x
image
მანჩო 777
უძველესი დროის ექვსი ლეგენდარული, იდუმალი ხალხი
შუმერები და ფინიკიელები, ოლმეკები და აქაელები, ეტრუსკები და ფილისტიმელები -უძველეს სამყაროში ცხოვრობდნენ ხალხები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს გვიანდელ ცივილიზაციაზე. ამ ხალხების უმეტესი ნაწილი დიდი ხანია გადაშენდა, თუმცა მათ მიერ შექმნილი და დატოვებული კულტურა თითქმის ყოველდღიურად გვახსენებს თავს.


image


მაშ ასე, გავიხსენოთ უძველესი დროის ექვსი ყველაზე იდუმალი, ლეგენდარული ხალხი.



აქაელები


image
აქაელები ძველბერძნული ცივილიზაციის საფუძვლის ჩამყრელებად ითვლებიან. ''ილიადაში'' ჰომეროსი აქაელებს უწოდებს პელეპონოსის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ყველა ბერძენს. იმისთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჩნდნენ აქაელები ელადაში, ისტორიკოსების აზრი ორად იყოფა: ერთი ნაწილის აზრით, ეს ხალხები თავდაპირველად მდინარე დუნაის ნაპირებთან ცხოვრობდნენ, სხვები ამბობენ, რომ ისინი მოვიდნენ შავი ზღვის ჩრდილოეთიდან. კრეტაზე დაფუძნებულმა აქაელებმა ჩამოაყალიბეს მიკენის ცივილიზაცია. არქეოლოგების მიერ კრეტაზე აღმოჩენილი მიკენის სასახლები ძირფესვიანად განსხვავდება კუნძულზე მანამდე არსებული სხვა შენობებისაგან: ეს სასახლეები ნამდვილ ციტადელებს – ციხე-სიმაგრეებს წარმოადგენდა. როგორც ჩანს, აქაელები მეომარი სულის ადამიანები იყვნენ: ისინი არამარტო ახდენდნენ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმას, არამედ ურთიერთშორისაც ხშირად ჰქონდათ ომები. ჩვენს წელთაღრიცხვამდე XV–XIII საუკუნეებში აქაელთა სახელმწიფომ აყვავების ზენიტს მიაღწია-შექმნეს რა ძლიერი ფლოტი, მათ დაიწყეს მცირე აზიისა და სამხრეთ იტალიის აქტიური კოლონიზაცია. ზღვაოსანი აქაელები არამარტო ფართო ვაჭრობას ეწეოდნენ ხმელთაშუაზღვისპირეთში, არამედ მეკობრეობაზეც არ ამბობდნენ უარს. აქაელთა სახელწიფო ისევე სწრაფად დაეცა, როგორც აღზევდა. მიკენის ცივლიზაცია განადგურდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1100 წლებში.



ოლმეკები

image

თუ აცტეკების ლეგენდებს დავუჯერებთ, ოლმეკები-პირელი ცივილიზებული ხალხი იყო ცენტრალურ ამერიკაში. დაახლოებით 1500 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ოლმეკები (მექსიკურად - ''რეზინის, კაუჩუკის ხალხი'') დაფუძნდნენ მექსიკის ყურის სანაპიროებზე. მათ ეკავათ ახლანდელი ვერაკრუსის და ტაბასკოს შტატების ტერიტორიები. 1902 წელს მექსიკელი გლეხი მინდორში შემთხვევით წააწყდა ნეფრიტის ქანდაკებას, რომელიც წარმოადგენდა ქურუმის სახეს იხვის ნისკარტით. ამ აღმოჩენის შესწავლით მეცნიერები დიდად გაოცებულნი დარჩნენ: ქანდაკებაზე ნაპოვნი იქნა მაიას დამწერლობით შესრულებული წარწერა, თუმცა ფიგურა გაცილებით ადრე იყო შექმნილი, ვიდრე მაიას ცივილიზაციაა. ამ საკითხის შესწავლით მოგვიანებით ამერიკელი მეცნიერი ჯორჯ ვაიანი დაინტერესდა. ის შესანიშნავად იცნობდა მექსიკის უძველესი ხალხების-აცტეკების, ტოლტეკების, მაიას, სამოტეკების კულტურებს, თუმცა კარგად უწყოდა, რომ ნეფრიტის ნატიფი ქანდაკება არცერთ ამ კულტურას არ მიეკუთვნებოდა. მაშინ მეცნიერმა გადაწყვიტა ერთმანეთისათვის შეედარებინა უძველესი ტრადიციები "კაუჩუკის ქვეყნის მცხოვრებლებისა" და მართლაც, აღმოჩნდა, რომ არქეოლოგიური ნაპოვნი ზუსტად შეესაბამებოდა უძველესი ხალხების-ოლმეკების საცხოვრებელ ადგილებს. ასე, რომ, 1932 წელს მანამდე "ხალხ-მოჩვენებად" წოდებულ ოლმეკებს თავიანთი ადგილი მიუჩინეს ისტორიაში. ოლმეკების ცივილიზაცია საკმაოდ განვითარებული და დახვეწილი იყო იმ დროისთვის. ჩვენამდე მოაღწია ცნობებმა, რომ ოლმეკები ატარებდნენ სისხლის გამოშვების რიტუალს და თამაშობდნენ ბურთით. აღსანიშნავია, რომ მესოამერიკული ბურთით თამაში საკმაოდ რთული იყო. გარდა კარგი ფიზიკური მომზადებისა, ის სხარტ გონებასაც მოითხოვდა. ვისაც აქვს ნანახი ფილმი “გზა ელდორადოსაკენ”, ემახსოვრება, რომ სწორედ იქ არის ნაჩვენები ეს თამაში. ბურუსითაა მოცული ის საკითხი, თუ რამ გამოიწვია ოლმეკების სახელმწიფოს დაცემა და გაუჩინარება. ვარაუდობენ, რომ ეს გარემო პირობების შეცვლის გამო მოხდა.



ფინიკიელები

image

ტანმაღალი და შავტუხა ხალხი - ფინიკიელები (''ფოინიკეს''-გარუჯული), როგორც მათ ბერძნები უწოდებდნენ, თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ჰეროდოტეს აზროთ, ისინი აქ ჩრდილო-დასავლეთ არაბეთიდან მოვიდნენ. თანამედროვე გენეტიკოსები ამტკიცებენ ფინიკიელების ნათესაობას ჩრდილო კავკასიის ხალხებთან. ბერძნული წყაროები აღტაცებით გვიამბობენ მდიდარ, სიცოცხლით მჩქეფარე ფინიკიურ ქალაქებზე. აქ შეიძლებოდა ყველაფრის ყიდვა, რაც კი ძველ სამყაროში არსებობდა: ეგზოტიკური ხილი და ძვირფასი ლარნაკები, საიუველირო ნაკეთობები და ხელოვნების ნიმუშები...ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ ფინიკიელები იყვნენ პირველები, ვინც ზღვით მიაღწიეს აფრიკის კონტინენტს. ამ ხალხს არ იზიდავდა მიწათმოქმედება, სამაგიეროდ ისინი საუკეთესი ზღვაოსნები და ვაჭრები იყვნენ. ძლიერი ფლოტის მქონე ფინიკიელები გახდნენ სავაჭრო მონოპოლისტები ხმელთაშუაზღვისპირეთში. ისინი იძენდნენ ჩინეთიდან და ინდოეთიდან დასავლეთში შეტანილ ძვირფას საქონელს. შემდეგ საქონელი ზღვით გაჰქონდათ ეგვიპტეში, საბერძნეთში, იტალიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ფინიკიელები ვაჭრობის წყალობით გამდიდრდნენ და გაძლიერდნენ. მათ საკუთარი თვალით ნახეს მინოსელების და მიკენელების აღზევება და დაცემა, ისინი ხელს უწყობდნენ საბერძნეთის, შემდეგ კი ძველი რომის გაძლიერებას. ფინიკიელები ხელმარჯვე ოსტატებიც იყვნენ. ისინი ამზადებდნენ მინის ნაკეთობებს, ლითონის ნივთებს, სამკაულებსა და სამოსს. მათი გამოგონებაა ასევე მინის ბერვა. ტვიროსის ნავსადგური განთქმული იყო ძოწისფერი საღებავით, რომელიც ბერძნებისა და რომაელების შეფასებით მაღალი ხარისხის იყო. ფინიკიელთა მთავარი პორტი გახდა კართაგენი. ძვ.წ.-ით VI საუკუნეში ეგვიპტელებმა აფრიკის გარშემო სამოგზაუროდ დაიქირავეს ფინიკიელი მეზღვაურები, რომელთა მოგზაურობამაც 3 წელს გასტანა. ხშირი ვაჭრობა შორეულ ქვეყნებთანაც, მაგალითად, კალითა და ვერცხლით მდიდარ ბრიტანეთთანაც კი მიმდინარეობდა. ფინიკიელთა დაცემა 200-100 წლებში მოხდა, როდესაც ხმელთაშუაზღვისპირეთზე კონტროლის დასამყარებლად მათ რომი შეებრძოლა და დაანგრია კართაგენი.


ფილისტიმელები

image

ფილისტიმელები-ბიბლიური ქანაანის ყველაზე იდუმალი ხალხია, რომლებიც ძირეულად განსხვავდებოდნენ ამ რეგიონის სემიტური მოსახლეობისაგან. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ეს ხალხი კუნძულ კაფტორზე ( თანამედროვე ივრითიდან-''კრეტა'') გაჩნდა. ფილისტიმელების კრეტულ წარმოშობას ამტკიცებს აგრეთვე ეგვიპტური ხელნაწერებიც. თუმცა არქეოლოგიური წყაროებით ეს დამტკიცებული არაა. "ზღვის ხალხების" ერთ-ერთმა ტომმა, ფელესეტებმა ანუ ფილისტიმელებმა ქანაანის ოთხი ქალაქი: ასკალონი (აშკალონი), აშდოდი, გათი და ღაზა დაიპყრეს და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე დასახლდნენ. აქ დაარსეს მათ ქალაქი ეკრონიც. ფილისტიმელების დასახლებამ ამ ტერიტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია პალესტინის ხალხების ისტორიას. ძველი ბერძნები ფილისტიმელებით დასახლებულ მიწას ფილისტიას ეძახდნენ, სწორედ ამ სიტყვიდან გაჩნდა ქანაანის სახელწოდება, პალესტინა, თუმცა არქეოლოგების აზრით, ფილისტიმელების კულტურა არსებითად განსხვავდებოდა ქანაანური და ებრაული კულტურისაგან. მათი კერამიკა და იარაღი გამორჩეულად დახვეწილი და მაღალი ხარისხის იყო. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1080 წელს დაიწყო ფილისტიმელების ექსპანსია ქვეყნის შიგნით. ისინი თანდათანობით იმორჩილებდნენ ძველ ებრაულ ქალაქებს. მხოლოდ 75 წლის შემდეგ დასრულდა მათი ჰეგემონია ებრაელთა მეფის დავითის მეთაურობით. ამის შემდეგ თანდათანობით დაიწყო ფილისტიმელების ასიმილირება სემიტურ ტომებთან, სულ მალე კი ამ უძლიერესი ხალხებისაგან მხოლოდ სახელწოდებაღა დარჩა.


შუმერები

image

ისტორია საუკუნეების მანძილზე დუმდა შუმერების შესახებ. მათ შესახებ არაფერს წერდნენ არც ბერძნები, არც რომაელები და ძველი ცივილიზაციის სხვა ხალხები. მხოლოდ XIX საუკუნის შუახანებში დაამტკიცეს მეცნიერებმა, რომ შუამდინარეთში არსებობდა სახელმწიფო, რომლის ასაკი 6000 წელს ითვლიდა. სწორედ მათგან მიიღეს კულტურული მემკვიდრეობა ბაბილონელებმა და ასირიელებმა. შუმერები ბევრ საქმეში გახდნენ პიონერები. მათ პირველებმა გამოიგონეს დამწერლობა, რომელიც ცნობილია ლურსმული დამწერლობის სახელწოდებით და თანამედროვე ბიბლიოთეკის მსგავსი დაწესებულებაც კი შექმნეს. სწორედ შუმერებს ეკუთვნის ჩვენამდე მოღწეული პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები. შუამდინარული ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიო ცივილიზაციათა შორის თავისი ხანგრძლივობით და სისრულით. იგი შეიძლება ეგვიპტისას შევადაროთ. მართლაც, შუმერებიდან და საერთოდ, შუამდინარეთიდან ბევრი რამ დაიწყო კაცობრიობის კულტურის სფეროში. აქ ჩაისახა ცოდნის ბევრი დარგი, მიწათმზომელობიდან დაწყებული ვარსკვლავთმცოდნეობით დამთავრებული; დროის დაყოფა სამოც ერთეულად და ზოდიაქური სისტემა; აქ დაიწერა პირველი ანბანი და გრამატიკული ცხრილები, ფარმაკოლოგიური ცნობარები და სხვა... გაიხსნა პირველი სკოლები და წიგნთსაცავები. შეიძლება ითქვას, რომ შუამდინარეთის სწავლულთა ცოდნა ცას და მიწას მოიცავდა. შუმერებს ეკუთვნოდათ პირველი სამედიცინო ტექსტები: ეს იყო კაცობრიობის არსებობის ისტორიაში პირველი ფარმაკოპია, რომელიც მოცავდა სამკურნალო მცენარეების ჩამონათვალს. შუმერების სამედიცინო ლექსიკონებში ნაპოვნი იქნა ცნობები ავადმყოფების არამარტო თერაპიულ მკურნალობაზე, არამედ ქირურგიულ პროცედურებზე (ოპერაციებზეც კი), როგორიცაა, მაგალითად, კიდურების ამპუტაცია ან კატარაქტას ამოკვეთა. სწორედ შუმერებმა ასწავლეს კაცობრიობას ბრინჯაოს მიღება ტყვიისა და სპილენძის შედნობით და ეს მეთოდი დღესაც წარმატებულად გამოიყენება. შუმერებს ძალიან ფართო წარმოდგენა ჰქონდათ ასტრონომიაზე, ხოლო მათი ცოდნა მათემატიკის დარგში დღესაც აოცებს მეცნიერებს. ძვ.წ. III ათასწლეულში მცხოვრებ შუმერებს შემუშავებული ჰქონდათ მთელი რიგი მეტაფიზიკური და თეოლოგიური მოსაზრებანი, რომლებიც ბუნდოვნების მიუხედავად დროთა განმავლობაში მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა და მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ჯერ ძველ ებრაელთა, შემდეგ კი ქრისტიანულ რელიგიას.


ეტრუსკები

image

ეტრუსკების უძველესი ცივილიზაცია მოულოდნელად გამოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში და ასევე მოულოდნელადვე გაქრა მემატიანეების თვალთახედვიდან. ზეპირი წყაროების მიხედვით, ეტრუსკების პირველი დასახლებები იტალიაში ჩვ. წ–მდე XI საუკუნეში გაჩენილა. მეცნიერებისთვის ამ პერიოდის ეტრუსკებზე ბევრი არაფერია ცნობილი. დანამდვილებით არავინ იცის, ვინ იყვნენ ეტრუსკები. ბერძნები მათ ტირსენებად ან ტირენებად მოიხსენიებდნენ, ლათინები – ეტრუსკებად ან ტუსკებად. თავად ეტრუსკები თავს რასენებს უწოდებდნენ.

ჩვ. წ–მდე VIII საუკუნის დასაწყისისთვის ეტრუსკებს მოგვიანო ხანის ანტიკური ქალაქების ტიპის დიდი დასახლებები არ უნდა ჰქონოდათ. არც წარჩინებულთა ციხესიმაგრეების ფართობი ყოფილა დიდი. დასახლებათა ტოპონიმები გვარების მიხედვით იქმნებოდა. ეტრუსკებს მეფე არ ჰყოლიათ. ეს იქიდან ჩანს, რომ ეტრუსკულ ენაში მეფის აღმნიშვნელი ტერმინი არ არსებობს, რაც შეეხება რომაელ ავტორთა ტერმინს “ლუკუმონი”, იგი აღნიშნავდა მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის პირს, რომელიც სავარაუდოდ, ხელისუფლის როლს ასრულებდა. მეცნიერთა მთელი თაობების თავდაუზოგავი კვლევა–ძიების მიუხედავად, ეტრუსკული ენის პრობლემა დღესაც არ არის გადაწყვეტილი. იკითხება 9 ათასამდე ეტრუსკული წარწერა (ისინი ბერძნული წარმოშობის ანბანითაა შესრულებული), თუმცა დღემდე შემორჩენილი დამწერლობის ნიმუშები გაუშიფრავია, რადგან ჯერაც ვერ მოხერხდა ეტრუსკული ენის სტრუქტურის დადგენა. ეტრუსკული ენა განკერძოებით დგას და განსხვავდება სხვა ენებისგან. ამ ხალხებმა დიდი გავლენა მოახდინეს ძველი რომის კულტურაზე: თაღოვანი შენობები, გლადიატორების ბრძოლები, რბოლები თვლიანი ეტლებით, მიცვალებულის დამარხვის რიტუალები - არასრული ჩამონათვლია იმისა, რაც რომელებმა მემკვიდროებით მიიღეს ეტრუსკებისაგან. სწორედ ეტრუსკებმა შექმნეს იტალიის ტერიტორიაზე პირველი ქალაქები. დღესაც გვანცვიფრებს სინატიფით ეტრუსკული სამკაულები, ლარნაკები, ბრინჯაოს სარკეები, სპილოს ძვლის ნაკეთობანი. ეტრუსკებს დაისი მალევე, ჩვ. წ.–მდე VI საუკუნის მიწურულისთვის დაუდგათ. უპირველესი მიზეზი ის იყო, რომ ეტრუსკთა ქალაქ–სახელმწიფოები ერთიან ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ვერ იქცა. ამას დაერთო ბერძენთა წინააღმდეგ წარუმატებელი ლაშქრობები (ჩვ. წ–მდე 524 და 474 წწ.) და რომაელთა აჯანყება (ტარკვინიუსების რომიდან განდევნა, ჩვ. წ–მდე 509 წ.), სირაკუზელებთან დამარცხებამ კი საბოლოოდ დასცა ეტრუსკთა ძლიერება. მათ ტერიტორიებს დაეუფლნენ სამნიტები. ეტრუსკთა ჩრდილოეთ იტალიის ტერიტორიები კი კელტების ხელში გადავიდა.
ჩვ. წ.–მდე III საუკუნის შუა წლებისთვის ხანგრძლივი ომებით რომმა საბოლოოდ გატეხა ეტრუსკები, თუმცა ამ ქვეყნის კულტურის გავლენა კიდევ დიდხანს გაჰყვა ლათინურ ლექსიკას, რომის რელიგიასა და ხელოვნებას.

6
1577
22-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1577
  
2016, 17 ოქტომბერი, 9:10
მადლობა, გაიხარეთ :)
2016, 16 ოქტომბერი, 23:30
მომეწონა კარგიააა
2016, 11 ოქტომბერი, 22:47
გაიხარეთ:)
2016, 11 ოქტომბერი, 15:50
ძალიან კარგი სტატიაა,მადლობა
2016, 10 ოქტომბერი, 23:47
მადლობა:)
2016, 10 ოქტომბერი, 11:51
კარგია ძალიან კარგი, ქალბატონო მანჩო
0 1 6