ბავშვურად აზლუქუნდება.

მიდის რეპეტიცია. შურიკის - დემიანენკოს გვერდით დამდგმელი რეჟისორი, ლეონიდ გაიდაი დგას. მსახიობთან ერთად ისიც ზლუქუნებს.
- ჩიტი მეცოდება...აი ასე. კარგია. აბა, გადავიღოთ.
- კადრი 49, დუბლი 1, - გამოაცხადა ასისტენტმა. გადაიღეს შვიდი მეტრი.
- ახლა კი, საშა, ასე სცადე, - ამბობს რეჟისორი. - შენ ძალიან ხარ გულდაწყვეტილი, მაგრამ კაცი ხარ და თავს იკავებ, სიამაყე არ გიშვებს. "ჩიტი მეცოდება!" - კბილებს ერთმანეთზე აჭერ და ასე, ჩუმად, მამაკურად ტირი.



image

მეხუთე დუბლზე საშა დემიანენკოს ცრემლი გაუშრა. გლიცერინის გამოყენება მოუწიათ. სახე გაუპუდრეს და ისევ გადაღება დაიწყო...ფერდაკარგულ პერანგში გამოწყობილი, ნასვამი ბიჭი, როგორც იქნა ნორმალურად ატირდა. დუბლი შედგა".

image

კიდევ ერთი სახალისო მომენტის შესახებ იხსენებს ევგენი მარგუნოვი: "გაიდაისთვის მთავარი იყო, ტრიუკები მოგვეფიქრებინა. ყოველი ასეთი ტრიუკისთვის იგი ორი ბოთლი შამპანურით გვასაჩუქრებდა. ნიკულინმა "კავკასიელი ტყვე ქალით" 24 ბოთლი გამოიმუშავა, მე- 18, ვიცინმა კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ბოთლი მიიღო. იმიტომ, რომ საშინლად არ უყვარდა შამპანური. უყვარდა ჭურჭლის ჩაბარება...

ჩემთვის ნემსის გაკეთების სცენა ნიკულინმა მოიფიქრა. მან თქვა: "რა აზრი აქვს მესამედაც პატარა ნემსის გაკეთებას, თუ ორი უკვე გაკეთდა. მარგუნოვს დიდი ნემსი უნდა გაუკეთდეს." ცირკიდან მოიტანა მშვენიერი დიდი შპრიცი ფრანგული სახელწოდებით "ჟანე" და გამოაცხადა, ამას დავარჭობთო. მე წამოვიძახე: "არაფერსაც არ დამარჭობთ, მე ოჯახი მყავს!". ნიკულინი კი ამბობს: "ნუ გეშინია, არ გეტკინება". ახლო კადრით იღებდნენ სახეს, უკან კი, ფეხებს შორის დადგეს ტაბურეტი, მოხსნეს დასაჯდომი და მის მაგივრად დადეს ჩვეულებრივი ბალიში. საშა დემიანენკო იღებდა შპრიცს და არჭობდა. შვიდჯერ გადავიღეთ ეს მონაკვეთი, საშინლად მეშინოდა - ხელი არ აცდენოდა. ტაბურეტის ქვეშ ნიკულინი იწვა და ხელზე ხელთათმანი ეკეთა. როგორც კი ნემსი ბალიშში ბოლომდე ჩავიდოდა, ნიკულინი, გაიდაის ბრძანებაზე, მაშინვე ხელით იკავებდა მას და აბრუნებდა მარცხნივ თუ მარჯვნივ, თითქოს თავად შპრიცი ირხეოდა. და ყველას ეგონა, რომ მარგუნოვს შპრიცი პირდაპირ სქელ უკანალზე დაარჭვეს...


image

მხდალის თავის მობრუნების სცენა შემდეგნაირად გადაიღეს: "ვიცინს ჯერ გადაიღებდნენ თავზე ბოხოხით, შემდეგ კი გადაჭრიდნენ მარგუნოვისა და ნიკულინის კადრით. ვიცინი მობრუნდებოდა და ახლა უკვე უკნიდან იღებდნენ. პიჯაკს უკუღმა იცმევდა, ზურგს უკან კი სხვისი ხელები უჩანდა. შემდეგ ისევ თავდაპირველ მდებარეობას უბრუნდებოდნენ."


image

იური ნიკულინი და ნატალია ვარლეი აი-პეტრის გორაზე გადაღებების დაწყებამდე.

აი, რას იხსენებს იური ნიკულინი კიდევ ერთი მომენტის გადაღების შესახებ: "მშვენიერი მინდორი, ჩვენი ჯგუფი მდინარის ახლოს არის დაბანაკებული. მართალია აგვისტოა, მაგრამ წყალი ყინულივით ცივია. წყალში ჩასვლას მხოლოდ ადგილობრივი ბიჭები ბედავენ, რომლებიც უკვე მიჩვეული არიან ცივ აბაზანას. ფილმის მთავარი გმირი, ნინა მთის მდინარეში უნდა გადახტეს შურიკის დასახმარებად. "არა, არა, ნატაშა ვარლეი წყალში არ ჩახტება! - გადაჭრით ამბობს რეჟისორი ლეონიდ გაიდაი, - მსახიობს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ. წინ კიდევ გადაღებები გვაქვს. ასე მოვიქცეთ: "რომელიმე ბიჭს ჩავაცვათ ნინას კოსტიუმი და ჩახტეს წყალში. საერთო ხედზე მაყურებელი ვერ მიხვდება ცვლილებას".

გადაიღეს წყალში გადამხტარი ბიჭების ერთი, ორი, სამი დუბლი. ნატაშა მიდის რეჟისორთან: "ფილმში ყველაფერს თავად ვაკეთებ და გადახტომითაც თავად გადავხტები. არც ქვების მეშინია და არც ცივი წყლის."


image


მცირედი დაფიქრების შემდეგ გაიდაი დათანხმდა. ახლა უკვე ნახტომი უფრო ახლო ხედით გადაიღეს. მაყურებელიც ხედავს, რომ თავად ნინა ხტება. ჩაყვინთვისა და ოცდაათიოდე მეტრის გაცურვის შემდეგ ნატაშა წყლიდან ამოდის (უფრო სწორად, ტყვიანაკრავივით ამოხტება) ნაპირზე. ბუჩქებში მედდა ელოდება, სველ ტანსაცმელს ხდის, სპირტით ზელს და თბილ საბანში ფუთავს. ნატაშა ვარლეი კმაყოფილია. გაისმის ოპერატორის, კონსტანტინ ბროვინის ხმა: "კამერის ობიექტებზე წყლის წვეთები მოხვდა, ხელახლა გადაღება მოგვიწევს." და ისევ დუბლი, ისევ ბუჩქებში ჩამალული მედდა და სპირტით ზელა (ფილმში კი საბოლოოდ მაინც პირველი დუბლი მოხვდა!)"


image

ნატალია ვარლეი "კავკასიელი ტყვე ქალი ანუ შურიკის ახალი თავგადასავლების" გადაღებაზე.





1
1163
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1163
  
2016, 24 ოქტომბერი, 16:49
ძალიან მაგარი და საინტერესო თემა იყო... უცხო უცხო უცხო
0 1 1